საქმე №ა-1485-ა-4-2022 28 აპრილი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვით
განმცხადებელი - ს.ნ–ა
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,მ–ი ...“
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინების გაუქმებაზე ს.ნ–ას (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, განმცხადებელი) საკასაციო საჩივარი შეტანის ვადის დარღვევის გამო, განუხილველად დარჩა.
2. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული გზავნილით და საფოსტო შეტყობინებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტს (კასატორს) გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2021 წლის 26 ნოემბერს ჩაჰბარდა მისი ოჯახის წევრს - მამას. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან, ანუ 2021 წლის 27 ნოემბრიდან და ამოიწურა იმავე წლის 17 დეკემბერს. საკასაციო საჩივარი კასატორმა წარმოადგინა 2021 წლის 20 დეკემბერს - კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
3. 2022 წლის 3 თებერვალს თბილისის საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმება და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლება.
4. განმცხადებლის განმარტებით, საკასაციო სასამართლოს მითითება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის განჩინება მის ოჯახის წევრს 2021 წლის 26 ნოემბერს ჩაჰბარდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. განჩინება კასატორის მამას 2021 წლის 28 ნოემბერს ჩაჰბარდა, რასაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საფოსტო გზავნილის კონვერტი ადასტურებს (კონვერტზე გზავნილის ჩამბარებლის მიერ წერილობით დადასტურებულია, რომ კასატორის მამას გზავნილი 2021 წლის 28 ნოემბერს გადაეცა).
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის განცხადება დასაშვებად მიიჩნია და მისი განხილვა ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით განსაზღვრა.
6. სასამართლო სხდომაზე განმცხადებლის წარმომადგენელმა მიუთითა წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებულ გარემოებებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, განცხადების საფუძვლების შემოწმებისა და მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ №ას-1455-2019, 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინება).
9. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით ითხოვს საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას. მითითებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო (სუსგ №ას-796-796-2018, 2018 წლის 6 ივლისის განჩინება).
10. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების (საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, ასევე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის (თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ამ განჩინების მიღების დროს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით მხედველობაშია 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია).
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით ხაზგასმულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობის მნიშვნელობა და განმარტებულია, რომ დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27).
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამოყენებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უქმდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მტკიცებულებების დროულად წარმოდგენის შემთხვევაში მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა გულისხმობს არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც დგინდება, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება/მტკიცებულება იმდენად ძირეულ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, რომ მისი არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება, არამედ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოებას/მტკიცებულებას შეუძლია, განცხადების ავტორის სასიკეთო ცვლილება მოახდინოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, ნაწილობრივ შეცვალოს მის მიმართ დამდგარი ნეგატიური სამართლებრივი შედეგები.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა არ დამდგარა ეჭვქვეშ, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რაც ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა თუ მტკიცებულების არსებობისა და მისი საფუძვლიანობის შემთხვევაში „ა პრიორი“ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევდა, მიუხედავად იმისა შეიცვლებოდა თუ არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება უნდა დაეფუძნოს სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ დავას თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ სხვაგვარად მოაწესრიგებს. საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებით მიზნად ისახავს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებით არ დაზიანდეს და საფრთხე არ შეექმნას სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებაში არსებულ მაღალ ნდობას. საკონსტიტუციო სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ თუ მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები აღემატება განმცხადებლის დაცულ ინტერესს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არ გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების არსებითად განხილვის დროს სასამართლო ხელმძღვანელობდეს იმ ამოსავალი დებულებით, რომ შეაფასოს, თუ რამდენად მოახდენს გავლენას საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიჩნეული გარემოება თუ მტკიცებულება განსაახლებელი საქმის სამართლებრივ შედეგზე. თუკი სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სამართლებრივი სურათი საქმეზე, რომელზედაც მოთხოვნილია წარმოების განახლება, არ შეიცვლება, მან უარი უნდა უთხრას განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მარტოოდენ ფორმალურად არ უნდა გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საქმის წარმოების განახლებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, იგი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება სასამართლომ უნდა განიხილოს იმგვარად, რომ არსებითად გადაწყიტოს საქმის წარმოების განახლება შეცვლის თუ არა უკვე მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს (სუსგ №ას-5815-2019, 14 დეკემბერი, 2021 წელი).
15. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, განმცხადებლი სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით ითხოვს საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას და მიუთითებს, რომ მისი ოჯახის წევრს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება ჩაჰბარდა არა 2021 წლის 26 ნოემბერს, როგორც ამას საკასაციო სასამართლო მიუთითებს, არამედ 2021 წლის 28 ნოემბერს, რისი გათვალისწინებითაც, მის მიერ 2021 წლის 20 დეკემბერს წარდგენილი საკასაციო საჩივრი შეტანილია ვადის დაცვით.
16. საკასაციო პალატა არ იზიარებს განმცხადებლის არგუმენტებს, რომელიც სსსკ-ის 397.1 და 369.1 მუხლების დანაწესიდან გამომდინარე საკასაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენას ეხება და მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება.
17. საკასაციო პალატის განმარტებით, საქმეში მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება (რომლითაც აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) აპელანტს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და, როგორც ფოსტის უკუგზავნილით დგინდება, 2021 წლის 26 ნოემბერს ჩაჰბარდა ადრესატის მამას - კ.ნ–იას.
18. საკასაციო პალატის მითითებით, განმცხადებლის არგუმენტი, რომ სასამართლოს კონვერტზე ხელით მინაწერი გზავნილის ადრესატისათვის 2021 წლის 28 ნოემბრეს ჩაბარებას ადასტურებს, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებით - ფოსტის უკუგზავნილით კონკრეტულად დასტურდება ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარების თარიღი (26.11.2021წ; იხ. გზავნილის ჩაბარების დასტური ს.ფ. 214), რისი გათვალისწინებითაც, მხარის მიერ წარმოდგენილ კონვერტზე ხელით მიწერილი გზავნილის ჩაბარების თარიღი სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, არ გამოდგება ზემოაღნიშნული მტკიცებულების გასაბათილებლად და სადავო გარემოების დასამტკიცებლად. ნიშანდობლივია, ისიც, რომ კონვერტზე მითითებულია არა 2021 წლის 28 ნოემბერი, როგორც განმცხადებელი ამას ამტკიცებს, არამედ - 2021 წლის 28 ოქტომბერი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აპელანტს 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება ფოსტის მეშვეობით 2021 წლის 24 ნოემბერს გაეგზავნა (იხ. ტ.1, ს.ფ. 212), შესაბამისად, კონვერზე მითითებული თარიღი, 2021 წლის 28 ოქტომბერი, ზემოაღნიშნული განჩინების ჩაბარების დასტურად ვერ გამოდგება.
19. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ როგორც ირკვევა, მხარეს 2021 წლის 28 ოქტომბერს ჩაბარებული აქვს შპს ,,მ–ი ..."-ის სააპელაციო შესაგებელი, რომელიც მას სასამართლომ გაუგზავნა 2021 წლის 26 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 192).
20. საკასაციო პალატის მითითებით, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე მიუთითებს. მოცემულ შემთხვევაში კი, განმცხადებლის პრეტენზია სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით რაიმე რელევანტურ მტკიცებულებას არ ეფუძნება. ამასთან, სწორედ განმცხადებელს უნდა წარმოედგინა საპირწონე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა სასამართლო გზავნილის ადრესატის ოჯახის წევრისათვის 2021 წლის 28 ნოემბერს ჩაბარებაში. საკასაციო პალატა მოწმის ჩვენებას, როგორც მტკიცებულებას, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ღირებულად მიიჩნევს, თუმცა, მხოლოდ მოწმის ჩვენებით სადავო ფაქტის დადასტურება დაუშვებელია. განმცხადებელს შეეძლო, შესაბამისი მტკიცებულებები ფოსტიდან გამოეთხოვა, რომელიც საქმეში არსებულ მტკიცებულებას - ფოსტის უკუგზავნილს ეჭვქვეშ დააყენებდა, სასამართლოს კი დაარწმუნებდა მისი არგუმენტაციის მართებულობაში. მოპასუხეს დავის ფარგლებში ამ სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მან ვერ გააქარწყლა - საქმეში არსებული ფოსტის უკუგზავნილში ასახული ინფორმაცია გზავნილის ადრესატის ოჯახის წევრისათვის - 2021 წლის 26 ნოემბერს ჩაბარება, რისი გათვალისწინებითაც, 2021 წლის 20 დეკემბერს წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შეტანილია ვადის დარღვევით, რის გამოც კანონიერად დარჩა განუხილველად.
21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, გარკვეულ ვადას აწესებს საკასაციო საჩივრის შეტანისათვის (სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილი). იმ შემთხვევაში, თუ კასატორი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის.
23. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ სამართალწარმოების ეტაპზე, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერებაზე არსებითად არ მსჯელობს, დამატებით მაინც მიუთითებს, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლო წარმოებაში თუ მიიღებდა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო მაინც განუხილველად დარჩებოდა, ვინაიდან მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ, კასატორის საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები სადავო გარემოებებთან მიმართებით, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების - შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობას ვერ ამტკიცებს.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განცხადება დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 421-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, ს.ნ–ას განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე