Facebook Twitter

№ას-274-2020 27 მაისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი/ კერძო საჩივრის ავტორი – ზ.ბ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ნ–ძე (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

ფსიქოლოგი – შ.მ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.10.2019წ. გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მშობლის უფლების შეზღუდვა, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - სარჩელზე უარის თქმის საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 26.09.2018 წლის გადაწყვეტილებით მშობლის უფლების შეზღუდვისა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე ლ.ნ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ზ.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების ცენტრი, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შ.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „არასრულწლოვანი“ ან „ბავშვი“) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - მოსარჩელის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში: ქალაქი დუშეთი, ....... სარჩელი არ დაკმაყოფილდა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მოსარჩელის ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის - ირლანდია, ქალაქი სლეიმილ ხოადი განსაზღვრის ნაწილში; ასევე, არ დაკმაყოფილდა სარჩელი მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების (სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში ბავშვისთვის პასპორტის აღება, ბავშვის საზღვარგარეთ (ირლანდიაში) გამგზავრება და საზღვრის გადაკვეთა) შეზღუდვის მოთხოვნა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 155-167). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.10.2019 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. შეიცვალა მცხეთის რაიონული სასამართლოს 26.09.2018 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს, როგორც არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს, შეეზღუდა კანონიერი წარმომადგენლობის უფლება არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ (ირლანდიაში) გამგზავრებასა და საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით; ამავე მიზნით, მოპასუხეს შეეზღუდა კანონიერი წარმომადგენლობის უფლება შვილის პასპორტის აღებასთან დაკავშირებით სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში. არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - მოსარჩელის ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი ირლანდიაში, ქალაქი სლეიმილ ხოადი. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 463-479).

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე პალატის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

5. სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხისა და კერძო საჩივრის განხილვის თარიღად განისაზღვრა 05.04.2022 წელი.

6. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, ასევე კერძო საჩივრის განხილვამდე, 04.04.2022წ. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მომართა განცხადებით და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა სარჩელზე უარის თქმის გამო. აღნიშნული განცხადება წარმოდგენილი იყო ასლის სახით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.04.2022წ. განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება და ასევე მისი კერძო საჩივრის განხილვა გადაიდო. ამავე განჩინების მე-2 პუნქტით დადგინდა, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების, ასევე მისი კერძო საჩივრის განხილვის თაობაზე უნდა ეცნობოს მესამე პირს - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. მესამე პირს კანონით დადგენილი წესით ეცნობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების, ასევე კერძო საჩივრის განხილვის თაობაზე.

8. მოსარჩელის წარმომადგენელმა 17.05.2022წ. სასამართლოში დედნის სახით წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა სარჩელზე უარის თქმის გამო (იხ.: განცხადება, ტ.3, ს.ფ. 28).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

10. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს რა დისპოზიციურობის პრინციპს, მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

სარჩელზე უარის თქმა - ესაა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტი საპროცესო სამართლებრივი შედეგით (თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი. სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, თბილისი, 2014, გვ.85).

11. სსსკ-ის მე-3 მუხლში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (იხ.: სუსგ №ას-20-17-2015, 18 მარტი, 2015 წელი; №ას-694-648-2017, 12 ივნისი, 2017 წელი; №ას-1047-2019, 20 დეკემბერი, 2019 წელი).

12. სსსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით, წარმომადგენლის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის თაობაზე სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

13. წარმოდგენილი განცხადება ხელმოწერილია მოსარჩელის წარმომადგენლის გ.ს–ის მიერ (იხ. მინდობილობა სარჩელზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის უფლებით, ტ.3, ს.ფ.14-16; 24-26). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმომადგენელი უფლებამოსილია მხარის სახელით მომართოს სასამართლოს სარჩელზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობით.

14. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. ამასთან, წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას, მოსარჩელის დისპოზიციური ნების შესაბამისად ჩამოყალიბებულ სასარჩელო მოთხოვნებზე წარმოების შეწყვეტის გარდა, საკასაციო პალატას არა აქვს სხვა საკითხებზე მსჯელობის უფლებამოსილება.

15. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 350 ლარის ოდენობით. ვინაიდან საკასაციო საჩივრის და კერძო საჩივრის არსებითად განხილვამდე მოწინააღმდეგე მხარემ - მოსარჩელემ სარჩელზე თქვა უარი (სუსგ №ას-20-17-2015, 18 მარტი, 2015 წელი), კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე. შესაბამისად, არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ნ–ძის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-274-2020 (მოსარჩელე - ლ.ნ–ძე; მოპასუხე -ზ.ბ–ძე; მესამე პირი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო; დავის საგანი – მშობლის უფლების შეზღუდვა, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა).

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

5. ზ.ბ–ძეს (პირადი ნომერი: ......) უკან დაუბრუნდეს ნ.ს–ის (პირადი ნომერი: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 350 ლარი (საგადახდო დავალება #8735439252, გადახდის თარიღი 27.11.2019წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე