Facebook Twitter

საქმე №ას-886-2021 29 აპრილი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ბ.ბ.ი.კ–ი B.B.I.C.” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.მ–ი, რ.მ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.მ–მა და რ.მ–მა (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ბ.ბ.ი.კ–ი B.B.I.C.-ს“ (შემდგომ - კომპანია, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისათვის 33 000 აშშ დოლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული თბილისში, ....... მდებარე საცხოვრებელი სახლი დააზიანა მომიჯნავედ მდებარე მოპასუხის საკუთრებაში არსებული 6-სართულიანი კორპუსის მშენებლობამ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 თებერვლისა და 15 ნოემბრის დასკვნები ადასტურებს, რომ მოსარჩელეთა საკუთრების დაზიანება სწორედ მომიჯნავე კორპუსის მშენებლობით იყო გამოწვეული. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხის ქმედებით მიყენებული ზიანი 33 000 აშშ დოლარია, რასაც ადასტურებს შპს „ა. და შ.ს–ის“ დასკვნა.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით. ის არასათანადო მოპასუხეა, ვინაიდან ზიანის წარმოშობა დაკავშირებული იყო ძველი შენობის დემონტაჟთან, რაც მოპასუხეს არ შეუსრულებია. უფრო მეტიც, მშენებლობა დაიწყო შპს „ბ–მა“ (შემდგომ - ყოფილი მესაკუთრე), ხოლო მოპასუხემ შეიძინა თითქმის დასრულებული მშენებლობა, როდესაც ზიანი უკვე წარმოშობილი იყო. მოპასუხე ზიანის ოდენობასაც შეედავა. მისი პრეტენზიის მიხედვით, გაურკვეველია, რის საფუძველზე დასახელდა ზიანის ოდენობად 33 000 აშშ დოლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 33 000 აშშ დოლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 992-ე, 1000-ე, 408-ე, 412-ე მუხლებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ გამოკვეთილი იყო დელიქტური ვალდებულების წარმოშობის ყველა კომპონენტი, რაც მოპასუხისათვის ზიანის დაკისრების საფუძველს ქმნიდა. მოსარჩელის უძრავ ქონებაზე მიყენებული ზიანი მოპასუხის ქმედებებით - მომიჯნავე კორპუსის მშენებლობით იყო გამოწვეული. პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებათა კვლევის შედეგად სწორად დაადგინა გარემოება, რომ ზიანი გამოწვეული იყო უშუალოდ მოპასუხის ბრალეულობით. მოსარჩელე მხარემ შეძლო მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც მოპასუხემ სარწმუნო მტკიცებულებით ვერ გააბათილა. პალატის დასკვნით, სწორად იქნა შეფასებული მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნებიც, რომლებითაც დასტურდებოდა მიყენებული ზიანის ოდენობა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

8. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.

9. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხე არის ის პირი, ვინც უნდა აგოს პასუხი მიყენებულ ზიანზე. სსკ-ის 1000-ე მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს იმ პირს, ვინც უნდა აგოს პასუხი სარჩელზე და ეს არის „ნაგებობის მფლობელი“. 2020 წლის 29 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც იგი ითხოვს, გამომდინარეობს ჯერ კიდევ 2015 წელს დაწყებული ძველი შენობის დემონტაჟითა და მშენებლობამდე შესრულებული მოსამზადებელი სამუშაოებით. აღნიშნულის დასადასტურებლად მან წარმოადგინა ამონაწერები საჯარო რეესტრიდან და 2015 წელს გაცემული დემონტაჟისა და მშენებლობის ნებართვები. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, რომ იმ პერიოდში, რომელსაც მოსარჩელე უკავშირებს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტს, უძრავი ქონების მესაკუთრე იყო სხვა კომპანია და არა ამჟამინდელი მოპასუხე. ამავე მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2015 წელს როგორც დემონტაჟის ნებართვა, ასევე, პირველი მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო სწორედ ყოფილი მესაკუთრის სახელზე და მანვე შეასრულა სადავო სამუშაოები. წარმოდგენილი კონსტრუქციული გეგმითაც დასტურდება, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ყოფილმა მესაკუთრემ შეასრულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

16. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობს სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან.

17. სსკ-ის 992-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ: №ას-1570-2019, 2020 წლის 29 მაისი). მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები შესრულებულია.

18. კასატორი საკასაციო საჩივრით მხოლოდ მის ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობაზე დავობს, კერძოდ, მისი მტკიცებით, მოპასუხეთა სახლი დააზიანა არა მის მიერ შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა, არამედ 2015 წელს ძველი შენობის დემონტაჟმა და მშენებლობის დაწყებამდე სხვა კომპანიის მოსამზადებელმა სამუშაოებმა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინა მოპასუხემ უძრავი ქონება.

19. საკასაციო პალატა არ იზიარებს ამ შედავებას და მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაზე აპელირებით, მოსარჩელემ წარმატებით უზრუნველყო თავის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, შენობაზე მოპასუხის როგორც ქმედებების, ისე უმოქმედობის უარყოფითი ზემოქმედების, დადასტურება, კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით დასტურდება, რომ შენობის დაზიანება, ძირითადად, გამოიწვია ქვაბულის გაჭრამ და წლების განმავლობაში, გაჭიანურებულმა მშენებლობამ. აქვე, საყურადღებოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი, რომ სასამართლოში საქმისწარმოების დროსაც კი, მშენებლობა დასრულებული არ არის, რაც სწორედ მოპასუხის უმოქმედობასა და ზიანს შორის მიზეზობრივ კავშირზე მიუთითებს.

20. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 თებერვალის დასკვნის თანახმად, შენობის დაზიანების მიზეზი საძირკვლების არათანაბარი ჯდენით დეფორმაციებია, რაც გამოწვეულია მიჯნით მიმდებარე 6-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობით. მნიშვნელოვანია, რომ თავად მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - „მუშა პროექტი“ ადასტურებს, რომ 2016 წელს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საძირკველი (ქვაბული) გაჭრილი იყო. ამასთან, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, როდის დასრულდა საძირკვლის მოწყობა და როდის დაიწყო მშენებლობა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის განმარტება, რომ მოპასუხემ საძირკველი გაჭრა და წლების განმავლობაში არაფერს აშენებდა, რამაც მისი საცხოვრებელი სახლის საძირკველის დაზიანება გამოიწვია, სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს. ამ პოზიციას ამყარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიც, მაგალითად, 2019 წლის 22 თებერვლის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზის მოთხოვნა ექსპერტიზის ბიუროში შევიდა 2017 წლის 6 ივნისს, დადასტურებულია ფაქტი, რომ მოსარჩელეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მარცხენა გვერდითი ფასადის მიჯნაზე კედლის კიდიდან 1,5 მეტრის მანძილზე მოეწყო 6 მეტრი სიღრმის ქვაბული, რომელიც 6-7 თვის განმავლობაში, ფერდის გამაგრების გარეშე, მიტოვებული იყო. ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად გრუნტი წყლიანდებოდა, რამაც გამოიწვია გრუნტის ჩამოშლა (იხ. ს.ფ. 200). ამასთან, საქმეზე დაკითხული ექსპერტის განმარტებით, არაერთხელ დაათვალიერა ექსპერტიზის ადგილი და ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითა, რომ მოსარჩელეების სახლის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის საკუთრებაში არსებული კორპუსის მშენებლობით, ვინაიდან მშენებლობა მიმდინარეობდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ქვაბულის გაჭრის შემდეგ მან არაერთი რეკომენდაცია მისცა მშენებელს, რომ, თუ დროულად არ ჩაატარებდა ქვაბულის ფერდების გამაგრებით სამუშაოებს, მსგავს შედეგს მიიღებდა, თუმცა მისი რჩევა არ გაითვალისწინეს (იხ. 22.10.2020 წლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი). აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხემ შესაბამის სამსახურს ნებართვის გაცემის თხოვნით მიმართა 2018 წლის 19 ნოემბერს, რაზედაც მიიღო უარი იმ მიზეზით, რომ საპროექტო ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შესრულდა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით (იხ. ს.ფ. 331-333).

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ №ას-1127-1047-2017, 2017 წლის 18 ოქტომბერი). მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე დასკვნა, რაც გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დაადასტურებდა, რომ მოპასუხეთა შენობის საძირკვლისა და, შესაბამისად, შენობის დაზიანება არა - წლების განმავლობაში გაჭრილმა საძირკველმა, გადადებულმა მშენებლობებმა (მოპასუხემ არაერთხელ მოითხოვა მშენებლობის ნებართვა, როგორც ვადაგასულ მშენებლობაზე) და მრავალბინიანი სახლის მიმდინარე ამჯამადაც მიმდინარე მშენებლობამ, არამედ ერთჯერადმა ქმედებამ - ძველი შენობის დემონტაჟმა გამოიწვია. ამდენად, მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიის დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულების საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, კერძოდ, მას უნდა გაექარწყლებინა თავისი ქმედებისა თუ უმოქმედობის (დროში გაწელილი მშენებლობის) მიზეზშედეგობრიობა ზიანთან მიმართებით, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება და მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებს გააქარწყლებდა.

22. პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასკვნები, რომლებიც გაცემულია 2019 წლის 22 თებერვალს, 24 ოქტომბერსა და 15 ნოემბერს უძრავი ქონების დაზიანების მიზეზად, არა ძველი შენობის დემონტაჟს, არამედ მიმდინარე მშენებლობას ასახელებს. სამივე დასკვნის მიხედვით „დაზიანება გამოწვეულია მიჯნით მდებარე 6-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობით“. მშენებლობას რომ მოპასუხე აწარმოებს სადავო არ არის. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად შეფასდა სწორედ მოპასუხეთა ქმედებების შედეგად.

23. სსკ-ის 412-ე მუხლის (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) თანახმად, ზიანი ანაზღაურდება, თუ ის ქმედების ეკვივალენტური, ადეკვატური და უშუალო შედეგია. პალატა ასკვნის, რომ ურთიერთკავშირი ვალდებულების დარღვევასა და უფლების მართლსაწინააღმდეგო შელახვას (შედეგს) შორის იმდენად ცალსახაა, რომ მოპასუხის ქმედება ზიანის კაუზალურია.

24. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სააპელაციო პალატის იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელე მხარემ შეძლო მის მიერ სარჩელში მითითებული სადავო გარემოებების მტკიცების ვალდებულება და შესაბამისი მტკიცებულებების – ექსპერტიზის დასკვნების წარდგენის გზით დაადასტურა მისთვის მიყენებული ზიანის არსებობა და მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანების ხარისხი. მოპასუხეს კი, არ წარუადგენია რაიმე დოკუმენტი, რაც მოსარჩელის არგუმენტებსა და მტკიცებულებებს გააქარწყლებდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეპირისპირების საფუძველზე ასკვნის, რომ საქმეზე გამოკვლეული გარემოებები ქმნის სსკ-ის 992-ე მუხლის შემადგენლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება ძირითადად მოპასუხის მიერ ნაწარმოები მშენებლობის ფაქტობრივი ნეგატიური შედეგია. ქონების დაზიანებასა და მოპასუხის მშენებლობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, მოპასუხის ბრალეულ, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან კავშირში, მისთვის დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-1907-2018, 2019 წლის 6 ივნისის განჩინება; №ას-482-2019, 2019 წლის 31 მაისის განჩინება, №ას-280-280-2018, 2018 წლის 18 ივლისის განჩინება).

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 5 138.27 ლარის 70% – 3 596.79 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ.ბ.ი.კ–ი B.B.I.C.“-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „ბ.ბ.ი.კ–ი B.B.I.C.“-ის (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5 138.27 ლარის (საგადასახადო დავალება №487264045, გადახდის თარიღი 15.09.2021), 70% - 3 596.79 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე