საქმე №ას-265-2022 30 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ შპს „ფ–ო“
კერძო საჩივრის ავტორი – ვ.პ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა - უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.პ–ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინებით ვ.პ–ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
2022 წლის 21 აპრილს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა შპს „ფ–ოს“ წარმომადგენლის თ.ო–ის განცხადება საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ შპს „ფ.ბ–ომ“ განახორციელა რებრენდინგი და მისი ამჟამინდელი სახელწოდებაა - შპს „ფ–ო“. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, შპს „ფ–ოს“ ცნობა სს „ს.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ, სს „ს.ბ–სა“ და შპს „ფ.ბ–ოს“ შორის დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინებით შპს „ფ–ოს“ დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) შპს „ფ–ოს“ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება ან შპს „ფ–ოს“ დირექტორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი მინდობილობის საფუძველზე, უფლებამოსილი ადვოკატის მიერ ხელმოწერილი განცხადება დედნის სახით; ბ) სს „ს.ბ–სა“ და შპს „ფ.ბ–ოს“ შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება N419995599/08 დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით; გ) სს „ს.ბ–სა“ და შპს „ფ.ბ–ოს“ შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დამატებითი პირობები N1 – 419995599/08-001 დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით; დ) სს „ს.ბ–სა“ და შპს „ფ.ბ–ოს“ შორის 2021 წლის 16 ივლისს დადებული N1-419995599/11-001 მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დამატებითი პირობები დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით, რომელშიც მითითებული იქნებოდა, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში კერძო საჩივრის ავტორის (ვ.პ–ის) მიმართ არსებული სს „ს.ბ–ის“ მოთხოვნის უფლება გადაეცა შპს „ფ–ოს“.
ხარვეზის განჩინებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ფ–ოს“ წარმომადგენელმა თ.კ–ძემ და მოითხოვა უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ განცხადების რეაგირების გარეშე დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ფ–ოს“ წარმომადგენელი თ.კ–ძე სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით ითხოვს შპს „ფ–ოს“ განცხადება უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე, დატოვებულ იქნას რეაგირების გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე სასამართლოში განცხადების შეტანა მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს განცხადება და განიხილოს იგი. ამდენად, შპს „ფ–ოს“ განცხადება საქმეზე უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, 284-ე-285-ე, 372-ე და 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ფ–ოს“ განცხადება უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური