საქმე №ას-179-2020 11 მაისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ო.ც–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ჯ–ა, ლ.ჯ–ძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ო.ც–ამ (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ჯ–ას (შემდგომ - პირველი მოპასუხე), ლ.ჯ–ძისა (შემდგომ - მეორე მოპასუხე) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - რეესტრი ან სააგნეტო) მიმართ და მოითხოვა: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საარქივო ცნობების (54/9151, 2012037201-03) გაუქმება, სენაკის რაიონის, სოფელ ....... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის (ს/კ ....., შემდგომ - სადავო უძრავი ქონება) პირველი მოპასუხის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარება.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელემ სადავო ქონება 1987 წელს შეიძინა, 5000 მანეთად, თ.ა. ძე გ–გან (შემდგომ - ყოფილი მესაკუთრე), რომელმაც ეს ქონება 1986 წელს მემკვიდრეობით მიიღო ბებიასგან. 2012 წლის 25 ოქტომბერს, ყოფილმა მესაკუთრემ დაწერა ხელწერილი, რომელიც ადასტურებს 1987 წელს სადავო ქონების მოსარჩელისათვის მიყიდვის ფაქტს. სადავო მიწაზე მოსარჩელემ ააშენა 188.87 კვ.მ ორსართულიანი აგურის სახლი
3. სადავო ქონება საჯარო რეესტრმა პირველი მოპასუხის სახელზე უკანონო დოკუმენტების საფუძველზე დაარეგისტრირა, რითაც ხელყო მოსარჩელის საკუთრების უფლება.
4. პირველმა და მეორე მოპასუხემ 2017 წლის 26 ოქტომბერს მოჩვენებით, თვალთმაქცურად, ნების გამოვლენის გარეშე დადეს სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ისინი ოჯახი წევრები არიან და შეთანხმებულდ მოქმედებდნენ. მეორე მოპასუხისათვის ცნობილი იყო მოსარჩელესა და საჯარო რეესტრს შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავის მიმდინარეობის შესახებ, რომელშიც მესამე პირად ჩართული იყო პირველი მოპასუხე. აქედან გამომდინარე, მეორე მოპასუხე არ არის კეთილსინდისიერი შემძენი. ამდენად, მოსარჩელეს უნდა აღუდგეს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება, ყოფილი მესაკუთრის მიერ 2012 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი და სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე.
მოპასუხეთა შესაგებელი
5. პირველმა და მეორე მოპასუხემ საჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სენაკში დაცული დოკუმენტის თანახმად, სენაკის რაიონის, სოფელ ......., კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია პირველი მოპასუხე. ..... საკრებულოს 2001 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის თანახმად, პირველი მოპასუხის მიწა არის 0,25 ჰა (რიგითი №582). ვინაიდან საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების საფუძველზე მიმდინარეობდა კომლისათვის ფართობის შევსება ზღვრულ ნორმამდე, ...... საკრებულომ პირველი მოპასუხის სახელზე დამატებით გასცა 0,23 ჰა მიწის ნაკვეთი. №588 მიღება-ჩაბარების აქტი არ ეკუთვნის ყოფილ მესაკუთრეს. ასეც რომ იყოს, დავა შეუძლია მხოლოდ ყოფილ მესაკუთრეს და არა მოსარჩელეს.
6. ამასთან, 1987 წელს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი, სოფლად მდებარე საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაში მხარეს ავალდებულებდა, ხელშეკრულების დადებას წერილობით ფორმით და სასოფლო საბჭოში რეგისტრაციას ხელშეკრულების დადების დღიდან არაუგვიანეს სამი თვისა. ამ მუხლის დაუცველობა კი იწვევს ხელშეკრულების ბათილობას. შესაბამისად, მოსარჩელე უსაფუძვლოდ, ითხოვს იმ ქონების მესაკუთრედ ცნობას, რომელიც საკუთრების უფლებით არასდროს არც მის წინამორბედს და არც მას არ ეკუთვნოდა
7. რაც შეეხება 2018 წლის 26 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებას, მოპასუხეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შესახებ. სადავო უძრავი ქონება შეფასდა 8000 აშშ დოლარად, რაც მყიდველმა გადაიხადა სრულად. თანხის გადაცემას ესწრებოდნენ მოწმეებიც, რის შემდეგაც ერთად გამოცხადნენ ქალაქ ფოთის იუსტიციის სახლში, სადაც რეესტრის შესაბამისი თანამშრომელმა განმარტა გარიგების არსი და შედეგები და უძრავი ქონება აღირიცხა მეორე მოპასუხის საკუთრებასდ. შესაბამისად, ეს უკანასკნელი კეთილსინდისიერი შემძენია. გარდა ამისა, სარჩელი ხანდაზმულია, რამდენადაც ის აღძრულია 30 წლის შემდეგ.
8. სააგენტომ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გაგანჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2016 წლის 28 მარტს გაცემული წერილით დასტურდება, რომ სენაკის რეგიონულ არქივში დაცული ...... საკრებულოს 2001-2005წწ. საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია პირველი მოპასუხე. მონაცემი პირად საკუთრებაში რიცხული მიწის ფართობის შესახებ აღნიშნულ საკომლო წიგნში შეტანილი არ არის. ...... სასოფლო საბჭოსა და საკრებულოს 1986-1990 წწ. (ცვლილებები ნაწარმოებია 1996 წლამდე) და 1996-2000წწ. საკომლო წიგნებში და 1996-1997წწ. მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების დოკუმენტებში პირველი მოპასუხის კომლის შემადგენლობისა და მასზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა.
13. ...... საკრებულოს 1999 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის ჩანაწერებით, ყოფილ მესაკუთრეს (ხაზგადასმულია, გადაწერილია პირველი მოპასუხე) ერიცხება 025 ჰა მიწის ფართობი. საგადასახადო სიის №582. (ტ.1. ს.ფ.36). მითითებული ცნობის შინაარსიდან ვლინდება, რომ საკომლო წიგნში, ყოფილი მესაკუთრის სახელზე არსებულ ჩანაწერში, 1999 წლის ცვლილებით ყოფილი მესაკუთრე ჩანაცვლებულია პირველი მოპასუხით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პალატა ჩანაცვლების კანონიერებასა და მისი საფუძველს ვერ გამოიკვლევდა, რადგან ამ მოთხოვნის უფლების მქონე პირი ყოფილი მესაკუთრე იყო და არა - მოსარჩელე.
14. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელეს შეთავაზა, ის, როგორც არასათანადო მოსარჩელე, შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით. სასამართლოს ამ შეთავაზებას მოსარჩელე არ დაეთანხმა. დადგენილია ისიც, რომ 2018 წლის 19 ნოემბერს, ყოფილმა მესაკუთრემ უარი განაცხადა საქმეში მესამე პირად ჩაბმაზეც. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელე, როგორც არასათანადო მოსარჩელე, არ იყო უფლებამოსილი, ედავა პირველ მოპასუხეზე გაცემული საარქივო ცნობებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის კანონიერებაზე.
15. რაც შეეხება ყოფილი მესაკუთრის 2012 წლის 25 ოქტომბრის წერილს, რომლითაც ეს უკანასკნელი ადასტურებს, რომ 1987 წელს სადავო უძრავი ქონება მოსარჩელეს მიჰყიდა, პალატის მითითებით, 2012 წლის 25 ოქტომბერს სადავო ქონება სარეგისტრაციო მონაცემებით უკვე ირიცხებოდა არა ყოფილი მესაკუთრის, არამედ - პირველი მოპასუხის სახელზე, რაც გამორიცხავდა 2012 წლის 25 ოქტომბერს, ყოფილი მესაკუთრის მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას.
16. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის არც ის მოსაზრება გაიზიარა, რომ სადავო ქონებაზე მას საკუთრების უფლება წარმოიეშვა 1987 წელს ყოფილ მესაკუთრესთან გაფორმებული ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს სსრ 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, სოფელში მდებარე საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებული უნდა იყოს წერილობითი ფორმით და დარეგისტრირებული სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოში. საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ამ წესის დარღვევით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება იწვევს მის ბათილობას. ეს წესები მოსარჩელეს არ დაუცავს, რაც გამორიცხავს ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას.
17. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ დაუდასტურებელი იყო მოსარჩელის სამართლებრივი კავშირი სადავო უძრავ ქონებასთან, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობას ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობისადმი. ამასთან, დაუდასტურებელი იყო სადავო გარიგების მოჩვენებითი და თვალმაქცური ხასიათი.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
19. კასატორმა კვლავ სარჩელში მითთებულ ფაქტობრივ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება და დამატებით განმარტა, რომ საგადასახადო სია გადახაზულია, მაგრამ გადახაზვის მიზეზი არ არის მიწერილი. აშკარაა, რომ ამ დოკუმენტის გაყალბებით ვიღაცა იყო დაინტერესებული. თუ პირველ მოპასუხეს რამე ეკუთვნის, ეს არის 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და არა - მოსარჩელის მიერ აშენებული სახლი, რომელიც ასე უკანონოდ დაუმტკიცა საჯარო რეესტრმა პირველ მოპასუხეს. ორივე ინსტანციის სასამართლოს შეეძლო, ნაწილობრივ მაინც ემსჯელა ამ სიყალბეზე. ამასთან, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა სადავო მიწის ნაკვეთი გაურკვეველი საფუძვლით აღრიცხა პირველი მოპასუხის სახელზე და 2002 წელს უკანონოდ გასცა საკუთრების მოწმობა.
20. სასამართლომ დაადგინა, რომ სათანადო მოსარჩელე ყოფილი მესაკუთრეა. გაუგებარია, რატომ უნდა იდავოს ყოფილმა მესაკუთრემ სახლზე, რომელიც მოსარჩელემ ააშენა და მის წინამორბედს თვალითაც არ უნახავს. რატომ უნდა დარჩეთ მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ აშენებული კაპიტალური სახლი, რომელზეც მას ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს? ყოფილმა მესაკუთრემ მოსარჩელეს განუცხადა, ერთხელ უკვე მოგყიდე სადავო ქონება და სურვილი არ მაქვს მასზე ვიდავოო. ამის გამო მოსარჩელემ ხომ არ უნდა დაკარგოს თავის მიერ აშენებული ორსართულიანი სახლი?
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
21. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
24. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
26. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
27. მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობას მას და ყოფილ მესაკუთრეს შორის 1987 წელს ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2012 წელს ყოფილი მესაკუთრის (გამყიდველის) იმ ხელწერილის საფუძველზე მოითხოვს, რომლითაც ამ უკანასკნელმა ნასყიდობის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადება დაადასტურა.
28. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს სსრ 1964 წლის სამოქალაქო კოდექსზე, რომლის 239-ე მუხლის თანახმად, სადავო უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით უნდა დადებულიყო. ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, დაიცვეს თუ არა მხარეებმა კანონით გათვალისწინებული ფორმა. რაკი 1987 წელს სადავო უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით არ დადებულა, ზეპირი შეთანხმება, ფორმადაუცველობის გამო, ბათილია. 2012 წლის ხელწერილი 1987 წელს დადებული ხელშეკრულების ფორმის ნაკლს კი ვერ ასწორებს იმიტომაც, რომ ამ დროს გამსხვისებელი მესაკუთრე აღარ იყო და უძრავი ნივთის მესაკუთრედ პირველი მოპასუხე ირიცხებოდა.
29. რაც შეეხება საარქივო ჩანაწერებსა და საჯარო რეესტრის იმ გადაწყვეტილების ბათილობას, რომლითაც სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ პირველი მოპასუხე აღირიცხა, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების დასკვნას, რომ მოსარჩელე არ არის პირი, რომელსაც ამ მოთხოვნის უფლება აქვს, სათანადო მოსარჩელე ყოფილი მესაკუთრეა, რომელმაც უარი განაცხადა მესამე პირად საქმეში ჩართვაზე.
30. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია სადავო უძრავ ქონებაზე აშენებულ სახლს უკავშირდება, კერძოდ, კასატორის მტკიცებით, მის მიერ აშენებული კაპიტალური სახლი არ უნდა დარჩეთ მოპასუხეებს, რამდენადაც მათ მშენებლობაზე ხარჯი არ გაუწევიათ. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ სადავო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე სარჩელის უარყოფა, ამ უკანასკნელს არ უკარგავს უფლებას, ახალი სარჩელით მოითხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომელიც მან სახლის ასაშენებლად გაწია.
31. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
33. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
34. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-514-480-2017, 30 ივნისი, 2017 წელი; №ას-1414-2019, 28 აპრილი, 2020 წელი; № ას-534-507-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო.ც–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე