Facebook Twitter

საქმე №ას-305-2020 23 სექტემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ს. დ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სახელმწიფო ბაჟის გადავადება საქმის განხილვის დასრულებამდე

დავის საგანი – უძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ლ.კ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ს.დ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, უძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ცნობისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც ამ უკანასკნელის მოთხოვნით სამჯერ გაგრძელდა ჯერ 14 დღით, შემდეგ - 30 და ბოლოს 10 დღით. ამასთან, ხარვეზის დადგენიდან წინამდებარე განჩინების გამოტანამდე გასულია თითქმის ხუთი თვე (ხარვეზი 2019 წლის 24 სექტემბერს დადგინდა), შესაბამისად, მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა ხარვეზის შესავსებად, მიუხედავად ამისა, მას არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟის თუნდაც მცირე ნაწილი, რათა დავის მიმართ საკუთარი ინტერესი დაედასტურებინა, ასევე, 2020 წლის 18 თებერვლამდე არ წარუდგენია მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და პირველად 2020 წლის 22 იანვარს წარდგენილ განცხადებაში მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, რაც საკმაო დროა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შემდგომ.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე მუხლზეც და დაასკვნა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი არ არსებობდა.

7. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტს გონივრული ვადა მიეცა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, რაც მან არ გამოიყენა, შესაბამისად, არ არსებობს არც ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 374.1 მუხლის, 59-ე, 63-ე მუხლებისა და იმავე კოდექსის 368-ე მუხლის საფუძველზე განუხილველად დარჩა.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების მიღების საფუძველია მის მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ აპელანტის 2020 წლის 18 თებერვლის განცხადება უგულებელყო, რომლითაც, მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, აპელანტი სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას ითხოვდა, კერძოდ, აპელანტს ბოლო წლებია არ გააჩნია შემოსავალი, პირადი და ოჯახის კუთვნილი სამკაულები დაგირავებული აქვს. ოჯახი ნათესავის ბინაში დროებით ცხოვრობს, მის სახელზე კი არ ირიცხება რაიმე უძრავი ქონება. ზემოაღნიშნულს კი ადასტურებს დროებითი საცხოვრებელი ადგილიდან მეზობლების ხელმოწერები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა.

10. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ქმნიდა იმის საფუძველს, რომ აპელანტის მძიმე ფინანსური მდგომარეობა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა დადგენილიყო.

11. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, თუ სააპელაციო სასამართლო არ გაიზიარებდა აპელანტის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, მას უნდა მიეღო განჩინება სახელმწიფო ბაჟის გადავადებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით ვადა განესაზღვრა აპელანტისთვის სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

12. კასატორის მტკიცებით, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მას სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

15. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

16. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

17. საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი.

18. აპელანტის წარმომადგენელმა მიმართა სასამართლოს და ხარვეზის შევსების ვადის 14 დღით გაგრძელება მოითხოვა, რაც 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად ვადა 14 დღით გაუგრძელდა.

19. 2019 წლის 12 დეკემბერს, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში, აპელანტმა კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შევსების ვადის 30 დღით გაგრძელება მოითხოვა, რაც სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა. აპელანტმა 2020 წლის 22 იანვარსაც მიმართა სასამართლოს და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის კვლავ 30 დღით გაგრძელება მოითხოვა ან საქმის განხილვის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადავადება.

20. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ხოლო აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ - ნაწილობრივ და ამ უკანასკნელს ხარვეზის შესავსებად ვადა 10 დღით გაუგრძელდა.

21. აპელანტმა 2020 წლის 14 თებერვალს განცხადებით კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება 2020 წლის 17 თებერვლამდე მოითხოვა. განცხადების თანახმად, იგი იმავე დღესვე გადაიხდიდა სახელმწიფო ბაჟს, ხოლო თუ სამუშაო საათებში ვერ მოასწრებდა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარდგენას, პირველივე სამუშაო დღეს - 2020 წლის 17 თებერვალს წარადგენდა მტკიცებულებას (სააპელაციო სასამართლოს ამ შუამდგომლობაზე, ხარვეზის შესავსებად მითითებული მოკლე ვადის გამო (3 დღე) არ უმსჯელია), თუმცა მას აღნიშნული არ განუხორციელებია და სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია. აპელანტმა 2020 წლის 18 თებერვალსაც ორი განცხადება წარადგინა სააპელაციო სასამართლოში და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმავე სასამართლოში საქმის დასრულებამდე მოითხოვა. ამასთან, წარადგინა მფლობელობითი გირავნობის (ლომბრადის) ხელშეკრულებები და მეზობლების ხელმოწერები, რომლებიც აპელანტის ოჯახის დროებით ნათესავის ბინაში ცხოვრებას ადასტურებდა, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა, რომლის თანახმად, აპელანტის სახელზე საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

22. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს მიეცა გონივრული ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, რაც მან არ განახორციელა, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი, აღნიშნულმა, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

23. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველს წარმოადგენდა. ამასთან, თუ სააპელაციო სასამართლო აპელანტის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს არ გაიზიარებდა, მას უნდა მიეღო განჩინება სახელმწიფო ბაჟის გადავადებაზე უარის თქმისა და აპელანტისთვის სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დამატებით ვადის განსაზღვრის შესახებ.

24. სააპელაციო პალატა სავსებით ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით, არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

25. საკასაციო პალატის განმარტებით, როგორც უკვე აღინიშნა, აპელანტს სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა და სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედნის წარდგენა დაევალა. თუმცა აპელანტს სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია და მის მიერ 2019 წლის 28 იანვარს, იმავე წლის 12 დეკემბერსა და 2020 წლის 22 იანვარს წარდგენილი შუამდგომლობებით, ყოველ ჯერზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელებას ითხოვდა და ყოველ წარდგენილ შუამდგომლობაში უთითებდა, რომ მის მიერ მოთხოვნილ ვადაში სახელმწიფო ბაჟს გადაიხდიდა. სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის და იმავე წლის 13 დეკემბრის განჩინებებით აპელანტის შუამდგომლობები დაკმაყოფილდ, ასევე, 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით - ნაწილობრივ და მას ხარვეზის შესავსებად დადგენილი ხარვეზი კიდევ ერთხელ 10 დღით გაგრძელდა, თუმცა, უშედეგოდ. აპელანტს 2019 წლის 24 სექტემბრიდან მოყოლებული არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და არც მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი არ წარუდგენია. მან პირველად მხოლოდ 2020 წლის 22 იანვარს წარდგენილ განცხადებაში მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაც. ამასთან, მის მიერ არც ზემოაღნიშნულ განცხადებაზე თანდართული და არც შემდგომ წარდგენილი მტკიცებულებებით არ იკვეთებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი.

26. პალატა განმარტავს, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი, რამდენადაც იგი პირდაპირაა რეგულირებული სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ემსახურება კიდეც სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიზანს. საკასაციო პალატა, წინამდებარე განჩინების 25-ე პუნქტში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ზომა - ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, კანონიერია, ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოებები სასამართლოს უქმნის დასაბუთებულ ეჭვს, იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტი ცდილობს სასამართლო პროცესის გაჭიანურებას, რის გამოც ხელი ეშლება სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებასა და ირღვევა მეორე მხარის უფლებები. ნიშანდობლივია, რომ 2019 წლის 24 სექტემბრიდან (ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მიღების თარიღი) სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე - 2020 წლის 24 თებერვლამდე გასულია 5 თვე და რამდენჯერმე გაგრძელებული საპროცესო ვადის გათვალისწინებით, აპელანტს სახელმწიფო ბაჟის თუნდაც მცირე ნაწილი არ გადაუხდია.

27. საკასაციო პალატა სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილზე (სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს) მითითებით ასევე განმარტავს, რომ საქმეში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზეც, რომ აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა ობიექტურად არ გააჩნდა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ აპელანტს უძრავი ქონება არ გააჩნია და 2017-2019 წლებში რამდენიმე ერთთვიანი ხელშეკრულებები გაფორმებულია ვინმე ლ.ხ–ასა და შპს ,,ლ–ს“ შორის აპელანტის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე სასამართლოს ვერ შეუქმნის შინაგან რწმენას. ამასთან, არ დგინდება რომ ლ.ხ–ა კერძო საჩივრის ავტორის ოჯახის წევრია. ნიშანდობლივია, რომ სადავო გარემოებას ვერც მეზობლების განმარტებები დაადასტურებს, შესაბამისად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ გამორიცხავს შემოსავლის წყაროს არსებობას, რისი გათვალისწინებითაც, მოპასუხეს სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია მძიმე მატერიალური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც შესაძლოა გამხდარიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადავადებისა თუ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების საფუძველი. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით სახსრების მოსაძიებლად მომჩივნისათვის მისაცემი დამატებითი დრო უნდა იყოს გონივრული. სასამართლოში საქმისწარმოება ორივე მხარის თანასწორობის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბრად დაცვას გულისხმობს, აპელანტისათვის საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება კი, უთუოდ შელახავდა მხარეთა თანაბარი მოპყრობის პრინციპს და საქმის განხილვას დაუსაბუთებლად გააჭიანურებდა, 5 თვის განმავლობაში გაგრძელებული საპროცესო ვადის გათვალისწინებით.

29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მეექვსე მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.

30. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.

31. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მეექვსე მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მეექვსე მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.

32. გარდა ზემოაღნიშნულისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და ილუზიურად, არამედ პრაქტიკულად და ეფექტურად.

33. პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

35. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე