Facebook Twitter

საქმე №ას-265-2022 01 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ.პ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.პ–ის (შემდგომში – „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 24.08.2018წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8 800,09 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 7 410,27 ლარი, სარგებელი - 719,97 ლარი, პირგასამტეხლო - 621,85 ლარი და საკომისიო - 48 ლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე, დაეკისრა 2020 წლის 24 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე დავალიანების ძირითადი თანხის - 7 410,27 ლარის წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 3,65 ლარს.

4. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სააპელაციო საჩივრის ფასის დაზუსტება, დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადა. აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2021 წლის 19 ოქტომბერს.

8. აპელანტმა 2021 წლის 25 ოქტომბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება, ქვეყანაში არსებული პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის საფუძვლით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა ათი დღით. აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2022 წლის 03 იანვარს. გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება უზრუნველყო საქართველოს შსს-ს შესაბამისმა ტერიტორიულმა ორგანომ (ხელწერილზე მითითებული არ არის ჩაბარების კონკრეტული თარიღი, თუმცა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს მიმართვა დათარიღებულია 04 იანვრით, ხოლო მხარე 11.01.2022წ. განცხადებაში თავად მიუთითებს, რომ განჩინება 03 იანვარს ჩაბარდა (იხ. ს.ფ. 146-147, 149)).

10. მოპასუხემ 2022 წლის 11 იანვარს კვლავ მიმართა განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება, ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლით. მისი განმარტებით, გადიოდა პოსტ-კოვიდურ მკურნალობას სახლის პირობებში და მოკლებული იყო შესაძლებლობას, აღმოეფხვრა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში აპელანტი შუამდგომლობს საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, თუმცა მას არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გაეგრძელებინა მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ერთხელ უკვე იმსჯელა აპელანტის შუამდგომლობაზე საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გაუგრძელა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა. იმავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად საკმარისი და გონივრული ვადა მიეცა. მისი მოთხოვნით საპროცესო ვადა ერთხელ გაგრძელდა, შესაბამისად, ვადის კვლავ გაგრძელება გამოიწვევდა საქმის განხილვის გაუმართლებელ გაჭიანურებას და ხელყოფდა მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 368-ე და 374-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

16. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნის საფუძველი იყო ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე, პანდემია და ყოველგვარი შეზღუდვები, რაც მის ჯანმრთელობაზე და ფინანსურ მდგომარეობაზე აისახა. სწორედ ამ საფუძვლით მოითხოვა მან განცხადებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, ვინაიდან ქვეყანაში შექმნილი იყო ფორსმაჟორული სიტუაცია. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მან წარდგენილი განცხადებით მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

20. განსახილველ შემთხვევაში აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.

21. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს პანდემიის გამო შექმნილ მძიმე ეკონომიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რის გამოც იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში აღმოეფხვრა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.

23. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

25. მითითებული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (იხ. სუსგ საქმე №ას-237-225-2017, 16 მარტი, 2017 წელი). ამასთან, ობიექტური გარემოებების არსებობის დადასტურება თავად მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

26. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სააპელაციო საჩივრის ფასის დაზუსტება, დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა; დადგენილია, ასევე, რომ აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, იმავე სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მას ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა ათი დღით. აღნიშნული განჩინება მოპასუხეს ჩაბარდა 2022 წლის 03 იანვარს; 2022 წლის 11 იანვარს მოპასუხემ კვლავ მიმართა შუამდგომლობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლით, თუმცა მას არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რომ მას მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გააჩნდა ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოკლებული იყო შესაძლებლობას სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედებები შეესრულებინა. მოპასუხე, როგორც 11.01.2022წ. განცხადებაში, ისე კერძო საჩივარში, შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რაც არ წარმოადგენს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას.

27. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, მას სააპელაციო სასამართლოს 26.10.2021წ. განჩინებით ერთხელ უკვე გადაუვადდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა. ამასთან, აპელანტს აღნიშნული განჩინება ჩაბარდა 2022 წლის 03 იანვარს, ორ თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ და, შესაბამისად, მას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად საკმაო დრო ჰქონდა. საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლების გამოყენება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ აღნიშნულმა არ გამოიწვიოს საქმის განხილვის ვადის უსაფუძვლოდ გაჭიანურება და მეორე მხარის ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად საკმარისი და გონივრული ვადა მიეცა, ხოლო ვადის დამატებით გაგრძელება, მით უფრო ობიექტური გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, საქმის განხილვის დაუსაბუთებელ გაჭიანურებას გამოიწვევდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაუსაბუთებელია და სააპელაციო სასამართლომ ის მართებულად არ დაკმაყოფილა.

29. საკასაციო სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ 11.01.2022წ. განცხადებით აპელანტმა მოითხოვა მხოლოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება, მას არ მოუთხოვია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, როგორც იგი კერძო საჩივარში უთითებს.

30. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია, შესაბამისად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს; კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

33. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ.პ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი