Facebook Twitter

საქმე №ას-1161-2021 1 აპრილი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – თ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ვ.ბ–ი" (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, მორალური ზიანის ანაზღაურება, სარეკომენდაციო ცნობის გაცემის დავალება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნო

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სს "ვ.ბ–ის" (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, ბანკი ან კასატორი) მიმართ არ დაკმაყოფილდა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების, მორალური ზიანის ანაზღაურებისა და სარეკომენდაციო ცნობის გაცემის დავალების თაობაზე თ.მ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი.

2. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება ცნობის გაცემის დავალდებულებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება - მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის მიმართ დასაქმების შესახებ ცნობის გაცემა. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

4.1. მოპასუხის 2012 წლის 2 ოქტომბრის №540 ბრძანებით მოსარჩელე დროებითი შრომითი ხელშეკრულებით (შტატგარეშედ) 2012 წლის 5 ოქტომბრიდან - 2013 წლის 1 მარტამდე, სამი თვის გამოსაცდელი ვადით, ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილებაში, ანგარიშების მენეჯერის თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმდა და თანამდებობრივი სარგო 350 ლარით, ხოლო 2013 წლის 16 იანვრის შეთანხმებით - დარიცხული 700 ლარით განისაზღვრა.

4.3. მოსარჩელე 2013 წლის 1 მარტს მხარეთა შორის გაფორმებული №00310 ხელშეკრულებით ბანკის ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების მენეჯერად დაინიშნა, ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი, 1.03.2013 – 28.02.2014 წლით განისაზღვრა.

4.4. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2014 წლის 1 მარტს მხარეთა შორის კვლავ გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება და მისი მოქმედების ვადა 28.02.2015 წლამდე დადგინდა. ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელე პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში (სათავო ოფისში) მენეჯერად დასაქმდა. დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო თვეში დარიცხულ 700 ლარს შეადგენდა.

4.5. ბანკის (HR) დეპარტამენტმა მოსარჩელეს ელექტრონული ფოსტით 2015 წლის 25 თებერვალს აცნობა, რომ 2015 წლის 1 მარტიდან მასსა და ბანკს შორის შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგში - სშკ), (ამჟამად მოქმედი სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო, წყდებოდა. წერილის ელექტრონულ ფოსტაზე მიღების ფაქტი მოსარჩელემ დაადასტურა.

4.6. ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პერსონალის სამმართველოს უფროსის 2015 წლის 23 თებერვლის №139 ბრძანებით, მოსარჩელეს საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური განყოფილების მენეჯერს 2015 წლის 1 მარტიდან შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

4.7. გათავისუფლების თაობაზე ბრძანება მოსარჩელის წარმომადგენელს 2017 წლის 27 თებერვალს, მისი 2017 წლის 10 თებერვლის მიმართვის შედეგად ჩაჰბარდა.

4.8. მოსარჩელეს სამსახურში კონფლიქტი ჰქონდა იმავე თანამდებობაზე მყოფ ვ.ბ–თან, რაც დასტურდება როგორც სარჩელითა და მისი ახსნა-განმარტებით, ასევე - საქმეში არსებული წერილებით.

4.9. კონფლიქტის შესახებ მოსარჩელემ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ მ.ჭ–ის მიმართ 2016 წლის 16 მარტს გაგზავნილ წერილშიც ისაუბრა. მოსარჩელე ამჯერადაც მიუთითებდა, რომ კონფლიქტის ინიციატორი ვ.ბ–ი იყო, რომლის საქმეც მას უნდა ეკეთებინა, რადგან იყო შრომატევადი და არ სურდა შესრულება.

4.10. სამსახურიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში, 2015 წლის 14 მარტს მოსარჩელის მიერ ი.ხ–ადმი (საოპერაციო სამმართველოს უფროსი) მიწერილ ელექტრონულ წერილში დასაქებულმა მიუთითა მისდამი ქმედების არამართებულობაზე, ნაკისრი ვალდებულებების იდეალურად შესრულებასა და უდანაშაულობაზე. წერილში მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ არასდროს იწყებდა კონფლიქტს, თავმდაბალი, ერთგული და უთქმელია, რასაც სხვები ბოროტად იყენებენ. გარდა ამისა, წერილის ავტორი უთითებდა თავისი ოჯახის სოციალურ მდგომარეობაზე, რომ მხოლოდ თვითონ არის დასაქმებული, აქვს სასესხო ვალდებულება ბანკის მიმართ და წუხს, რომ არ გააფრთხილეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე, რათა ეზრუნა ახალი სამსახურის მოძიებაზე.

4.11. მოსარჩელემ 2016 წლის 12 სექტემბერს და 2016 წლის 28 სექტემბერს ბანკს განცხადებებით მიმართა და სარეკომენდაციო ცნობის გაცემა მოითხოვა.

4.12. მოსარჩელემ სარეკომენდაციო წერილის მიღებაში დახმარების თხოვნით 2016 წლის 8 ნოემბერს განცხადებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც მიმართა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 16 ნოემბრის განცხადებაზე გაგზავნილ საპასუხო წერილში მითითებულია, რომ, როგორც მოპასუხემ მიაწოდა ინფორმაცია, ბანკი და განმცხადებელი გარკვეულ პირობებზე შეთანხმდნენ. იქვე განმარტებულია, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობა საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონით განსაზღვრულ კომპეტენციას სცილდება, რის გამოც ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას, განმცხადებელს დახმარება გაუწიოს.

4.13. ბანკის მიერ 2017 წლის 8 ივნისს გაცემული №09-58 ცნობის მიხედვით, პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში 2015 წლის 1 მარტის ვითარებით 11 თანამშრომელი მუშაობდა, აქედან ერთთან დადებული იყო უვადო, ხოლო დანარჩენ ათ პირთან - ვადიანი ხელშეკრულება. 2015 წლის 1 მარტს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებიდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხელშეკრულება ორ თანამშრომელს, მათ შორის - მოსარჩელესაც შეუწყდა.

4.14. ბანკში 2015 წლის მარტში ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო ხელშეკრულება 8 პირს შეუწყდა.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში გამოსაკვლევი იყო მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა თუ არა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისთვის საკვანძო საკითხს იმ გარემოების დადგენა და შეფასება წარმოადგენს, არსებობდა თუ არა მხარეთა შორის უვადო შრომითი ხელშეკრულება, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული ბრძანების კანონიერებას.

6. სადავო საკითხთან მიმართებით მოდავე მხარეებმა ურთიერთსაპირისპირო პოზიციები დაასახელეს, მოსარჩელე (აპელანტი) მიუთითებს, რომ 2012 წლის სექტემბრიდან - 2015 წლის მარტამდე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში და, შესაბამისად, სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ის მე-6 მუხლის დანაწესის შესაბამისად, მასთან არსებული შრომით სამართლებრივი ურთიერთობა იყო უვადო, რაც ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას გამორიცხავს. მოპასუხე მხარე შრომით ხელშეკრულებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მოსარჩელე ბანკში 2012 წლის ოქტომბრიდან - 2015 წლის მარტამდე იყო დასაქმებული და მასთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების დადების გზით, 29 თვე გაგრძელდა, რაც სშკ-ის მე-6 მუხლით მოწესრიგებასა და შრომითსამართლებრივი ურთიერთობის განუსაზღვრელი ვადით დადებულად აღიარებას გამორიცხავს.

7. სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 პუნქტის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით ან, თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში. ამ მუხლის 11-13 პუნქტების მოქმედება ვრცელდება ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედების შემდეგ დადებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაზე ან/და კოლექტიურ ხელშეკრულებაზე. მე-6 მუხლის 13 პუნქტის პირობების მიუხედავად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დასაქმებულთან, რომლის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, დადებულად ჩაითვლება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, ხოლო, თუ ასეთივე დასაქმებულის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, ამასთან უვადო შრომითი ხელშეკრულება, მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, დადებულად ჩაითვლება ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ.

8. მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ 2013 წლის 12 ივნისს (გამოქვეყნდა 2013 წლის 4 ივლისს) ორგანულ კანონში - სშკ-ის მე-6 მუხლში შესული ცვლილება (13 პუნქტის მოქმედებასთან მიმართებით) ვრცელდება მხოლოდ ამ ცვლილების ამოქმედების შემდგომ დადებულ შრომის ხელშეკრულებებზე, ხოლო, 13 პუნქტის პირობების მიუხედავად, ამ ცვლილების ამოქმედებამდე წარმოშობილი ვადიანი შრომითი ურთიერთობა უვადოდ დადებულ შრომით ხელშეკრულებად განიხილება, თუ ვადიანი ურთიერთობა გრძელდებოდა 5 წლის განმავლობაში და ამ კანონის ამოქმედებიდან კვლავ გაგრძელდება 1 წელი; თუ ვადიანი შრომითი ურთიერთობა საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე 5 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში გრძელდებოდა, იგი უვადოდ მიიჩნევა, ამ ცვლილებების ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში გაგრძელების შემთხვევაში.

9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კანონში ცვლილების ამოქმედებამდე მოსარჩელე ბანკში 10/11 თვე იყო დასაქმებული, ხოლო ამოქმედების შემდეგ - 1 წელიწადი და 8 თვე. შესაბამისად, მოსარჩელე არ აკმაყოფილებს სშკ-ის 13 პუნქტის პირობებს და მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება არ განიხილება უვადო შრომით ხელშეკრულებად.

10. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების შედეგად არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ 2012 წლის სექტემბრიდან დასაქმებული იყო სტაჟიორად, უხელფასოდ, რადგან ამ გარემოებას არ ადასტურებდა საქმეში წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება. საგულისხმოა ისიც, რომ მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობა დაიწყო ოქტომბერში (იხ. სარჩელი, მოსაზრება, სხდომის ოქმი) და მხოლოდ მთავარ სხდომაზე აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი თვე უხელფასო სტაჟირებაზე იყო, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა და არც მოწმის სახით დაკითხულ ი.ხ. დაუდასტურებია ეს გარემოება, რომელმაც მიცემული ჩვენების ფარგლებში აღნიშნა, რომ მას არ ახსოვს, მოსარჩელემ გაიარა თუ არა სტაჟირება. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ის მტკიცებაც, რომ დამსაქმებლის ვალდებულებაა, ადასტუროს ის, რომ მოსარჩელეს მასთან სტაჟირება 2012 წლის სექტემბერში არ გაუვლია. სასამართლოს შეფასებით, სწორედ მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მან ნამდვილად გაიარა სტაჟირება კომპანიაში, მის მიერ მითითებულ პერიოდში, რაც აგვისტოში გაცემული ცნობით არ დადასტურდება. გარდა ამისა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 219-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, შეზღუდული იყო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მიეთითებინა ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თაობაზეც სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ ჰქონდა გაცხადებული, გარდა საპატიო გარემოების არსებობისა. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელე სარჩელში, მის მიერ წარდგენილ წერილობით მოსაზრებებსა თუ სასამართლო მოსამზადებელ ეტაპზე თვითონვე უთითებდა შრომითი ხელშეკრულების დაწყების კონკრეტულ თარიღს, შესაბამისად, მთავარ სხდომაზე მოსარჩელის მიერ გამოხატული პოზიციის საწინააღმდეგო გარემოების მითითება გაუმართლებელია პროცესუალური თვალსაზრისითაც და ამ მხრივაც არ იქნა გაზიარებული.

11. სააპელაციო სასამართლომ სტაჟირებასთან მიმართებით განმარტა, რომ შრომის კანონმდებლობით ,,სტაჟირების’’ ცნება მოწესრიგდა ბოლოდროინდელი ცვლილებით, კერძოდ, 2020 წლის 29 სექტემბერს სშკ-ს დამატებული მე-18 მუხლის შესაბამისად, სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პროფესიული ცოდნის, უნარის ან პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. სშკ-ის 2.1 მუხლის თანახმად კი, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. სასამართლომ აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც თავად მოსარჩელე ადასტურებს, რომ ანაზღაურების გარეშე ეწეოდა სტაჟირებას, მითითებული გარემოების დადასტურების პირობებშიც კი, ეს პერიოდი მაინც ვერ ჩითვლებოდა შრომით სტაჟში და, შესაბამისად, არ მიიღება მხედველობაში შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადის განსაზღვრისათვის.

12. რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ რატომ არ გააგრძელა ბანკმა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა, მოპასუხემ მხარემ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ხშირად იწვევდა კონფლიქტს, არ ემორჩილებოდა უშუალო ხელმძღვანელის დავალებებს, დაკისრებული ფუნქციების შესრულებას არიდებდა თავს, დავალებების მიცემის გამო თანამშრომლებს უპირისპირდებოდა, არ სურდა პროფესიული განვითარება, შესაბამისად, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, დასაქმებულთან დაესრულებინა შრომითი ურთიერთობა. აღნიშნული ფაქტები სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმაც დაადასტურეს. დამსაქმებელმა გამორიცხა ყოველგვარი დისკრიმინაცია და ხელშეკრულების ვადის მოქმედების გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ მოსარჩელის პიროვნულ და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე მიუთითა. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის პრეტენზია არც იმ ნაწილში გაიზიარა, თითქოს მითითებული გარემოება დაედო საფუძვლად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, რაც ეწინააღმდეგება შრომითი ხელშკრულების შეწყვეტის აქტში მითითებულ დასაბუთებას.

13. სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულადაც მიიჩნია და არ გაიზიარა წინამდებარე დავაზე სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელების თაობაზე აპელანტის პოზიცია.

14. დადგენილია, რომ, ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმისა და ვადის გასვლის გამო, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება მოსარჩელემ 25.02.2015 წელს მიიღო და ეცნობა 1.03.2015 წლიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. დაუდგენილია, რომ ამის შემდგომ მოსარჩელემ მიმართა დამსაქმებელს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთების მოთხოვნით, შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გასაჩივრების ვადა დაიწყო ბრძანების გამოცემის თარიღიდან და გაუმართლებელია მოსარჩელე მხარის მტკიცება, თითქოს განსახილველ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ის 38-ე მუხლის რეგულირება, პირდაპირ და ცალსახად განსაზღვრავს გასაჩივრების 30-დღიან ვადას და ამგვარად არის განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის შესაბამისადაც. საბოლოოდ, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის (აპელანტის) პოზიცია ეწინააღმდეგება როგორც საკანონმდებლო რეგულაციას, ასევე - საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას.

15. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის - მოწმეთა ჩვენების გაცნობის შედეგად არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება მის მიმართ შესაძლო დისკრიმინაციის თაობაზე.

16. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე, სადაც არც ერთმა მათგანმა არ დაადასტურა მოსარჩელის მიმართ განსხვავებული მოპყრობის ან/და დაცინვისა თუ ქილიკის ფაქტი. ყველა მოწმემ, გარდა ვ.ბ–ისა, განმარტა, რომ მათთვის უცნობი იყო მოსარჩელის დედის ეროვნება და რომც სცოდნოდათ, ეს არ შეცვლიდა მათ დამოკიდებულებას მოსარჩელის მიმართ. ვ.ბ–მა კი აღნიშნა, რომ თავად მოსარჩელისაგან იცოდა, რომ მას დედა ეროვნებით სომეხი ჰყავს, თუმცა, ამას არავითარი გავლენა არ მოუხდენია მათ ურთიერთობაზე. სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოწმეებს არ დაუდასტურებიათ, რომ მოსარჩელეს რაიმე გამოკვეთილად მძიმე სოციალური პირობები ჰქონდა და ამის შესახებ რომც სცოდნოდათ, პირიქით, აუცილებლად დაეხმარებოდა დამსაქმებელი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა თანამშრომლების თანადგომას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მოსარჩელე იყო კონფლიქტური, უჭირდა დაკისრებული მოვალეობების შესრულება. მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელმა მ.ქ–ძემ განაცხადა, რომ უნდოდა მოსარჩელის გამოსაცდელი ვადით მიღება, ვინაიდან მისი მუშაობა არ მოსწონდა, თუმცა მაინც დასთანხმდა მის დასაქმებას ერთწლიანი ხელშეკრულებით, ვინაიდან, მოსარჩელის განცხადებით, მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და სჭირდებოდა დაზღვევა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მოსარჩელე საქმეს უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდა, ყოველთვის ჰქონდა პრეტენზია, რომ სხვის საქმეს ასრულებდა. მიუხედავად ბანკის ხელშეწყობისა, დასაქმებული განვითარებაზე ორიენტირებული არ იყო, მას კონფლიქტი ჰქონდა ოფისის ბევრ თანამშრომელთან. მოწმე ი.ხ–მაც დაადასტურა, რომ მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელი მ.ქ–ძე არ იყო მისი მუშაობით კმაყოფილი, ერთწლიანი ხელშეკრულება ჯანმრთელობის გათვალისწინებით გაუფორმეს, ვინაიდან დაზღვევა სჭირდებოდა. მოწმე მ.ჭ–მა განმარტა, რომ მოსარჩელე 2013 წლიდან მუშაობდა ბანკში, ჯერ პრაქტიკაზე იყო, შემდეგ კი, კოლეგების თხოვნით, ჩასვეს შტატში ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. როგორც უშუალო ხელმძღვანელისაგან იცოდა, იგი მოვალეობებს ჯეროვნად ვერ ასრულებდა. მასთან შეხვედრისას მოსარჩელემ პრეტენზია გამოთქვა, რომ ხელმძღვანელი ისეთ დავალებებს აძლევდა, რაც მის მოვალეობაში არ შედიოდა. მოწმის განმარტებით, მან დაამშვიდა მოსარჩელე, ესაუბრა, ურჩია და შესთავაზა უნივერსიტეტში კვალიფიკაციის ამაღლება, თუმცა უშედეგოდ.

17. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით მოსარჩელე ზოგადად მიუთითებდა, რომ იგი სოციალური მდგომარეობისა და წარმომავლობის გამო მუდმივად იდევნებოდა, თუმცა ვერ დაასახელა კონკრეტული ფაქტები, თუ რაში გამოიხატებოდა მისი დევნა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მასთან არ გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა, არ ქმნის ვარაუდს აპელანტის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომისა. ამის საწინააღმდეგოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებით დადასტურდა, რომ არათუ დამამცირებელი მოპყრობის ობიექტი იყო მოსარჩელე, პირიქით, ბანკმა გაითვალისწინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვადიანი (ერთწლიანი) შრომითი ხელშეკრულება გაუფორმა, მიუხედავად იმისა, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელი თავიდან ამის წინააღმდეგიც კი იყო, თუმცა, ვინაიდან მოსარჩელეს სჭირდებოდა დაზღვევა, ბანკმა გაუწია მას ანგარიში და დაასაქმეს ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე. მოწმეებმა ისიც დაადასტურეს, რომ მოსარჩელეს ხშირად ჰქონდა თანამშრომლებთან კონფლიქტები, თუმცა ეს არ უკავშირდებოდა მის ხელმოკლეობას ან დედის ეროვნებას. ამდენად, აპელანტმა ვერ შექმნა იმის ვარაუდი, რომ მას განსხვავებულად ეპყრობოდნენ, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სოციალური და ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა.

18. გარდა მოთხოვნის უსაფუძვლობისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულაც მიიჩნია. კერძოდ, სსსკ-ის 3632 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის (2017 წლის რედაქცია) შესაბამისად, სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 3 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან პირს უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციად მიაჩნია. მოსარჩელე დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას შრომით ურთიერთობებში - 2014 წლის 1 მარტიდან 2015 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით ითხოვს, სარჩელით კი 2017 წლის 27 მარტს მიმართა, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლისა და 27 დღის შემდეგ, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა დამსაქმებლის მიმართ შრომით ურთიერთობებში (2014 წლის 1 მარტიდან 2015 წლის 28 თებერვლის ჩათვლით) დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის თაობაზე მიჩნეულ იქნა როგორც ფაქტობრივად დაუსაბუთებლად, ასევე - ხანდაზმულად.

19. სააპელაციო სასამართლომ სარეკომენდაციო წერილის გაცემასთან მიმართებით აღნიშნა, რომ სააპელაციო ეტაპზე მხარეთა პოზიციები დაზუსტდა მითითებულ ნაწილში და დადგინდა მოპასუხე უარს არ აცხადებს ინფორმაციის ამსახველი ცნობის გაცემაზე, მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოს ხასიათზე, შესასრულებელ ფუნქციებზე, შრომითი ურთიერთობის დაწყებისა და შეწყვეტის ვადაზე მითითებით. დამსაქმებლისთვის მიუღებელია იმგვარი რეკომენდაციის გაცემა, რომელიც რაიმე ფორმით სუბიექტური შეფასების წარმოჩენას, კერძოდ, დადებითი რეკომენდაციის გაცემას მოიაზრებს.

20. სშკ-ის მე-14 მე-2 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი მე-6 მუხლის მე-4 ნაწილი) შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს დასაქმების შესახებ ცნობა. ეს ცნობა უნდა შეიცავდეს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ხელშეკრულების ვადის თაობაზე მონაცემებს.

21. მოპასუხის შრომის შინაგანაწესის 14.5 მუხლის შესაბამისად, ბანკი ვალდებულია, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულს დროულად მოუმზადოს დადგენილი ნიმუშის შემოვლის ბარათი და მხოლოდ შემოვლის ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში გასცეს დასაქმებულის სახელზე ცნობა (შრომის წიგნაკი).

22. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა მოხმობილი ნორმითა და კომპანიის შინაგანწესის შესაბამისი ჩანაწერებით და გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნა, მიეცეს დასაქმების შესახებ ცნობა, რაც მოიაზრებს კანონით განსაზღვრული ფაქტობრივი მონაცემების ასახვას (შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ხელშეკრულების ვადის თაობაზე). ამავდროულად, დამსაქმებლის პრეტენზია, რომ მას ვერ დაევალება დადებითი შეფასების/რეკომენდაციის გაცემა, ვინაიდან მითითებული სუბიექტური შეფასების კატეგორიას წარმოადგენს და ამგვარი ნების არარსებობის პირობებში მხარისათვის დავალდებულება, ვერ მოემსახურება კანონიერების პრინციპს, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია. შესაბამისად, დამსაქმებელს დაევალა დასაქმების შესახებ ცნობის გაცემა (მოთხოვნის შემთხვევაში), კერძოდ ის, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო გარკვეული პერიოდის მანძილზე, აღწეროს დაკავებული თანამდებობისა და შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი, გასცეს შრომის ანაზღაურებისა და შრომის ხანგრძლივობის თაობაზე ინფორმაცია მოქმედი სშკ-ს 14.2 მუხლის შესაბამისად.

23. აპელანტის მიერ სადავოდ გამხდარ მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის საოქმო განჩინებები სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებელ პრეტენზიად მიიჩნია და აღნიშნა, რომ აღნიშნული შედავება არსებითი თვალსაზრისით საქმეზე მიღებულ შედეგს არ ცვლის, რის გამოც არ არსებობს სადავო საოქმო განჩინებების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.

24. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

24.1. მოსარჩელემ (დასაქმებულმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

24.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად გამოაქვს დასკვნა, რომ მოსარჩელის (დასაქმებულის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

26. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

28. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

29. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნები, არ ასახავს საქმის რეალურ გარემოებებზე სწორ სამართლებრივ შეფასებებს; სასამართლომ დადგენილი სტანდარტით არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები; არ გაიზიარა მტკიცება, რომ მხარეებს შორის უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა; არასწორად გაიზიარა სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე დამსაქმებლის მტკიცება; არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება კონფლიქტის გამო არ გაგრძელდა. სასამართლომ არ გაიზიარა დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ მოსარჩელის მტკიცება; სასამართლო არასწორად მიუთითებს სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობის თაობაზე დისკრიმინაციის ფაქტზე, ვინაიდან მოსარჩელემ მოთხოვნათა ერთობლიობით, გათავისუფლების ბრძანების მიღებიდან ერთი თვეში, კუმულაციურად დასვა არასათანადო მოპყრობის საკითხიც. დისკრიმინაცია, როგორც მოვლენა და ფაქტი იყო თავად სამსახურიდან გაშვების ბრძანებაც, რადგანაც მუშაკი უკანონოდ, არარსებული საფუძვლით გათავისუფლდა თავიდან მოშორების მიზნით.

30. საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა, სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას, ვინაიდან ხანდაზმულობის ფაქტზე მითითება მოპასუხის საპროცესო თავდაცვის არსებითი სახეა და მისი დამტკიცების შემთხვევაში იგი სარჩელის წარუმატებლობას განაპირობებს.

31. კასატორის მტკიცებით, დასაქმებულს ჰქონდა უფლება, შრომით- სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სამართლებრივი წესით გაესაჩივრებინა სადავო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 წლის განმავლობაში, რომლის სამტკიცებლად საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის Nას-469-450-2016 განჩინებაზე მიუთითებს.

32. სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში Nას-11-112018, 4.03.2019წ განმარტა: სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას არასწორად გამოიყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის №ას-469-450-2016 განჩინება, რადგან მასში აღწერილი ფაქტები არ შეესაბამება მოცემული დავის გარემოებებს, კერძოდ, აღნიშნული განჩინება შეეხება საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წლის ივნისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე შეწყვეტილ შრომით ურთიერთობას და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოცემულ დავაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრისთვის (იხ. სუსგ №ას-747-715-2016, 20.01.2017წ; Nას-1343-1263-2017, 20.12.2017წ) .

33. საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წლის ივნისის საკანონმდებლო ცვლილებებით კანონმდებელმა ახლებურად მოაწესრიგა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა [საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4-მე-7 პუნქტების თანახმად: დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე წერილობითი შეტყობინება; დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი; დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება; თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს].

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლში 2013 წლის ივნისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით ცალსახად არის დადგენილი დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების 30-დღიანი ვადა, რაც ემსახურება კანონმდებლის მიზანს, მოკლევადიანი გასაჩივრების პროცედურის შემოღებით აღმოფხვრას გრძელვადიანი შრომითი დავების არსებობა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადასთან (30-დღიანი თუ 3-წლიანი) მიმართებით არ იკვეთება ის შემთხვევა, როდესაც შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხი არ არის მოწესრიგებული ამ კოდექსით [სშკ-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი]. გამომდინარე აქედან, არ არსებობს 129-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გამოყენების საჭიროება.

35. ამასთან, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გავრცელება სშკ-ში 2013 წლის ივნისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ შეწყვეტილ შრომითსამართლებრივ ურთიერთობაზე, არღვევს მხარეთა შორის სამართლიან ბალანსს, ვინაიდან დასაქმებულის მიერ კანონით მისთვის მინიჭებული წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლების განუხორციელებლობით გაუმართლებლად იზღუდება დამსაქმებლის უფლებები და ინტერესები (იხ. სუსგ Nას-11-112018, 4.03.2019წ). ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წლის ივნისის საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ შეწყვეტილ შრომითსამართლებრივ ურთიერთობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინებებზე №ას-1335-1255-2017, 19.10.2018წ; №ას-747-715-2016, 20.01.2017; №ას-1210-2018, 15.02.2019წ) . უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება 2015 წლის 1 მარტიდან შეწყდა და აღნიშნულ სამართალურთიერთობაზე, ცხადია, 2013 წლის ივნისის საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გავრცელდეს.

36. მოსარჩელისთვის 2015 წლის 25 თებერვლიდან ცნობილი იყო მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 2015 წლის 1 მარტიდან, ცნობილი იყო ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზიც. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო, სადავოობისას გათავისუფლების ბრძანება გაესაჩივრებინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან 30 დღის ვადის დაცვით, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია; დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2017 წლის 27 მარტს, ანუ გათავისუფლების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 2 წლისა და 27 დღის შემდეგ. შესაბამისად, გასაზიარებელია მოპასუხის შედავება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით და ამ საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნის რეალიზების შეფერხებასთან მიმართებით, თანახმად სსკ-ს 144.1 მუხლის დანაწესისა (ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე).

37. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებსა და დასკვნას, რომ საქმეზე წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად არ დადგინდა მოსარჩელის მიმართ სოციალური და ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი. ამრიგად, კასატორის პრეტენზიები (იხ. განჩინების 29-ე პუნქტი) არ არის გაზიარებული უსაფუძვლობის გამო.

38. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება (იხ. წინამდებარე განჩინების 35-ე პუნქტი)

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

40. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. თ.მ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს კ. უ–ას (პ/ნ .....) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება N12370169758, გადახდის თარიღი 2022 წლის 10 იანვარი), 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური