Facebook Twitter

საქმე№ა-791-შ-24-2022 20 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

შუამდგომლობის ავტორი – ე.შ–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ლ.კ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ზ–ძე (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის რესპუბლიკის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის №5073/2020 გადაწყვეტილება

დავის საგანი – არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.შ–სა (შემდეგში: მოსარჩელე, არასრულწლოვნის მამა ან შუამდგომლობის ავტორი) და ი.ზ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, არასრულწლოვნის დედა ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2012 წლის 24 სექტემბერს, რეგისტრირებული ქორწინება 2017 წლის 13 თებერვალს განქორწინებით შეწყდა.

2. მხარეებს, 2013 წლის 21 დეკემბერს, შვილი მ.შ–ნი (შემდეგში: არასრულწლოვანი ან ბავშვი) შეეძინათ. ბავშვი დაიბადა აშშ-ში და არის საბერძნეთის მოქალაქე.

3. მხარეები 2014 წელს თესალონიკში, მოსარჩელის კუთვნილ ბინაში, გადავიდნენ საცხოვრებლად.

4. მოსარჩელისა და მოპასუხის თანაცხოვრება 2016 წლის აპრილში შეწყდა და მოპასუხე შვილთან ერთად თბილისში, მშობლების სახლში გადავიდა საცხოვრებლად.

5. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა საბერძნეთის რესპუბლიკის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიან სასამართლოს (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლო) მოპასუხის წინააღმდეგ და განმარტა, რომ მოპასუხესთან ერთად მათი ქორწინების პერიოდში მათი უკანასკნელი საცხოვრებელი იყო თესალონიკში, ხოლო ქორწინებისა და თანაცხორების შეწყვეტის შემდეგ, 2016 წლის აპრილიდან, მოპასუხე მათ არასრუწლოვან შვილთან ერთად საქართველოში, ქ. თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. მოპასუხემ მოსარჩელეს არსებითად შეუზღუდა ბავშვის მიმართ მშობლის უფლების მასთან ერთად განხორციელება. მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეს დროებით ჩამოერთვას მათი არასრულწლოვანი შვილის მეურვეობა და იგი სრულად გადაეცეს არასრულწლოვნის მამას, ალტერნატივის სახით კი დროებით დარეგულირდეს მოსარჩელის კონტაქტი არასრულწლოვან შვილთან სარჩელში შემოთავაზებული გზით, ხოლო მოპასუხეს დაემუქროს ფინანსური სანქცია და თავისუფლების აღკვეთა გამოტანილი გადაწყვეტილების ყოველი დებულების დარღვევისათვის, მოპასუხეს დაეკისროს ვალდებულება, მოსარჩელეს აცნობოს მათი შვილის დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ და მიაწოდოს მას ახალი საკონტაქტო ინფორმაცია.

6. უცხო ქვეყნის სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის №5073/2020 გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

6.1. დროებით დარეგულირდა მოსარჩელის ურთიერთობის უფლება არასრულწლოვან შვილთან, რომელიც შეეძინა მოპასუხესთან ქორწინების პერიოდში და განისაზღვრა, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს ეკონტაქტოს მას, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, მიიღოს ეს ურთიერთობა, კერძოდ:

6.1.1. შობისა და ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში, იმ წლებში, რომელიც სრულდება კენტი რიცხვით, 24 დეკემბრის 10:00 საათიდან 30 დეკემბრის 18:00 საათამდე, ხოლო ლუწი რიცხვით დაბოლოებულ წლებში, 30 დეკემბრის 10:00 საათიდან 5 იანვრის 18:00 საათამდე;

6.1.2. აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, იმ წლებში, რომელიც სრულდება კენტი რიცხვით, დიდი ორშაბათის 10:00 საათიდან აღდგომის კვირა დღის 18:00 საათამდე, ხოლო ლუწი რიცხვით დაბოლოებულ წლებში, ბრწყინვალე ორშაბათის 10:00 საათიდან თომას კვირის 18:00 საათამდე და 20 აგვისტოს 10:00 საათიდან 29 აგვისტოს 18:00 საათამდე;

6.1.3. ზაფხულის განმავლობაში 1 ივლისს 10:00 საათიდან 10 ივლისის 18:00 საათამდე და 20 აგვისტოს 10:00 საათიდან 29 აგვისტოს 18:00 საათამდე;

6.1.4. სატელეფონო კავშირი ან კონტაქტი (სკაიპის, ვაიბერის და ა.შ. საშუალებებით) იქნება ყოველდღიური, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე;

6.1.5. ზემოაღნიშნულ პირველ, მეორე და მესამე შემთხვევაში, მამა ჩაიბარებს არასრულწლოვან ბავშვს, შეხვედრის დროის დაწყებისას იმ საცხოვრებელ ადგილას, სადაც ის დედასთან ერთად ცხოვრობს და იქვე დააბრუნებს შეხვედრის დროის დასრულებისას;

6.1.6. ზემოთ განსაზღვრული შეხვედრის დღეები და საათები შეიძლება შეიცვალოს, მხარეთა შეთანხმებით, როდესაც ბავშვის სასკოლო ან სკოლის ფარგლებს გარეთ არსებული მოვალეობები ამას აუცილებელს გახდის;

6.2. მოპასუხეს დაეკისრება ფულადი ჯარიმა, 500 ევრო, არასრულწლოვანი ბავშვისა და მოსარჩელის იმ ფორმით ურთიერთობის ყოველი ხელის შეშლისათვის, როგორც ეს წინა აბზაცშია განსაზღვრული; და ასევე მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასამართლო ხარჯების ნაწილობრივ დაფარვა, რაც განისაზღვრა 280 ევროს ოდენობით;

6.3. მოპასუხისათვის შვილზე მეურვეობის ჩამორთმევის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. მოსარჩელის წარმომადგენელმა, 2022 წლის 23 თებერვალს, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ თანდართულ დოკუმენეტებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა.

9. მოპასუხემ, 2022 წლის 22 მარტს, მოსაზრებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის უარყოფა მოითხოვა. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი არ იქნა გათვალისწინებული, საქმის განხილვაში მონაწილეობას არ იღებდა ფსიქოლოგი, რომელსაც უნდა დაედგინა თუ რამდენად იყო არასრულწლოვანი მზად, მამასთან დარჩენილიყო, რადგან მათ კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით ჰქონდათ, ისიც იშვიათად და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის 2 წლის განმავლობაში მამა შვილის სანახავად არ ჩამოსულა.

10. მოპასუხემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის განჩინება დროებითი განკარგულების შესახებ, რომლის თანახმადაც არასრულწლოვნის მამის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მამას განესაზღვრა არასრუწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი ყოველი თვის ბოლო კვირის კვირა დღეს 11:00 საათიდან ამავე დღის 21:00 საათამდე მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან/და თბილისის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებით. მოპასუხემ განმარტა, რომ ბავშვის მამა სამი წლის განმავლობაში არ ჩამოსულა საქართველოში, რომ შვილი ენახა, ბავშვისთვის არ დაურეკავს თითქმის 1 წელია. უფრო მეტიც, მოპასუხის შეთავაზებაზე მოსარჩელეს მიეცა ნებართვა, რომ არასრულწლოვანისათვის ვადაგასული პასპორტი განეახლებინა და თავად ჩაეყვანა საბერძნეთში მამის სანახავად, მან უარი განაცხადა.

11. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა, 2022 წლის 4 აპრილს, განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ მოპასუხე არასწორ ინფორმაციას აწვდის სასამართლოს თითქოს უცხო ქვეყნის სასამართლოში საქმის განხილვაზე იგი მიწვეული არ იყო. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად მოპასუხე საქმეში წარმოდგენილი იყო ადვოკატის ე.ს–ს მიერ. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს საერთო სასამართლოებში ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით არცერთი დავა არ მიმდინარეობს. განცხადებას თან ერთვის შსს საპატრულო პოლიციის 2019 წლის 17 ნოემბრის რეაგირების ოქმი, რომლის თანახმადაც არასწულწლოვნის მამა და მისი ადვოკატი მ.მ–ძე ბავშვის სანახავად იმყოფებოდნენ ბავშვის საცხოვრებელ ადგილზე, შეხვედრა წინასწარ იყო შეთანხმებული ბავშვის დედასთან, თუმცა მამამ შვილის ნახვა ვერ შეძლო. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხე არასრულწლოვნის ნახვას და ნებისმიერ კომუნიკაციას უკრძალავს მამას, რადგან მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა და ქონებრივი დავები მიმდინარეობს.

12. მოწინააღმდეგე მხარემ, 2022 წლის 7 აპრილს, განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ მოსარჩელე ნამდვილად იყო საქართველოში ჩამოსული და მოითხოვდა, რომ შვილი საბერძნეთში წაეყვანა, რასაც მოპასუხე არ დაეთანხმა, სწორედ ეს არის აღნიშნული პოლიციის მიერ შედგენილ რეაგირების ოქმში. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ უცხო ქვეყნის სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა თითქოს დედამ ბავშვი გაიტაცა. ამასთან, მოპასუხე უცხო ქვეყანაში გამართული სხდომის თაობაზე ინფორმირებული არ იყო. მოპასუხემ მას შემდეგ დაიქირავა ადვოკატი, რაც მოსარჩელემ ბავშვის წაყვანა მოითხოვა. ამის შემდეგ უცხო ქვეყნის სასამართლოს დროებითი განკარგულება გაუქმდა.

13. მოპასუხემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა უცხო ქვეყნის სასამართლოს 2019 წლის დროებითი გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხე წლებია საქართველოში არ ჩამოსულა, არ კონტაქტობს ბავშვთან და ყველა მისი ბრალდება არის დაუსაბუთებელი. ამავე გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მოსარჩელე 2019 წლამდე პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში და ბავშვის საცხოვრებელ მისამართზე რჩებოდა, რა დროსაც დედა მშობლების სახლში მიდიოდა და ამით ხელს უწყობდა მამა-შვილის ურთიერთობას. ბავშვის დედის განმარტებით, უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებულ დროებით გადაწყვეტილებაში მითითებული თარიღები არის უცხო ქვეყნის კალენდრის მიხედვით დადგენილი დასვენების დღეები, რაც არ ემთხვევა საქართველოს სკოლების განრიგს, შესაბამისად, მისი აღსრულება ბავშვის სასწავლო განრიგის აღრევას გამოიწვევს და წინააღმდეგობაში მოვა ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით.

15. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2022 წლის 14 აპრილს გამართულ სხდომაზე შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელის სურვილი მხოლოდ შვილის ნახვა და მასთან ურთიერთობაა. ვინაიდან ამ ეტაპზე საქართველოში მხარეთა შორის სხვა დავა არ მიმდინარეობს და არც განჩინება არსებობს, რომელიც მამის შვილთან ურთიერთობას მოაწესრიგებდა, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.

16. ამავე სხდომაზე მოპასუხემ განაცხადა, რომ მამას შვილი 3 წელია არ უნახავს, შესაბამისად იგი წინააღმდეგია მოსარჩელეს არასრულწლოვანი ღამით დარჩენით გაატანოს, ხოლო ბავშვის ნახვის წინააღმდეგი არ არის. მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი დღეები არ ემთხვევა საქართველოში არსებულ უქმე დღეებს, ამასთან გადაწყვეტილების მიღებიდან დიდი დროა გასული და იგი ვერ აღსრულდება.

17. საკასაციო სასამართლოს მცდელობა მხარეებს საქმის განხილვა მორიგებით დაესრულებინათ უშედეგო აღმოჩნდა.

18. მოსამართლის კითხვაზე იყო თუ არა უცხო ქვეყნის სასამართლოში არასრულწლოვანი მოსმენილი და ფსიქოლოგი ჩართული, შუამდგომლობის ავტორმა უპასუხა, რომ ამგვარი რამ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ წერია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, საქმის არსებითად განხილვისას მოისმინა მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებით მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

19. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმ პროცესუალურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის სპეციფიკურ მოწესრიგებას ეხება და განმარტავს, რომ ამ კატეგორიის შუამდგომლობის განხილვა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე (უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო (მე-5 ნაწილი)) და 70-ე („1. სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. 2. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. 3. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება“) მუხლებს ეფუძნება და არ განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების იმ წესებით, რაც სასარჩელო წარმოებას გულისხმობს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) ცალკეული დებულებები გამოიყენება სწორედ იმ საკითხების შესამოწმებლად, რაც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობას და/ან აღსრულებას უკავშირდება და საჯარო მართლწესრიგთან შესაბამისობის დადგენის მიხედვით უნდა შეფასდეს. უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა ნიშნავს იმას, რომ თავისი ძალმოსილებით და სამართლებრივი შედეგებით იგი უთანაბრდება იმ სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელმაც ცნო ეს გადაწყვეტილება“ (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, საერთაშორისო კერძო სამართალი, თბილისი, 2001 , გამომცემლობა „ჯი სი აი“, გვ.157).

20. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.

21. გადაწყვეტილების ცნობის (აღიარების) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. (იხ. ბაკურ ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბილისი, 2009). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

22. საკასაციო სასამართლომ სხდომაზე გამოცხადებულ მხარეებს, უპირველეს ყოვლისა, განუმარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების შემოწმების პროცესუალური ფარგლები, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ე.წ. ზემდგომ ინსტანციას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმების თვალსაზრისით, რადგან კიდევ ერთი დამატებითი ინსტანციით არსებითად არ იხილავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ გადაწყვეტილებას, არამედ მისი მსჯელობა მხოლოდ იმ საფუძვლების გარკვევით შემოიფარგლება, თუ რამდენად არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა ცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში (შეად. სუსგ N ა-3968-7-107-2019, 14.02.2020წ.).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

24. საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების (შემდეგში: საერთაშორისო ხელშეკრულება) 22-ე მუხლის თანახმად თითოეული ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება იმ მხარის ტერიტორიაზე, რომელშიც უნდა მოხდეს ცნობა და აღსრულება ხორციელდება შემდეგი პირობებით: ა) თუ იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, ამ მხარის სასამართლო ორგანოს გააჩნია საქმის განხილვის განსაკუთრებული კომპეტენცია; ბ) თუ სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება არ ხელყოფს იმ მხარის კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს ან საზოგადოებრივ წესრიგს, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.

25. სპეციალური კანონის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს“. საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. აღნიშნული კანონის 49-ე მუხლის თანახმად კი, „მშობლებსა და შვილებს შორის არსებული პირადი და ქონებრივი ურთიერთობები, მშობლის მზრუნველობის ჩათვლით, ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ბავშვს აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ამავე დროს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც ბავშვი განეკუთვნება“.

26. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტებითვეა განსაზღვრული ამგვარი ჩარევის ლეგიტიმური დეფინიცია და დადგენილია, რომ ჩარევა პროპორციულია, თუ განპირობებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონისძიება გამოიყენონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. სსკ-ის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ № ას- 458-440-2016, 15.07.2016წ.).

27. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, par. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, №28945/95, 10.05.2001, პარ.72) შდრ. ასევე,სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016წ.)

28. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბავშვის მოსაზრებები. კონვენციის მე-12 მუხლი ადგენს ბავშვის უფლებას, გამოხატოს თავისი მოსაზრებები ნებისმიერი იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მას შეეხება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის მოსაზრებებს ან არ ანიჭებს მის მოსაზრებებს სათანადო მნიშვნელობას ბავშვის ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით, არ სცემს პატივს ბავშვის ან ბავშვების შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინონ თავიანთი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაზე. ის ფაქტი, რომ ბავშვი ძალზე მცირეწლოვანია ან მოწყვლად მდგომარეობაშია (მაგ. შეზღუდული შესაძლებლობები, უმცირესობის ჯგუფისადმი კუთვნილება, მიგრანტობა და სხვ.), არ ართმევს მას უფლებას, გამოხატოს თავისი მოსაზრებები და არ ამცირებს იმ მნიშვნელობას, რომელიც უნდა მიენიჭოს ბავშვის მოსაზრებებს მისი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას. კონკრეტული ღონისძიებების მიღება ამგვარ სიტუაციებში ბავშვებისათვის თანასწორი უფლებების უზრუნველყოფის მიზნით უნდა დაექვემდებაროს ინდივიდუალურ შეფასებას, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების როლს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და საჭიროებისამებრ გონივრული ხელშეწყობისა და მხარდაჭერის გაწევას მათი საუკეთესო ინტერესების შეფასებაში მათი სრული მონაწილეობის უზრუნველსაყოფად (იხ. სუსგ N ა-3658-შ-95-2019, 08.10.2019 წ.).

29. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ არსებობს წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის საფუძველი, რადგან სპეციალური კანონის მოთხოვნების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საჯარო წესრიგს. შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარის (ბავშვის დედის) პოზიცია, რომელიც უცხო ქვეყნის სასამართლოში გამართული სხდომის შესახებ ფსიქოლოგის მონაწილეობით არასრულწლოვნის მოსმენის თაობაზე სასამართლოს ვალდებულების დარღვევას შეეხება, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულია, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი, რომ საქმის განხილვაში ჩართული იყო ფსიქოლოგი, ან თუნდაც ფსიქოლოგის მიერ მოსმენილი იქნა არასრულწლოვანი და მისი კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის სასამართლოს წარედგინა დასკვნა გადასაწყვეტ საკითხთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ არასრულწლოვნის მოსმენაში უშუალოდ სასამართლოს წინაშე ბავშვის მოსმენას არ გულისხმობს, არამედ მოიაზრებს იმ შემთხვევასაც, როდესაც საქმეში ფსიქოლოგის დასკვნაა წარდგენილი არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისა და თითოეულ მშობელთან მიჯაჭვულობისა თუ ურთიერთობის სურვილის გათვალისწინებით.

30. ამასთან, მოპასუხის განმარტებით ბავშვის მამასთან დაშორების შემდეგ, დედა შვილთან ერთად საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად, დაახლოებით სამი წელია მამას არ უნახავს შვილი, არ გამოუთქვამს შვილთან ურთიერთობის სურვილი, არ მიუღია მონაწილეობა მის აღზრდაში და არ ეხმარება მას. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით არასრულწლოვნის მამასთან ღამით დარჩენით წაყვანა დაუშვებელია. ასევე, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილი უქმე დღეები არ ემთხვევა საქართველოს კანონმდებობით დადგენილ უქმე დღეებს, რის გამოც მისი აღსრულება შეუძლებელია, რადგან იგი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან დებულებებს შეიცავს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, ბავშვთა მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური დაცვის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია, რაც იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი უალტერნატივოდ იმის დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ: სუსგ-ები Nას-1062-996-2012, 22.01.2013წ; N ას-53-51-2016, 06.07.2016წ; N ას-1139-1095-2016, 25.09.2017წ; N ას-604-563-2017, 13.10.2017წ; N ას-163-2021, 28.05.2021წ.).

32. საქართველომ 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი (კანონი N 5004), რომელიც იმავე წლის 27 სექტემბრიდან (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნების თარიღი; სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.019579) ამოქმედდა და მისი მოწესრიგების საგანია ბავშვის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლების განსაზღვრა (მუხლი 2.1), ხოლო ბავშვის საუკეთესო ინტერესები განიმარტება, როგორც ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით (მუხლი 3, „თ“ ქვეპუნქტი).

33. განსახილველ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ბავშვი დედამ 2016 წლის აპრილიდან საქართველოში წამოიყვანა საცხოვრებლად. უცხო ქვეყნის სასამართლომ კი გადაწყვეტილება არასრულწლოვანის ნახვის დღეებთან დაკავშირებით 2020 წლის 21 მაისს მიიღო და ბავშვის ნახვის დღეები დაადგინა უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების გათვალისწინებით, იმ პირობებში როდესაც ბავშვი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე აღარ ცხოვრობდა, ხოლო სხვა სახელმწიფოთაშორისო სამართლებრივი ბერკეტი ბავშვის მოსაზრების დასადგენად არ ყოფილა გამოყენებული.

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლომ მისი იურისდიქციის ფარგლებს მიღმა ბავშვის ნახვის დღეები განსაზღვრა იმ პირობებში, როდესაც ბავშვი ფაქტობრივად დედასთან ერთად სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფება და მისი მოსაზრება მამასთან ურთიერთობის შესახებ უცნობია, ამასთან მამა-შვილს შორის ურთიერთობის აღსადგენად პროფესიონალური რეკომენდაციები და სპეციალისტთა მოსაზრებები არ არსებობის საქმის მასალებში. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციას, როგორც საერთაშორისო აქტს, ისე შიდაეროვნული კანონმდებლობას - საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილ სამართლებრივ საფუძვლებს.

35. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ამასთან, იგი ასახავს კონვენციის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა (,,კომიტეტი”) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი მიიჩნია კონვენციის ოთხი ზოგადი პრინციპიდან ერთ-ერთად ბავშვის ყველა უფლების განმარტებისა და განხორციელებისათვის და იყენებს მას, როგორც დინამიკურ ცნებას, რომელიც მოითხოვს კონკრეტული კონტექსტის შესატყვის შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა გავრცელდეს ყველა საკითხზე, რომელიც შეეხება ბავშვებს, და უნდა იქნეს გათვალისწინებული კონვენციასა თუ ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს შორის ნებისმიერი შესაძლო წინააღმდეგობის გადასაწყვეტად. ყურადღება უნდა მიექცეს გადაწყვეტის ისეთი შესაძლო გზების განსაზღვრას, რომლებიც შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტრესებს. ეს გულისხმობს იმას, რომ განხორციელების ღონისძიებების შემუშავებისას სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაადგინონ ყველა ბავშვის, მათ შორის მოწყვლადი ბავშვების, საუკეთესო ინტერესები (შეად. სუსგ-ას N ას-163-2021, 28.05.2021წ.).

36. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას; სამართლის ნორმის განმარტებისას გამოყენებული უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად (მუხლი 5.4); სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ბავშვის საუკეთესო ინტერესები განსაზღვრონ და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელონ შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის აზრის მოსმენა და სათანადოდ გათვალისწინება (მუხლი 5.5);

37. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ ”ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს, რომელიც ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინეტერსებზე ორიენტირებული და მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ბავშვს არა მხოლოდ აქვს უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს ჯანსაღ, მასზე მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში, ამასთან, მისი უფლებაა, დაცული იქნეს ყველა ისეთი შესაძლო ქმედებისაგან, მათ შორის მშობლის ქმედებისაგანაც, რომელიც ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისა და მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას შეუნარჩუნდეს მისი ურთიერთობა მასთან არმცხოვრებ მშობელთანაც, მოცემულ შემთხვევაში - მამასთან, რათა გაძლიერდეს ერთჭერქვეშ არმყოფი მშობლის მონაწილეობა და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში; შესაბამისად, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, მამას ბავშვის თავისთან დროებით წაყვანის უფლება არ უნდა შეეზღუდოს (სუსგ-ები: N ას-63-59-2017, 13.11.2018წ.; N ას-1837-2019, 16.06.2020წ ; N ას- 440-2020, 13.04.2021წ; N ას-434-2021, 30.07.2021წ.). კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს (კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება პრიორიტეტული მნიშვნელობა ჰქონდეს მშობლის ინტერესებთან მიმართებით. „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც – ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი (იხ. სუსგ-ები: Nას-198-2019, 28.05.2019წ.; N ას-440-2020, 13.04.2021წ; N ას-434-2021, 30.07.2021წ.).

38. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI). სასამართლოსათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვა და ინდივიდუალური შეფასება, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში იქ, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს ეხება სადავო საკითხი, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ზავადკა პოლონეთის წინააღმდეგ (Zawadka v. Poland, No 48542/99, 23.06.2005, საბოლოო გახდა 12.10.2005წ.), კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების უმოქმედობა, გადაედგათ ნაბიჯები, რათა მომხდარიყო მომჩივნის - მამის უფლების რეალიზება, იძულებით აღსრულება, ენახა საკუთარი შვილი, როდესაც დედამ უარი განაცხადა, დამორჩილებოდა მშობლებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ, მომჩივანმა, დაჰკარგა მუდმივი კონტაქტი ბავშვთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამდგარა ეჭქვეშ მისი უნარები, ყოფილიყო მშობელი (იხ. სუსგ-ები N ას-1232-2019, 05.06.2020წ; N ას -1149-1081-2015, 06.05.2016წ.) ოჯახური გარემო არ განიმარტება მშობლებისა და შვილების მარტოოდენ ერთ ჭერქვეშ ცხოვრების უფლებად და ამ გზით ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვად, არამედ ოჯახური გარემო გულისხმობს ასევე ბავშვთან ურთიერთობის ხელმისაწვდომობას მშობლისათვის, რაც სწორედ ბავშვის პრიორიტეტული ინტერესებითაა ნაკარნახევი, რამდენადაც ის შესაძლებელია იცნობდეს თავის მშობლებს და მიიღოს მათი მხრიდან ზრუნვა (ბავშვის უფლებათა კონვენციის 7.1 მუხლი); მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება( შეად. სუსგ-ებს: N ას-1232-2019, 05.06.2020წ; N ას-434-2021, 30.07.2021წ.).

39. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შუამდგომლობა, საბერძნეთის რესპუბლიკის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის №5073/2020 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემოთ მოხმობილი საფუძვლების გამო საქართველოს საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება (საერთაშორისო ხელშეკრულების 22-ე მუხლი).

40. საკასაციო სასამართლო შუამდგომლობის ავტორს განუმარტავს, რომ მას არ ერთმევა უფლება თავის არასრულწლოვან შვილთან იქონიოს კონტაქტი და ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრისათვის საქართველოში, პირველი ინსტანციის სასამართლოს (მაგ. თბილისის საქალაქო სასამართლოს, ვინაიდან მოპასუხე თბილისში ცხოვრობს) მიმართოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2511-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.შ–ის შუამდგომლობა, საბერძნეთის რესპუბლიკის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის №5073/2020 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე