Facebook Twitter

საქმე №ას-1441 - 2019

11 მაისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „თ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „ი-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ-ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, განაწილების ლიცენზიანტი ან გამყიდველი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „ი-ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კოლეჯი ან აბონენტი) წინააღმდეგ მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, მოპასუხეს არ უარუყვია სადავო პერიოდზე გაცემული ანგარიშფაქტურები, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დავალიანებას აღიარებს. კასატორის მოსაზრებით, შპს „ე-ო ა-ის“ დასკვნაც არ ასახავს ვალდებულების მოცულობის რეალურ სურათს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. მოპასუხე #.... ნომრით მოსარჩელის აბონენტია.

5.4. თბილისში, მ. გ. #..-ში მდებარე მოპასუხის სარგებლობაში არსებულ ფართში განთავსებულია ტრანსფორმატორი, #A…. ელექტროჯიხური.

5.5. მოპასუხის სარგებლობაში არსებულ ფართში 2008 წლიდან დროებით, დევნილები არიან განსახლებული, მათი და მოპასუხის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ერთიანად #... სააბონენტო ნომერზე აღირიცხებოდა და ელექტროენერგიაც ამ ტერიტორიაზე არსებული ტრანსფორმატორის მეშვეობით მიეწოდებოდათ.

5.6. იძულებით გადაადგილებული პირების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს წლების მანძილზე სახელმწიფო იხდიდა, კერძოდ, 2013 წლის 5 აპრილის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის თანხა, 176 292 ლარი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აანაზღაურა, ხოლო 2013 წლის 6 აპრილიდან ღირებულება თავად დევნილებს უნდა გადაეხადათ.

5.7. მოპასუხემ 2013 წლის 22 ოქტომბრის წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ თავის სარგებლობაში არსებულ ფართში, კერძოდ, შენობის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულის 3907,84 კვ.მ-ში განსახლებული იყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები, სსიპ ა-ის #.. საჯარო სკოლა და საბავშვო ბაგა-ბაღი „ს-ე“. რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგია კოლეჯის მრიცხველზე აისახებოდა. მოსარჩელეს ეცნობა მოპასუხის მიერ ცალკე განმხოლოებული მრიცხველის არსებობის შესახებაც, მოთხოვნილ იქნა სპეციალისტ შეემოწმებინა ე.წ. „მაღალი ძაბვის კიოსკი“.

5.8. იძულებით გადაადგილებული პირების გამრიცხველიანების მიზნით, ზემოაღნიშნულ მისამართზე 2013 წლის ნოემბერში ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები შესრულდა და მათ განმხოლოებული მრიცხველები დაუმონტაჟდათ.

5.9. მოპასუხის #... სააბონენტო ნომერზე 303 ქვეაბონენტი ირიცხება.

5.10. 2013 წლის 19 დეკემბრის წერილით, მას შემდეგ, რაც იძულებით გადაადგილებული პირებს ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდათ, მოპასუხემ მოსარჩელეს ცალკე აბონენტად გამიჯვნა მოსთხოვა.

5.11. 2014 წლის 17 იანვრის მონაცემებით, იძულებით გადაადგილებული პირების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება - 55 999,70 ლარი იყო, რომელიც იმავე წლის 20 იანვრიდან გადანაწილდა გამრიცხველიანებულ ქვეაბონენტის ნომრებზე, შედეგად #... სააბონენტო ნომერზე მიმდინარე დავალიანებაც განულდა.

5.12. 2015 წლის 9 ნოემბრის წერილით, მოპასუხემ მოსარჩელეს კვლავ განუმარტა, რომ ელექტროენერგიის მომარაგებელ ძალოვან ჯიხურზე ქვეაბონენტები იყვნენ მიერთებული, რომელთაც საერთო მაკონტროლებელი მრიცხველი არ ჰქონდათ, რის გამოც კოლეჯი რეალურ ხარჯს ვერ აკონტროლებდა, მოპასუხის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება ინდივიდუალურად არ აღირიცხებოდა, რადგან ლიცენზიატს მრიცხველი არ განუმხოლებია.

5.13. მოსარჩელის 2015 წლის 30 ნოემბრის საპასუხო წერილით, მოპასუხეს ეცნობა, რომ მიმდინარეობდა წერილში მითითებული გარემოებების შესწავლა, თუმცა საბოლოო პასუხი მოპასუხისთვის არ უცნობებიათ.

5.14. საბოლოოდ, მოსარჩელემ საკონტროლო მრიცხველი 2016 წლის 30 მაისს დაამონტაჟა და ამ დროიდან მოპასუხის ხარჯი აღრიცხულია ინდივიდუალურად, ქვეაბონენტების ხარჯის მითითების გარეშე.

5.15. მრიცხველის განმხოლოების შემდეგ მოპასუხე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარდა, კერძოდ, 2016 წლის ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობაა - 11622 კვტ/სთ, მაშინ, როდესაც 2015 წლის ივნისში 20133 კვტ/სთ-ია; 2016 წლის ივლისში - 9708კვტ/სთ, ხოლო 2015 წლის ივლისში - 26250 კვტ/სთ (იხ. შპს „ე-ო ა-ის დასკვნა“).

5.16. მოპასუხეს 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის ნოემბრამდე #... სააბონენტო ნომერზე დარიცხული - 82 754,19 ლარის ელექტროენერგია არ მოუხმარია.

6. დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს - განაწილების ლიცენზიატს რომელიც მოპასუხეს/აბონენტს აწვდის ელექტროენერგიას, შესაბამისად, მხარეთა შორის არსებობს ნასყიდობის სამართალურთიერთობა (იხ. სემეკ-ის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების („ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები, შემდგომში _ წესები) მე-3 მუხლი, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი), რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე) და შემდგომ ნორმებთან ერთად, წესრიგდება აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულებითა და სემეკის დადგენილებით დამტკიცებული წესებით, რომლებიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დადგენილების მუხლი 3.3.).

7. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საგანია მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება, კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2014 წლის იანვრიდან, მას შემდეგ, რაც იძულებით გადაადგილებულ პირებს დავალიანება ჩამოეწერათ, დარიცხული დავალიანება მოპასუხის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურია. ამის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ მიუთითა, რომ კოლეჯის მომმარაგებელ ძალოვან ჯიხურზე ქვეაბონენტები იყვნენ მიერთებული და დარიცხული დავალიანების დიდი ნაწილი სწორედ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურია, შესაბამისად, საკონტროლო მრიცხველის არარსებობის პერიოდში, 2016 წლის 30 მაისამდე კოლეჯის მიერ მოხმარებულზე მეტი ელექტროენერგია იყო აღრიცხული.

8. ასეთ შემთხვევაში, დადგენილების მე-6.1 მუხლი აწესებს ლიცენზიანტის ვალდებულებას (განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება აღრიცხოს ინდივიდუალურად (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, ელექტროდანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავენ მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენებაზე). ინდივიდუალურად აღრიცხოს მოხმარებული ელექტროენერგია, ხოლო დადგენილების მე-9.1 მუხლის მიხედვით, მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაირიცხება ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.

9. დადგენილების 15.5 მუხლის თანახმად კი, მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) კუთვნილი ელექტროქსელიდან ელექტროენერგიის სხვა მომხმარებლებისათვის განშტოებით მიწოდების შემთხვევაში, თითოეული მომხმარებლის განშტოებაზე მოწყობილი უნდა იყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს ინდივიდუალური მრიცხველები. ამასთან, აღნიშნული ინდივიდუალური მრიცხველების გარდა, მოცემულ განშტოებამდე (ამ წესებით განსაზღვრული წესით) უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს საკონტროლო მრიცხველი. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ ელექტროენერგია მიიღება მესაკუთრის კუთვნილი ელექტროქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ელექტროქსელის სხვადასხვა მომხმარებელზე (აბონენტებზე) განშტოება, აბონენტი ელექტროენეგიას შეისყიდის განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველის მიხედვით, ამ მომხმარებლისთვის მრიცხველი საანგარიშსწორებოა და ელექტროენერგიის საფასურს იხდის იმავე ტარიფით, რა ძაბვაზეც ხდება განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან ელექტროენერგიის ამ მრიცხველში მიღება-აღრიცხვა. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ბ) მომხმარებელთან ანგარიში გაასწოროს და ქვითარი გამოწეროს ინდივიდუალურად, საფასურიც ელექტროენერგიის მოხმარების შესაბამისად დაარიცხოს; გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად.

10. დადგენილია, რომ მოპასუხემ არაერთგზის მიმართა განაწილების ლიცენზიანტს/მოსარჩელეს აღრიცხვიანობის საკითხის მოსაწესრიგებლად, თავადვე უზრუნველყო ინდივიდუალური მრიცხველის დამონტაჟება და ითხოვდა ელექტროჯიხურის შემოწმებასაც, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან მოპასუხის ქმედების საპასუხოდ მოსარჩელეს არაფერი მოუმოქმედებია. ამდენად, რამდენადაც სადავო პერიოდში - 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის ნოემბრამდე, მოპასუხის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ინდივიდუალურად არ აღირიცხებოდა, აბონენტის ბრუნვის ისტორიაც არ ასახავს კოლეჯის მიერ ინდივიდუალურად მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, ამასთან, დადგენილია, რომ მრიცხველის განმხოლოების შემდეგ მოპასუხე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარდა, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

11. კასატორის პრეტენზია, ისაა, რომ შპს „ე-ო ა-ის“ დასკვნა არ ასახავს მოხმარებული ელექტროენერგიის რეალურ მოცულობას.

11.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს, მის ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

11.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია, მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

11.3. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ, საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

11.4. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

11.5. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. მხარეები, სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.

11.6. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).

12. საკასაციო სასამართლო შპს „ე-ო ა-ის“ კვლევის საფუძველზე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მრიცხველის განმხოლოების შემდეგ მოპასუხე მნიშვნელოვნად ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარდა, კერძოდ, 2016 წლის ივნისში -11622 კვტ/სთ ელექტროენერგია დაიხარჯა, მაშინ, როდესაც 2015 წლის ივნისში - 20133კვტ/სთ; 2016 წლის ივლისში - 9708კვტ/სთ, ხოლო 2015 წლის ივლისში 26250 კვტ/სტ. აღნიშნული გარემოების გამაქარწყლებელი და საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ არ წარდგენილა, შესაბამისად, მოსარჩელემ/კასატორმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება. და მისი ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებელია.

13. შემოსავლების სამსახურიდან მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ კასატორის შუამდგომლობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407.1 მუხლით (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.) რეგლამენტირებული დანაწესის ფარგლებში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს მხოლოდ ის მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მიღებულია და დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს ახალი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობას. როგორც მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, კასატორს არც შესაგებელში და არც საქმის მომზადების დასრულებამდე, სასამართლოსთვის არ მიუთითებია შესაბამის მტკიცებულებებზე. სსსკ-ის 201-ე მუხლის მიხედვით, საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა არგუმენტები და პოზიციები სარჩელსა და შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე მითითებული გარემოებებით უნდა შემოიფარგლოს. გამონაკლისს წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმგვარი ფაქტის მიღება, რომლის მითითებაც საქმის მომზადების ეტაპზე მხარეს ობიექტურად არ შეეძლო. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სადავო მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა სააპელაციო სასამართალწარმოების ეტაპზე წარადგინა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 380-ე მუხლის დანაწესის შესატყვისად, სწორად განაცხადა უარი მის დაკმაყოფილებაზე.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4 137,70 ლარის (საგადახდო დავალება #..., გადახდის თარიღი 09.12.2019წ), 70% - 2896,39 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი .....;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „თ-სს“ (ს/ნ ….) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4 137,70 ლარის (საგადახდო დავალება #..., გადახდის თარიღი 09.12.2019წ), 70% - 2896,39 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი .....;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე