Facebook Twitter

საქმე №ას-257-2021 5 მაისი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ი.ჭ–ძე, ნ.ჭ–ძე, ზ.ჭ–ძე, გ.ჩ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ფ.ბ.ს–ო" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი.ჭ–ძის, გ.ჩ–ძის, ნ.ჭ–ძისა და ზ.ჭ–ძის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) საკასაციო პრეტენზიები ეხება იმას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სს „ფ.ბ.ს–ოს“ (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, უძრავი ნივთის მოპასუხეთა (კასატორებთან ერთად მოპასუხეები იყვნენ: გ. ჭ–ძე, გ. ჭ–ძე, ა. ჭ–ძე, მ.ჭ–ძე და თ. ჭ–ძე) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ კანონის დარღვევით, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმე, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტები ამის წინააღმდეგი იყვნენ;

1.2. კასატორთა მითითებით, სადავო ბინაში კანონიერად ცხოვრობს ზ.ჭ–ძე, რომელიც ფსიქიურად დაავადებულია, თუმცა ჯერჯერობით მხარდამჭერი არ ჰყავს დანიშნული. ამასთან, აპელანტ გ.ჩ–ძეს (ი.ჭ–ძის შვილი), რომელიც საზღვარგარეთ არის წასული, სასამართლო შეტყობინება არ მიუღია;

1.3. კასატორების განმარტებით, მოსარჩელემ ისარგებლა მოპასუხეების უმძიმესი ფიზიკური და მატერიალური მდგომარეობით და ისინი უძრავი ქონების გარეშე დატოვა. კასატორები მიუთითებენ, რომ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულება თავიდანვე ბათილი იყო მართლსაწინააღმდეგობისა და ამორალურობის საფუძვლით.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს სამოქალაქო სააპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრის პრეტენზიებისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170.1-ე /მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას/ და 172.1-ე /მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება/ მუხლების დანაწესი.

4.2. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები და დაადგინა შემდეგი გარემოებები:

4.2.1. ქ. ზესტაფონში, ...... (ს/კ ......) მდებარე ფართი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს;

4.2.2. მოპასუხეები ფლობენ უძრავ ქონებას და ისინი არ არიან სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელები.

4.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 170-ე და 172.1-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია, კერძოდ: ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

5. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს. ფ. 13-14), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. მოპასუხეებმა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

6. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.

7. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-102-2021, 31.03.2021 წ., Nას-110-2022, 15.04.2022 წ.).

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის ზ.ჭ–ძის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის დამადასტურებელი მტკიცებულება. კასატორი ი.ჭ–ძე კასატორ ზ.ჭ–ძის მამაა, მოპასუხეები ერთად ცხოვრობენ.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულება ბათილია, რადგან ამგვარი გარემოების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაში, რაც ითვლება ნამდვილად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება (სსკ-ის 312-ე მუხლი), საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი კი მოპასუხეებმა ვერ დაძლიეს.

10. საკასაციო სასამართლო საპროცესო სამართლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

11. რაც შეეხება კასატორთა პრეტენზიას საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო უპირველესად მიუთითებს, რომ სასამართლოს განხილვაშია მესაკუთრის სარჩელი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, შესაბამისად, განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ,,...... თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით“, უფლებამოსილი იყო საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა, რაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად ვერ განიხილება.

12. საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ'' (დიდი პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ეროვნული მართლმსაჯულების მთლიანი სისტემა და მასში სააპელაციო სასამართლოს როლის მნიშვნელობა.“ როდესაც შესაბამისი სააპელაციო განხილვა მხოლოდ კანონის საკითხებს ეხება, ზეპირი მოსმენა, ზოგადად, არ მოითხოვება (ECTHE, აქსენი გერმანიის წინააღმდეგ, №8273/78, 1983 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 32).

13. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დავის განხილვის ფორმას განსაზღვრავს სასამართლო საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ანუ აღნიშნული საკითხი სასამართლოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, შესაბამისად, ვინაიდან საქმეზე დადგენილ იქნა ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სადავოდ არ გამხდარა არც ერთი მხარის მიერ, სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის ძალით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე (იხ. სუსგ N ას-504-2020, 19.11.2020 წ.).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ჭ–ძის, ნ.ჭ–ძის, ზ.ჭ–ძის და გ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი.ჭ–ძეს, ნ.ჭ–ძეს, ზ.ჭ–ძეს და გ.ჩ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ, ი.ჭ–ძის (პ/ნ .....) მიერ, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N11412786617, გადახდის თარიღი 2021 წლის 16 აგვისტო), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე