Facebook Twitter

საქმე № ას-183-2022 4 მაისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - თ. თ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-ბი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - კრების ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საერთო სარგებლობის ფართის ამხანაგობის საკუთრებაში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე ან აპელანტი) და თ. თ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ კრების ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, საერთო სარგებლობის ფართის ამხანაგობის საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, თბილისში, … … #..-ში მდებარე 74.4 კვ.მ ცალკე მდგომი სათავსიდან ს/კ-ით #... (ამჟამინდელი ს/კ # …), 40.99 კვ.მ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება) ფართის ნაწილში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს-ნა ..-ის“ (ამჟამინდელი მოსარჩელე) 2008 წლის 24 ოქტომბრის #. კრების ოქმი (სანოტარო მოქმედებათა საერთო რეესტრში რეგისტრაციის #.-…) და ამ ქონებაზე მოპასუხეებს შორის 2013 წლის 28 ოქტომბერს დადებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ცნობილ იქნა ბათილად; სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა.

3. გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ, დაევალათ განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადის დაცვით, სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) ან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტებს განემარტათ, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

4.2. 2021 წლის 16 ნოემბერს მოპასუხეების წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, კერძოდ, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან პირველი მოპასუხის გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო მეორე მოპასუხის ნაწილში, ითხოვა, სასამართლოს ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის, გადახდასთან დაკავშირებით.

4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს 14 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა.

4.4. აღნიშნული განჩინება მეორე მოპასუხის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა - 2021 წლის 11 დეკემბერს, საქმეში მითითებულ მისამართზე.

4.5. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 14 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2021 წლის 12 დეკემბერს დაიწყო და იმავე წლის 27 დეკემბერს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში მეორე მოსარჩელეს/აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან მეორე მოსარჩელემ/აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მეორე მოსარჩელემ/აპელანტმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, იმ ვითარებაში, როცა პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობით გადახდის პირობებში მიიღო წარმოებაში, გაუგებარია, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით რატომ უნდა გადაეხადა სადავო ქონების 4%.

6.2. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თანასწორობის პრინციპის დაცვით არ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, რითაც წაერთვა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

9. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მეორე მოსარჩელემ/აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 70.1 მუხლით მოწესრიგებულია მხარისათვის უწყების ჩაბარების საკითხი, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. დადგენილია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს (იხ. მინდობილობა) კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა 2021 წლის 16 აგვისტოს (იხ. ხელწერილი, ს.ფ. .., ტ. 4) და განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგის შესახებ.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 60.2-ე მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 4-4.5. ქვეპუნქტებში მითითებულ ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 14-დღიანი ვადის ათვლა 2021 წლის 12 დეკემბერს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და 2021 წლის 27 დეკემბერს ამოიწურა (ორშაბათი, სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც, სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

13. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2011წ.) ასევე - საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.

14. ამრიგად, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

15. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თანასწორობის პრინციპის დარღვევით განუსაზღვრათ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ამ პრეტენზიას უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 39.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანხმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შედგენს სააპელაციო საჩივრისათვის დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. იმავე კოდექსის 41.1 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად კი, დავის საგნის ფასი ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელში განისაზღვრება ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.

17. დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად გაასაჩივრა და სადავო ქონებაზე დადებული გარიგების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის უარყოფა მოითხოვა, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟიც დავის საგნის/ნივთის საბაზრო ღირებულების მიხედვით უნდა გადახდილიყო.

18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასაც მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სამართალწარმოების შეზღუდვაზე მოსარჩელის მითითება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).

20. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინა ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის, თავის მხრივ, მან არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა (იხ. ასევე, საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების (რაც მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობასაც) დარღვევის ფაქტი არ დგინდება. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე