17 მარტი, 2022 წელი,
საქმე №ას-13 -2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - რ. ფ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „მ. ა. ი. ჯ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - კრების ოქმისა და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი ცვლილების ასახვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ. ფ-რი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი კასატორი ან გამყიდველი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით სს „მ. ა. ი. ჯ-ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მყიდველი) სარჩელი დაკმაყოფილდა; სს „კ. ჯ-ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კომპანია ან საზოგადოება) დამფუძნებელი აქციონერის/დირექტორის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება/კრების ოქმი და 2019 წლის 20 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი; ცვლილება შევიდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მარეგისტრირებელი ორგანო) არსებულ რეგისტრირებულ მონაცემებში და თბილისში, …. და…. ქუჩების გადაკვეთაზე არსებული 12 197.00 კვ.მ დაზუსტებული არასასოფლო-სამეურნეო ფართი, ს/კ-ით #..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება) კომპანიის საკუთრებაში აღირიცხა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ იყო დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, მას როგორც დირექტორს, სრული უფლება ჰქონდა, გაესხვისებინა კომპანიის აქტივები და ამისთვის აქციონერთა კრების მოწვევა საჭირო არ იყო. 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება დირექტორის გადაწყვეტილებაა და არა კრების ოქმი. მიუხედავად ამისა, 2020 წლის 8 დეკემბერს მან მაინც მოიწვია კრება და პარტნიორებს სადავო ქონების გასხვისების შესახებ აცნობა.
1.2. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, მოსარჩელემ კომპანიის (სს „კ-ი ჯ-ის“) აქციების შესყიდვის შემდეგ, შვილობილ კომპანიებთან გააფორმა მომსახურების ისეთი ხელშეკრულებები, რომელთა საჭიროებაც არ არსებობდა და მათ არარეალური თანხები გადასცა, რითაც კომპანიას ფინანსური ზარალი მიაყენა. იმ შემთხვევაში, თუ სადავო ქონება სამეწარმეო საზოგადოებას დაუბრუდება, მოსარჩელის შვილობილი კომპანიების ხელში აღმოჩნდება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მოსარჩელე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2010 წლის 20 დეკემბერს, მისი იურიდიული მისამართია ბათუმი, … ქუჩა #... (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან).
4.4. 2019 წლის 30 აგვისტოს მოპასუხემ შპს „კ-ი ჯ-ის“ (ამჟამინდელი სს „კ-ი ჯ-ი“) კუთვნილი 33%-იანი წილი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა მოსარჩელეს.
4.4.1. შეთანხმების მიხედვით, წილის მიღების სანაცვლოდ, მოსარჩელემ/მყიდველმა კომპანიის ბალანსზე რიცხულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობისთვის 3 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის ვალდებულება იკისრა. ნასყიდობის საგნის საკუთრებაში გადასვლის შემდგომ მყიდველი მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსს ააშენებდა (იხ. შეთანხმების 3.3 პუნქტი).
4.5. სს „კ-ი ჯ-ის“ ძირითად საქმიანობა სასტუმროს მართვა/ოპერირება, ტუროპერატორული საქმიანობა და აქციონერებისთვის მოგების მოტანაა.
4.6. კომპანიის დირექტორები მოპასუხე და პ. ს. არიან.
4.6.1. საზოგადოების დირექტორები უფლებამოსილი არიან: ა) მოიწვიონ საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრება, თუკი ეს საჭიროა საზოგადოების ინტერესებისათვის; ბ) შეიტანონ ცვლილებები საზოგადოების წესდებაში და რეგისტრირებულ მონაცემებში; გ) აწარმოონ ნებისმიერი ქონების/უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, საზოგადოების უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა და მსგავსი უფლებრივი ტვირთის დაკისრება; დ) განახორციელონ საზოგადოების სახელით კრედიტებისა და სესხის აღება; ე) შეადგინონ და აქციონერთა საერთო კრებას წარუდგინონ საზოგადოების ყოველწლიური ფინანსური ანგარიში, მოგების განაწილების შესახებ წინადადებები და საზოგადოების ფინანსური მდგომარეობა; ვ) განახორციელონ რწმუნებულის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება; ზ) ჩამოაყალიბონ პრინციპები ძირითად სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით, განსაზღვროს მომსახურე პერსონალის უფლებები, გააფორმონ და შეწყვიტონ შრომითი ხელშეკრულებები; თ) განიხილონ საზოგადოების აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე გატანის შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილების განხორციელების საკითხი (იხ. წესდების 7.7 პუნქტი).
4.6.2. საზოგადოების ყოველწლიური საერთო კრება იმართება წელიწადში ერთხელ, დირექტორების მიერ წლიური ფინანსური ანგარიშის დამტკიცებიდან ორი თვის ვადაში. შეხვედრის ადგილს განსაზღვრავენ დირექტორები, წლიური კრების გარდა ყველა სხვა კრება იწოდება ,,აქციონერთა რიგგარეშე კრებად“. დირექტორებს უფლება აქვთ, მოიწვიონ აქციონერთა რიგგარეშე კრება (იხ. წესდების 10.1 პუნქტი).
4.6.3. საერთო კრებამდე სულ მცირე 20 დღით ადრე, კრებაზე დასწრების, ადგილის, თარიღისა და კრებაზე განსახილველი საკითხების ზოგადი ხასიათის შესახებ, კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლების მქონე ყველა აქციონერს წერილობით ეცნობება.
4.7. სს „კ-ი ჯ-ის“ აქციონერის/დირექტორის (მოპასუხის) მიერ 2019 წლის 20 დეკემბერს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომპანიის წესდებით დადგენილი ნორმების დარღვევით გამართული კრების გადაწყვეტილებით/კრების ოქმით, კომპანიის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების გასხვისების უფლება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საზოგადოების 67%-იანი აქციების მფლობელს, დირექტორს/მოპასუხეს მიენიჭა (იხ. საზოგადოების დამფუძნებელი აქციონერის/დირექტორის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება).
4.8. იმავე დღესვე სადავო უძრავი ქონება სს „კ-ი ჯ-მა“ დირექტორის (მოპასუხის) წარმომადგენლობით მოპასუხეს, როგორც ფიზიკურ პირს, 6 000 000 აშშ დოლარად (17400000 ეკვივალენტ ლარად) მიჰყიდა და ეს უკანასკნელი აღირიცხა ქონების მესაკუთრედ.
5. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, ყურადღებას გააახვილებს იმაზე, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი - კრების ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა - რაც სხვა პროცესუალურ წინაპირობებთან ერთად, დამატებითი მოითხოვს სხვა წინაპირობის - იურიდიული ინტერესის - მართლზომიერების არსებობას.
5.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის იურიდიული ინტერესის სამართლებრივ საკითხებზე განმარტებულია საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში. დიდმა პალატამ სსკ-ის 180-ე მუხლის განმარტებისას, დაასკვნა რომ: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე N ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).
5.2. არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი (შდრ, სუსგ №ას-375-359-2016, 17 ივნისი, 2016.).
5.3. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ „სადავო გარიგებათა შეფასებისას მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად პერსპექტიულია პროცესუალური თვალსაზრისით სასარჩელო მოთხოვნა მაშინ, როდესაც გამოკვეთილი არაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი - ანუ რა სამართლებრივ შედეგს განაპირობებს მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ გარიგების ბათილად ცნობა“ (შდრ. სუსგ №ას-964-899-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი).
5.4. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია კრების ოქმისა და მის საფუძველზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მართლზომიერება, ხოლო თავად პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება მიეკუთვნება გარიგებას (სსკ-ის 50-ე, 54-ე მუხლები). აღსანიშნავია ისიც, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-91, 54-ე მუხლების საფუძველზე პარტნიორთა კრება საზოგადოების მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელი ორგანოა, რომელზედაც საზოგადოების პარტნიორები, საზოგადოების სახელით და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებებს.
6. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელის მიმართ მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი აქვს, კერძოდ:
6.1. სს „კ-ი ჯ-ის“ აქციონერის/დირექტორის (მოპასუხის) 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით/კრების ოქმით, კომპანიის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების გასხვისების უფლება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საზოგადოების 67%-იანის აქციების მფლობელს, დირექტორს/მოპასუხეს მიენიჭა.
6.2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 911 მუხლის მიხედვით (სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის პერიოდისთვის არსებული რედაქცია), თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია, იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).
7. სააქციო საზოგადოება ყველაზე მსხვილი კაპიტალური საზოგადოებაა. იგი მიიჩნევა კაპიტალური საზოგადოების კლასიკურ მოდელად, რამეთუ მას აქვს წესდებით განსაზღვრული კაპიტალი, რომელიც აქციებად არის დაყოფილი (იხ: ლადო ჭანტურია, ,,კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში“, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2006, გვ.82). სააქციო საზოგადოება კორპორაციულად მოწყობილი სუბიექტია, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 24-ე მუხლის მოცემულობიდან (იურიდიული პირის ცნება), (იხ: ირაკლი ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, I ტომი, საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტი (თსუ, იურიდიული ფაკულტეტი), თბილისი, 2010, ს.ფ.109). ძირითადად ოთხი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არსებობს, რითაც კორპორაცია სხვა ბიზნესწარმონაქმნებისაგან განსხვავდება: ა) მესამე პირთა (კრედიტორთა) წინაშე ინვესტორებისათვის შეზღუდული პასუხისმგებლობა (რითაც ინვესტიციის განხორციელების თვალსაზრისით ეს სამართლებრივი ფორმა შეიძლება მიმზიდველი იყოს მათთვის); ბ) წილთა (აქციათა) თავისუფალი გასხვისების რეჟიმი; გ) ე.წ. perpetual life, ანუ უვადო მოქმედების რეჟიმი (აქ იგულისხმება ის, რომ კორპორაციის არსებობა-ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული მასში წევრთა ცვლილებასა თუ სხვა ფაქტორზე; დ) ცენტრალიზებული მენეჯმენტი. კორპორაციის ეს მახასიათებლები განაპირობებს მის ქმედუნარიანობას (იხ: ირაკლი ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, I ტომი, საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტი (თსუ, იურიდიული ფაკულტეტი), თბილისი, 2010, ს.ფ.116). სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის აქციებად. აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. სააქციო საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ის ღირებულება, რომელზე ნაკლები ღირებულებითაც დაუშვებელია ამ კლასის აქციების პირველადი განთავსება (აქციების ნომინალური ღირებულება). სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის. სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით (მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51.1 მუხლი).
8. საერთო კრება სს-ის მართვის უმაღლესი ორგანოა, რომელზეც აქციონერები თავიანთ უფლებებს ახორციელებენ. მიუხედავად ამისა, მისი უფლებები კანონით ზუსტადაა განსაზღვრული და, ამავე დროს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრებისაგან განსხვავებით საკმაოდ შეზღუდულია (იხ: ლადო ჭანტურია, თედო ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, მესამე გამოცემა, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2002, გვ.373). იგულისხმება საერთო კრების კომპეტენციის „ენუმერაციულობა“, რაც ნიშნავს, რომ კანონის მუხლი კონკრეტულად შეიცავს იმ უფლებამოსილების ჩამონათვალს, რომელიც ამ ორგანოს აქვს მიკუთვნებული (იხ: ირაკლი ბურდული, „სააქციო სამართლის საფუძვლები“, II ტომი, საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტი (თსუ, იურიდიული ფაკულტეტი), თბილისი, 2013, ს.ფ.212).
9. საერთო კრება აქციონერთა ნების გამოვლენისა და კორპორაციის ძირითადი პოლიტიკის შემმუშავებელი და განმსაზღვრელი ორგანოა. საერთო კრება ის ადგილია, სადაც აქციონერები ხმის უფლებას იყენებენ და ამით საზოგადოების ნების ფორმირებაზე თავიანთ გავლენას ახდენენ. აქციონერის ცენტრალური უფლებები რეალიზებას სწორედ საერთო კრებაზე ჰპოვებს. ამ ცენტრალურ უფლებებს განეკუთვნება: საერთო კრებაზე მონაწილეობის უფლება, სიტყვის უფლება, განცხადების უფლება, კითხვის უფლება. საერთო კრება კორპორაციის ისეთი ორგანოა, რომლის ჩამოყალიბება-შექმნასაც არ ესაჭიროება ისეთი დანიშვნითი აქტების მიღება, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოსა და გამგეობისთვის არის დამახასიათებელი. იგი ავტომატურად კორპორაციის ყველა პარტნიორისაგან შედგება (ირაკლი ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, II ტომი, საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტი (თსუ, იურიდიული ფაკულტეტი), თბილისი, 2013, ს.ფ.204,205). კრების ოქმის (კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების) ნამდვილობისთვის არ უნდა არსებობდეს მისი ნამდვილობის დამაბრკოლებელი გარემოებები და იგი გარიგების ნამდვილობის ყველა ელემენტს უნდა აკმაყოფილებდეს (შდრ. სუსგ Nას-938-2018, 08.10.2018წ; სუსგ Nას-1548-2019, 14.02.2020წ.).
10. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 54.1 მუხლით, თუ სააქციო საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ყოველწლიურად, წლიური ბალანსის შედგენიდან 2 თვის ვადაში ტარდება მორიგი საერთო კრება, რომელზედაც განიხილება წლიური შედეგები და დღის წესრიგის სხვა შესაძლო საკითხები. სხვა შემთხვევებში ტარდება რიგგარეშე საერთო კრება დირექტორების ან სამეთვალყურეო საბჭოს ან ამ კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში – აქციონერების მოთხოვნით. სამეთვალყურეო საბჭო ადგენს საერთო კრების სააღრიცხვო დღეს, რომელიც არ შეიძლება იყოს კრების მოწვევამდე 45 დღეზე ადრე და კრების მოწვევის გამოცხადების თარიღზე გვიან. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისთვის.
10.1. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 54.11 მუხლი განსაზღვრავს საერთო კრების მოწვევის წესს - საერთო კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, თუ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი მიიღებს გადაწყვეტილებას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად. ამ შემთხვევაში დანარჩენ აქციონერებს ეგზავნებათ შეტყობინება მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. თუ ამ პუნქტში აღნიშნულ აქციათა რაოდენობას ფლობს ერთ აქციონერზე მეტი, აქციონერთა საერთო კრების ჩატარება სავალდებულოა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააქციო საზოგადოების საერთო კრება მოიწვევა საზოგადოების იურიდიულ მისამართზე ან საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ადგილზე, წესდებით განსაზღვრული ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები) მიერ, კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან ან აქციონერებისათვის მოსაწვევის გაგზავნიდან 20 დღის შემდეგ. საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს დღის წესრიგი და დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად. საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას უნდა დაერთოს იმ პროცედურის აღწერა, რომლის მიხედვითაც კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება. სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა არანაკლებ 1%-ის მფლობელებს საერთო კრებაზე მოსაწვევი დაზღვეული წერილით ეგზავნებათ. ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს, თუ 1%-ზე ნაკლები როგორი წილის მფლობელს უნდა გაეგზავნოს მოსაწვევი ფოსტით.
10.2. საერთო კრება უფლებამოსილია: ა) მიიღოს ცვლილებები სააქციო საზოგადოების წესდებაში; ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ; გ) მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს აქციონერის მიერ ფასიანი ქაღალდების უპირატესი შესყიდვის უფლება (ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში); დ) მიიღოს ან უარყოს სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორების წინადადება მოგების გამოყენების შესახებ, ხოლო როცა ეს ორგანოები ვერ იძლევიან ერთიან წინადადებას – მიიღოს გადაწყვეტილება წმინდა მოგების გამოყენების შესახებ; ე) მიიღოს გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა გათვალისწინებულია ამ კანონით); ვ) აირჩიოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ან გამოიწვიოს ისინი სამეთვალყურეო საბჭოდან, განსაზღვროს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევის ვადა; ზ) დაამტკიცოს დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშები; თ) გადაწყვიტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების საკითხი; ი) აირჩიოს და გაათავისუფლოს გარე აუდიტორი; (4.05.2017. N812) კ) მიიღოს გადაწყვეტილებები სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორების წინააღმდეგ სასამართლო პროცესში მონაწილეობის შესახებ, ამ პროცესისათვის წარმომადგენლის დანიშვნის ჩათვლით; ლ) მიიღოს გადაწყვეტილებები საზოგადოების ქონების შეძენის, გასხვისების (ან ერთმანეთთან დაკავშირებული ასეთი გარიგებების) ან დატვირთვის შესახებ, რომელთა ღირებულება შეადგენს საზოგადოების აქტივების ღირებულების ნახევარზე მეტს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, გარდა ისეთი გარიგებებისა, რომლებიც წარმოადგენს ჩვეულ სამეწარმეო საქმიანობას (მეწარმეთა შესახებ“ კანონის 54.6 მუხლი).
10.3. დადგენილია, რომ საზოგადოების ყოველწლიური საერთო კრება წელიწადში ერთხელ, დირექტორების მიერ წლიური ფინანსური ანგარიშის დამტკიცებიდან ორი თვის ვადით იმართება და შეხვედრის ადგილს დირექტორი განსაზღვრავს. წლიური კრების გარდა ყველა სხვა კრება აქციონერთა რიგგარეშე კრებად იწოდება, რომლის მოწვევის უფლება დირექტორებს აქვთ (იხ. წესდების 10.1. პუნქტი). ასევე დადგენილია, რომ საერთო კრებამდე სულ მცირე 20 დღით ადრე, კრებაზე დასწრების, ადგილის, თარიღის და კრებაზე განსახილველი საკითხების ზოგადი ხასიათის შესახებ, კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლების მქონე ყველა აქციონერს წერილობით ეცნობება.
11. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საზოგადოების წესდების მიხედვით, უნდა დასტურდებოდეს კრების მოწვევის შესახებ ადრესატის/აქციონერის ინფორმირება.
12. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მას, როგორც დირექტორს, სრული უფლება ჰქონდა, გაესხვისებინა კომპანიის აქტივები და ამისთვის აქციონერთა კრების მოწვევა საჭირო არ იყო.
12.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53.4 (აქციონერებს შეუძლიათ, თავიანთი ხმის უფლება გამოიყენონ საკუთარი ინტერესებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოსალოდნელი გადაწყვეტილება ეხება მათთან გარიგების დადებას ან მათი ანგარიშის დამტკიცებას. თუ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სააქციო საზოგადოების დომინანტმა აქციონერმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა სააქციო საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ აქციონერებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება აქციონერი ან ერთად მოქმედ აქციონერთა ჯგუფი, რომელთაც აქვთ პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინონ სააქციო საზოგადოების საერთო კრების კენჭისყრის შედეგზე) მუხლის შინაარსზე, რომელიც მნიშვნელოვანი დანაწესია ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ხმის უფლება, ზოგადად, აქციონერთა მართვითი უფლებებიდან უმნიშვნელოვანესია. ჩვეულებრივ პირობებში, აქციონერს შეუძლია, საკუთარი ხმა შეხედულებისამებრ გამოიყენოს და მხარი დაუჭიროს ნებისმიერ სასურველ გადაწყვეტილებას, თუმცა უფლება შეუზღუდავი არ არის. მისაღები გადაწყვეტილების ობიექტურობის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებისა და დანარჩენი აქციონერების ინტერესების მაქსიმალურად დასაცავად, კანონმდებელი ითვალისწინებს შეზღუდვას, როდესაც კონკრეტული აქციონერი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. შეზღუდვა განსაკუთრებით იმ შემთხვევაშია მნიშვნელოვანი, როდესაც საკითხი უკავშირდება გარიგების დადებას იმ პარტნიორთან, რომელიც აქციათა უმრავლესობას ფლობს.
12.2. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დირექტორი, ხოლო მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელი ორგანო დამფუძნებელი აქციონერების საერთო კრებაა.
სწორედ დირექტორის მიერ საერთო კრებაზე იქნა მიღებული სადავო გადაწყვეტილება/კრების ოქმი, რომელიც შეეხებოდა საზოგადოების 67%-იანი აქციების მფლობელი დირექტორისთვის (მოპასუხისთვის) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავის ქონების გასხვისების უფლებამოსილების მინიჭებას, რომლის საფუძველზეც იმავე დღესვე სადავო უძრავი ქონება სს „კ-ი ჯ-მა“ დირექტორის (მოპასუხის) წარმომადგენლობით მოპასუხეს, როგორც ფიზიკურ პირს, 6 000 000 აშშ დოლარად (17400000 ეკვივალენტ ლარად) მიჰყიდა და ეს უკანასკნელი აღირიცხა ნივთის მესაკუთრედ.
ამ გარემოების და ზემომოხმობილი ნორმატიული რეგულაციის გათვალისწინებით, კასატორი არ იყო უფლებამოსილი კენჭისყრაში მონაწილეობა მიეღო. შესაბამისად, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსაზრება მასზედ, რომ მოსარჩელე ჯამში სს "კ-ი ჯ-ის" აქციების 33% ფლობს, ამდენად მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას მაინც ვერ უზრუნველყოფს და ამ დასაბუთებიდან გამომდინარეც კრების ოქმის ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი არ გააჩნია.
პალატა განმარტავს, რომ მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, მოსარჩელის მოსაზრების გარეშე ასეთი სახის გადაწყვეტილება მიეღო, რადგან, როცა საკითხი დომინანტ პარტნიორთან გარიგების დადებას ეხება, იგი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. შესაბამისად სადავო გარიგება მიღებული ვერ იქნებოდა; რაც იმას ნიშნავს, რომ, ამ ეტაპზე მაინც, მოსარჩელისთვის სასურველი შედეგი მიიღწეოდა, ხოლო როგორ წარიმართებოდა შემდგომში სს „კ-ი ჯ-ის“ საქმიანობა და, საბოლოოდ, რა გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული სამეწარმეო სუბიექტის წილების დათმობასთან დაკავშირებით, მხოლოდ ვარაუდის სფეროა და სარჩელის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებას საფუძვლად ვერ დაედება. ამდენად. მოსარჩელეს, როგორც 33%-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორს, კომპანიის ქონების შენარჩუნების მიმართ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი, რადგან ეს მისი კუთვნილი წილის ღირებულებაზე ახდენს გავლენას და სასარჩელო მოთხოვნა ქვემდგომი სასამართლოების მიერ მართებულად დაკმაყოფილდა.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული ნორმა საქმისწარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის განხილვას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საპროცესო ინსტიტუტს, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა (შდრ. სუსგ Nას-528-2021, 28.12.2021წ). საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას (სუსგ Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).
14. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. დადგენილია, რომ სს „კ-ი ჯ-ის“ 33%-იანი წილის მესაკუთრეა სს „მ-ო ა-ია ი-ნთ ჯ-ია“, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ჩანაწერი სწორი და უფლება ნამდვილია, ამრიგად, დაუსაბუთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ - წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლისა და სს „კ-ი ჯ-ში“ სს „მ-ო ა-ია ი-ნთ ჯ-ია“კუთვნილ 33%-იან წილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე #--- სამოქალაქო საქმის განხილვამდე წინამდებარე სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობა და იგი სააპელაციო სასამართლომ მართებულად უარყო.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს თ. ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #-, გადახდის თარიღი 09.02.2022წ), 70% - 4 200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ..., მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ....;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. რ. ფ.ს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს თ. ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #-, გადახდის თარიღი 09.02.2022წ), 70% - 4 200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ..., მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი .....;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე