Facebook Twitter

საქმე №ას-45-2020 30 სექტემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,ჯ-ის“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ლ–ე“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს ,,ლ–ემ“ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ჯ-ის“ (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ, საზიარო საგანზე გაწეული ხარჯის - 4623.66 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, სს ,,პ.ბ–სა“ (შემდგომ ბანკი) და მოპასუხესთან ერთად უძრავი ქონების თანამესაკუთრეა. თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, 2017 წელს სახურავი დაუზიანდა, რამაც გააფუჭა მოსარჩელის უძრავი ქონების ჭერი, იატაკი და კედლები.

3. მოსარჩელემ წერილით უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს სახურავის შეკეთებაში მონაწილეობის მიღების მოთხოვით მიმართა. ბანკმა სახურავის მოწყობის სამუშაოების ღირებულების - 13871 ლარის მესამედი გადაიხადა, ხოლო მოპასუხემ თანხის გადახდაზე უარი განაცხადა.

4. მოპასუხის მიერ გასაწევი ხარჯი მოსარჩელემ გადაიხადა.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელზე არაკვალიფიციური შესაგებელი წარადგინა და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დაანგარიშება (კალკულაცია) მისთვის უცნობი იყო და ამის გამო სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 4623.66 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა შეფასებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 173.3-ე და 960-ე მუხლების შესაბამისად, რომელთა მიხედვითაც, თითოეული მოწილე სხვა მოწილეთა მიმართ ვალდებულია, წილის თანაზომიერად იკისროს საზიარო საგანთან დაკავშირებული ხარჯები. ასევე, საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნებისმიერი სამოქალაქოსამართლებრივი დავის მართებულად გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვანია, შეფასდეს სარჩელისა და შესაგებლის არსებითობა, რაც სასამართლოს მხრიდან არ მოითხოვს მტკიცებით სტადიაზე გადასვლას და გულისხმობს მითითებული პროცესუალური დოკუმენტების (სარჩელისა და შესაგებელის) შეფასებას მატერიალურსამართლებრივი ნორმების საფუძველზე. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ საქმეში, სარჩელის არსებითობის შესაფასებლად საყურადღებოა მასში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. ქ.ფოთში, ........ მდებარე უძრავი ქონება სამსართულიანი ნაგებობაა, რომლის თანამესაკუთრეები არიან მოსარჩელე, მოპასუხე და ბანკი; 2. საერთო საკუთრების სახურავი დაზიანდა და საჭიროებდა შეკეთებას, რომლის ხარჯებმაც მენარდის გაანგარიშებით შეადგინა 13871 ლარი; 3. სახურავის სარემონტო სამუშაოების ხარჯები სამივე თანამესაკუთრეს თანაბარწილად უნდა გაეღო; 4. ბანკმა 13 871 ლარიდან მისი წილი ხარჯი - 4624 ლარი გადაიხადა, ხოლო მოპასუხის წილი - 4623.66 ლარი მოსარჩელემ გაიღო, ვინაიდან მოპასუხემ ხარჯების ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული ზემოხსენებული გარემოებები სარჩელის არსებითობას (სსკ-ის 173.3-ე, 953-ე, 956.2-ე, 960-ე მუხლები) ადასტურებდა.

11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შესაგებლის არსებითობის შემოწმების მიზნით, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მოპასუხემ მარტივი წერილობითი შესაგებელი წარადგინა, სადაც მხოლოდ მიუთითა, რომ ხარჯების ანაზღაურების აღრიცხვიანობას (კალკულაციას) არ ეთანხმებოდა, თუმცა არ მიუთითებია, რატომ და როგორ უნდა დაანგარიშებულიყო ხარჯი. აღნიშნული უარყოფა მოპასუხემ, მხოლოდ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით დააფუძნა ისეთ გარემოებებზე, რაზედაც შესაგებელში არ მიუთითებია, კერძოდ, საქმეში წარდგენილი არ იყო სახურავის მთლიანად შეცვლის საჭიროების სათანადო მტკიცებულებები, ასევე, კონკრეტულად სახურავიდან წყლის ჩამოსვლისა და ყველა ოთახის დაზიანების ფაქტიც არ დასტურდებოდა.

12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ დადგინდეს, არსებითია თუ არა ზემოაღნიშნული შედავება, უნდა შეფასდეს შესაგებელი, მიუთითებს თუ არა სარჩელის გამომრიცხველ ან შემაფერხებელ გარემოებებზე. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შესაგებელი სარჩელის არც გამომრიცხველ და არც შემაფერხებელ გარემოებებზე არ უთითებდა, რაც, შესაბამისი მატერიალური ნორმის საფუძველზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შესაძლებელს გახდიდა. მოპასუხის მარტივი შედავება არ იყო საკმარისი სარჩელის უარყოფისთვის.

13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთის განაწილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესია, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს თავისი უფლება, მას არ მოეთხოვება მოპასუხის უფლების დადასტურება. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ შედავებას, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად (სსკ-ის მე-4 მუხლი), სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც, ამასთან, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სსკ-ის 102-ე მუხლი).

14. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, რომც ჩაითვალოს, მოპასუხემ შესაგებლის წარდგენის შემდეგ შესაბამის საპროცესო ეტაპზე განახორციელა შედავება სარჩელში მითითებული ფაქტების უარსაყოფად, ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელემ წარადგინა გაწეული ხარჯების გაანგარიშება, სასაქონლო ზედნადებები, თანხის გადახდის ქვითრები, ფაქტების კონსტატაციის ოქმი, 2017 წლის 3 ოქტომბრის წერილი და მოწმის ჩვენება, მხოლოდ მოპასუხის მხრიდან უარყოფა არ არის საკმარისი.

15. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ შეძლო საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზება, მოპასუხემ კი, არაკვალიფიციური შესაგებლის წარდგენისა და არაკვალიფიციური შედავების განხორციელების გამო, მოსარჩელის მიერ საზიარო საგანთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების გაწევის ფაქტისა და ოდენობის გაქარწყლება ვერ შეძლო, შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანი იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად დააკმაყოფილა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

17. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესაბამისობაზე არ იმსჯელა და მოპასუხეს იმ პირობებში, როდესაც სარჩელის წარდგენის შემდეგ შეუძლებელი იყო სადავო სახურავის ექსპერტიზა, იმაზე მეტი მტკიცების ტვირთი დააკისრა, ვიდრე ევალებოდა.

18. კასატორი მიუთითებს სსკ-ის 956-ე და 960-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების აუცილებლობის საკითხი სადავოა.

19. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტში მითითებულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ მოსარჩელე ვალდებულია, ყველა გარემოება სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ საზიარო საკუთრებაში არსებული სახურავი შესაკეთებელი იყო და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ოთახების დაზიანება ამან გამოიწვია, სახურავი არ ექვემდებარებოდა გამოსწორებას და საჭირო იყო კაპიტალური შეკეთება, ასევე, უნდა დაედასტურებინა შეკეთების სამუშაოების ღირებულება.

20. კასატორი სსკ-ის 102.3-ე, 105-ე,162-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა სპეციალურ ცოდნასთან არის დაკავშირებული და, შესაბამისად, მოსარჩელეს მითითებული ფაქტობრივი გარემოება ექსპერტიზის დასკვნით უნდა დაედასტურებინა, რის სანაცვლოდაც ამ უკანასკნელმა წარადგინა ფაქტების კონსტანტაციის შესახებ აქტი, რომლითაც სადავო საკითხზე დასკვნის გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, არცერთ სურათში დაზიანებული სახურავი არ ჩანს.

21. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა წარდგენილი მტკიცებულებების სარწმუნოობასა და სათანადოობაზე არ იმსჯელეს და ვინაიდან, მოპასუხეს კონკრეტული მტკიცებულება არ წარუდგენია, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სარწმუნოდ მიიჩნიეს, რითაც სასამართლოებმა სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების დანაწესები დაარღვიეს, ისევე, როგორც - მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპი.

22. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, მოპასუხე მხარე სადავო გარემოებებთან დაკავშირებით მხოლოდ უარყოფით შემოიფარგლა. კასატორი მიუთითებს, რომ სანამ სარჩელი არ ჩაჰბარდა, მისთვის უცნობი იყო სახურავის დაზიანების შესახებ, შესაბამისად, შესაგებლის შესატანად განსაზღვრული 10-დღიან ვადაში ის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე კვალიფიციური და წონადი მტკიცებულებების წარდგენას ვერ შეძლებდა. საქმეში არ არის წარდგენილი მოსარჩელის მიერ შედგენილი წერილის მოპასუხისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, მოპასუხე კი, მის მიღებას არ ადასტურებს.

23. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სადავოდ გახადა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და ექსპერტზის ჩატარების თაობაზე შუამდგომლობა დააყენა, შესაბამისად, მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ფაქტების კონსტანტაციის აქტს სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტიზის დასკვნა დაუპირისპირა, რითაც ხაზი გაუსვა სარჩელის გამომრიცხველ გარემოებებს. მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნა, ექსპერტიზის შეუძლებლობის შესახებ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ შეუფასებიათ. დასკვნაში მითითებულია, რომ მოსარჩელემ საკვლევი მასალა გაანადგურა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ჯერ შექმნა ისეთი მტკიცებულება, რომელიც სახურავის დაზიანებასა და მის მდგომარეობას არ ასახავს, შემდგომ სარჩელის შეტანამდე სახურავის შესაკეთებელი სამუშაოები ისე შეასრულა, რომ მოპასუხეს არცკი შეატყობინა, რითაც მოპასუხე სარჩელის გამომრიცხველი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობის გარეშე დატოვა.

24. მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა სახურავის დაზიანების არსებობაც. ამის დასადასტურებლად მან მხოლოდ ფაქტების კონსტატაციის შესახებ აქტი წარადგინა, რომელშიც ასახულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ოთახების რამდენიმე კედლის სურათი. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოება კი, რომლის თანახმად, წყალი კონკრეტული სახურავიდან ჩამოდის, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. ამ საკითხის დასადგენად საჭიროა სპეციალური ცოდნის მქონდე სპეციალისტის დასკვნის არსებობა, რაც საქმეში არ მოიპოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

25. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

26. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

28. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

29. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:

30. ქ. ფოთში, ....... მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 848 კვ.მ დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის თანამესაკუთრეები არიან მოსარჩელე (მე-3 სართული), მოპასუხე (მეორე სართული) და ბანკი (პირველი სართული).

31. მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა 2017 წლის 3 ოქტომბრის წერილით მოპასუხის ხელმძღვანელს აცნობა, რომ თანასაკუთრებაში არსებული შენობის სახურავი დაზიანებულია, წყალი ჩამოდის, სასტუმროში სტუმრებს ვერ იღებს, კარგავს მუდმივ კლიენტებს და მოპასუხესა და ბანკს, როგორც დასახელებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს, კანონის შესაბამისად, ვალდებულება ეკისრებათ, ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის პროპორციულად მონაწილეობა მიიღონ კაპიტალურ შეკეთებაში. სახურავის დაუყოვნებლივ შესაკეთებლად, მოსარჩელემ მოითხოვა თანამესაკუთრეებს მისთვის უმალვე ეცნობებინათ კაპიტალური შეკეთების ხარჯებთან დაკავშირებით თავიანთი წინადადებები, ვინაიდან ამინდის შეცვლის შემთხვევაში, არსებობდა მესამე სართულის დაზიანების რეალური საშიშროება.

32. მოსარჩელესა და მ.კ–ას (შემდგომ - მენარდე) შორის, 2017 წლის 20 დეკემბერს გაფორმდა ქ.ფოთში, ...... მდებარე ლინიკრონის მოწყობის სამუშაოების შესახებ მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც მოიცავდა: ამორტიზებული 510 მ2 ლინიკრონის დემონტაჟს, ამორტიზებული ხის ნარჩენების დემონტაჟს და ბეტონის მჭიმის მოწყობას, არსებულ სახურავზე 510 მ2 პრაიმერის მოწყობას, ლინიკრონის 2 ფენის 510 მ2 მონტაჟს, დაზიანებული თუნუქის შეცვლას ახლით. შემსრულებელი მომსახურებას უზრუნველყოფდა მის მიერ მოწვეული სპეციალისტების მეშვეობით, შემუშავებული რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე. მომსახურების საფასური 5000 ლარით განისაზღვრა, რაც მენარდემ სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა.

33. მოსარჩელემ სარემონტო სამუშაოების შესრულებისათვის საქონელი იყიდა, რაშიც 5614 ლარი (მათ შორის დღგ: 856.38 ლარი) გადაიხადა.

34. ბანკმა მოსარჩელეს სარემონტო სამუშაოებისათვის 4624 ლარი გადაურიცხა. მოპასუხის მიერ გასაწევი ხარჯი - 4623.66 ლარი მოსარჩელემ გადაიხადა.

35. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 2 ნოემბრის ფაქტების კონსტანტაციის შესახებ ოქმის თანახმად, ქ.ფოთში, ....... მესამე სართულზე განთავსებული სასტუმრო ,,შ–ას“ ოთახების ჭერზე, კედლებსა და იატაკზე აღინიშნება სისველე და დაზიანება.

36. მენარდის მიერ ხელმოწერილი 2017 წლის 1 დეკემბრის გაანგარიშების (ხარჯთაღრიცხვის) თანახმად, შენობის სახურავის მოწყობის სამუშაოებმა 13 871 ლარი შეადგინა, მათ შორის: ამორტიზებული ლირიკრონის დემონტაჟის ღირებულებაა 200 ლარი; არსებულ სახურავზე პრაიმერის მოწყობა - 700 ლარი; ლინიკრონის პირველიფენის მონტაჟი - 2760 ლარი; დაზიანებული თუნუქის შეცვლა ახლით - 110 ლარი; ცემენტი - 100 ლარი; ფრაქცია - 60 ლარი; გაზი - 420 ლარი; ტრანსპორტი - 500 ლარი; ხელფასი - 4000 ლარი; საშემოსავლოს 20% - 1000 ლარი; ჯამი - 12610 ლარი; გეგმური დაგროვების 10% - 1261 ლარი; მთლიანად 13 871 ლარი.

37. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა მენარდემ მიუთითა, რომ შენობის სახურავი იყო დაზიანებული, წყალი ყველგან ჩამოდიოდა, ოთახებში იყო სისველე და სახურავის ნაწილის შეკეთება შეუძლებელი იყო. მან შეასრულა სახურავის შიდა სამუშაოებიც, ყველაფერი დამპალი იყო, ძველი ტოლი ახეული, რაც შეიცვალა. ასევე, გააკეთა იატაკის მოჭიმვის სამუშაოები. ჭერში მილი არ გადიოდა, საიდანაც შეიძლებოდა წყალი ჩამოსულიყო. მან სამუშაოებისათვის მასალა ჩამოუწერა მოსარჩელე კომპანიის დირექტორს, რომელმაც მიუტანა და სამუშაოს შესასრულებლად ხელფასიც სრულად აუნაზღაურდა. მასალა სახურავზე აჰქონდა ამწით, ყველაფერს დაახლოებით 14 000 ლარამდე დასჭირდა.

38. საკასაციო პალატა სსკ-ის 953-ე მუხლისა (თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის (საზიარო უფლებების) წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს) და იმავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე) განმარტავს, რომ ქ. ფოთში, ....... №52-ში მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 848 კვ.მ დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობაზე ვრცელდება მხარეთა თანასაკუთრების უფლება.

39. სსკ-ის 956-ე მუხლი ადგენს, რომ საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ. თითოეულ მოწილეს უფლება აქვს საგნის შენახვისათვის საჭირო ღონისძიებები განახორციელოს სხვა მოწილეთა თანხმობის გარეშეც, ხოლო იმავე კოდექსის 960-ე მუხლის თანახმად, თითოეული მოწილე სხვა მოწილეთა მიმართ ვალდებულია თავისი წილის თანაზომიერად იკისროს საზიარო საგანთან დაკავშირებული ხარჯები.

40. ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესებიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ საზიარო ქონების ყოველი თანამესაკუთრე უფლებამოსილია, დაუბრკოლებლად ახორციელებდეს თანასაკუთრების უფლებას საზიარო ქონების მიმართ, მათ შორის, იზრუნოს მისი მოვლა-გაუმჯობესებისათვის, დანარჩენ მოწილეთათვის შეუტყობინებლად ჩაუტაროს საჭირო სარემონტო სამუშაოები და ა.შ.

41. კასატორის საკასაციო პრეტენზია უმთავრესად აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, შესაკეთებელი რომ იყო საზიარო საკუთრებაში არსებული სახურავი, საჭირო იყო მისი კაპიტალური რემონტი და რომ ჩატარებული სამუშაოების ღირებულება მოთხოვნილ თანხას შეესაბამება. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელემ წარდგენილი მტკიცებულებებით, დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია. ამასთან, სასამართლომ მოპასუხეს იმაზე მეტი მტკიცების ტვირთი დააკისრა, ვიდრე მას ევალებოდა.

42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს ვალდებულებაა, სწორი მიმართულება მისცეს მტკიცებით საქმიანობას, რაც გულისხმობს იმას, რომ მან საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ სადავო და უდავო ფაქტები უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ვლინდება. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის წარმმართველმა სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. მტკიცების ტვირთი – ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

43. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე განმარტავს, რომ წინამდებარე განჩინების 39-ე პუნქტში მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. ამ უკანასკნელმა სადავო ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცების მიზნით, სასამართლოში მოსარჩელე კომპანიის დირექტორის წერილი წარადგინა, რომელითაც მოსარჩელემ თანამესაკუთრეებს აცნობა, რომ შენობის სახურავი დაზიანებული იყო, წყალი ჩამოდიოდა და თანამესაკუთრეები ვალდებულნი იყვნენ მონაწილეობა მიეღოთ სახურავის შეკეთებაში. მოსარჩელემ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტანტაციის შესახებ ოქმიც წარადგინა, რომლითაც მოსარჩელე სახურავისა და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანებას ამტკიცებს (იხ. წინამდებარე განჩინების 35-ე პუნქტი). საქმეში წარდგენილია სასაქონლო ზედნადებები სარემონტო სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო საქონლის შეძენის შესახებ და მენარდესთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება და ამ უკანასკნელის მიერ შედგენილი შენობის სახურავის მოწყობის სამუშაოების ღირებულების შესახებ გაანგარიშება. ასევე, მოწმედ დაკითხული მენარდის ჩვენებით, მოსარჩელე სახურავის დაზიანებას, მის კაპიტალურ შეკეთების აუცილებლობასა და ხარჯების ღირებულებას ამტკიცებს.

44. საკასაციო პალატა სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით ყურადღებას ამახვილებს კასატორის შესაგებელზე, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტშია ასახული და მიუთითებს, რომ 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულოა, რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს, კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. ამასთან, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა აისახოს მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით, აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულები აღარ მიიღება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (მოპასუხის კვალიფიციური შედავების მნიშვნელობის შესახებ შდრ. სუსგ №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).

45. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი არ შეიცავს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფის მიზეზებსა და არგუმენტებს, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული (მტკიცებულებით გამყარებული) და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოება, სამართლებრივად ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული სახურავი დაზიანდა, საჭირო იყო მისი კაპიტალური რემონტი და მოპასუხის მიერ გასაწევი ხარჯი, რომელიც მოსარჩელემ გადაიხადა 4623.66 ლარია. ამ გარემოებების დამაჯერებლად და სარწმუნოდ გაქარწყლება კი, სწორედ მოპასუხის ვალდებულება იყო და მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში უნდა დაძლეულიყო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება, შესაბამისად, მოპასუხის პრეტენზიები, რომელიც სამართლაწარმოების შესაბამის საპროცესო ეტაპზე შესაგებლით შედავებული არ არის, უსაფუძვლოა და მოპასუხისათვის უარყოფით სამართლებრივ შედეგს იწვევს.

46. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი სამართლიანად გადაანაწილა. მოსარჩელემ, სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, მის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები წარდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით დაადასტურა, მათ შორის - მოწმეთა დაკითხული მენარდის ჩვენებით. კასატორს კი, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არც შესაგებლით და არც შესაბამის საპროცესო ეტაპზე სათანადო მტკიცებულებით არ გაუქარწყლებია.

47. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში აღნიშნული პრეტენზიები, მათ შორის, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების არსებითობასთან, გაწეული ხარჯების ოდენობასა და სახურავის დაზიანებასთან დაკავშირებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ მსჯელობას ვერ აქარწყლებს. ამასთან, სახურავის დაზიანება დგინდება, როგორც მოსარჩელის კომპანიის დირექტორის წერილით, ასევე, ფაქტების კონსტანტაციის შესახებ ოქმითა და მოწმედ დაკითხული მენარდის ჩვენებით, რომელმაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხარჯების გაანგარიშების სისწორეც დაადასტურა. ამასთან, საკასაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების რაიმე სპეციალური სტანდარტი არ მოითხოვება (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

48. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, სანამ სარჩელი არ ჩაჰბარდა მისთვის უცნობი იყო სახურავის დაზიანების შესახებ, წინამდებარე განჩინების მე-42-43-ე პუნქტებში მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე არ იზიარებს და მიუთითებს, რომ კასატორის განმარტება არ ქმნის ამ უკანასკნელის პრეტენზიის მიმართ ობიექტურ რწმენას და არ წარმოადგენს სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებას სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა ის პრეტენზიაც, თითქოს მოსარჩელემ მოპასუხისთვის შეუტყობინებლად შეაკეთა სახურავი და ექსპერტიზათვის აუცილებელი მასალა გაანადგურა.

49. კასატორის მითითება, რომ ვინაიდან სარჩელის შეტანამდე მისთვის უცნობი იყო სახურავის დაზიანების შესახებ, შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული 10-დღიან ვადაში საქმისათვის მნიშვენლობის მქონე გარემოებებზე კვალიფიციური და წონადი მტკიცებულებებს ვერ წარადგენდა, ასევე დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხეს შესაგებლის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს, ასევე, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, მტკიცებულებათა წარდგენისათვის გონივრული ვადა არ მოუთხოვია, რაც მისი პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს.

50. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

51. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

52. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

53. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1115-2019, 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინება; № ას-361-361-2018, 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინება; №ას-201-2019, 2019 წლის 8 მაისის განჩინება).

54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

55. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. შპს ,,ჯ-ის“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შლომი მეგრელიშვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება №1 / გადახდის თარიღი 11.02.2020), 70% - 210 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე