Facebook Twitter

საქმე №ა-2582-ბ-9-2022 27 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პ.ა–ის განცხადების განსახილველად მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, საქმეზე ო.ა–ის სარჩელის გამო მოპასუხე პ.ა–ის მიმართ არამართლზომიერად გადაადგილებული ბავშვის დაბრუნების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო.ა–ის სარჩელი „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად, კვიპროსის რესპუბლიკიდან საქართველოში არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვანი ვ.ა–ის კვიპროსში დაბრუნების თაობაზე, დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ.ა–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით პ.ა–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ.ა–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინებით პ.ა–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

2022 წლის 24 მაისს პ.ა–მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა განცხადების შინაარსის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განმცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.

სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეიცავს თუ არა წარმოდგენილი განცხადება კანონით დადგენილ აუცილებელ მონაცემებს და არსებობს თუ არა მისი დასაშვებად ცნობის წინაპირობები. კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შეუსაბამობა მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისას განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა დამოკიდებულია აღნიშნული განცხადებით წარდგენილ მოთხოვნასა და მის საფუძვლებზე (სუსგ №ას-1273-2019, 30 ოქტომბერი, 2019 წ.).

განმცხადებლის მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ისეთ გარემოებაზე მითითებისას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს კონკრეტულ დავაზე არსებითად მიღებულ გადაწყვეტილებას, მხარემ განცხადება უნდა შეიტანოს სწორედ იმ სასამართლოში, რომლის მიერაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქმე არსებითად გადაწყდა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მისი უცვლელად დატოვების შესახებ ზემდგომი სასამართლოს განჩინება (სუსგ №ას-1273-2019, 30 ოქტომბერი, 2019 წ.; №ას-628-600-2016, 2 სექტემბერი, 2016წ.).

სსსკ-ის 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში. შესაბამისად, ასეთ დროს განცხადება შეიტანება სასამართლო გადაწყვეტილების და არა განჩინების მიმღებ სასამართლო ინსტანციაში, ვინაიდან საქმის არსებითად გადაწყვეტისას და მხარის სასარჩელო განცხადების მიმართ სამართლებრივი შედეგის დადგენისას სასამართლოს დასკვნები ჩამოყალიბდება სწორედ გადაწყვეტილების სახით (სუსგ-ები №ას-907-847-2017, 9 თებერვალი, 2018წ.; №ას-428-411-2016, 15 მაისი, 2017წ.). ამდენად, ზემდგომი სასამართლო განცხადების განხილვაზე უფლებამოსილია, მხოლოდ მაშინ, როდესაც მან თავისივე გადაწყვეტილებით (განჩინებით) შეცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) და სწორედ ზემდგომი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. შესაბამისად, ისეთ გარემოებასთან მიმართებით, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს კონკრეტულ დავაზე არსებითად მიღებულ გადაწყვეტილებას, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომლის მიერაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქმე არსებითად გადაწყდა და არა ზემდგომ სასამართლოში, რომელმაც ეს გადაწყვეტილება (ან განჩინება მისი ძალაში დატოვების თაობაზე) უცვლელად დატოვა. ( შდრ: სუსგ-ები: №ას-550-21, 1 თებერვალი, 2022, პ.16; №ა-3666-ბ-9-2021, 15 სექტემბერი, 2021, პ.11; №ა-3604-ა-8-21, 6 აგვისტო, 2021; №ას-983-2021, 1 ივნისი, 2021.).

განსახილველ შემთხვევაში პ.ა–ი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის იმ განჩინების ბათილად ცნობას, რომლითაც უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე პირველი ნაწილის თანახმად, მოცემული განცხადება პ.ა–ს უნდა წარედგინა განსჯადი სასამართლოსათვის, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პ.ა–ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით, 429-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ.ა–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი