Facebook Twitter

საქმე №ას-199-2020 19 მაისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, გიორგი მიქაუტაძე

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა;

- ბ.ნ–ძეს, თ.ფ–ძეს, მ.ჯ–ძეს, ჰ.ო–ნსა და ვ.ე–ძეს დაეკისრათ 184 751.08 ლარის გადახდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ;

- ბ.ნ–ძეს, თ.ფ–ძეს, მ.ჯ–ძეს, ჰ.ო–ნსა და ვ.ე–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის - 13 000 ლარის გადახდა;

ხსენებულ გადაწყვეტილებაზე 2022 წლის 10 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცლები როგორც სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, ისე კასატორის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ნაწილში.

2022 წლის 18 მაისს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა თ.ც–ამ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორება.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად მითითებულია 2022 წლის 28 მარტი, ნაცვლად 2022 წლის 28 აპრილისა.

პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სახეზეა ტექნიკური ხასიათის უსწორობა, რაც ექვემდებარება შესწორებას. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკითხის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 10 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად, ნაცვლად 2022 წლის 28 მარტისა, მიეთითოს 2022 წლის 28 აპრილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 10 მაისს გაცემულ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში დაშვებული უსწორობა;

2. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად, ნაცვლად 2022 წლის 28 მარტისა, მიეთითოს 2022 წლის 28 აპრილი.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

გიორგი მიქაუტაძე