საქმე №ას-77-2022 20 მაისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - თ.ა–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სატრანსპორტო საშუალების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2020 წლის 2 ნოემბერს, ქალაქ თბილისში, ..... ქუჩა №2-თან მდებარე გზაჯვარედინზე მოძრაობისას, ზ.გ–ძის (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) კუთვნილ ავტომანქანას (სახელმწიფო ნომერი: ....., მარკა Mercedes-Benz, მოდელი GLE400), რომელსაც ლ.გ–ძე მართავდა, შეეჯახა თ.ა–ის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომობილი (სახელმწიფო ნომერი: LF-....., მარკა - ,,ჰოვო”), რომელსაც კ.ი–ი (შემდგომ - სამართალდამრღვევი მძღოლი, სატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე) მართავდა.
2. ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეულად მოპასუხის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოსარგებლე პირი იქნა მიჩნეული. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
3. ავტოსაგზაო შემთხვევის საფუძველზე, ავტომობილები საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112-ის“ სპეციალურ დაცულ (საჯარიმო) სადგომზე მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის განთავსებისათვის მომსახურების ღირებულებამ 2020 წლის 2 ნოემბრიდან იმავე წლის 16 ნოემბრის ჩათვლით 163 ლარი შეადგინა.
4. 2020 წლის 2 ნოემბრის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელის ავტომანქანის მარცხენა წინა და უკანა კარი, მარცხენა უკანა ფრთა, მარცხენა ლავგარდანი, უკანა მარცხენა ფრთის პლასტმასი, წინა და უკანა კარის რეზინის ხმის დამხშობები, უკანა მარცხენა კარის ანჯამები, მარცხენა საფეხური, მარცხენა უკანა კარის სახელური და უკანა მარცხენა საბურავის დისკი დაზიანდა.
5. დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღსადგენად საჭიროა 15 237 ლარი.
სარჩელის საფუძვლები:
.
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის - 15 237 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის უკანონობაზე მიუთითა. ამასთან, განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებული დეტალები და აღწერილობა არ შეესაბამებოდა სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ ჩამონათვალს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 15237 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეს მიყენებული ზიანის - 15237 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა.
12. სააპელაციო სასამართლომ განჩინების დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 992-ე და 999-ე მუხლებზე და ამ უკანასკნელი სამართლებრივი დანაწესზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოპასუხე, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, ბრალის გარეშე აგებს პასუხს, მარტოოდენ იმიტომ, რომ მან სატრანსპორტო საშუალება ნებაყოფლობით გადასცა სხვას, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
14. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, მესამე პირის (მძღოლის) ქმედებაზე პასუხისმგებელი პირია.
15. კასატორის მითითებით, თუ მან პასუხი უნდა აგოს სხვა პირის ქმედებაზე, უნდა მისცემოდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების უფლებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომანქანით მოსარგებლე თავისი ქმედებით გამოწვეულ ზიანზე უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. მოცემული დავის ფარგლებში სადავო არაა, რომ ზიანი მოპასუხის საკუთრებაში რიცხული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციამ გამოიწვია. ამასთან, ზიანის გამომწვევი ავტომანქანის მოსარგებლე (დამრღვევი მძღოლი), მფლობელის - მოპასუხის ნების საფუძველზე ახორციელებდა ზიანის გამომწვევი სატრანსპორტო საშუალების მფლობელობას. აღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა კი, ცხადყოფს კასატორის (მოპასუხის) იურიდიული პასუხისმგებლობის საფუძვლიანობას სსკ-ის 999-ე მუხლის საფუძველზე.
21. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, ზიანის ანაზღაურება სწორედ სამართალდამრღვევ მძღოლს უნდა დაეკისროს და არა ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელთა მიმართ პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს აწესებს, რაც ნივთის სპეციფიკური თვისებებიდან გამომდინარეობს - გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ან გამოუსწორებელი ზიანი (ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, ნივთის დაზიანება და ა.შ.). ნორმის მიზანია, ასეთი ნივთის იურიდიული მფლობელები აიძულოს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ თავიანთ საკუთრებაში არსებული საფრთხის შემცველი საშუალების გამოყენებიდან გამომდინარე შესაძლო ნეგატიურ შედეგებს (შდრ. სუსგ: №ას-630-2019, 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება). საგულისხმოა, რომ სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი, ბრალეულობის მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობას აკისრებს მომეტებული საფრთხის წყაროს (სატრანსპორტო საშუალების) ექსპლუატაციით გამოწვეული ზიანისათვის.
22. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და, მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია, დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს კვლავ „მფლობელი“ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე“ (პირდაპირი მფლობელი).
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი). სსკ-ის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც - ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის - მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა, ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი) ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ უკანასკნელს და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს“ (იხ. სუსგ №ას-1245-2020, 1.07.2021; №ას-504-481-2016, 30.09.2016წ;).
24. საკასაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელეს ზიანი მიადგა მოპასუხის სახელზე რიცხული ავტომანქანის ექსპლუატაციისას საგზაო წესების დარღვევის შედეგად. ამასთან, სადავო არაა სამართალდამრღვევი მძღოლისათვის ტრანსპორტის გადაცემის საკითხი, კერძოდ, უდავოა, რომ მძღოლი, მოპასუხის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გადაადგილდებოდა, შესაბამისად, არ არსებობს გარემოებები, რაც გამორიცხავდა მოპასუხის სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით.
25. პალატის განმარტებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, დელიქტური ვალდებულების ზოგადი და კერძო შემთხვევის მარეგულირებელი ნორმების ურთიერთმიმართების თაობაზე, რომლის თანახმადაც, დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია სსკ-ის 999.4 მუხლის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე - სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010 წელი; საქმე №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი; საქმე №ას-1311-2021, 21 აპრილი, 2022 წელი). თავის მხრივ, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების საფუძველს სსკ-ის 998-ე მუხლი ადგენს, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. სოლიდარული მოვალეების ინსტიტუტს კი აწესრიგებს სსკ-ის 463-ე-476-ე მუხლები, თავად სსკ-ის 465-ე მუხლის შესაბამისად კი, კრედიტორს შეუძლია, თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებლების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება რჩება ძალაში.
26. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესებისა და ასევე დისპოზიციურობის პრინციპზე (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეყანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგნს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი) მითითებით განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ, განხორციელებულია და არ არსებობს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობები.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
28. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. საქმე №ას-949-2020, 2022 წლის 20 იანვრის განჩინება; საქმე №ას-1158-2020, 2021 წლის 17 ივლისის განჩინება; საქმე №ას-1245-2020, 2021 წლის 1 ივლისის განჩინება).
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. თ.ა–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ც–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 762 ლარის (საგადახდო დავალება 28474354 / გადახდის თარიღი 25.02.2022), 70% - 533.4 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე