Facebook Twitter

№ა-1414-შ-42-2022

25 მაისი, 2022 წ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.პ.

განხილვის საგანი – საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის N0407 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის N0407 გადაწყვეტილებით შეწყდა ნ.პ–სა და ა.პ–ას შორის შორის რეგისტრირებული ქორწინება.

2022 წლის 25 მარტს ნ.პ–მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ნ.პ–მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ შეწყდა ნ.პ–სა და ა.პ–ას შორის რეგისტრირებული ქორწინება. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე ესწრებოდა სასამართლო პროცესს.

შუამდგომლობაზე თანდართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება ნ.პ–სა და ა.პ–ას შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დაადგინა:

1. ნ.პ–ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება ნ.პ–სა და ა.პ–ას შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე