№ას-278-2022
02 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – რ.გ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.დ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება; მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი.დ–ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე 1201 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობები (კოდი ......) და მოსარჩელეს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. ამასთან, ი.დ–ს რ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 152 ლარის გადახდა 2017 წლის 20 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელე რ.გ–მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 პუნქტის გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხე ი.დ–მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.დ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო რ.გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი.დ–ს დაეკისრა რ.გ–ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 152 ლარის გადახდა 2017 წლის 20 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ი.დ–ს დაეკისრა რ.გ–ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 152 ლარის გადახდა 2020 წლის 13 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დანარჩენ ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე რ.გ–მა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით კასატორს - რ.გ–ს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 590,4 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2022 წლის 21 მარტს.
2022 წლის 28 მარტს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კასატორი - რ.გ–ი არის პენსიონერი და არ გააჩნია სხვა შემოსავალი, რის გამოც, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ ახერხებს 590,4 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდას. ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელმა ითხოვა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის 10 დღით გაგრძელება.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 აპრილის განჩინებით კასატორს - რ.გ–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2022 წლის 8 აპრილს.
2022 წლის 18 აპრილს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა, რომელმაც კვლავ აღნიშნა, რომ კასატორი - რ.გ–ი არის პენსიონერი და არ გააჩნია სხვა შემოსავალი, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ რ.გ–ს დღეის მდგომარეობით დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება. აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით კასატორის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კასატორი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ ახერხებს 590,4 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდას. ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელმა ითხოვა კასატორ რ.გ–ისათვის ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან ითხოვა მისთვის ბაჟზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება.
2022 წლის 27 აპრილის განჩინებით რ.გ–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2022 წლის 28 აპრილს.
2022 წლის 3 მაისს საკასაციო სასამართლოს მომართა რ.გ–ის წარმომადგენელმა, კვლავ მიუთითა, რომ კასატორს არ გააჩნია შემოსავალი და მის მიმართ მიმდინარეობს საასრულებო წარმოება. კასატორის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე ან წინააღმდეგ შემთხვევაში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებაზე.
2022 წლის 11 მაისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2022 წლის 20 მაისს.
2022 წლის 25 მაისს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო პალატას კვლავ მომართა კასატორის წარმომადგენელმა, მიუთითა, რომ 2022 წლის 11 მაისის განჩინების შესახებ აცნობა კასატორის ოჯახის წევრს, თუმცა კასატორის პოზიცია მისთვის გაურკვეველია. განმცხადებელი კვლავ შუამდგომლობს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს 2022 წლის 21 მარტის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და სამჯერ - 7 აპრილის, 27 აპრილისა და 11 მაისის განჩინებებით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, მიუხედავად იმისა, რომ მხარე ყველა შემთხვევაში პრაქტიკულად ერთი და იგივე საფუძვლით შუამდგომლობდა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებაზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის გაგრძელების შესახებ 2022 წლის 11 მაისის განჩინება ამავე წლის 20 მაისს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს.
2022 წლის 25 მაისს კასატორის წარმომადგენელმა კვლავ მომართა საკასაციო პალატას და იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაუსაბუთებელია და კასატორის წარმომადგენელი არ მიუთითებს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას მხარეს გაუგრძელოს ხარვეზის აღმოფხვრის ვადა, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კასატორს უკვე სამჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა ერთი და იგივე საფუძვლით, თუმცა, დადგენილი ხარვეზი ნაწილობრივაც არ ყოფილა აღმოფხვრილი. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოში სამართალწარმოება ორივე მხარის თანასწორობის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბრად დაცვას გულისხმობს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის საკასაციო სასამართლოში შემოსვლიდან გასულია ორ თვეზე მეტი, ხარვეზის შევსების ვადის დამატებით გაგრძელება სრულიად დაუსაბუთებელი განცხადების საფუძველზე, შელახავს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს, ვიდაიდან ეს გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ უსაფუძვლოა, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.გ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. რ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია