Facebook Twitter

განსჯადობა

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*

¹ 3გ-ად-19გ-02 8 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და 26-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატასა და სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის განსჯადობის შესახებ დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 11 ივლისს ბ. ნ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში და თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს რეესტრში, ქ. თბილისში, .. მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური აღრიცხვის ბარათში, მესაკუთრეთა თავდაპირველი მეცხრედი წილების რეგისტრაციის არსებობის ფაქტის დადგენა, თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებულ მესაკუთრეთა თავდაპირველი მეცხრედი წილების მეთვრამეტედ წილებში კანონდარღვევით გადაყვანის ფაქტის დადგენა და საჯარო რეესტრში მესაკუთრეთა წილების უზუსტო ჩანაწერების შესწორება მოითხოვა.

სარჩელის საფუძვლად ბ. ნ-ემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის მესაკუთრეებს _ ბ. ნ-ეს, მის შვილს _ ი. გ-ე-ე-ეს და შვილიშვილს _ ი. ე-ეს ეჭირათ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართული, მთელი სახლის 5/9. 1960 წელს მისმა მეუღლემ ცხრაოთახიანი სახლის 4/9 (ოთხი ოთახი) გაყიდა და თავისთვის 1/9 (ერთი ოთახი) დაიტოვა. 1967 წელს გაყიდული ოთახები ბ. ნ-ემ უკანვე გამოისყიდა, მაგრამ არა მეცხრედების, არამედ მეთვრამეტედი წილების საფუძველზე, რომელიც თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიურომ ¹6/4, 16.03.1967 ცნობით მიაწოდა. ამ ცნობით, ტექბიურომ რეალური წილები, რომლებიც განსაზღვრული იყო მეცხრედებში, გადაიყვანა მეთვრამეტედ იდეალურ წილებში და სახლის პირველ სართულზე მცხოვრებ ი. ფ-ის წილთან გაათანაბრა. უფრო ზუსტად, ი. ფ-ეს 4/9 გადაუყვანა 9/18-ში, ნაცვლად 8/18-ისა, ხოლო ბ. ნ-ეს, მის შვილს ი. გ-ე-ე-ესა და შვილიშვილს ი. ე-ეს, სამივეს _ 5/9 გადაუყვანა 9/18-ში, ნაცვლად 10/18-ისა. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს არ ჰქონდა უფლება ასეთი სახის ცვლილებები შეეტანა რეესტრში და შეეცვალა მისი წილის ოდენობა. ამასთან, თბილისის ტექბიუროს უნდა შეევსო ახალი ტექაღრიცხვის ბარათი (რაც არ მოუხდენია) და მიეთითებინა, თუ რის საფუძველზე ცვლიდა იგი წილების ოდენობას.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ აღნიშნული საქმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათის დავად მიიჩნია და იგი განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადასცა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატა არ დაეთანხმა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსაზრებას და მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დავათა კატეგორიას არ განეკუთვნებოდა, იგი საკუთრების შესახებ დავას შეეხებოდა და სამოქალაქო-სამართლებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განხილულიყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაუგზავნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 6 ივლისის განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილ საქმეში წამყვან, ძირითად დავას, ერთი მხრივ, ბ. ნ-ეს, ი. გ-ე-ე-ესა და ი. ე-ეს და, მეორეს მხრივ, ნ. ფ-ეს შორის საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების შესახებ დავა წარმოადგენდა, რაც სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობდა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, განსჯადობის წესების დაცვით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას უნდა განეხილა. საკასაციო პალატამ აქვე აღნიშნა, რომ ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებაზე ბ. ნ-ეს დავა მხოლოდ ძირითადი საქმის გადაწყვეტის შემდგომ შეეძლო.

2002წ. 27 მაისის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ დავა კვლავ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე დავად მიიჩნია და მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის რწმუნებულმა _ ი. ე-ემ სარჩელი დააზუსტა და განმარტა, რომ იგი ტექინვენტარიზაციის ბიუროს ქმედებას ასაჩივრებდა, რაც შესაბამის აქტში ჩანაწერის უკანონოდ განხორციელებაში გამოიხატებოდა, რომლითაც ბ. ნ-ის წილი შემცირებულ იქნა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს არა საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლება, არამედ ტექინვენტარიზაციის ბიუროს ქმედება წარმოადგენდა.

2002წ. 26 ივნისს განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ საქმე სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავად მიიჩნია და საქმე განსჯადობის საკითხის გასარკვევად კვლავ საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა და თვლის, რომ მოცემული საქმე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო კვლავ მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია ნ. ფ-ის შეგებებული სარჩელი, რომელიც მან სადავო სახლზე საკუთრების უფლების შესახებ ი. ე-ის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში შეიტანა და მიუთითა, რომ მოსარჩელე წლების მანძილზე ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, არაკეთილსინდისიერად ფლობდა ზედმეტ ფართს. შეგებებული სარჩელის ავტორმა სადავო საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის პროპორციულად გამიჯვნა და მოსარჩელის მიერ ზედმეტად მითვისებული ფართის მისთვის, როგორც კანონიერი მესაკუთრისათვის, დაბრუნება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო კვლავ გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბ. ნ-ის წარმომადგენელმა დააზუსტა თავისი მოთხოვნა და აღნიშნა, რომ იგი 1/9 წილის აღდგენასა და ტექინვენტარიზაციის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანას მოითხოვდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეში ძირითად, წამყვან დავას მხარეთა შორის თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების დადგენა და წილთა გადანაწილება წარმოადგენს და საქმე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით უნდა იქნეს განხილული. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ ბაბულია ნოზაძემ სასამართლოს აღიარებითი სამოქალაქო სარჩელით მიმართა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სადავო წილზე მისი საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. მხარეებს შორის წილზე სამოქალაქო დავა რომ არსებობს, ამას ი. ფხიკიძის შეგებებული სარჩელიც ადასტურებს. რაც შეეხება, ტექბიუროს ქმედების თაობაზე წარმოშობილ დავას, იგი ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განსახილველად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მან (ადმინისტრაციულმა ორგანომ) თვითნებურად, კანონიერი საფუძვლის არსებობის გარეშე მოახდინა არსებული ჩანაწერის შეცვლა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობით ხელახლა განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას უნდა გადაეგზავნოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 285-ე, 372-ე და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ნ-ის წარმომადგენლის ი. ე-ის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას გადაეგზავნოს.

2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2001, # 8, admin., gv. 662-664.