Facebook Twitter

საქმე №ას-262-2022 20 მაისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქარელის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2019 წლის 1 აპრილს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში (შემდგომ - მოსარჩელე, მენარდე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მიმართვა დარეგისტრირდა, რომლითაც ეს უკანასკნელი მოსარჩელისაგან ითხოვდა დაჩქარებული წესით სოფლების: ატოც-გულიკაანთუბნისა და აბის-საციხურის გზების მოასფალტებასთან დაკავშირებულ ექსპერტიზას, ასევე - თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანის ქარელი-რუისის 3.4-კილომეტრიანი მონაკვეთის სარწყავ-სანიაღვრე არხის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზას.

2. აბის-საციხურის გზის ასფალტირების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზის ტარიფი 10 407.25 ლარია, დაჩქარებული წესით, 5 სამუშაო დღეში მომსახურების შემთხვევაში კი - 20 814.51 ლარი.

3. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომ - მოპასუხე, შემკვეთი, კასატორი), აბის-საციხურის გზის მოასფალტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დასკვნა 2019 წლის 6 ივნისს მიიღო.

4. მოპასუხეს აბის-საციხურის გზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზის ღირებულება არ გადაუხდია.

სარჩელის საფუძვლები:

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისათვის დაჩქარებული წესით აბის-საციხურის გზის მოასფალტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზის დასკვნის მომზადების საზღაურის - 20 814.51 ლარის დაკისრება მოითხოვა.

6. მოსარჩელის მითითებით, მან დაჩქარებული წესით, 2019 წლის 4 აპრილს, მოამზადა აბის-საციხურის გზის მოასფალტებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა, რაც შემკვეთმა 2019 წლის 6 ივნისს მიიღო, თუმცა ამ უკანასკნელს საზღაური - 20814.51 ლარი არ გადაუხდია.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ 10 407.25 ლარის ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ ექსპერტიზის დასკვნა დაჩქარებული წესით არ მომზადებულა, შესაბამისად, საზღაური ჩვეულებრივი ტარიფით უნდა იქნეს გადახდილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 10407.25 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 20 814.51 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიმართვის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბის-საციხურის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზის დასკვნა დაჩქარებული წესით - 2019 წლის 4 აპრილს მომზადდა.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ექსპერტიზის დასკვნის მომზადების თარიღი - 2019 წლის 4 აპრილი, დასკვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკვიზიტია და მისი განზრახ არასწორად მითითება, გაყალბების ნაირსახეობაა, რაც შესაბამისი წესით უნდა დადგენილიყო. ამასთან, მოპასუხე დასკვნის მომზადების თარიღის კუთხით მოსარჩელეს არსებითად არ შესდავებია.

13. საკასაციო პალატის მითითებით, ექსპერტიზის დაჩქარებული წესით მომზადების შესახებ შეტყობინების მიუღებლობაში ბრალი თავად შემკვეთს მიუძღვის, ვინაიდან მან მენარდეს არ მიაწოდა ინფორმაცია, სათანადო საკონტაქტო მონაცემებით. ამასთან, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვის შემდეგ სწორედ შემკვეთმა უნდა მოიკითხოს შესასრულებელი სამუშაოს მდგომარეობა და მისი დაუსრულებლობის შემთხვევაში გააფრთხილოს მენარდე, შესაბამისად, მოსარჩელეს არ წარმოშობია დასკვნის მომზადების დასრულების თაობაზე ვალდებულება, მიეღო დამატებითი ზომები ექსპერტიზის შემკვეთის ინფორმირებისათვის.

14. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შემკვეთი ვალდებულია, შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 20 814.51 ლარი, მენარდეს სრულად აუნაზღაუროს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

16. კასატორის მითითებით, მოპასუხემ სთხოვა კერძო საპროექტო ორგანიზაციას, რომელმაც პროექტები შეადგინა, ექსპერტიზის ბიუროში ელექტრონულად გაგზავნილი პროექტების მატერიალური ვერსია მიეტანა. ექსპერტიზის ბიურომ კი - პროექტების წარმდგენ პირს ზ.გ–ას, ელექტრონული განაცხადი მერიის სახელით შეავსებინა ისე რომ არ მოუთხოვია უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

17. კასატორის განმარტებით, სადავო ექსპერტიზის დასკვნით, არ დგინდება, მატერიალურად დასკვნა როდის მომზადდა და სასამართლოს მსჯელობა, რომ ელექტრონულად მომზადებულ დოკუმენტზე დატანებული თარიღი ნიშნავს მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მომსახურების გაწევის თარიღს, უსაფუძვლოა. ექსპერტზის ბიუროს მატერიალური სახით უნდა გაეცა ექსპერტიზის დასკვნები და, შესაბამისად, შეუძლებელია, სააპელაციო სასამართლოს დაედგინა და ელექტრონული დოკუმენტის შედგენის დრო მერიისათვის მომსახურების გაწევის თარიღად მიეჩნია. ამასთან, მოსარჩელე ქვედა ინსტანციის სასამართლოებში აცხადებდა, რომ განმცხადებელს მომსახურების დასრულების თაობაზე სმს შეტყობინება ეგზავნება, სასამართლომ კი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ამგვარი ვალდებულება ბიუროს არ გააჩნდა.

18. კასატორის მითითებით, თუ განაცხადში მითითებული არ იყო რაიმე რეკვიზიტი (მობილურის ნომერი), გაუგებარია, ასეთი განაცხადი ექსპერტიზის ბიურომ როგორ დაარეგისტრირა. ამასთან, თუ სმს შეტყობინება ეგზავნება ყველას, მაშინ, რადგან განაცხადში მოწინააღმდეგე მხარის ბრალით არ იყო მობილური ნომერი მითითებული, ექსპერტიზის ბიუროს უნდა ეზრუნა და მოპასუხისათვის ოფიციალურ წერილზე მითითებულ ნომერზე ეცნობებინა დასკვნის მომზადების თაობაზე, როგორც არსებული ურთიერთობის ფარგლებში აკეთებდა.

19. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და მოპასუხეს დააკისრა იმ გარემოებების მტკიცების მოვალეობა, რაც მოსარჩელეს ეკისრებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

20. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

24. დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანს აბის-საციხურის გზების მოასფალტებასთან დაკავშირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა წარმოადგენდა, შესაბამისად, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობა ნარდობითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს (სსკ-ის 629-ე მუხლი).

25. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.

26. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ.სუსგ № ას-1646-2019, 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება).

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ №ას-696-696-2018, 2018 წლის 6 ივლისის განჩინება).

28. კასატორი სადავოდ ხდის მოწინააღმდეგე მხარის მიერ დაჩქარებული წესით ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას და მიიჩნევს, რომ, ვინაიდან დაჩქარებული წესით არ მიუღია მომსახურება, შესაბამისი ტარიფითაც არ უნდა ანაზღაურდეს საზღაური.

29. საკასაციო პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი №002314819 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2019 წლის 1 აპრილს, ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომ, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დაჩქარებული წარმოების წესით ჩასატარებლად მიიღო მერიის 2019 წლის 26 მარტის №04/2037 წერილი. დასკვნის თანახმად, მისი შემოსვლის თარიღია 01.04.2019 წელი, გასვლის კი - 04.04.2019 წელი. დასკვნას ხელს აწერს როგორც კვლევის განმახორციელებელი ექსპერტი სპეციალობით მუშაობის 46 წლის სტაჟით, ასევე პირები, რომლებმაც ტექნიკურად და ადმინისტრაციულ წესით გადაამოწმეს დასკვნა. ნიშანდობლივია, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 4 აპრილის ელექტრონული მიმართვაც, რომლითაც ექსპერტიზის ბიურო მერიას №04/2037 მიმართვიდან გამომდინარე საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნას უგზავნის. პალატა ყურადღებას ამახვილებს ორივე მხარის მიერ ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტზეც, სადაც მომსახურების ტიპად მითითებულია - დაჩქარებული, ექსპერტიზის დასრულების თარიღად 04.04.2019 წელი, ხოლო გაცემის თარიღად კი - 06.06.2019 წელი.

30. საკასაციო პალატა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა საფუძველზე მიუთითებს, რომ ამ უკანასკნელმა სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, წარადგინა დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნის დაჩქარებული წესით მომზადებას ადასტურებს (მიმართვის მიღებიდან (01.04.2019წ) სამ დღეში, 2019 წლის 4 აპრილს). პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიის დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულების საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა, მოცემული დავის ფარგლებში, ეს უკანასკნელი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს რაიმე არსებითი შედავებითა და შესაბამისი მტკიცებულებებით არ დაპირისპირებია. ნიშანდობლივია, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ თარიღს (ექსპერტიზის დასრულების თარიღს), მოპასუხე შესაბამისი წესით არ შესდავებია. ამასთან, ამ უკანასკნელს არც იმ გარემოებაზე არ მიუთითებია, რომ მან მენარდეს ექსპერტიზის შესახებ მიმართვიდან დაჩქარებული წესით მომზადებისათვის განკუთვნილი ვადის ამოწურვისას ან ამოწურვის შემდეგ მალევე მიმართა და ექსპერტიზის დასკვნის გადაცემა მოითხოვა, თუმცა, მიუხედავად მისი ამ მცდელობისა, მას დასკვნა არ გადასცემია, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, მენარდემ ექსპერტიზის დასკვნა დაჩქარებული წესით, მიმართვის მიღებიდან (01.04.2019წ.) სამ დღეში, 2019 წლის 4 აპრილს მოამზადა.

31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, ამ განჩინებაში მითითებული მსჯელობის საწინააღმდეგოს დამტკიცების შესაძლებლობას არ ქმნის. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის ვალდებულებას ექსპერტიზის დასკვნის მომზადების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის ვალდებულებასთან დაკავშირებით, პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათის თანახმად, შემკვეთი დოკუმენტაციის რეგისტრაციისას მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მიიღებდა SMS შეტყობინებას, სადაც აისახებოდა დოკუმენტის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი. შემკვეთი ამავე ნომერზე მიიღებდა დოკუმენტის წარმოების შესახებაც შეტყობინებას, ანუ ექსპერტიზის დასკვნის მომზადების შემდეგ, შემკვეთს პროგრამა ავტომატურად გაუგზავნიდა SMS შეტყობინებას დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე, თუმცა, ვინაიდან შემკვეთის სახელით დოკუმენტის წარმდგენს რეგისტრაციის პროცესში მობილური ტელეფონის ნომერი არ მიუთითებია, ამასთან, არც 2019 წლის 26 მარტის მიმართვაში აღინიშნა მერიის ტელეფონის ნომერი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნა, უდავოა, რომ მენარდე SMS შეტყობინებით შემკვეთს დასკვნის მომზადების შესახებ ინფორმირებას ვერ გაუგზავნიდა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეტყობინების მიუღებლობაში ბრალი თავად შემკვეთს მიუძღვის, ვინაიდან მან ვერ უზრუნველყო მენარდის ინფორმირება სათანადო საკონტაქტო მონაცემებით.

32. შეტყობინების ვალდებულების თაობაზე, მხარეთა შორის შეთანხმებაც არ დგინდება, კერძოდ, მენარდის ვალდებულება, შემკვეთის მიერ მობილური ნომრის მიუთითებლობისა და ავტომატური შეტყობინების გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში მიეღო შემკვეთის ინფორმირებაზე დამატებითი ზომები.

33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან შემკვეთის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. მენარდის მიერ ვადის გადაცილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროულ შეუსრულებლობას უკავშირდება. შესრულების დროულობა კი ნარდობის ხელშეკრულებიდან ან კანონიდან შეიძლება გამომდინარეობდეს. მნიშვნელოვანია, რომ შემკვეთმა ვადამოსულობის შემდეგ იმგვარი მოქმედება განახორციელოს, რომელიც მენარდეს შესრულების ვალდებულებას შეახსენებს და მის შესრულებას ვადაგადაცილებულად აქცევს. კანონით გათვალისწინებულ ასეთ მოქმედებას მენარდის გაფრთხილება წარმოადგენს (სსკ-ის 400-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). გაფრთხილების შედეგად ფაქტობრივად ვადის გადაცილება (დაყოვნება) სამართლებრივ ვადის გადაცილებად იქცევა (იხ. სუსგ, საქმე №ას-1166-2019, 2020 წლის 6 აპრილის განჩინება).

34. როგორც წესი, ნარდობის ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების შემდგომ ხდება შესრულების შემოწმება, რა დროსაც, შემკვეთი მისაღები სამუშაოს ხარისხს, მოცულობას და სხვა იმგვარ მნიშვნელოვან დეტალებს ამოწმებს, რაც შემდგომში შესრულების ანაზღაურების ან ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი ხდება.

35. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვის შემდგომ, სწორედ შემკვეთმა უნდა მოიკითხოს შესასრულებელი სამუშაოს მდგომარეობა და მისი დაუსრულებლობის შემთხვევაში გააფრთხილოს მენარდე, რისი გათვალისწინებითაც, მენარდეს არ წარმოშობია ვალდებულება, მიეღო დამატებითი ზომები ექსპერტიზის დასკვნის მომზადების დასრულების თაობაზე შემკვეთის ინფორმირებისათვის.

36. სასამართლო კასატორის პრეტენიზას, რომლის თანახმად, ს.გ–ვა არ იყო მერიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და მიუთითებს, რომ ეს უკანასკნელი სწორედ მოპასუხის დავალებით გამოცხადდა ექსპერტიზის ბიუროში, შესაბამისად, მისთვის დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათის შევსებისას, მასში არსებული ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის, შეტყობინების გაგზავნის მეთოდის შესახებ, სსკ-ის 713.1 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, პრეზუმირებულად აქცევს იმ ფაქტს, რომ ინფორმაცია მერიასაც მიეწოდა.

37. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს დასკვნას, რომ გამოვლენილია სსკ-ის 648-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობა (შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას), მენარდის მოთხოვნის უფლება წარმოშობილია, ნამდვილია და განხორციელებადია, რაც მოპასუხისგან დაჩქარებული წესით მომსახურების თანხის ანაზღაურების საფუძველია.

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სამართლებრივად სწორად შეაფასა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.

39. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

40. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

41. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

42. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

43. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. საქმე №ას-1166-2019, 2020 წლის 6 აპრილის განჩინება; საქმე №ას-310-2021, 2021 წლის 25 ივნისის განჩინება; საქმე №ას-1229-2020, 2020 წლის 11 დეკემბრის განჩინება).

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

45. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე