Facebook Twitter

საქმე №ას-191-2020

ქ. თბილისი

24 მაისი, 2022 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი ლ. ჯ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები თ. ჯ, ბ. ,,ა-ბა..“ (მოპასუხეები)

განმცხადებლის მოთხოვნა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

დავის საგანი ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ჯ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ჯ-ის და ბ. ,,ა-ბა ..-ის“ მიმართ ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და ლ. ჯ-ის სარჩელი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ.ჯ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით ლ. ჯ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და დაევალა მას ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მაისის განჩინებით ლ. ჯ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

2020 წლის 12 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ლ.ა ჯ-ის წარმომადგენელმა მ.ა-ემ წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის განჩინებით ლ. ჯ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამოს საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიღებულ იქნა წარმოებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინებით ლ. ჯ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მაისის განჩინება და განახლდა საქმის წარმოება ლ. ჯ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების შემოწმების ეტაპიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით ლ. ჯ-ის წარმომადგენლის მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ. ჯ-ეს გაუგრძელდა კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მას ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

2021 წლის 29 ივლისს (დოკუმენტების ფოსტაში ჩაბარების თარიღია 21.07.2021) ლ. ჯ-ის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნა დაზუსტებული კერძო საჩივარი (თანდართული მასალებით) და სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ლ. ჯ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

2022 წლის 16 მაისს ლ. ჯ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განაცხადა რომ ლ. ჯ-ე უარს ამბობს სარჩელზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმომადგენელი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-ის სარჩელზე თ. ჯ-სა და ბ. ,,ა-ბა ..-ის’’ მიმართ წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, ლ. ჯ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

2022 წლის 16 მაისს ლ. ჯ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განაცხადა რომ ლ. ჯ-ე უარს ამბობს სარჩელზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ასევე წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 98-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად წარმომადგენლის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის თაობაზე, სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

საქმის მასალებში განთავსებულია ლ. ჯ-ის მიერ მ. ა-ვის მინიჭებული მინდობილობა (მოქმედების ვადა 10.03.2023), რომლის თანახმადაც მ. ა-ეს, როგორც ლ. ჯ-ის წარმომადგენელს უფლება აქვს ნაწილობრივ ან მთლიანად უარი თქვას სარჩელზე (იხ. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, ტ. ., ს/ფ ...-...).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ა. უფლებამოსილია ლ. ჯ-ის სახელით მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, მათ შორის სარჩელზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობითაც.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

სსსკ 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით კი საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს სსკ-ის მე-3 მუხლის დანაწესით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოზე არ ვრცელდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-ის სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

ზემოაღნიშნული კანონის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-ის კერძო საჩივრის არსებითად განხილვამდე სარჩელზე უარის თქმის გამო, მოსარჩელეს სრულად უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. მოხმობილი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე თ. ჯ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ბათუმი, .... ქუჩა N..-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N....); ასევე თ. ჯ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ბათუმი, ... ქუჩა N..-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N....).

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 284-ემუხლებით და

დაადგინა:

1. ლ. ჯ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს:

2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე ლ. ჯ-ის სარჩელის გამო თ.ჯ-სა და ბ. ,,ა-ბა ..-ის“ მიმართ ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე.

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

4. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც:

4.1 ყადაღა დაედო მოპასუხე თ. ჯ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ბათუმი, ... ქუჩა N..-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N....);

4.2 ყადაღა დაედო მოპასუხე თ.ჯ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ბათუმი, ... ქუჩა N..-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N.....);

5. ლ. ჯ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ..., მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ...) დაუბრუნდეს მ. ა-ის მიერ 2021 წლის 21 ივლისს გადახდილი (ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტის N...) სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე