Facebook Twitter

№ას-325-2022

02 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ მ.ჯ–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,გ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ დისციპლინური სახდელის დადების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, შრომის ანაზღაურების დავალიანებისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ჯ–ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მ.ჯ–ვამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით მ.ჯ–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მ.ჯ–ვამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ: მ.ჯ–ვას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის დედნის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით, ასევე 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 31 მარტს.

2022 წლის 04 აპრილს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და წარმოადგინა საკასაციო საჩივრის დედანი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით, თუმცა არ წარმოუდგენია 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით კასატორის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კასატორი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს და მისი სტატუსიდან გამომდინარე, მას ან უნდა გადუვადდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ან იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 აპრილის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების და არც ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე. კასატორს - მ.ჯ–ვას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა გადახდისუუნარობის შესახებ ან 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2022 წლის 08 აპრილს სსსკ-ის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 368-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 399-ე მუხლის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა საკასაციო საჩივრის ავტორს.

2022 წლის 13 აპრილს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და კვლავ აღნიშნა, რომ კასატორი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს და მისი სტატუსიდან გამომდინარე, მას ან უნდა გადუვადდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ან იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. ამასთან, განმცხადებლის მითითებით, რამდენადაც კასატორი დავობს მისი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, იგი ამ საფუძვლითაც გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

2022 წლის 21 აპრილის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა გადახდისუუნარობის შესახებ ან 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2022 წლის 21 აპრილს.

2022 წლის 2 მაისს (1 მაისი იყო არასამუშაო დღე - კვირა) საკასაციო სასამართლოს მომართა კასატორის წარმომადგენელმა, კვლავ მიუთითა, რომ კასატორი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებული სტატუსის მქონე პირს და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება ან წინააღმდეგ შემთხვევაში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 15 დღით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 მაისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა აღნიშნულ ვადაში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ხარვეზის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 20 მაისს.

2022 წლის 27 მაისს საკასაციო პალატას მომართა კასატორის წარმომადგენელმა და წარმოადგინა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს არაერთხელ დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და შესაბამისად გაუგრძელდა მისი შევსების ვადა. ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ 2022 წლის 11 მაისის განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმეში არსებულ მისამართზე. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2022 წლის 20 მაისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს - ს.მ–ძეს (მინდობილობა: ტომი 1, ს.ფ. 124).

სსსკ-ის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 21 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 25 მაისს.

ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო, ან შესაბამისი შუამდგომლობით მოემართა სასამართლოსთვის 2022 წლის 25 მაისის ჩათვლით, რომელიც იყო სამუშაო დღე - ოთხშაბათი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის. საკასაციო პალატას 2022 წლის 27 მაისს მომართა კასატორის წარმომადგენელმა და წარმოადგინა 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. წარმოდგენილი განცხადება შედგენილია 2022 წლის 27 მაისის რიცხვით და სახელმწიფო ბაჟიც ასევე გადახდილია 2022 წლის 27 მაისს, ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და საკასაციო პალატას მომართა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის - 2022 წლის 25 მაისის შემდეგ, რაც როგორც აღინიშნა, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 63-ე მუხლებისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 374.3 მუხლების შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ჯ–ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს მ.ჯ–ვას (.........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს.მ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი (გადახდის თარიღი – 2022 წლის 27.05.2022, საგადახდო დავალება 13418094348);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია