Facebook Twitter

საქმე №ას-1161-2021 1 აპრილი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს "ვ.ბ–ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, მორალური ზიანის ანაზღაურება, სარეკომენდაციო ცნობის გაცემის დავალება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სს "ვ.ბ–ის" (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, ბანკი ან კასატორი) მიმართ არ დაკმაყოფილდა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების, მორალური ზიანის ანაზღაურებისა და სარეკომენდაციო ცნობის გაცემის დავალების თაობაზე თ.მ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი.

2. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებითმოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება ცნობის გაცემის დავალდებულებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის მიმართ დასაქმების შესახებ ცნობის გაცემა. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

4.1. მოპასუხის 2012 წლის 2 ოქტომბრის №540 ბრძანებით მოსარჩელე დროებითი შრომითი ხელშეკრულებით (შტატგარეშედ) 2012 წლის 5 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე, სამი თვის გამოსაცდელი ვადით, ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილებაში, ანგარიშების მენეჯერის თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმდა და თანამდებობრივი სარგო 350 ლარით, ხოლო 2013 წლის 16 იანვრის შეთანხმებით - დარიცხული 700 ლარით განისაზღვრა.

4.3. მოსარჩელე 2013 წლის 1 მარტს მხარეთა შორის გაფორმებული №00310 ხელშეკრულებით ბანკის ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების მენეჯერად დაინიშნა, ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი 1.03.2013 – 28.02.2014 წლით განისაზღვრა.

4.4. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2014 წლის 1 მარტს მხარეთა შორის კვლავ გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება და მისი მოქმედების ვადა 28.02.2015 წლამდე დადგინდა. ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელე პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში (სათავო ოფისში) მენეჯერად დასაქმდა. დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო თვეში დარიცხულ 700 ლარს შეადგენდა.

4.5. ბანკის (HR) დეპარტამენტმა მოსარჩელეს ელექტრონული ფოსტით 2015 წლის 25 თებერვალს აცნობა, რომ 2015 წლის 1 მარტიდან მასსა და ბანკს შორის შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგში - სშკ), 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) გათვალისწინებული საფუძვლით, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო, შეწყდებოდა. წერილის ელექტრონულ ფოსტაზე მიღების ფაქტი მოსარჩელემ დაადასტურა.

4.6. ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პერსონალის სამმართველოს უფროსის 2015 წლის 23 თებერვლის №139 ბრძანებით, მოსარჩელეს საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური განყოფილების მენეჯერს 2015 წლის 1 მარტიდან შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

4.7. გათავისუფლების თაობაზე ბრძანება მოსარჩელის წარმომადგენელს 2017 წლის 27 თებერვალს, მისი იმავე წლის 10 თებერვლის მიმართვის საფუძველზე ჩაჰბარდა.

4.8. მოსარჩელეს სამსახურში კონფლიქტი ჰქონდა იმავე თანამდებობაზე მყოფ ვ.ბ–თან, რაც დასტურდება როგორც სარჩელითა და მისი ახსნა-განმარტებით, ასევე - საქმეში არსებული წერილებით.

4.9. კონფლიქტის შესახებ მოსარჩელემ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის მ.ჭ–ის მიმართ 2016 წლის 16 მარტს გაგზავნილ წერილშიც ისაუბრა. მოსარჩელე ამჯერადაც მიუთითებდა, რომ კონფლიქტის ინიციატორი ვ.ბ–ი იყო, რომლის საქმეც მას უნდა ეკეთებინა, რადგან იყო შრომატევადი და არ სურდა სხვისი სამუშაოს შესრულება.

4.10. სამსახურიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში, 2015 წლის 14 მარტს, მოსარჩელემ ი.ხ–სადმი (საოპერაციო სამმართველოს უფროსი) მიწერილ ელექტრონულ წერილში მიუთითა მისდამი განხორციელებული ქმედების არამართებულობაზე, დასაქმებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების იდეალურად შესრულებასა და უდანაშაულობაზე. წერილში მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ არასდროს იწყებდა კონფლიქტს, თავმდაბალი, ერთგული და უთქმელია, რასაც სხვები ბოროტად იყენებენ. გარდა ამისა, წერილის ავტორი უთიტებდა თავისი ოჯახის სოციალურ მდგომარეობაზე, რომ მხოლოდ თვითონ არის დასაქმებული, აქვს სასესხო ვალდებულება ბანკის მიმართ და წუხს, რომ არ გააფრთხილეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე, რათა ეზრუნა ახალი სამსახურის მოძიებაზე.

4.11. მოსარჩელემ 2016 წლის 12 სექტემბერს და 2016 წლის 28 სექტემბერს ბანკს განცხადებებით მიმართა და სარეკომენდაციო ცნობის გაცემა მოითხოვა.

4.12. მოსარჩელემ სარეკომენდაციო წერილის მიღებაში დახმარების თხოვნით 2016 წლის 8 ნოემბერს განცხადებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც მიმართა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 16 ნოემბრის განცხადებაზე გაგზავნილ საპასუხო წერილში მითითებულია, რომ, როგორც მოპასუხემ მიაწოდა ინფორმაცია, ბანკი და განმცხადებელი გარკვეულ პირობებზე შეთანხმდნენ. იქვე განმარტებულია, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობა საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონით განსაზღვრულ კომპეტენციას სცილდება, რის გამოც ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას, განმცხადებელს დახმარება გაუწიოს.

4.13. ბანკის მიერ 2017 წლის 8 ივნისს გაცემული №09-58 ცნობის მიხედვით, პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში 2015 წლის 1 მარტის ვითარებით 11 თანამშრომელი მუშაობდა, აქედან ერთთან დადებული იყო უვადო, ხოლო დანარჩენ ათ პირთან - ვადიანი ხელშეკრულება. 2015 წლის 1 მარტს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებიდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხელშეკრულება ორ თანამშრომელს, მათ შორის - მოსარჩელესაც შეუწყდა.

4.14. ბანკში 2015 წლის მარტში ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო ხელშეკრულება 8 პირს შეუწყდა.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში გამოსაკვლევი იყო მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა თუ არა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისთვის საკვანძო საკითხს იმ გარემოების დადგენა და შეფასება წარმოადგენს, არსებობდა თუ არა მხარეთა შორის უვადო შრომითი ხელშეკრულება, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული ბრძანების კანონიერებას.

6. სადავო საკითხთან მიმართებით მოდავე მხარეებმა ურთიერთსაპირისპირო პოზიციები დაასახელეს, მოსარჩელე (აპელანტი) მიუთითებს, რომ 2012 წლის სექტემბრიდან 2015 წლის მარტამდე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში და, შესაბამისად, სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ის მე-6 მუხლის დანაწესის შესაბამისად, მასთან არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობა იყო უვადო, რაც ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას გამორიცხავს. მოპასუხე მხარე შრომით ხელშეკრულებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მოსარჩელე ბანკში 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის მარტამდე იყო დასაქმებული და მასთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების დადების გზით, გაგრძელდა 29 თვე, რაც სშკ-ს მე-6 მუხლით მოწესრიგებასა და შრომითსამართლებრივი ურთიერთობის განუსაზღვრელი ვადით დადებულად აღიარებას გამორიცხავს.

7. სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 პუნქტის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით ან, თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში. ამ მუხლის 11-13 პუნქტების მოქმედება ვრცელდება ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედების შემდეგ დადებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაზე ან/და კოლექტიურ ხელშეკრულებაზე. მე-6 მუხლის 13 პუნქტის პირობების მიუხედავად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დასაქმებულთან, რომლის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, დადებულად ჩაითვლება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, ხოლო, თუ ასეთივე დასაქმებულის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, მასთან უვადო შრომითი ხელშეკრულება, მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, დადებულად ჩაითვლება ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ.

8. მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ 2013 წლის 12 ივნისს (გამოქვეყნდა 2013 წლის 4 ივლისს) ორგანულ კანონში - სშკ-ის მე-6 მუხლში შესული ცვლილება (13 პუნქტის მოქმედებასთან მიმართებით) ვრცელდება მხოლოდ ამ ცვლილების ამოქმედების შემდგომ დადებულ შრომის ხელშეკრულებებზე, ხოლო, 13 პუნქტის პირობების მიუხედავად, ამ ცვლილების ამოქმედებამდე წარმოშობილი ვადიანი შრომითი ურთიერთობა უვადოდ დადებულ შრომით ხელშეკრულებად განიხილება, თუ ვადიანი ურთიერთობა გრძელდებოდა 5 წლის განმავლობაში და ამ კანონის ამოქმედებიდან კვლავ გაგრძელდება 1 წელი; თუ ვადიანი შრომითი ურთიერთობა საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე 5 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში გრძელდებოდა, იგი უვადოდ მიიჩნევა, ამ ცვლილებების ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში გაგრძელების შემთხვევაში.

9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კანონში ცვლილების ამოქმედებამდე მოსარჩელე ბანკში 10/11 თვე იყო დასაქმებული, ხოლო ამოქმედების შემდეგ - 1 წელიწადი და 8 თვე. შესაბამისად, მოსარჩელე არ აკმაყოფილებს სშკ-ის 13 პუნქტის პირობებს და მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება არ განიხილება უვადო შრომით ხელშეკრულებად.

10. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების შედეგად არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ 2012 წლის სექტემბრიდან დასაქმებული იყო სტაჟიორად, უხელფასოდ, რადგან ამ გარემოებას არ ადასტურებდა საქმეში წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება. საგულისხმოა ისიც, რომ მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობა დაიწყო ოქტომბერში (იხ. სარჩელი, მოსაზრება, სხდომის ოქმი) და მხოლოდ მთავარ სხდომაზე აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი თვე უხელფასო სტაჟირებაზე იყო, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა და არც მოწმის სახით დაკითხულ ი.ხ–ს დაუდასტურებია ეს გარემოება, რომელმაც მიცემული ჩვენების ფარგლებში აღნიშნა, რომ მას არ ახსოვს, მოსარჩელემ გაიარა თუ არა სტაჟირება. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ის მტკიცებაც, რომ დამსაქმებლის ვალდებულებაა, ადასტუროს ის, რომ მოსარჩელეს მასთან სტაჟირება 2012 წლის სექტემბერში არ გაუვლია. სასამართლოს შეფასებით, სწორედ მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მან ნამდვილად გაიარა სტაჟირება კომპანიაში, მის მიერ მითითებულ პერიოდში, რაც აგვისტოში გაცემული ცნობით არ დადასტურდება. გარდა ამისა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 219-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, შეზღუდული იყო სასამართლო მთავარ სხდომაზე, მიეთითებინა ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თაობაზეც სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე არ ჰქონდა გაცხადებული, გარდა საპატიო გარემოების არსებობისა. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელე სარჩელში, მის მიერ წარდგენილ წერილობით მოსაზრებებსა, თუ სასამართლო მოსამზადებელ ეტაპზე თავად უთითებდა შრომითი ხელშეკრულების დაწყების კონკრეტულ თარიღს, შესაბამისად, მთავარ სხდომაზე მოსარჩელის მიერ გამოხატული პოზიციის საწინააღმდეგო გარემოების მითითება გაუმართლებელია პროცესუალური თვალსაზრისითაც და ამ მხრივაც არ იქნა გაზიარებული.

11. სააპელაციო სასამართლომ სტაჟირებასთან მიმართებით განმარტა, რომ შრომის კანონმდებლობით ,,სტაჟირების’’ ცნება მოწესრიგდა ბოლოდროინდელი ცვლილებით, კერძოდ, 2020 წლის 29 სექტემბერს სშკ-ს დამატებული მე-18 მუხლის შესაბამისად, სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პროფესიული ცოდნის, უნარის ან პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. სშკ-ის 2.1 მუხლის თანახმად კი, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. სასამართლომ აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც თავად მოსარჩელე ადასტურებს, რომ ანაზღაურების გარეშე ეწეოდა სტაჟრებას, მითითებული გარემოების დადასტურების პირობებშიც კი, ეს პერიოდი მაინც ვერ ჩითვლება შრომით სტაჟში და, შესაბამისად, ვერ გაითვალისწინება შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადის განსაზღვრისათვის.

12. რაც შეეხება იმ გარემოებას, რატომ არ გააგრძელა ბანკმა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა, მოპასუხემ მხარემ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ხშირად იწვევდა კონფლიქტს, არ ემორჩილებოდა უშუალო ხელმძღვანელის დავალებებს, დაკისრებული ფუნქციების შესრულებას არიდებდა თავს, დავალებების მიცემის გამო თანამშრომლებს უპირისპირდებოდა, არ სურდა პროფესიული განვითარება, შესაბამისად, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, დაესრულებინა შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან. აღნიშნული ფაქტები სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმაც დაადასტურეს. დამსაქმებელმა გამორიცხა ყოველგვარი დისკრიმინაცია და ხელშეკრულების ვადის მოქმედების გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ მოსარჩელის პიროვნულ და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე მიუთითა. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის პრეტენზია არც იმ ნაწილში არ გაიზიარა, თითქოს მითითებული გარემოება დაედო საფუძვლად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, რაც ეწინააღმდეგება შრომითი ხელშკრულების შეწყვეტის აქტში მითითებულ დასაბუთებას.

13. სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულადაც მიიჩნია და არ გაიზიარა წინამდებარე დავაზე სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელების თაობაზე აპელანტის პოზიცია.

14. დადგენილია, რომ, ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმისა და ვადის გასვლის გამო, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება მოსარჩელემ 25.02.2015 წელს მიიღო და 1.03.2015 წლიდან ეცნობა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. დაუდგენილია, რომ ამის შემდეგ მოსარჩელემ მიმართა დამსაქმებელს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთების მოთხოვნით, შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გასაჩივრების ვადა დაიწყო ბრძანების გამოცემის თარიღიდან და გაუმართლებელია მოსარჩელე (აპელანტი) მხარის მტკიცება, თითქოს განსახილველ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 129-ე მუხლით სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ის 38-ე მუხლის რეგულირება პირდაპირ და ცალსახად განსაზღვრავს გასაჩივრების 30-დღიან ვადას და ამგვარად არის განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის შესაბამისადაც. საბოლოოდ, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის (აპელანტის) პოზიცია ეწინააღმდეგება როგორც საკანონმდებლო რეგულაციას, ასევე - საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას.

15. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის - მოწმეთა ჩვენების გაცნობის შედეგად არ გაიზიარა მის მიმართ შესაძლო დისკრიმინაციის თაობაზე აპელანტის მტკიცება.

16. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას საქმეზე გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე, სადაც არც ერთმა მათგანმა არ დაადასტურა მოსარჩელის მიმართ განსხვავებული მოპყრობის ან/და დაცინვისა თუ ქილიკის ფაქტი. ყველა მოწმემ, გარდა ვ.ბ–ისა, განმარტა, რომ მათთვის აპელანტის დედის ეროვნების თაობაზე უცნობი იყო და ეს რომც სცოდნოდათ, არ შეცვლიდა მათ დამოკიდებულებას მოსარჩელის მიმართ. ვ.ბ–მა კი აღნიშნა, რომ თავად მოსარჩელისაგან იცოდა, რომ ეროვნებით სომეხი დედა ჰყავს, მაგრამ ამას არავითარი გავლენა არ მოუხდენია მათ ურთიერთობაზე. სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კი, მოწმეები ვერ ადასტურებენ, რომ აპელანტს (ყოფილ დასაქმებულს) რაიმე გამოკვეთილად მძიმე სოციალური პირობები ჰქონდა და ამის შესახებ რომც სცოდნოდათ, პირიქით, აუცილებლად დაეხმარებოდა დამსაქმებელი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა თანამშრომლების თანადგომას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მოსარჩელე იყო კონფლიქტური, უჭირდა დაკისრებული მოვალეობების შესრულება. მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელმა მ.ქ–ძემ განაცხადა, რომ უნდოდა მოსარჩელის (აპელანტის) გამოსაცდელი ვადით მიღება სამსახურში, ვინაიდან მისი მუშაობა არ მოსწონდა, თუმცა მაინც დასთანხმდა მის დასაქმებას ერთწლიანი ხელშეკრულებით, ვინაიდან, მოსარჩელის განცხადებით, მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და სჭირდებოდა დაზღვევა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მოსარჩელე საქმეს უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდა, ყოველთვის ჰქონდა პრეტენზია, რომ სხვის საქმეს ასრულებდა. მიუხედავად ბანკის ხელშეწყობისა, დასაქმებული განვითარებაზე ორიენტირებული არ იყო. მას კონფლიქტი ჰქონდა ოფისის ბევრ თანამშრომელთან. მოწმე ი.ხ–მაც დაადასტურა, რომ მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელი მ.ქ–ძე არ იყო მისი მუშაობით კმაყოფილი, ერთწლიანი ხელშეკრულება ჯანმრთელობის გათვალისწინებით გაუფორმეს, ვინაიდან დასაქმებულს დაზღვევა სჭირდებოდა. მოწმე მ.ჭ–მა განმარტა, რომ მოსარჩელე 2013 წლიდან მუშაობდა ბანკში, ჯერ პრაქტიკაზე იყო, შემდეგ კი, კოლეგების თხოვნით, ჩასვეს შტატში ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. როგორც უშუალო ხელმძღვანელისაგან იცოდა, იგი მოვალეობებს ჯეროვნად ვერ ასრულებდა. მასთან შეხვედრისას მოსარჩელემ პრეტენზია გამოთქვა, რომ ხელმძღვანელი ისეთ დავალებებს აძლევდა, რაც მის მოვალეობაში არ შედიოდა. მოწმის განმარტებით, მან დაამშვიდა მოსარჩელე, ესაუბრა, ურჩია და შესთავაზა უნივერსიტეტში კვალიფიკაციის ამაღლება, თუმცა უშედეგოდ.

17. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე მხოლოდ ზოგადად მიუთითებდა, რომ იგი სოციალური მდგომარეობისა და წარმომავლობის გამო მუდმივად იდევნებოდა, თუმცა ვერ დაასახელა კონკრეტული ფაქტები, თუ რით გამოიხატებოდა მისი დევნა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მასთან არ გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა, არ ქმნის მის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის ვარაუდს. ამის საწინააღმდეგოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა, რომ მოსარჩელე არათუ დამამცირებელი მოპყრობის ობიექტი არ ყოფილა, პირიქით, ბანკმა გაითვალისწინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვადიანი (ერთწლიანი) შრომითი ხელშეკრულება გაუფორმა, მიუხედავად იმისა, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელი თავიდან ამის წინააღმდეგიც კი იყო, თუმცა, ვინაიდან მოსარჩელეს სჭირდებოდა დაზღვევა, ბანკმა გაუწია მას ანგარიში და დაასაქმეს ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე. მოწმეებმა ისიც დაადასტურეს, რომ მოსარჩელეს ხშირად ჰქონდა თანამშრომლებთან კონფლიქტები, თუმცა ეს არ უკავშირდებოდა მის ხელმოკლეობას ან დედის ეროვნებას. ამდენად, აპელანტმა ვერ შექმნა იმის ვარაუდი, რომ მას განსხვავებულად ეპყრობოდნენ, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სოციალური და ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა.

18. გარდა მოთხოვნის უსაფუძვლობისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულაც მიიჩნია. კერძოდ, სსსკ-ის 3632 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის (2017 წლის რედაქცია) შესაბამისად, სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 3 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან პირს უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციად მიაჩნია. მოსარჩელე დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას შრომით ურთიერთობებში 2014 წლის 1 მარტიდან 2015 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით ითხოვს, სასამართლოს კი სარჩელით 2017 წლის 27 მარტს მიმართა, ანუ ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლისა და 27 დღის შემდეგ, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა დამსაქმებლის მიმართ შრომით ურთიერთობებში (2014 წლის 1 მარტიდან 2015 წლის 28 თებერვლის ჩათვლით) დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის თაობაზე მიჩნეულ იქნა როგორც ფაქტობრივად დაუსაბუთებლად, ასევე - ხანდაზმულად.

19. სააპელაციო სასამართლომ სარეკომენდაციო წერილის გაცემასთან მიმართებით აღნიშნა, რომ სააპელაციო ეტაპზე მხარეთა პოზიციები დაზუსტდა მითითებულ ნაწილში და დადგინდა მოპასუხე უარს არ აცხადებს ინფორმაციის ამსახველი ცნობის გაცემაზე, მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოს ხასიათზე, შესასრულებელ ფუნქციებზე, შრომითი ურთიერთობის დაწყებისა და შეწყვეტის ვადაზე მითითებით. დამსაქმებლისთვის მიუღებელია იმგვარი რეკომენდაციის გაცემა, რომელიც რაიმე ფორმით სუბიექტური შეფასების წარმოჩენას, კერძოდ, დადებითი რეკომენდაციის გაცემას მოიაზრებს.

20. სშკ-ის მე-14 მე-2 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი მე-6 მუხლის მე-4 ნაწილი) შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს დასაქმების შესახებ ცნობა. ეს ცნობა უნდა შეიცავდეს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ხელშეკრულების ვადის თაობაზე მონაცემებს.

21. მოპასუხის შრომის შინაგანაწესის 14.5 მუხლის შესაბამისად, ბანკი ვალდებულია, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულს დროულად მოუმზადოს დადგენილი ნიმუშის შემოვლის ბარათი და მხოლოდ შემოვლის ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში გასცეს დასაქმებულის სახელზე ცნობა (შრომის წიგნაკი).

22. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა მოხმობილი ნორმითა და კომპანიის შინაგანწესის შესაბამისი ჩანაწერებით და გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა, მიეცეს დასაქმების შესახებ ცნობა, რაც მოიაზრებს კანონით განსაზღვრული ფაქტობრივი მონაცემების ასახვას (შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ხელშეკრულების ვადის თაობაზე). ამავდროულად, დამსაქმებლის პრეტენზია, რომ მას ვერ დაევალება დადებითი შეფასების/რეკომენდაციის გაცემა, ვინაიდან მითითებული სუბიექტური შეფასების კატეგორიას წარმოადგენს და ამგვარი ნების არარსებობის პირობებში მხარისათვის დავალდებულება, ვერ მოემსახურება კანონიერების პრინციპს, დასაბუთებულად მიიჩნია. შესაბამისად, დამსაქმებელს დაევალა დასაქმების შესახებ ცნობის გაცემა (მოთხოვნის შემთხვევაში), კერძოდ ის, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო გარკვეული პერიოდის მანძილზე, აღწეროს დაკავებული თანამდებობისა და შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი, გასცეს შრომის ანაზღაურებისა და შრომის ხანგრძლივობის თაობაზე ინფორმაცია მოქმედი შკ-ს 14.2 მუხლის შესაბამისად.

23. აპელანტის მიერ სადავოდ გამხდარ მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის საოქმო განჩინებების თაობაზე სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებელ პრეტენზიად მიიჩნია და აღნიშნა, რომ აღნიშნული შედავება არსებითი თვალსაზრისით საქმეზე მიღებულ შედეგს არ ცვლის, რის გამოც არ არსებობს სადავო საოქმო განჩინებების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.

24. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

24.1. მოპასუხემ (დამსაქმებელმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

24.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად გამოაქვს დასკვნა, რომ მოპასუხის (დამსაქმებლის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

26. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

28. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

29. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილს ასაჩივრებს, რომლითაც მოსარჩელისთვის დასაქმების ცნობის გაცემა დაევლა. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომელიც არ ყოფილა დასმული მოსარჩელის მიერ საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე. სასამართლო ცდილობდა, აპელანტს სარეკომენდაციო შინაარსის ცნობის გაცემის ნაწილში მოთხოვნა დაეზუსტებინა და მხოლოდ დასაქმების თაობაზე ცნობა მოეთხოვა, რაზედაც მოსარჩელემ განაცხადა უარი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება საპროცესო ნორმების დარღვევით მიიღო და ბანკს სხვა შინაარსის ცნობის გაცემა დაავალა; სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნა ის, რაც მხარეს (მოსარჩელეს) არ მოუთხოვია; ამასთან, ბანკს არასდროს უთქვამს უარი მოსარჩელისთვის დამსაქმებლისთვის დასაქმების თაობაზე ცნობის გაცემაზე.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი). შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (სუსგ-ები №ას-1350-2019, 27.11.2019 წელი; Nას-98-94-2016, 26.07.2016წელი; №ას-368-2019, 31.07.2019წელი). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება.

31. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართებულობის საკითხის შესწავლა.

32. სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში, მოპასუხეს შეუძლია, მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დრისათვის. სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე, სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება.

33 საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და მოსარჩელეს საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ სააპელაციო ეტაპზე სარეკომენდაციო წერილის გაცემასთან მიმართებით მხარეთა პოზიციები დაზუსტდა და დადგინდა, რომ მოპასუხე უარს არ აცხადებს იმგვარი ცნობის გაცემაზე, რომელიც მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ინფორმაციას ასახავს, შესასრულებელ ფუნქციებზე, შრომითი ურთიერთობის დაწყებისა და შეწყვეტის ვადაზე მითითებით, ამასთან, გაზიარებულია დამსაქმებლის მოსაზრება, რომ მას ვერ დაევალება ისეთი ხასიათის ცნობის გაცემა, რომელიც დადებითი შინაარსისაა და რეკომენდაციას უწევს ყოფილ დასაქმებულს (იხ. წინამდებარე განჩინების 19-21 პუნქტები).

35. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ მხარეების, მათ შორის - თავად მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და კონკრეტული შინაარსის ცნობის გაცემის თაობაზე საბოლოო დასკვნა, სსსკ-ის 248-ე მუხლის (სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა) დარღვევად ვერ განიხილება და სრულად შეესაბამება სშკ-ის მე-14 მე-2 ნაწილის, (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი მე-6 მუხლის მე-4 ნაწილი), მოპასუხის შრომის შინაგანაწესის 14.5 მუხლისა და სსსკ-ის 83-ე მუხლის დანაწესს.

36. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ ორჯერ, 2016 წლის 12 სექტემბერსა და 28 სექტემბერს დამსაქმებელს განცხადებებით მიმართა და სარეკომენდაციო ცნობის გაცემა მოითხოვა; მოსარჩელემ სარეკომენდაციო წერილის მიღებაში დახმარების თხოვნით 2016 წლის 8 ნოემბერს განცხადებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც მიმართა. ცხადია, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ დაუშვებელია მისთვის დადებითი შინაარსის რეკომენდაციის გაცემის დავალდებულება, თუმცა, დადგენილია ის გარემოება, რომ დამსაქმებელმა სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზეც დაადასტურა მზაობა, დასაქმებულისათვის მიეცა ინფორმაციის ამსახველი ცნობა, მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოს ხასიათზე, შესასრულებელ ფუნქციებზე, შრომითი ურთიერთობის დაწყებისა და შეწყვეტის ვადაზე ფაქტობრივი მონაცემების მითითებით, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებას.

37. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად საპროცესო ნორმის დარღვევის თაობაზე კასატორის პრეტენზია (იხ. განჩინების 29-ე პუნქტი) არ არის გაზიარებული უსაფუძვლობის გამო.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "ვ.ბ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს "ვ.ბ–ს" (ს/კ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N14 გადახდის თარიღი 2021 წლის 29 ივლისი), 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური