საქმე №ა-1790-გან-6-2022 26 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლაშა ქოჩიაშვილი, რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებლები – მ.გ, გ. ბ.
მოწინააღმდეგე მხარე - ტ. ე-ის უფლებამონაცვლე გ. ე, შპს „კ-ი“
განმცხადებლების მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინების განმარტება/ გაუქმება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ. ბ-ემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ტ. ე-ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), შპს „კ-სა“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და მ. მ-ს (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) მიმართ 1996 წლის 15 ნოემბერს შპს „კ-სა“ და ტ. ე-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების (შემდგომში - „ხელშეკრულება“) ბათილად ცნობის მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. მესამე მოპასუხის მიმართ წარდგენილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მეორე და მეოთხე პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ხელშეკრულება 100 კვ.მ ფართის მქონე №.. ბინის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. 2015 წლის 20 იანვარს გ. ბ-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით ზემოაღნიშნული განცხადება დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
10. 2018 წლის 6 აგვისტოს მ. გ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
12. 2022 წლის 9 მარტს მ. გ-ემ (შემდგომში - „პირველი განმცხადებელი“) და გ. ბ-ემ (შემდგომში - „მეორე განმცხადებელი“)(შემდგომში ერთად - „განმცხადებლები“) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მომართეს განცხადებით, მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით მ. გ-სა და გ. ბ-ის შუამდგომლობა გენერალური პროკურატურიდან №... საქმისა და მასში არსებული მასალის გამოთხოვის შესახებ დარჩა განუხილველად; მ. გ-სა და გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.
14. 2022 წლის 12 აპრილს მ. გ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განჩინების დეტალური დასაბუთება.
15. 2022 წლის 12 აპრილს მ. გ-ემ და გ. ბ-ემ, ასევე, მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით და მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმება.
16. განმცხადებლებმა მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:
16.1. განმცხადებლები ითხოვდნენ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმებას, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების ფუნდამენტური უფლების რეალიზების დამაბრკოლებელ გარემოებას;
16.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფო საჯარო რეესტრის სახით, ფაქტობრივად, მხარეს ართმევს ქონებას, რამდენადაც საჯარო რეესტრმა სწორედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაუდო საფუძვლად ტ. ე-ის სახელზე საკუთრების უკანონო რეგისტრაციას, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების გამომტანმა მოსამართლემ განმარტა, რომ სადავო გადაწყვეტილებით არათუ არ დაუდგენია ტ. ე-ის საკუთრების უფლება, არამედ არც უმსჯელია მასზე;
16.3. განმცხადებლებმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების ფარგლებში წარადგინეს საჯარო რეესტრის ოფიციალური პასუხი, ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2022 წლის 7 თებერვლის დადგენილება განმცხადებელთა დაზარალებულად ცნობის შესახებ;
16.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა 2022 წლის 21 მარტის განჩინებაში აპელირებს 5-წლიან ხანდაზმულობის ვადაზე, მაშინ როდესაც განმცხადებლები მიუთითებენ, რომ ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა მათ შემთხვევაში არ უნდა იყოს რელევანტური, რამდენადაც განმცხადებელმა დადგენილ ვადაში მათგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მიმართეს სასამართლოს. ზემოაღნიშნულ განჩინებაში არ არის მითითებული, თუ რის საპირწონედ აპელირებს სასამართლო მხარეთა მიერ 5- წლიანი ვადის გაშვებაზე; განჩინებაში ასევე მითითებულია, რომ „საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს“. რომელ ორ შეხედულებაზეა საუბარი განმცხადებელთათვის გაუგებარია;
16.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ყალბი დოკუმენტები, საჯარო რეესტრი კი სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს რეგისტრაციის საფუძვლად. სწორედ ეს გარემოება წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს;
16.6. გაუმართლებელია 5-წლიანი ხანდაზმულობის გავრცელება მ. გ-ის შემთხვევაში, რამდენადაც მან სსსკ-ის 422-ე მუხლის საფუძველზე 2018 წელს მიმართა სასამართლოს, რაზეც ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება;
16.7. განმცხადებლები მიუთითებდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებულ ვალდებულებაზე, რათა სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიემართა კონსტიტუციური წარდგინებით;
16.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და 34-ე მუხლები.
17. 2022 წლის 18 მარტს მ. გ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში დამატებით წარმოადგინა განცხადება, მოითხოვა სასამართლოს განეხილა განსჯადობის პრობლემა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საქართველოს უზენაესი სასამართლო განცხადებების შინაარსისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინების განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება, მ. გ-ისა და გ. ბ-ის განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე, ასევე, მ. გ-ის განცხადებას განსჯადობის საკითხზე მსჯელობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მ. გ-ის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე, რომლითაც იგი ითხოვს დეტალურ დასაბუთებას, თუ რატომ გაავრცელა სასამართლომ 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინება დასაბუთებულია. აღნიშნული განჩინება შეიცავს დასაბუთებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებასთან დაკავშირებითაც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინების 22-24 პუნქტები). განჩინების დამატებითი დასაბუთების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების შესაძლებლობას.
21. სსსკ-ის 262-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება (იხ. სუსგ საქმე №ა-3849-გან-4-2017, 5 ოქტომბერი, 2017 წელი).
22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინების განმარტების წინაპირობას, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი მხოლოდ მისი შინაარსის ბუნდოვანების გამო შეიძლება განიმარტოს, რაც განსახილველ შემთხვევაში არ ვლინდება.
23. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად. ამდენად, საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებით დავის მიმართ არ დადგენილა ისეთი სამართლებრივი შედეგი, რომელიც აღსრულებას საჭიროებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ განჩინების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, მისი ამა თუ იმ დებულების განმარტების საფუძველი არ არსებობს (იხ. სუსგ საქმე №ას-1602-2018, 24 მარტი, 2021 წელი), რაც გამორიცხავს განჩინების განმარტების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2022 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმების მოთხოვნის შესახებ.
25. სსსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
26. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი (სსსკ-ის LII თავი) არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების კიდევ ერთ შესაძლებლობას, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ საქმე №ას-1455-2019, 15 ნოემბერი, 2019 წელი; სუსგ საქმე №ა-4160-ა-14-2021, 30 სექტემბერი, 2021 წელი).
28. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.
29. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
30. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლები არც სსსკ-ის 422-ე მუხლისა და არც 423-ე მუხლის წინაპირობებზე მიუთითებენ, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმებაზე.
31. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ ფაქტები, რომელთა შესახებ განმცხადებლები 2022 წლის 12 აპრილის განცხადებაში მიუთითებენ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 21 მარტის განჩინების ფარგლებში შეაფასა. 2022 წლის 12 აპრილის განცხადებაში მითითებული გარემოებები კი ვერ გახდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, ამ ნაწილში განცხადება განუხილველი უნდა დარჩეს.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ არც განსჯადობის საკითხზე მსჯელობის წინაპირობები არსებობს.
33. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნას გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
34. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინება გამოტანილ იქნა 2022 წლის 9 მარტს მ. გ-ისა და გ. ბ-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე, რომლითაც განმცხადებლებმა მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. შესაბამისად, სწორედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს უნდა განეხილა ზემოაღნიშნული განცხადება და არ არსებობს განსჯადობის საკითხის განხილვის წინაპირობები.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინების განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მ.გ-ისა და გ. ბ-ის განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე, ასევე, მ. გ-ის განცხადებას განსჯადობის საკითხზე მსჯელობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 421-ე, 429-ე, 374-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მ. გ-ისა და გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
3. მ. გ-ის განცხადება განსჯადობის საკითხზე მსჯელობის თაობაზე დარჩეს განუხილველი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
რ. ნადარაია