3გ-ად-19-გ-03 10 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ჯ. კ-ის და ც. მ-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის საკითხი
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 13 ივნისის 2002წ. გადაწყვეტილებით ყოფილი ს/გ “თ-ის” შრომითი კოლექტივის საინიცატივო ჯგუფის თავჯდომარის მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს ყოფილი სს “მ-ის” დირექტორს მ. რ-ს და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაევალა ყოფილი ს/გ “თ-ის” ქონების გადაცემა ყოფილი ს/გ “თ-ის” შოკოლადის ფაბრიკის 1993წ. 7 ივლისის მდგომარეობით არსებული კოლექტივისათვის. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
ს/გ “თ-ის” საიჯარო კოლაქტივის დროებითმა ხელმძღვანელმა ჯ. კ-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული 13 ივნისის 2002წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს 30 სექტემბრის 2002წ. განჩინებით ჯ. კ-ის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჯ. კ-ის და მისი წარმომადგენლის ს. მ-ის მიერ, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 11 ნოემბრის 2002წ. განჩინებით საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას. პალატამ მიუთითა, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შეტანილია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 13 ივნისის 2002წ. გადაწყვეტილებაზე, რომლის მხარეები არიან ს/გ “თ-ის” საიჯარო კოლექტივის საინიციატივო ჯგუფი, სს “მ-ის” დირექტორი მ. რ-ი და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო გადაწყვეტილების საგანს წარმოადგენს ს/გ “თ-ის” ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და საიჯარო კოლექტივისათვის გადაცემა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული დავა განეკუთვნება კანონმდებლობით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას, ვინაიდან საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დავალება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 12 მარტის განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა რომ მოცემულ შემთხვევაში ს/გ “თ-ის” ქონების სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის საფუძველს წარმოადგენს სკ-ს 172-ე მუხლი, ამდენად, დავა გამომდინარეობს არა ადმინისტრაციულ არამედ სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან. სააპელაციო პალატის აზრით დავის იურდიულ პირობას არ ცვლის ის გარემოება, რომ მხარეს ადმინისტრაციული ორგანო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო წარმოადგენს, ვინაიდან სკ-ს 24-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს უფლებამოსილების განმახორციელებლად სამინისტროები გამოდიან, როგორც კერძო სამართლის იურდიული პირები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისას მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე არის ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განსჯადი შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის თანახმად ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციულ დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებილება ზიანის ანაზღაურების, ადმინისრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 13.06.02წ. გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დავალებული აქვს ს/გ “თ-ისათვის” ქონების გადაცემა ყოფილი ს/მ “თ-ის” შოკოლადის ფაბრიკის 07.07.93წ. მდგომარეობით არსებული კოლექტივისათვის, ამდენად მოცემულ საქმეზე, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის გარკვეული ქმედების განხორციელების დავალება. ამგვარი კატეგორიის საქმეთა განხილვის წესი გათვალისწინებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და არის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განსჯადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის 12.03.02წ განჩინებაში მოყვანილი მოსაზრება საქმის სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის შესახებ, მით უფრო, რომ ჯ. კ-ის კერძო საჩივარი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 13.06.02წ. გადაწყვეტილებაზე განხილულ იქნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ, პალატის 08.07.02წ. ძალაში შესულ განჩინებაში საგანგებოდ აღინიშნა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 13.06.02წ. გადაწყვეტილება გამოტანილია იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რის გამოც დასაშვებად იქნა მიჩნეული გადაწყვეტილების გასაჩივრება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12, 261 მუხლების საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 26-ე, სსკ-ს 408-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე ჯ. კ-ისა და ს. მ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით არის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განსჯადი.
2. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
3 განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.