Facebook Twitter

საქმე №ა-1059-შ-33-2022 31 მაისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.ხ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - საფრანგეთის რესპუბლიკის, ქ. რენის სასამართლოს 27.05.2021წ. გადაწყვეტილება (ოჯახის პირველი საბჭოს განხილვის ოქმი) მეურვეობის დადგენის შესახებ

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საფრანგეთის რესპუბლიკის, ქ. რენის სასამართლოს 27.05.2021წ. ოჯახის პირველი საბჭოს გადაწყვეტილებით (ოქმით) (შემდეგში "უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება") ე.ხ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „შუამდგომლობის ავტორი“) დაინიშნა თ.ჯ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „არასრულწლოვანი“) (დაბადებული 06.02.2016წ. თბილისში) მეურვედ.

2. 10.03.2022წ. შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა არასრულწლოვნის მეურვედ მისი დანიშვნის თაობაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობაზე დართული ცნობით ირკვევა, რომ გადაწყვეტილებაზე არავითარი საჩივარი არ არის წარდგენილი კანონით გათვალისწინებულ ვადაში, ამდენად, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2022წ. განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით შუამდგომლობის ავტორი დაინიშნა არასრულწლოვნის მეურვედ.

6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული ცნობის შესწავლით ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაზე არავითარი საჩივარი არ არის წარდგენილი კანონით გათვალისწინებულ ვადაში, ამდენად, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დგინდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).

9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ხ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საფრანგეთის რესპუბლიკის, ქ. რენის სასამართლოს 27.05.2021წ. ოჯახის პირველი საბჭოს გადაწყვეტილება (ოჯახის პირველი საბჭოს განხილვის ოქმი), რომლითაც ე.ხ–ი დაინიშნა 06.02.2016 წელს დაბადებული თ.ჯ–ის მეურვედ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია