საქმე №ას-448-2022 2 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „დ.ი–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. და ი.ხ–ები (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. და ი.ხ–ებმა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „დ.ი–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ მოსარჩელეთა სასარგებლოდ 64986.4 ლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელეთა განმარტებით, 2019 წლის 31 ოქტომბერს მხარეებმა სანოტარო წესის დაცვით გააფორეს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 4.2. პუნქტის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის ბინა დასრულებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცა არაუგვიანეს 2020 წლის 28 თებერვლისა. ნასყიდობის ხელშეკრულების საგანში არ მითითებულა უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, რომლითაც უნდა მომხდარიყო შეძენილი უძრავი ქონების ზუსტი იდენტიფიცირება.
3. 2020 წლის 15 ივნისს მოსარჩელე მხარემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრს 2019 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებულ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციის მოთხოვნით, რაზეც ეთქვა უარი და საქმის წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრში რეგისტრირებულია ყადაღა, საფუძველია განჩინება 12/9162, 17.06.202, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მიერ.
4. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მყიდველს, მარწმუნებელს ხელშეკრულების ხელმოწერის დღისათვის უნდა გადაეხადა ნასყიდობის ღირებულების ნაწილი, კერძოდ, 2000 აშშ დოლარი, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ლარში, ხოლო დარჩენილი 20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო 2019 წლის 13 ნოემბრამდე.
5. სს „თ.ბ–ის“ მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ 31.10.2019 წელს ფიზიკურმა პირმა მოპასუხეს გადაურიცხა 5926.40 ლარი და შესრულდა უძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.
6. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით 2019 წლის 17 დეკემბერს აშშ დოლარის მიმართება ლართან იყო 1X2,8787. შესაბამისად, 14000X2,8787 40301.8, რაც ემთხვევა გადარიცხულ თანხას.
7. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ 13.11.2019 წელს მოპასუხეს გადაერიცხა 59060.00 ლარი და შესრულებულ იქნა უძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
8. მყიდველმა მხარემ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნტი შეასრულა და თანხა გადაიხადა იმ პერიოდისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ლარში.
9. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ მოპასუხეს ფიზიკურად არ გააჩნია საკუთრებაში იმ ოდენობის უძრავი ქონება, რაზეც ხელშეკრულება დაუდო მოსარჩელე მხარეს, შესაბამისად, შეუძლებელია საკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, სახეზეა საკუთრების უფლების ხელყოფა, ამდენად, მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულების შესრულებისადმი იურიდიული ინტერესი დაკარგა.
მოპასუხის პოზიცია:
10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეებს შორის ნამდვილად დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელეები კუთვნილ ფართს მიიღებდნენ უახლოეს პერიოდში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 64986.4 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: ა) სახელმწიფო ბაჟის სახით 2599,45 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი) ან, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით, შესაბამისი შუამდგომლობა და მტკიცებულებები, რაც სასამართლოს შუამდგომლობაზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა; ბ) აპელანტის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი ან ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (რწმუნებულება). აღნიშნული განჩინება აპელანტს 2021 წლის 28 ივლისს ჩაბარდა.
14. 2021 წლის 6 აგვისტოს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ხარვეზის შევსებისათვის დანიშნულ ვადაში, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვა, ვინაიდან აპელანტი იურიდიული პირის ხელმძღვანელი იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, ხოლო თავად განმცხადებელი იზოლაციაში, რის გამოც სახელმწიფო ბაჟისათვის საჭირო თანხის მოძიება და რწმუნებულების გაფორმება ვერ მოხერხდა.
15. სააპელაციო პალატის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა 10 დღით, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან. აღნიშნული განჩინება აპელანტს 2021 წლის 21 სექტემბერს ჩაბარდა.
16. 2021 წლის 1 ოქტომბერს, ხარვეზის შევსებისათვის დანიშნულ ვადაში, სააპელაციო პალატას აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ განცხადებით მიმართა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 7 დღით გაგრძელება მოითხოვა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ აპელანტი იურიდიული პირის ხელმძღვანელი იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში და, მართალია, რწმუნებულების გაფორმება მოხერხდა, მაგრამ მატერიალური სახით საპატიმრო დაწესებულბიდან აღება ჯერ ვერ მოესწრო. ასევე, სახელმწიფო ბაჟისათვის საჭირო თანხის მოძიებისთვის დამატებითი ვადაა საჭირო.
17. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა 7 დღით, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან. აღნიშნული განჩინება აპელანტს 2021 წლის 21 ოქტომბერს ჩაბარდა.
18. 2021 წლის 27 ოქტომბერს, ხარვეზის შევსებისათვის დანიშნულ ვადაში, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ განცხადებით მომართა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის უკანასკნელად 7 დღით გაგრძელება მოითხოვა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ აპელანტი იურიდიული პირის ხელმძღვანელი იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში და, მართალია, რწმუნებულების გაფორმება მოხერხდა, მაგრამ მატერიალური სახით საპატიმრო დაწესებულბიდან აღება კვლავ ვერ მოხერხდა. ასევე, სახელმწიფო ბაჟისათვის საჭირო თანხის მოძიებისთვის დამატებითი ვადაა საჭირო, ვინაიდან მოსაძიებელია სოლიდური თანხა.
19. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა 7 დღით. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს (ორდერით), 2021 წლის 18 ნოემბერს ჩაბარდა.
20. 2021 წლის 25 ნოემბერს, ხარვეზის შევსებისათვის დანიშნულ ვადაში, სააპელაციო სასამართლოს აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ განცხადებით მიმართა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 5 დღით გაგრძელება მოითხოვა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მას დაუდასტურდა კორონა ვირუსი და მკურნალობას გადის კლინიკაში, რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინოს განცხადება.
21. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა 5 დღით. აღნიშნული განჩინება აპელანტის დირექტორს ჩაბარდა საპატიმრო დაწესებულებაში 2021 წლის 20 დეკემბერს, ხოლო მის წარმომადგენელს - 2021 წლის 21 დეკემბერს.
22. 2021 წლის 27 დეკემბერს, ხარვეზის შევსებისათვის დანიშნულ ვადაში, სააპელაციო პალატას კვლავ მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, წარუდგინა მის სახელზე აპელანტი საზოგადოების დირექტორის მიერ გაცემული რწმუნებულება, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში, მოითხოვა გადასახდელი ბაჟის ოდენობისა და კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 7 დღით გაგრძელება.
23. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა 7 დღით. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2022 წლის 18 იანვარს ჩაბარდა.
24. 2022 წლის 24 იანვარს, ხარვეზის შევსებისათვის დანიშნულ ვადაში, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ მხარეთა შორის ფაქტობრივად მიღწეულია მორიგება, თუმცა, კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 5 დღით გაგრძელება.
25. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 თებერვლის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღით გაუგრძელდა. აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 2599,45 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერის) ან, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით, შესაბამისი შუამდგომლობის და მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც სასამართლოს შუამდგომლობაზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2022 წლის 18 თებერვალს ჩაბარდა.
26. სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა აპელატის წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადა და ფარგლები, იგი რეგისტრირებულია ადვოკატთა ერთიან სიაში, საერთო სპეციალიზაციით.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 61-ე, 64-ე, 65-ე, 59-ე 63-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2022 წლის 23 თებერვლის ჩათვლით უნდა შეევსო.
28. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2022 წლის 23 თებერვალს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში, სააპელაციო სასამართლოს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის კვლავ, ამჯერად 7 დღით გაგრძელება მოითხოვა და განმარტა, რომ მარწმუნებელთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომლის თანახმადაც, ის რამდენიმე დღეში თანხის მობილიზებას სრულად შეძლებდა.
29. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა აპელანტს უკვე არაერთხელ გაუგრძელდა და მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზის თაობაზე აპელანტის ინფორმირების შემდეგ უკვე თითქმის 8 თვე გავიდა, რაც საკმარისი და გონივრული ვადაა ხარვეზის შესავსებად, აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია. გარდა წერილობითი განცხადებებისა, აპელანტის მძიმე ფინანსური მდგომარეობის თაობაზე, არც რაიმე მტკიცებულება ყოფილა წარმოდგენილი, რისი შეფასების შესაძლებლობაც სასამართლოს ექნებოდა. გარდა ამისა, აპელანტის მიერ არც 2022 წლის 23 თებერვლის შემდეგ წინამდებარე განჩინების მიღებამდე მომხდარა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა.
30. სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტს დადგენილი ხარვეზის შესავსებად ვადა რამდენჯერმე გაუგრძელდა, თუმცა, ხარვეზი არ იქნა შევსებული. მითითებულმა სასამართლოს შეუქმნა დასაბუთებული ეჭვი, რომ აპელანტი მხარე ცდილობდა სასამართლო პროცესის გაჭიანურებას, რის გამოც ხელი ეშლებოდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს და ირღვეოდა მეორე მხარის უფლებები. ამავდროულად, გასათვალისწინებელია მოწინააღმდეგე მხარის ინტერესი, მიიღოს დროული და ეფექტური მართლმსაჯულება. თავის მხრივ, სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მეორე მხარის ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები.
31. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებაზე უნდა დარჩეს განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და საფუძვლები:
32. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
33. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტს არაერთხელ გაუგრძელა ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა, თუმცა მხარემ ხარვეზი ვერ გამოასწორა, რადგან აპელანტი კომპანიის ხელმძღვანელი იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, კომპანიას გააჩნდა მძიმე ფინანსური მდგომარეობა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი დიდი ოდენობის თანხის შეგროვება დროულად ვერ მოხერხდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს კვლავ უნდა გაეგრძელებინა აპელანტისათვის ხარვეზის გამოსასწორებელი ვადა და მხარისათვის სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ უნდა შეეზღუდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
34. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
35. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
36. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
37. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
38. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: ა) სახელმწიფო ბაჟის სახით 2599,45 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი) ან, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით, შესაბამისი შუამდგომლობა და მტკიცებულებები, რაც სასამართლოს შუამდგომლობაზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა; ბ) აპელანტის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი ან ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (რწმუნებულება).
39. აღნიშნული განჩინება აპელანტ მხარეს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, რის შემდეგაც აპელანტის წარმომადგენელმა არაერთხელ მიმართა სააპელაციო პალატას ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით. სააპელაციო პალატამ ყოველ ჯერზე დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა და დამატებით ვადა დაუდგინდა მას.
40. 2022 წლის 23 თებერვალს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში, აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, კვლავ მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 7 დღით გაგრძელება და განმარტა, რომ მარწმუნებელთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომლის თანახმადაც, ის რამდენიმე დღეში თანხის მობილიზებას სრულად შეძლებდა.
41. საბოლოოდ, აპელანტს ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა ჰქონდა ხარვეზის დადგენიდან - 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის მარტამდე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მომენტამდე, თუმცა ხარვეზი სრულად არ შეუვსია. ხარვეზი აღმოიფხვრა მხოლოდ აპელანტი საზოგადოების დირექტორის მიერ წარმომადგენლისათვის გაცემული რწმუნებულების სახით, თუმცა აპელანტს არც სახელმწიფო ბაჟი გადაუხდია და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლად რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია.
42. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის შეტანიდან გასულია რამდენიმე თვე და ხარვეზი სრულად არ გამოსწორებულა, შესაბამისად, აპელანტის შუამდგომლობები იწვევს საქმის განხილვის გაუმართლებელ გაჭიანურებას, რაც უპირობოდ ლახავს მოწინააღმდეგე მხარის კანონით დაცულ ინტერესებს, მიიღოს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება.
43. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა და შეაფასა აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე და მართებულად არ დააკმაყოფილა იგი.
44. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს, რომ სასამართლო გზავნილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლის (რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებული იყო საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით).
45. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი სრულად არ გამოუსწორებია, ამდენად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად.
46. რაც შეეხება აპელანტის შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ, სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
47. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.
48. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.
49. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.
50. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.
51. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და ილუზიურად, არამედ პრაქტიკულად და ეფექტურად.
52. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
53. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
54. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (სუსგ 16.11.2018წ. საქმე №ას-1324-2018).
55. მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობების არსებობა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა.
56. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
57. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „დ.ი–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი