საქმე №ას-573-2022 25 მაისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი.ა–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - რ.ი.ნ.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახლება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რ.ი.ნ.ბ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ა–ძის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრეის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 13670 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა, თუმცა აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის.
5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-60, 61-ე, 70-ე მუხლის, მე-74 მუხლის, 372-ე, 373-ე და 374-ე მუხლებისა და იმავე კოდექსის 368.5 მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და ამ განჩინების გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
7. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა 2022 წლის 21 მარტი იყო. მან სწორედ ამ დღეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის - 608.99 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ელექტრონული ვერსია) და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ წარადგენდა დასაბუთებულ სააპელაციო საჩივარსა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანს. ასევე გადაიხდიდა დარჩენილ სახელმწიფო ბაჟს.
8. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მითითებით, აპელანტმა ხარვეზით დადგენილი მოთხოვნათა ნაწილი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულა, შეუსრულებელ ნაწილზე კი ხარვეზის ვადის გაგრძელება ითხოვა, რისი გათვალისწინებითაც, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობები ვლინდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
11. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.
12. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
13. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: ა) დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა იმის თაობაზე, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, გარემოებები, რომელზეც აპელანტი ამყარებს თავის მოთხოვნას და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მათ; ბ) სახელმწიფო ბაჟის - 608.99 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი და გ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
15. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტების წარმომადგენელს გ.ნ–ძეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა მის დას - ლ.ნ–ძეს 2022 წლის 11 მარტს, რაც სადავო არ არის.
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის ათვლა 2022 წლის 12 მარტიდან დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე) და იმავე წლის 21 მარტს ამოიწურა.
17. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ მან ხარვეზის ნაწილობრივ შევსებისა და ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სააპელაციო სასამართლოში ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში - 2022 წლის 21 მარტს წარადგინა, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადა არ დაურღვევია და არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები.
18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში აპელანტს სასამართლოსათვის არ მიუმართავს. მართალია, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მომენტში სააპელაციო სასამართლო არ ფლობდა ინფორმაციას მხარის მიმართვის თაობაზე, თუმცა საქმის მასალებში წარმოდგენილია ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2022 წლის 21 მარტით დათარიღებული განცხადება, რომელიც გაგზავნილია სააპელაციო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე (tbappeal@court.ge; Date: Monday, March 21, 2022, 08:04 PM GMT+4) ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში - 2022 წლის 21 მარტს. განცხადების შინაარსის თანახმად, აპელანტი ნაწილობრივ ავსებს სასამართლოს მიერ დადგენილ ხარვეზს (კერძოდ, აპელანტმა განცხადებას დაურთო 2022 წლის 21 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 608.99 ლარის გადახდის ქვითარის ელექტორნული ვერსია) და ითხოვს 15 დღით ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას, რა დროსაც სასამართლოში წარადგენს დასაბუთებულ სააპელაციო საჩივარს, სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანსა და დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარსაც (აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 7 მარტის განჩინებით აპელანტს 608.99 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარედგინა სააპელაციო სასამართლოში, რაც წარდგენილია). საქმეში წარდგენილია 2022 წლის 10 მაისით დათარიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სექტორის სპეციალისტის აქტიც, რომლის თანახმად, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის წარმომადგენლის განცხადება სამოქალაქო საქმეთა პალატის მოქალაქეთა მისაღებში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2022 წლის 21 მარტს, 20:05 სთ-ზე შევიდა. აღნიშნული განცხადება შემთხვევით შეჰყვა იმავე დღეს ელექტრონული ფოსტით შესულ სხვა განცხადებას და აღმოჩენილ იქნა 2022 წლის 10 მაისს, რის გამოც აპელანტის განცხადება 2022 წლის 10 მაისს დარეგისტრირდა და შემდგომაც გადაეცა მოსამართლის თანაშემწეს რეაგირებისათვის.
19. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის ზემოაღნიშნულ პოზიციას და მიუთითებს, რომ სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
20. საკასაციო პალატა წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტში მითითებულ მტკიცებულებას აფასებს რა სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მიიჩნევს, რომ ისინი საკმარისია დასკვნისთვის, რომ ხარვეზის ნაწილობრივ შევსებისა და ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ჩაჰბარდა სასამართლოს, მის მიერ დადგენილ ვადაში - 2022 წლის 21 მარტს (ხარვეზის შევსების ვადა სწორედ ამ დღეს იწურებოდა), რისი გათვალისწინებითაც, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომლის შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2022 წლის 21 მარტი, საქმეში წარმოდგენილი ზემოხსენებული მტკიცებულებებით კი ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ხარვეზის ნაწილობრივ შევსებისა და ხარვეზის გაგრძელების შესახებ განცხადებით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სწორედ ზემოაღნიშნულ თარიღში მიმართა სააპელაციო სასამართლოს, ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დაცვით, როგორც უკვე აღინიშნა, ეს გარემოებები, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია. რაც შეეხება სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის აპელანტის მიერ მხოლოდ ნაწილობრივ შევსებას, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლი ვერ გახდებოდა, ვინაიდან სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის დანაწესიდან (სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით) გამომდინარე, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტმა შუამდგომლობა წარადგინა ხარვეზის პირველად დადგენის შემდეგ და მანამდე მსგავსი მოთხოვნით მას სააპელაციო პალატისთვის არ მიუმართავს, აღნიშნული, სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების საფუძველს ქმნიდა.
22. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო პალატას არ შეუფასებია აპელანტის მიერ ხარვეზის გამოსწორების ვადაში წარდგენილი დოკუმენტები, შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები.
23. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
23. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ა–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.
2. სხელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე