Facebook Twitter

საქმე №ას-614-2022 30 მაისი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ვ.ბ–ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე გ.ბ–ძის სარჩელის გამო, ვ.ბ–ძის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის თაობაზე, ასევე ვ.ბ–ძის შეგებებული სარჩელის გამო გ.ბ–ძის მიმართ კომპენსაციის გადახდის პირობით საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტის თაობაზე.

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

ვ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

განსახილველი საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, ვ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გ.ბ–ძის სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო ვ.ბ–ძის შეგებებული სარჩელი კომპენსაციის გადახდის პირობით, საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილითა და საფოსტო შეტყობინებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინება აპელანტის (ამ ეტაპზე კასატორ) ვ.ბ–ძის წარმომადგენელ თ.ქ–ძეს (იხ. მინდობილობა, ტ. 5, ს.ფ. 134-135) გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად 2022 წლის 13 აპრილს (იხ. გზავნილის ჩაბარების დასტური, ტ.6, ს.ფ. 284), რასაც შედეგად მოჰყვა ვ.ბ–ძის სახელით საკასაციო საჩივრის წარდგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოხსენებული წესების შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა უფლებამოსილი პირისთვის დაიწყო 2022 წლის 14 აპრილს - დასაბუთებული განჩინების ჩაბარების მომდევნო დღეს და ამოიწურა 2022 წლის 4 მაისს.

საქმეში წარმოდგენილი, საკასაციო საჩივარზე დასმული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სარეგისტრაციო შტამპით ირკვევა, რომ ვ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში დარეგისტრირებულია 2022 წლის 11 მაისს, ხოლო საკასაციო საჩივარზე დართული საფოსტო ბილით დგინდება, რომ აღნიშნული საკასაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2022 წლის 10 მაისს - საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე, 396-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე