Facebook Twitter

20 აპრილი, 2022 წელი,

საქმე #ას-514-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჩ-ი ხ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან მერია) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი და შპს „ჩ-ი ხ-ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს - 24982,96 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, აუდიტორული დასკვნა მხოლოდ ორი ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შესრულებული სამუშაოთა სხვაობაზე მიუთითებს და არ არის აღნიშნული, მოსარჩელემ კონკრეტულად რა სამუშაოები შეასრულა.

2.1. კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველის ჩვენება, რითაც დგინდებოდა მცირე მოცულობისა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს არსებობა.

2.2. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაითვალისწინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაც.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. მხარეებს შორის 2017 წლის 5 ივნისს დაიდო #... ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), რომლის საგანს ხელვაჩაურის რაიონის …. მეურნეობაში, საფეხბურთო მინიმოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა წარმოადგენდა. ხელშეკრულების ღირებულება - 70216 ლარით განისაზღვრა.

5.4. 2017 წლის 5 ივლისამდე უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები (35108 ლარის), რაც მენარდემ არ გაითვალისწინა.

5.5. შემკვეთმა 2017 წლის 3 აგვისტოს წერილით მიმწოდებელს აცნობა, იმავე წლის 30 აგვისტოს #... ბრძანებით, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, ამასთან, განისაზღვრა პირგასამტეხლო - 3610,80 ლარი, რაც მენარდემ აანაზღაურა.

5.6. ამავე ობიექტზე მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „კ-ა“ რომელთანაც 2017 წლის 26 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #... ხელშეკრულება, რომლის ღირებულება - 65,534.98 ლარით განისაზღვრა.

5.7. მოსარჩელის მიერ გარკვეული სამუშაოები შესრულდა, თუმცა მას შემკვეთისთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, მხარეებს შორის არც მიღება-ჩაბარების აქტი არ შედგენილა.

5.8. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 13 აპრილის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელისთვის შედგენილ ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვით იმ სამუშაოთა ჯამური ღირებულება, რაც არ გათვალისწინებულა შპს „კ-თან“ დადებულ #... ხელშეკრულების დანართში/ხარჯთაღრიცხვაში - 24982,96 (დღგს ჩათვლით) ლარია.

5.9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელის ხარჯთაღრიცხვაში ასახული სამუშაოების გარეშე, საფეხბურთო მინიმოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები სრულად ვერ შესრულდებოდა.

6. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება კასატორსა და მოსარჩელეს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც მიეკუთვნება მომსახურების ტიპის ხელშეკრულებათა რიცხვს (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 629.1 მუხლი). ნარდობა თავისი ბუნებით ორმხრივ მავალდებულებელი (სინალაგმატური “sinalagma”), სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა. იგი აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი.

7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტია. როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოშიც ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. ქართული სამოქალაქო კოდექსი შესრულებაზე ორიენტირებული აქტია. მისი როგორც ზოგადი, ისე - კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია, შესრულება და არა პასუხისმგებლობა. ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია კონკრეტული სახის ვალდებულების შინაარსზე. ვალდებულება სრულდება ვალდებულების მხარეების ნებელობითი მოქმედების შედეგად: მოვალე სთავაზობს შესრულებას, კრედიტორი იღებს შესრულებას. უარყოფითი შინაარსის მქონე ვალდებულებების არსებობა გამოიხატება გარკვეული მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებით (მაგალითად, სამეზობლო თმენის ვალდებულებები და ა.შ.). ასეთი უმოქმედობაც ხორციელდება მოვალის ძალისხმევით, ამიტომაც იურიდიულ ლიტერატურაში ვალდებულების შესრულების აღმნიშვნელ ტერმინად ძირითადად გამოიყენება ტერმინი – ქმედება.

8. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს. რელატიური უფლება არის განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად. რელატიური უფლება წარმოიშობა ნამდვილი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე.

ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.

9. ნარდობის ხელშეკრულებით, შემკვეთის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

10. ნარდობა ძირითადად მოწესრიგებულია სსკ-ის, 629 - 656-ე მუხლებით. სსკ 636-ე მუხლი (შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი) კი, შემკვეთს ანიჭებს ხელშეკრულების შეწყვეტის თავისუფალ უფლებას. რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი მას არ ავალდებულებს, იმოქმედოს ზოგადი წესების მიხედვით, რომლის თანახმადაც უმეტეს შემთხვევაში, შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა არსებობდეს (მაგ. 399-ე მუხლი) ან, კიდევ დაიცვას შეწყვეტის ვადები ან წინასწარ გააფრთხილოს მენარდე (სსკ-ის 405.1 მუხლი), თუმცა იგი ვალდებულია, მენარდეს აუნაზღაურის ხელშეკრულების შესრულებული ნაწილი.

11. ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო.

12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სახელშეკრულებო სამართლის ფარგლებში მოწესრიგებულ ურთიერთობათა ცალკეულ ნორმებზე: მაგ. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი (სსკ-ის 484-ე მუხლი), რომელიც გარიგების ყოველი მხარისათვის ადგენს შესაძლებლობას, უარი თქვას თავისი ვალდებულების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება მეორე მხარის მიერ მოვალეობათა მნიშვნელოვანი ნაწილის შეუსრულებლობისა, იქვეა დათქმა უარის თქმის დაუშვებლობაზე; საგულისხმოა, მაგალითად, სხვა ნორმებიც: ხელშეკრულების მოშლა დამქირავებლის ინიციატივით (სსკ-ის 541-ე მუხლი), დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას (სსკ-ის 835-ე მუხლი), რომელთა მიხედვითაც, ურთიერთობის შეწყვეტამდე გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს და იქნეს დაცული. სამოქალაქო კოდექსის ცალკეულ ინსტიტუტებთან შედარებისას და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ურთიერთობისათვის ამოსავალი პრინციპის - კონტრაჰენტთა კეთილსინდისიერების გათვალისწინებით (სსკ-ის 8.3 მუხლი), შეიძლება ითქვას, რომ ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში 636-ე მუხლი არის ის სპეციალური რეგულაცია, რომელსაც არ სჭირდება წინაპირობების დაცვა (შდრ. სუსგ №ას-901-851-2015, 05.02.2016წ).

13. რაც შეეხება თავად ნორმის გამოყენების წინაპირობებს, აშკარა უნდა იყოს: ა) სამუშაოს დასრულებამდე შემკვეთის ინიციატივით ხელშეკრულების მოშლა; ბ) ხელშეკრულების მოშლამდე სამუშაოს ნაწილის შესრულება; გ) ხელშეკრულების მოშლით მენარდისათვის ზიანის მიყენება; დ) მენარდის სასარგებლოდ გადახდის განუხორციელებლობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მენარდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 629.1 და 648-ე მუხლების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე წარმოშობილია, ნამდვილი და განხორციელებადია, კერძოდ:

14. დადგენილია, რომ შემკვეთმა 2017 წლის 30 აგვისტოს #...ბრძანებით, ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, ასევე დადგენილია, რომ მენარდემ სამუშაოების ნაწილი შეასრულა, როლის გარეშეც საფეხბურთო მინიმოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება შეუძლებელი იყო (იხ. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება), მოსარჩელისთვის შედგენილ ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული სამუშაოებიდან შპს „კ-ის“ მიმართ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში 24982,96 (დღგს ჩათვლით) ლარის სამუშაოები არ გათვალისწინებულა, რაც იმას ადასტურებს, რომ მენარდემ სწორედ ამ ოდენობის სამუშაო შეასრულა, რომელიც შემკვეთს არ აუნაზღაურებია.

15. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველის ჩვენების გაუთვალისწინებლობის თაობაზე კასატორის მითითებას და მის ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე. კერძოდ, ზემოაღნიშნული განმარტების საწინააღმდეგოდ, საქმეში მოიპოვება შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულების (24982,96 (დღგს ჩათვლით) ლარი) შესახებ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 13 აპრილის დასკვნა; ამასთან, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ნაწილის გარეშე საფეხბურთო მინიმოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების შეუძლებლობაზე თავად მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებაც მიუთითებს, რაც კასატორის მიერ სარწმუნო და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით არ გაბათილებულა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა მოსარჩელის მიერ სამუშაოთა ნაწილის შესრულების ფაქტი და მართებულად დააკისრა მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე