Facebook Twitter

საქმე №ას-23-2020 8 აპრილი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი), მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ტ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ–ნი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი - უძრავი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ტ–მა (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ბ–ნასა (შემდგომ - პირველი მოპასუხე) და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო, ასევე, ერთობლივად მოპასუხეები) მიმართ მ.ს–ვას (შემდგომ - მამკვიდრებელი) ანდერძისმიერ მემკვიდრედ და ქალაქ თბილისში, ...... №17 კორპუსში მდებარე ბინა №139-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებელმა გარდაცვალების წინა დღეს, 2017 წლის 26 იანვარს, საკუთარი ხელით შეადგინა შინაურული ანდერძი, რომლითაც სადავო ბინა დაუტოვა მოსარჩელეს. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ ექსპერტიზით დადგინდა ანდერძზე ხელმოწერის ნამდვილობა. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სანოტარო ბიუროს სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. ნოტარიუსის 2017 წლის 30 აგვისტოს დადგენილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე იმ საფუძვლით, რომ ანდერძით ვერ დგინდებოდა ნაანდერძევი ქონების იდენტურობა. ანდერძში მითითებულია, მამკვიდრებელი, მცხოვრები სადავო მისამართზე, თავის საცხოვრებელ ბინას (დაკონკრეტების გარეშე) უანდერძებს მოსარჩელეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით დგინდება, რომ მამკვიდრებელს საკუთრებად ერიცხება სწორედ ის უძრავი ქონება, რომელიც მოხსენებულია ანდერძში მამკვიდრებლის საცხოვრებელ მისამართად.

3. ამასთან, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, საიდანაც მიიღო პასუხი, რომ მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სანოტარო ბიუროში მოსარჩელის გარდა, შეტანილია პირველი მოპასუხის განცხადება, რომელიც, სავარაუდოდ, მამკვიდრებლის მეხუთე რიგის მემკვიდრეა.

მოპასუხეთა შესაგებელი

4. პირველმა მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მამკვიდრებლის დედა იყო თავისი მამის - პ.ბ–ნის და. მოპასუხემ მამიდაშვილის გარდაცვალების შესახებ შემთხვევით შეიტყო. მან დაიწყო საბუთების მოძიება და ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 25 იანვარს მიიყვანეს ნოტარიუსი სახლში, მაგრამ მან უარი განაცხადა ანდერძის შედგენაზე მამკვიდრებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 30 სექტემბრის შინაურულ ანდერძზე არის მამკვიდრებლის ხელმოწერა, ხოლო თავად მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2017 წლის 26 იანვრის ანდერძზე, რომელიც არ არის შედგენილი შინაურული ანდერძისათვის კანონით გათვალისწინებული წესებით. ამასთან, არ ირკვევა იმ ქონების იდენტურობა, რომელსაც მოანდერძე უტოვებს მემკვიდრეს. გარდა აღნიშნულისა, შინაურული ანდერძი დაწერილია გარდაცვალების წინა დღეს, როდესაც მამკვიდრებელის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და ნოტარიუსმა უარი განაცხადა ანდერძის შედგენაზე.

5. სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ანდერძი ვერ აკმაყოფილებს შინაურული ანდერძის ფორმას, იგი არ არის დაწერილი მოანდერძის მიერ. ამასთან, სამკვიდროს მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ანდერძით ვერ დასტურდება ნაანდერძევი ქონების იდენტურობა. ანდერძი არ არის დადასტურებული სამოქალაქო კოდექსით დადგენილი დანაწესის შესაბამისად, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები და მიიჩნია, რომ შინაურული ანდერძის საფუძველზე, მოსარჩელის ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ანდერძში გამოხატული ნების ნამდვილობა.

10. მოსარჩელე ითხოვს შინაურული ანდერძის საფუძველზე, უძრავი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობას, ხოლო მოპასუხე მოანდერძის ნების გამოვლენის ნამდვილობას შეედავა. პალატის შეფასებით, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების შინაარსი ეჭვქვეშ აყენებდა 2017 წლის 26 იანვარს მამკვიდრებლის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობას. მოწმედ დაკითხულმა ნოტარიუსმა ნათლად და დამაჯერებლად მიუთითა, რომ მამკვიდრებელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შეეძლო ნების სწორად გამოხატვა. ერთ-ერთმა მოწმემ კი აღნიშნა, რომ აწ გარდაცვლილი არ აპირებდა კუთვნილი უძრავი ქონების ვინმესთვის დატოვებას, მას სურდა რუსეთში გამგზავრება ნათესავებთან, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობა დამძიმდა. ამ ფაქტობრივი მოცემულობის პირობებში კი, მოსარჩელეს მართებდა, სარწმუნოდ დაედასტურებინა 2017 წლის 26 იანვრის ანდერძში გამოვლენილი ნების ნამდვილობა, რაც მან ვერ მოახერხა.

11. რაც შეეხება წარდგენილი ექსპწერტიზის დასკვნას, სააპელაციო პალატის მითითებით, ექსპერტიზა ჩაუტარდა არა 2017 წლის 26 იანვარს შედგენილ ანდერძს, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მოითხოვს მემკვიდრედ ცნობას, არამედ 2016 წლის 30 სექტემბერით დათარიღებულ დოკუმენტს. ამ მხრივ პალატამ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ თავდაპირველად ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვა: „რუსულენოვანი შინაურული ანდერძის ხელნაწერი ტექსტი 2017 წლის 26 იანვრის თარიღით და ხელმოწერა შესრულებული იყო თუ არა მამკვიდრებლის მიერ“, დაკორექტირდა 2017 წლის 1 თებერვლის განცხადებით და ექსპერტიზის წინაშე დაისვა საკითხი - 2016 წლის 30 სექტემბრის შინაურულ ანდერძზე (უჯრებიან რვეულის ფურცელზე) განლაგებული ხელმოწერა შესრულებული იყო თუ არა მამკვიდრებლის მიერ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი.

12. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა 2017 წლის 26 იანვარის ანდერძის შესაბამისობა მამკვიდრებლის ნებასთან, რის გამოც მოსარჩელეს სწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

14. კასატორის მტკიცებით, პირველ მოპასუხეს მამკვიდრებელთან ნათესაური კავშირის დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, შესაბამისად, არ დადასტურდა მისი სავარაუდო მემკვიდრეობა. სწორედ ამიტომ, მოპასუხედ სააგენტოც მოიწვიეს. შესაბამისად, ამ პირს შედავებისათვის იურიდიული ინტერესიც არ ჰქონდა. რაკი მას შემხებლობა არ აქვს საქმესთან, მისი შედავება ნების გამოვლენის ნამდვილობის შესახებ სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა.

15. გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, თითქოს, სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება 2017 წლის 26 იანვრის შინაურული ანდერძის უშუალო მოანდერძის მიერ შედგენა და ხელმოწერა, დაუსაბუთებელია. ექსპერტიზის ფარგლებში ექსპერტიზამ დაადგინა არა მხოლოდ 2016 წლის 30 სექტემბრის ანდერძზე არსებული ხელმოწერის აწ გარდაცვლილის კუთვნილების ფაქტი, არამედ კვლევის პროცესში დადგინდა 2017 წლის 26 იანვრის ანდერძზე არსებული ხელმოწერის მამკვიდრებლისათვის კუთვნილება, რამდენადაც კვლევისა და შედარებისთვის 26.01.2017 წლის ანდერძი იქნა გამოყენებული და მისი ტექსტიც და ხელმოწერაც კვლევის საგანი იყო, რაც ექსპერტიზის მიერ არ განსაზღვრულა როგორც საეჭვო ანდა სხვა პირისადმი მიკუთვნებული ტექსტი, ანდა ხელმოწერა.

16. ასეც რომ არ იყოს, მოსარჩელემ თავისი ინიციატივით ჩაატარა ექსპერტიზა. არც კანონმდებლობა და არც სასამართლო პრაქტიკა არ მოითხოვს შინაურულ ანდერძზე ხელმოწერის ნამდვილობისათვის ექსპერტიზის დასკვნას. მოპასუხეებს კი, გარდა ზეპირი შედავებისა, არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ 26.01.2017 წლის ანდერძზე ხელმოწერა მამკვიდრებელს არ ეკუთვნის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობას მოსარჩელე ანდერძის საფუძველზე მოითხოვს. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 1306-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

20. კასატორი დავობს გასაჩივრებული განჩინების დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, სათანადო მტკიცებულებებით არ დადასტურდა ანდერძში გამოხატული ნებისა და მამკვიდრებლის ხელმოწერის ნამდვილობა. საკასაციო პრეტენზიების დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, პალატა მიიჩნევს, რომ, უპირველესად, უნდა დადგინდეს ანდერძის შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან.

21. სსკ-ის 1345-ე მუხლის თანახმად, მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია, გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება. ამავე კოდექსის 1364-ე მუხლის თანახმად კი, მოანდერძეს შეუძლია, თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას (შინაურული ანდერძი). მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, შინაურული ანდერძის ნამდვილობისათვის კანონი ადგენს მარტივი წერილობითი ფორმის დაცვის აუცილებლობას, რომელიც შედგენილი და ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ, ხოლო ანდერძში გადმოცემული ნება ქმედუნარიანი პირის გონივრული განსჯის შედეგს უნდა წარმოადგენდეს. ამდენად, კანონმდებლობით გათვალისწინებული „შინაურული ანდერძის“ ნამდვილობის წინაპირობებია - მამკვიდრებლის ნების თავისუფალი გამოვლენა და აღნიშნული ანდერძის მისივე ხელმოწერით დადასტურება.

22. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის შედავებას, ანდერძის ნამდვილობის პრეზუმფციის თაობაზე და განმარტავს, რომ ამგვარი ვარაუდის გაქარწყლება ეკისრება პირს, რომლის წინააღმდეგაცაა მიმართული იგი. ამდენად, 2017 წლის 26 იანვრის ანდერძის კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობა მოპასუხეთა მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა (შდრ.სუსგ №ას-685-655-2014; 2 ოქტომბერი, 2015 წელი).

23. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხული ნოტარიუსის ჩვენების საფუძველზე დაადგინა, რომ ანდერძის შედგენის დღეს, 2017 წლის 26 იანვარს, მოსარჩელესთან შეთანხმებისამებრ, სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ნოტარიუსი იმყოფებოდა მამკვიდრებლის ბინაში, თუმცა ამ უკანასკნელის ჯანმრთელობა არ იყო დამაკმაყოფილებელი, რის გამოც ნოტარიუსმა უარი განაცხადა სანოტარო აქტის შედგენაზე. მოწმის განმარტებით, მამკვიდრებელი ძალიან ცუდად იყო. მანვე ნათლად და დამაჯერებლად მიუთითა იმის შესახებ, რომ მამკვიდრებელს უჭირდა ნების ჩამოყალიბებაც, „ვერ აყალიბებდა ნებას და თითქოს ეშინოდა კიდეც“ (იმყოფებოდა ზეგავლენის ქვეშ). მოწმის განმარტებით, მან მიიჩნია, რომ იმ მომენტში მამკვიდრებელი არ იყო ადეკვატური და უარი განაცხადა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე. მამკვიდრებლის მძიმე ჯანმრთელობის შესახებ მიუთითეს სხვა მოწმეებმაც (მაგალითად, მოწმე ს.ბ–ემ აღნიშნა, რომ მამკვიდრებელი არ აპირებდა კუთვნილი უძრავი ქონების ვინმესთვის დატოვებას, მას სურდა რუსეთში გამგზავრება ნათესავებთან, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა).

24. პალატა მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებები ქვემდგომმა სასამართლოებმა შეაფასეს იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი. ამასთან, უდავოდ მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ მოწმეთა ჩვენებების საწინააღმდეგოდ, ამ მტკიცებულების გასაქარწყლებლად და მამკვიდრებლის ნების ნამდვილობის დასადასტურებლად მოსარჩელეს დასაბუთება არ წარუდგენია და არც მისი გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულებაზე არ მიუთითებია. იგი არც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ედავება მტკიცებულებას. ამ მიმართებით კასატორის ერთადერთი პრეტენზია ისაა, რომ სასამართლოს მოანდერძის ნების ნამდვილობა არ უნდა ეკვლია, რამდენადაც მას შეედავა პირველი მოპასუხე, რომელსაც მამკვიდრებელთან ნათესაური კავშირის დასადასტურებლად მტკიცებულბები არ წარმოუდგენია.

25. პალატა მიუთითებს, რომ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის ფარგლებში მოსარჩელემ სწორედ პირველი მოპასუხე დაასახელა მოპასუხედ. მისი არასათანადოობა სასამართლოს არ დაუდგენია, შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობას სასამართლო პირველი მოპასუხის შედავების ფარგლებშიც ამოწმებს. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა პირველი მოპასუხის მიერ შედავებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სწორად განსაზღვრეს მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები, რადგან მოპასუხე სათანადოდ შეედავა სარჩელის არსებით გარემოებებს, ხოლო უკვე მტკიცების სტადიაზე დაამტკიცა მის მიერ მითითებული სადავო გარემოება. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საპროცესო კანონმდებობის სრული დაცვით დააკმაყოფილა პირველი მოპასუხის შუამდგომლობა ნოტარიუსის მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე და სწორად შეაფასა ის, ხოლო მოსარჩელემ, როგორც აღინიშნა, ვერ მოახერხა თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარი დასაბუთება, რომელიც ასევე აქარწყლებდა მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებას.

26. რაც შეეხება 2017 წლის 26 იანვრის ანდერძის მოანდერძის მიერ დაწერისა და ხელმოწერის დადგენის ფაქტს, პალატა მიუთითებს, რომ, რაკი ხელმოწერის ნამდვილობა მოპასუხე მხარემ გახადა სადავოდ და მიუთითა, რომ ანდერძი მამკვიდრებლის მიერ არ იყო ხელმოწერილი, მსგავსად ანდერძში გამოვლენილი ნების ნამდვილობისა, მასვე ეკისრებოდა ამ ფაქტის დამტკიცებაც. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა ფაქტი, რომ 2017 წლის 26 იანვრის ანდერძზე ხელმოწერა მამკვიდრებელს არ ეკუთვნოდა. პალატა მიიჩნევს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც 2016 წლის 30 სექტემბრის ანდერძზე არსებული ხელმოწერის გარდაცვლილისთვის კუთვნილების ფაქტი დადგინდა, 26.01.2017 წლის ანდერძზე ხელმოწერის სიყალბეს არ ადასტურებს. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა ანდერძზე მამკვიდრებლის მიერ ხელმოწერის შესრულების ნამდვილობა ვერ გააქარწყლეს. მიუხედავად ამისა, პალატა განმარტავს, რომ მოანდერძის ნების ნამდვილობის დაუდგენლობა საკმარისი საფუძველია სასარჩელო მოთხოვნის უარსაყოფად.

27. პალატა, კიდევ ერთხელ, მიუთითებს, რომ მოცემულ დავაში უმთავრესი და გადამწყვეტი იყო მამკვიდრებლის ნამდვილი ნების დადგენა, რადგან ანდერძი არის წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადგენს მოანდერძის ნებას. ანდერძის ბათილობას საფუძვლად შეიძლება დაედოს მხოლოდ ისეთი დარღვევა, რომელიც საეჭვოს გახდის მოანდერძის ნების ნამდვილობას. სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების - საკუთარი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით გარდაცვლილის ნების დადგენა წარმოადგენდა მოცემული დავის მთავარ გამოსაკვლევ ფაქტს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძვეზე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ დადგინდა 26.01.2017 წლის ანდერძში გამოვლენილი ნების ნამდვილობა.

28. კასატორმა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს უზენაესი სასამართლოს მხრიდან დავის ფაქტობრივი ნაწილის შეფასების ფარგლებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მსჯელობს საპროცესო წესების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების კანონიერებაზე იმგვარად, რომ თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს მიიღებს მხარეებისგან. შესაბამისად, სსსკ-ის 407.1 მუხლის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 29 ივნისის, 2021 წლის 3 დეკემბრისა და 2022 წლის 3 მარტის განცხადებებზე დართული დოკუმენტები 29 ფურცლად (მათ შორის, ორი ფოტოსურათი).

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408 მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ტ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცველად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;

3. მ.ტ–ს დაუბრუნდეს 2020 წლის 29 ივნისის, 2021 წლის 3 დეკემბრისა და 2022 წლის 3 მარტის განცხადებებზე დართული დოკუმენტები 29 ფურცლად (მათ შორის ორი ფოტოსურათი);

4. კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე