Facebook Twitter

საქმე №ას-1016-2021 25 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.წ–ი (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

დავის საგანი – ბონუს აქციების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „ბანკი“ ან „განმცხადებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.წ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაევალოს ბანკის მიერ გადაცემული 63 809 ბონუს აქციის მოსარჩელისათვის დაბრუნება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ; მოპასუხეს დაევალა ბანკისათვის ამ უკანასკნელის მიერ გადაცემული 63 809 ბონუს აქციის დაბრუნება.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. კასატორმა, ასევე, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 06 ნოემბრისა და 2021 წლის 26 იანვრის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებების გაუქმება, რომლითაც მას უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

9. მოსარჩელემ 2022 წლის 24 მაისს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2021 წლის 02 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. კერძოდ, მოითხოვა მოპასუხეს, როგორც ბანკის აქციონერს, წინამდებარე საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აეკრძალოს ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილების მიღება, როგორც უშუალოდ ბანკის აქციებთან დაკავშირებით, ისე ამ აქციებიდან გამომდინარე; ასევე, მოპასუხეს წინამდებარე საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მესამე პირებთან ურთიერთობაში აეკრძალოს ბანკის სახელით გამოსვლა და ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციის წარმართვა, როგორც აქციონერის სტატუსით, ისე ამ სტატუსის გარეშე.

10. მოსარჩელის განცხადება ემყარება შემდეგ გარემოებებს:

10.1. მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 63 809 აქციის ბანკისათვის დაბრუნების თაობაზე, 2022 წლის 18 მარტს მოპასუხემ, წესდებასთან აბსოლუტურად შეუსაბამოდ (გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ისე, რომ არ ყოფილა მოწვეული აქციონერთა კრება; მოპასუხემ პროცედურები აქციონერთა კრების გვერდის ავლით წარმართა), მიიღო გადაწყვეტილება და დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლა დირექტორთა საბჭოსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. ამასთან, დავის ფარგლებში მოთხოვნილ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.05.2022წ. განჩინებით მოპასუხეს აეკრძალა მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით. მიუხედავად ამისა, მოპასუხე კვლავ განაგრძობს ბანკის ინტერესების დაზიანებას, თუმცა ამჟამად სხვა საფინანსო ინსტიტუტებისადმი მიმართვის გზით;

10.2. მოპასუხემ 2022 წლის 23 მაისს მიმართა საქართველოში არსებულ თითქმის ყველა საფინანსო დაწესებულების ხელმძღვანელს და მოუწოდა შემდეგი: „ბანკთან ურთიერთობისას თქვენ ვერ დაეყრდნობით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას“; „ბანკს უფლება ექნება შეეცილოს თქვენთან დადებულ ნებისმიერ იმ გარიგებას, რომელიც ბანკისთვის იქნება დამაზიანებელი“. აღნიშნული განცხადებით მოპასუხე მიზნად ისახავს შემდეგს: ა) ხელს უშლის ბანკის ნორმალურ ფუნქციონირებას და საფინანსო ორგანიზაციებს აწვდის შეუსაბამო ინფორმაციას; ბ) ხელს უშლის ბანკის მიერ კერძოსამართლებრივი ურთიერთობების ნორმალურ განხორციელებას, რადგან წინადადება - „ბანკს უფლება ექნება შეეცილოს თქვენთან დადებულ ნებისმიერ გარიგებას“ მესამე პირისთვის ეჭვს იწვევს და, ბუნებრივია, ეს უკანასკნელი ბანკთან სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებისგან თავს შეიკავებს; გ) მოპასუხის ქმედებების შედეგად ბანკი დგება რეპუტაციული საფრთხის წინაშე;

10.3. მოპასუხე მის მიერ განხორციელებული მოქმედებებით მესამე პირებს უჩენს ბანკის მენეჯმენტის უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანის საფუძველს, რაც ბანკის ფუნქციურად ჩამოშლის ტოლფასია. ბანკის ფუნქციურად ჩამოშლა კი, ავტომატურად გულისხმობს საქართველოს ეკონომიკის განადგურებასაც, ვინაიდან მოსარჩელეს სისტემური მნიშვნელობის მქონე ბანკის სტატუსი გააჩნია და პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის კეთილდღეობაზე;

10.4. ცალსახაა, რომ მოპასუხე მის მიერ განხორციელებული მოქმედებებით მიზნად ისახავს ბანკის ინტერესების დაზიანებას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე იგი ორგანიზაციის შიგნით და მესამე პირებთან ურთიერთობაში იმოქმედებს, როგორც ბანკის აქციონერი, ბანკს მიადგება გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც ვერ იქნება კომპენსირებული მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით;

10.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის დაცვისა და გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულების მიზნებისათვის, მიზანშეწონილია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედებების განხორციელების აკრძალვა.

11. მოსარჩელემ 2022 წლის 25 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დამატებით წარმოადგინა მოპასუხის მიერ 2022 წლის 24 მაისს მიღებული გადაწყვეტილებები და განმარტა, რომ ეს უკანასკნელი, როგორც აქციონერი, კვლავ განაგრძობს ბანკის ინტერესების დაზიანებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისას XXIII თავით მოწესრიგებული სარჩელის უზრუნველყოფის ნორმების გამოყენებას.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

16. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს ამგვარი ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-939-2019, 15 ივლისი, 2019 წელი). იგივე სტანდარტი მოქმედებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაშიც.

17. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს მისი აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს, ვინაიდან საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ასევე ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც და ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად განიხილება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“).

18. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებიდან. ამგვარი შეფასებისას დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (იხ. სუსგ საქმე №ას-449-431-2016, 07 ივლისი, 2016 წელი).

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს - მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

20. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ითხოვს მოპასუხეს, როგორც ბანკის აქციონერს, წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალოს - ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილების მიღება, როგორც უშუალოდ ბანკის აქციებთან დაკავშირებით, ისე ამ აქციებიდან გამომდინარე; ასევე, მესამე პირებთან ურთიერთობაში ბანკის სახელით გამოსვლა და ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციის წარმართვა, როგორც აქციონერის სტატუსით, ისე ამ სტატუსის გარეშე.

21. მოსარჩელე უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საჭიროებას ასაბუთებს იმით, რომ მათი გამოუყენებლობა გამოიწვევს ბანკისათვის გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

22. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლში მოხსენიებული „გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანი“, რომლის არსებობის ან წარმოშობის საფრთხეც უნდა შეაფასოს სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე მსჯელობისას, უნდა უკავშირდებოდეს სასამართლოს მიერ კონკრეტულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლო ხელშეშლას და შეფასდეს მხოლოდ ამ თვალსაზრისით. აქ არ იგულისხმება ზოგადად ყველა პოტენციური ზიანი, რომელიც შეიძლება მოდავე მხარეებს მიადგეთ მათი ურთიერთობიდან.

23. მოსარჩელის მოთხოვნა ეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას, რომლითაც მოპასუხეს ბანკისათვის 63809 ბონუს აქციის უკან დაბრუნება დაევალა. შესაბამისად, განცხადებით მოთხოვნილი აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეფასებისას უპირველესად უნდა შემოწმდეს შეესაბამება თუ არა ისინი მოცემულ საქმეში სასარჩელო მოთხოვნას და ემსახურება თუ არა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. ამის შემდეგ უნდა შეფასდეს, ხომ არ უქმნის მათი გამოუყენებლობა საფრთხეს ბონუს აქციების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას იმგვარად, რომ ბანკს ამით პირდაპირი და გამოუსწორებელი ზიანი, ან ისეთი ზიანი მიადგება, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის/მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოთხოვნილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები ბანკისათვის ბონუს აქციების დაბრუნების მოთხოვნასთან შესაბამისობაში არ არის და ამ აქციების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას არ ემსახურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ვერ ასაბუთებს, რომ მათი გამოუყენებლობა გამოიწვევს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლას იმგვარად, რომ მოსარჩელეს მიადგება გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანი ან ისეთ ზიანი, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

25. უზრუნველყოფის პირველი ღონისძიების სახით მოთხოვნილია ბანკის აქციონერისათვის ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა, როგორც უშუალოდ ბანკის აქციებთან დაკავშირებით, ისე ამ აქციებიდან გამომდინარე.

26. წინამდებარე საქმეში დავის საგანია ყოფილი დირექტორისათვის სასამსახურო ხელშეკრულების საფუძველზე ბანკის მიერ გადაცემული ბონუს აქციების უკან დაბრუნების მოთხოვნა. შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხეს შეიძლება მხოლოდ იმგვარი ქმედების განხორციელება შეეზღუდოს/აეკრძალოს, რომელიც ხელს შეუშლის/გააძნელებს ან/და შეუძლებელს გახდის ბანკისათვის ბონუს აქციების უკან დაბრუნებას.

27. უზრუნველყოფის ასეთი ღონისძიების სახე შეიძლება იყოს, მაგალითად, მოპასუხისათვის სადავო აქციების განკარგვის აკრძალვა, რაც მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით უკვე დაკმაყოფილებულია. კერძოდ, ამ განჩინებით მოპასუხეს აკრძალული აქვს 63809 ბონუს აქციის გასხვისება, განკარგვა, აქციებით სარგებლობა ან/და ნებისმიერი ფორმით მათი უფლებრივი დატვირთვა, ასევე აქციების მარეგისტრირებელი ბროკერისათვის ნებისმიერი დავალების მიცემა აქციების სხვა ბროკერთან გადატანასთან დაკავშირებით.

28. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც უკვე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი ღონისძიება, მოსარჩელე ითხოვს დამატებით ღონისძიებას, თუმცა ვერ ასახელებს (და მით უფრო, ვერ ასაბუთებს) ბანკის აქციებთან დაკავშირებით ან ამ აქციებიდან გამომდინარე, უკვე აკრძალულის გარდა, კიდევ რა შესაძლო „ნებისმიერი ტიპის“ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მხარემ, რომელიც ხელს შეუშლის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. მოსარჩელის განცხადებაზე თანდართული გადაწყვეტილებები (მოპასუხის 18.03.2022 წ. და 24.05.2022 წ. გადაწყვეტილებები), როგორც მოპასუხის მიერ უკვე განხორციელებული ქმედების მაგალითი, არ მიუთითებს ბანკისათვის ბონუს აქციების დაბრუნების დამაბრკოლებელ გარემოებებზე.

29. აღნიშნულიდან გამომდინარე, აქციონერისათვის აქციებთან დაკავშირებით და მისგან გამომდინარე ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილების მიღების აკრძალვის ზოგადი და აბსტრაქტული მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, გადაწყვეტილების აღსრულების მიზანთან შეუსაბამო და არაპროპორციულად ზღუდავს მეორე მხარის უფლებებს.

30. ბანკისათვის აქციების უკან დაბრუნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით უფრო მეტად დაუსაბუთებელი, ზოგადი და აბსტრაქტულია მეორე მოთხოვნა მოპასუხისათვის, როგორც აქციონერის სტატუსით, ისე ამ სტატუსის გარეშე, მესამე პირებთან ბანკის სახელით გამოსვლისა და ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციის წარმართვის აკრძალვის შესახებ.

31. უზრუნველყოფის აღნიშნული ღონისძიების აუცილებლობის დასაბუთებას მოსარჩელე ახდენს არა იმ არგუმენტით, რომ მესამე პირებთან კომუნიკაციით ბანკისათვის ბონუს აქციების დაბრუნებას საფრთხე ექმნება, არამედ იმაზე მითითებით, რომ - მოპასუხის ქმედებები იწვევს ბანკის ინტერესების დაზიანებას; ხელს უშლის ბანკის ნორმალურ ფუნქციონირებას; მესამე პირებს უჩენს ბანკის მენეჯმენტის უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანის საფუძველს; ამ ქმედებებით ბანკი დგება რეპუტაციული საფრთხის წინაშე.

32. აღნიშნულ არგუმენტებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბანკის აქციონერის მიერ განხორციელებული ქმედებები და მესამე პირებთან ისეთი კომუნიკაცია, რომელსაც ბანკისათვის საზიანო შედეგი მოჰყვება და არ უკავშირდება/სცდება წინამდებარე დავის საგანს, ვერ გახდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფარგლებში ამ სასამართლოს განხილვის საგანი. ისინი წარმოადგენს სხვა სასარჩელო წარმოების წესით დავის საფუძველს. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობაზე მსჯელობისას აქციონერის ქმედებები წინამდებარე სასამართლომ უნდა შეაფასოს მხოლოდ და მხოლოდ ბანკისათვის ბონუს აქციების უკან დაბრუნებისათვის ხელშეშლის კონტექსტში.

33. სასამართლო უფლებამოსილი არ არის უზრუნველყოფის ღონისძიებით პირს შეუზღუდოს აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს, ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას, აგრეთვე, კანონითა და წესდებით მისთვის მინიჭებული ის უფლებები, რომლებიც ხელს არ უშლის კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

34. წინამდებარე საქმე, სადაც უზრუნველყოფის ღონისძიებაა მოთხოვნილი, ეხება ბანკის დავას ყოფილ დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის საგანია ბანკის მიერ დირექტორისათვის სასამსახურო ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ბონუს აქციების უკან დაბრუნება.

35. დავის საგანს არ წარმოადგენს და ვერც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კონტექსტში იქნება განხილული ბანკისა და ყოფილი დირექტორის (ამჟამად აქციონერის) ნებისმიერი სხვა ურთიერთობა, რომელიც არ ეხება ბონუს აქციების დაბრუნებას, მათ შორის, მოპასუხის მიერ საქართველოში არსებული საფინანსო დაწესებულებების ხელმძღვანელებისათვის გაგზავნილი წერილები და მოწოდებები, რომლებიც მოსარჩელის განმარტებით შეიცავს ბანკის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელისშემშლელ და რეპუტაციული საფრთხის შემცველ ინფორმაციას. აღნიშნული წარმოადგენს ზოგადი სასარჩელო წესით დავის საგანს, რისი უფლებაც ბანკს აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. აღნიშნულის ერთ-ერთი მაგალითია ბანკის სარჩელი მოპასუხის 18.03.2022წ. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის/მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოთხოვნილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები ბანკისათვის ბონუს აქციების დაბრუნების მოთხოვნასთან შესაბამისობაში არ არის, აქციების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას არ უზრუნველყოფს, აღსრულების მიზნის არაპროპორციულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 191-ე, 193-ე, 194-ე, 284-ე მუხლებით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „თ.ბ–ის“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი