საქმე №ა-626-22
18 აპრილი 2022 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა. ტ.
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ტ. ტ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ქ. ბარნსტაპლის საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ქ. ბარნსტაპლის საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. ტ. ტ-სა და მოპასუხე ა.ტ-ს შორის შეთანხმებულ იქნა გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ. თუ ქორწინების რომელიმე მხარის მიერ შედგენილია ანდერძი.
2022 წლის 15 თებერვალს, ა. ტ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ქ. ბარნსტაპლის საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ, აპოსტილით დამოწმებულ, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ წინამდებარე საქმესთან დაკავშირებული 2014 წლის 03 სექტემბრის ბრძანების ფარგლებში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2009 წლის 08 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თბილისის N3 ქორწინების სახლში რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ. იქვე მიეთითა, რომ თუ გადაწყვეტილების მიღებიდან ექვსი კვირის განმავლობაში, სასამართლოში არ იქნებოდა წარმოდგენილი სათანადო საფუძველი იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა შევიდეს ძალაში წინამდებარე გადაწყვეტილება, იგი კანონიერ ძალაში შესულად ჩაითვლებოდა. ვინაიდან ამგვარი მიზეზი არ იქნა წარდგენილი წინამდებარეთი დასტურდება, რომ ზ/ა გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2014 წლის 20 ოქტომბერს და რომ იგი არის საბოლოო და შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად ქორწინება შეწყვეტილია.
საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტაციას ერთვის, დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი ა.ტ-ნი არის საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით ა. ტ-ის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ქ. ბარნსტაპლის საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ ა. ტ-ის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ქ. ბარნსტაპლის საოჯახო სასამართლოს 03 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ქ. ბარნსტაპლის საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. ტ. ტ-სა და მოპასუხე ა. ტ-ს (შუამდგომლობის ავტორი) შორის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თბილისის N.. ქორწინების სახლში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
პალატა აქვე განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც ცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (იხ. სუსგ: საქმე №ა-4110-შ-117-2021, 2021 წლის 05 ოქტომბერი, ასევე იხ: ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ქ. ბარნსტაპლის საოჯახო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ტ-ის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ქ. ბარნსტაპლის საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ქ. ბარნსტაპლის საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება ნ. ტ. ტ-სა და ა. ტ-ს შორის განქორწინების თაობაზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე