Facebook Twitter

საქმე №ას-155-2022 20 მაისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,თ.ზ.ჰ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - თ.ხ–ა, ბ.კ–ა, ჟ.ნ–ი, ე.გ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „თ.ზ.ჰ–სა“ (შემდგომ - მოპასუხე, დამსაქმებელი, აპელანტი, კასატორი) და თ.ხ–ას (შემდგომ - პირველი მოსარჩელე, პირველი დასაქმებული, პირველი მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2016 წლის 14 აპრილს, შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით გაფორმდა და პირველი მოსარჩელე მოზრდილთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა. მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების სისტემით, 3125 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლითა და გამომუშავებით - მორიგეობისას საათში 12.50 ლარით (საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით).

2. მხარეთა შორის 2016 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით, პირველი მოსარჩელე მოზრდილთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმის თანამდებობაზე დაინიშნა და მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ფიქსირებული ანაზღაურების სისტემით განისაზღვრა, კერძოდ, 1 (ერთი) სამორიგეო დღის ღირებულება - 310 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). ამავე დღეს, მხარეთა შორის გაფორმდა მეორე შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც პირველი მოსარჩელე მოზრდილთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასაქმდა და მისი ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება 3125 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) განისაზღვრა.

3. პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2017 წლის 6 იანვარს, შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა და პირველი მოსარჩელე ექიმი ანესთეზიოლოგის თანამდებობაზე დაინიშნა. 1 (ერთი) სამორიგეო დღის ღირებულება განისაზღვრა 62.50 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), ხოლო გამომუშავება: ოპერაციის ღირებულების 6%-ით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). 2017 წლის 1 დეკემბერს ცვლილება შევიდა აღნიშნულ ხელშეკრულებაში და ანაზღაურება დადგინდა შემდეგნაირად: გამომუშავება - 1 (ერთი) სამორიგეო დღის ღირებულება - 16/24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს - 312.50 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), ხოლო გამომუშავება - ოპერაციის ღირებულების 6% (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

4. ზემოაღნიშნულ მხარეთა შორის, 2017 წლის 15 მაისსაც, გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება და პირველი მოსარჩელე რეანიმაციული განყოფილების ექიმი რეანიმატოლოგის თანამდებობაზე დასაქმდა. ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება განისაზღვრა 3125 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). 2017 წლის 1 დეკემბერს ცვლილება შევიდა აღნიშნულ ხელშეკრულებაში და თანამდებობრივი სარგო დადგინდა ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების სისტემით: 1 (ერთი) სამორიგეო დღის ანაზღაურება - 8 საათიანი მორიგეობა 15 ლარით განისაზღვრა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

5. მხარეთა შორის 2017 წლის 1 ივნისსაც გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. პირველი მოპასუხე კლინიკაში ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა და ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება განისაზღვრა 3125 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

6. დამსაქმებელსა და პირველ დასაქმებულს შორის, 2017 წლის 1 ოქტომბერსაც გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება და პირველი მოსარჩელე კლინიკური დირექტორის თანამდებობაზე ანესთეზიოლოგია - რეანიმატოლოგიის მიმართულებით დასაქმდა. შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კლინიკის ფინანსური შესრულების 0.3%-ს ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

7. ზემოაღნიშნულ მხარეებს შორის, 2017 წლის 1 დეკემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც პირველი მოსარჩელე მოზრდილთა რეანიმაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასაქმდა. შრომის ანაზღაურება განისაზღვრა მოზრდილთა რეანიმაციის ფინანსური შესრულების 2%-ით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

8. დამსაქმებელსა და ბ.კ–ას (შემდგომ - მეორე მოსარჩელე, მეორე დასაქმებული, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2018 წლის 1 დეკემბერს, დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მეორე დასაქმებული კლინიკაში მოზრდილთა რეანიმაციის უმცროსი ექიმის თანამდებობაზე დაინიშნა. დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასი - 3 125 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) განისაზღვრა.

9. ჟ.ნ–ი (შემდგომ - მესამე მოსარჩელე, მესამე დასაქმებული, მესამე მოწინააღმდეგე მხარე) მოპასუხესთან 2016 წლის 3 მაისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით, მოზრდილთა ER-ის ექთნის თანამდებობაზე დასაქმდა, ყოველთვიური ანაზღაურების სისტემით: 16-საათიანი (ყოველ მეოთხე დღეს) და 24-საათიანი მორიგეობა (შაბათ-კვირას და უქმე დღეებზე) განისაზღვრა 625 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

10. მხარეებს შორის, 2016 წლის 1 ნოემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება და მესამე დასაქმებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ექთნად დაინიშნა. ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განისაზღვრა ფიქსირებული ანაზღაურების სისტემით, კერძოდ, 1 (ერთი) სამორიგეო დღის ანაზღაურება - 8-საათიანი მორიგეობა განისაზღვრა - 30.48 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), 1 (ერთი) სამორიგეო დღის ღირებულება - 16/24-საათიანი მორიგეობა - 82.19 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

11. მესამე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2018 წლის 1 ნოემბერს, გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებული ბავშვთა ემერჯენსის ექთნის თანამდებობაზე დასაქმდა. შრომითი ანაზღაურება დადგინდა ფიქსირებული ანაზღაურების სისტემით, კერძოდ, 1 (ერთი) სამორიგეო დღის ღირებულება - 24-საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს - 82.19 ლარით განისაზღვრა (გადასახადების ჩათვლით).

12. იმავე მხარეებს შორის 2018 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით მესამე მოსარჩელე მოზრდილთა ემერჯენსის ექთნის თანამდებობაზე დასაქმდა. ფიქსირებული ანაზღაურების სისტემით 1 (ერთი) სამორიგეო დღის ანაზღაურება - 8-საათიანი მორიგეობა - 30.48 ლარით განისაზღვრა (გადასახადების ჩათვლით), ხოლო 1 (ერთი) სამორიგეო დღის ღირებულება - 24-საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს - 82.19 ლარით (გადასახადების ჩათვლით). ამავე დღეს გაფორმებული სხვა ხელშეკრულებით კი, დასაქმებული მოზრდილთა რეანიმაციის ექთნად დასაქმდა. 1 (ერთი) სამორიგეო დღის ანაზღაურება - 8 საათიანი მორიგეობა განისაზღვრა 30.48 ლარით (გადასახადების ჩათვლით), ხოლო 1 (ერთი) სამორიგეო დღის ღირებულება - 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს - 82.19 ლარით (გადასახადების ჩათვლით).

13. 2017 წლის 1 დეკემბერსა და 2018 წლის 1 ივნისს, ე.გ––ძესა (შემდგომ - მეოთხე მოსარჩელე, მეოთხე დასაქმებული, მეოთხე მოწინააღმდეგე მხარე) და მოპასუხეს შორის, გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებული კლინიკაში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის თანამდებობაზე დაინიშნა. დასაქმებულის ხელფასი განისაზღვრა შემდეგნაირად: გამომუშავება 1 (ერთი) სამორიგეო დღის ღირებულება - 16/24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს - 312.50 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), გამომუშავება: ოპერაციის ღირებულება 6% (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

სასარჩელო მოთხოვნა:

14. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის მიმართ და მოითხოვეს ამ უკანასკნელისთვის სახელფასო დავალიანებისა და ანგარიშსწორების ყოველი დაყოვნებული დღისათვის სახელფასო დავალიანების 0.07%-ის დაკისრება.

მოპასუხის პოზიცია:

15. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეები საკუთარ მოთხოვნას შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებენ. ამასთან, მესამე და მეოთხე მოსარჩელეები ვერ აზუსტებენ, თუ რომელი დროის დავალიანებას ითხოვენ.

16. მოპასუხემ დაზუსტებული წერილობითი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე განმარტებით, მოსარჩელეთა მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობას ნაწილობრივ დაეთანხმა, კერძოდ, მიუთითა, რომ მოპასუხის სახელფასო დავალიანება პირველი მოსარჩელის მიმართ - 30812.02 ლარია (დარიცხული), მეორე მოსარჩელის მიმართ ხელზე ასაღები - 5000 ლარი, მესამე მოსარჩელის მიმართ - 2750.46 ლარი (ხელზე ასაღები), ხოლო მეოთხე მოსარჩელის მიმართ - 6578.48 ლარი (ხელზე ასაღები).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა (დასაქმებულთა) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს სახელფასო დავალიანების - 63 200 ლარის გადახდა პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, ასევე - სახელფასო დავალიანების დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის 30 იანვრამდე (სარჩელის აღძვრამდე) ხელზე ასაღები 17966.60 ლარი; მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 63 200 ლარის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარჩელის აღძვრიდან - 2020 წლის 30 იანვრიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დამსაქმებელს სახელფასო დავალიანების - 5000 ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება მეორე დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა, ასევე - სახელფასო დავალიანების გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის დეკემბრიდან 2020 წლის 30 იანვრამდე (სარჩელის აღძვრამდე) ხელზე ასაღები - 1321.25 ლარი; სახელფასო დავალიანების გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 5000 ლარის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარჩელის აღძვრიდან - 2020 წლის 30 იანვრიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხეს სახელფასო დავალიანება 14 234.32 ლარი (ხელზე ასაღები) მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, ასევე - სახელფასო დავალიანების გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის თებერვლიდან 2020 წლის 30 იანვრამდე (სარჩელის აღძვრამდე) ხელზე ასაღები - 4028.75 ლარი; მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 14234.32 ლარის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარჩელის აღძვრიდან - 2020 წლის 30 იანვრიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხეს სახელფასო დავალიანების - 10150 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა მეოთხე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, ხოლო სახელფასო დავალიანების დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07%, ხელზე ასაღები 3239.85 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის ივლისიდან 2020 წლის 30 იანვრამდე (სარჩელის აღძვრამდე); მოპასუხეს მეოთხე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 10150 ლარის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარჩელის აღძვრიდან - 2020 წლის 30 იანვრიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

18. მოპასუხემ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

20. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ წარმოშობილი დავალიანების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა დამსაქმებლის ბრალით არ არის გამოწვეული, ვინაიდან დამოკიდებულია სახელმწიფოსგან მისაღები თანხების დამუშავებაზე და შემდგომ მის ჩარიცხვაზე. სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული არგუმენტი თავისთავად არ წარმოადგენს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე და შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

21. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელით მოთხოვნილ სახელფასო დავალიანების ოდენობას მოპასუხე არ დაეთანხმა, შესაბამისად, სწორედ ეს უკანასკნელი იყო ვალდებული, სახელფასო დავალიანების ოდენობის სადავოობის შემთხვევაში, სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით დაედასტურებინა ასანაზღაურებელი თანხების მოცულობა. ამ მხრივ, აპელანტის მიერ მითითებული და საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ არის საკმარისი მის მიერ სადავოდ გამხდარი იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელეთა მიმართ წარმოშობილი დავალიანება არ შეესაბამება სარჩელით მოთხოვნილ ოდენობას, კერძოდ, აპელანტმა ვერ წარადგინა საკმარისი და შესაბამისი მტკიცებულებები, თუ რის საფუძველზე შესწორდა დავალიანების მოცულობა, კონკრეტულად რა პრინციპით იხელმძღვანელა და რა მონაცემებს დაეყრდნო დამსაქმებელი თითოეული მოსარჩელის შემთხვევაში ასანაზღაურებელი თანხის გამოთვლისას.

22. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც დამსაქმებელი ნაწილობრივ (მათ შორის, მეორე მოპასუხის ნაწილში სრულად) ადასტურებს დასაქმებულთა წინაშე არსებული სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტს, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი დავალიანებისაგან განსხვავებული (შემცირებული) ოდენობის არსებობა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, აღნიშნული სახელფასო დავალიანებისა და საქართველოს შრომის კოდქსის (შემდგომ სშკ) 31-ე მუხლის საფუძველზე მისთვის პირგასამტეხლოს სახით, ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07% დაკისრების წინაპირობაა.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები არ ვლინდებოდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა საკასაციო საჩივარი წარადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

25. კასატორის მითითებით, წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებულ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ, პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულაბას. ამ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურება ანაზღაურდება სახელმწიფოს, კერძოდ, პროგრამის განმახორციელებელ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, სამედიცინო მომსახურების მოცულობის შესაბამისად. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში. რამდენადაც დაწესებულებისათვის ფულადი თანხის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მხოლოდ პროგრამის ფარგლებში მიღებული თანხები, წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია სახელმწიფოსაგან მისაღები თანხების დამუშავებაზე (შესაძლებელია პროგრამის განმახორციელებლის მიერ დაკორექტირდეს წარდგენილი შესრულება და, ნაცვლად მოთხოვნილი თანხისა, სხვა თანხის აღიარება მოხდეს) და შემდგომ მის ჩარიცხვაზე. წინამდებარე სამოქალაქო დავაზეც მოსარჩელის მიმართ აღნიშნული დავალიანების დაგროვებაც განაპირობა პროგრამული თანხების მიუღებლობამ, კერძოდ, სახელმწიფოსგან სადავო პერიოდშიც და ამჟამადაც, მომსახურება ნაზღაურდება დაგვიანებით ან არასრულად, შესაბამისად, წარმოშობილი ვალდებულების მიუხედავად, გაწეული მომსახურების ანაზღაურების დაყოვნებაც მითითებული საფუძვლით არის განპირობებული.

26. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სათანადოდ არ შეაფასა, კერძოდ, დამსაქმებელმა მესამე და მეოთხე მოსარჩელეთა მიმართ სარჩელში მითითებული სადავო თვეების ტაბელები წარადგინა სასამართლოში, საიდანაც ნათლად ჩანს დასაქმებულთა ნამუშევარი საათები, ასევე - შრომითი ხელშეკრულებები, სადაც მითითებული სახელფასო განაკვეთების შესაბამისად, თავისუფლად იყო შესაძლებელი დავალიანების თანხების დაზუსტებული გამოთვლა და საბანკო ამონაწერი, სადაც ნათლად ჩანდა მიმდინარე თვეებში გადახდილი და გადაუხდელი თანხები. პირველ მოსარჩელესთან მიმართებით კი - წარდგენილ იქნა აღიარებული დავალიანების გამოთვლის სქემაც და სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დავალიანების გამოთვლის წესის დადგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

27. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

30. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

31. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მართლზომიერება.

32. სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს.

33. კასატორის (მოპასუხის) ძირითადი პრეტენზია უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ შეფასებას, ამასთან, კასატორის მითითებით, დავალიანების დაგროვება განაპირობა პროგრამული თანხების მიუღებლობამ, კერძოდ, სახელმწიფოსგან სადავო პერიოდშიც და ამჟამადაც, დაგვიანებით ან არასრულად ნაზღაურდება გაწეული მომსახურება, შესაბამისად, წარმოშობილი ვალდებულების მიუხედავად, მომსახურების ანაზღაურების დაყოვნებაც მითითებული საფუძვლითაა განპირობებული.

34. საკასაციო პალატის მითითებით, სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. აღნიშნული ნორმა ადგენს შრომითი ხელშეკრულების მხარეთა ფუნდამენტურ ვალდებულებებს – დასაქმებულისთვის სამუშაოს შესრულების ვალდებულებასა და დამსაქმებლისათვის ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას. ეს არის შრომითი ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტები, რომელთა გარეშეც შრომითი ხელშეკრულების არსებობა გამორიცხულია. შრომითი ურთიერთობის არსებობის ინდიკატორი სწორედ სამუშაოს შემსრულებლისათვის ანაზღაურების გადახდაა და საქმისათვის არ აქვს მნიშვნელობა იმ გარემოებების კვლევა-შეფასებას, რომ დამსაქმებელი დასაქმებულთათვის თანამდებობრივი სარგოს გაცემისას დამოკიდებულია სახელმწიფოსაგან გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე და აღნიშნული გარემოება სახელფასო დავალიანების დაყოვნებას ამართლებს.

35. კასატორის პრეტენზიას სახელფასო დავალიანების ოდენობებთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ, რაკი მოსარჩელეთა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობაა, ამ მიმართებით მნიშვნელოვანია შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით (საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-182-171-2017, 27 დეკემბერი, 2019 წელი), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც სადავო გარემოებებს დაადასტურებდა.

36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამსაქმებლის საკასაციო პრეტენზიები, საკასაციო საჩივრის დასაბუთების არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივ საფუძველს არ წარმოადგენს, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ნაწილობრივ (მათ შორის, მეორე მოპასუხის ნაწილში სრულად) ადასტურებს მოსარჩელეთა წინაშე არსებული სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტს, სწორედ ეს უკანასკნელი იყო ვალდებული სახელფასო დავალიანების ოდენობის სადავოობის შემთხვევაში, სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით დაედასტურებინა სარჩელით მოთხოვნილი დავალიანებისაგან განსხვავებული (შემცირებული) ოდენობის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, სახელდობრ კი, მან ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად დასახელებული გარემოებების - სახელფასო დავალიანების ოდენობის უტყუარობის გაქარწყლება.

37. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რამდენიმე თანამდებობაზე დასაქმებულ პირველ მოსარჩელესთან მიმართებით, სარჩელით მოთხოვნილი (2017-2019 წლებში) სახელფასო დავალიანების არსებობა აღიარებულია თავად დამსაქმებლის მიერ. სწორედ ამ უკანასკნელმა დაამოწმა თვეების მიხედვით დარიცხული თუ გამომუშავებული ხელფასის ოდენობა, ასევე ანაზღაურებული თუ ასანაზღაურებელი ხელფასის ოდენობები, დასაქმებულის მიერ დაკავებულ თითოეულ თანამდებობასთან დაკავშირებით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 91-92), რასთან მიმართებითაც, კასატორს არ წარუდგენია არსებითი ხასიათის შედავება. მეორე და მესამე მოსარჩელესთან მიმართებით არსებულ სახელფასო დავალიანებასთან (დამსაქმებელმა წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტში მითითებული სარჩელის ცნობის გათვალისწინებით, სხვა დავალიანების ოდენობა სადავოდ გახადა) დაკავშირებით, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ განხორციელებული და კორექტირებული, სახელფასო დავალიანების გაანგარიშების პროცესში, მის მიერ შექმნილი თუ სააგენტოს ვებგვერდიდან ამოღებული ინფორმაცია, საბოლოო კალკულაციის მონაცემები, შემთხვევათა რეესტრი და სხვა ელექტრონული დოკუმენტბრუნვა, რომელზედაც სადავო გარემოების დადასტურების მიზნით მიუთითებს მოპასუხე, არ არის საკმარისი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კონკრეტული გარემოების დასადგენად, შესრულებული სამუშაოსა და შესაბამისი ასანაზღაურებელ თანხასთან დაკავშირებით, ამასთან, მითითებული დოკუმენტების ერთმანეთთან დაკავშირება კონკრეტული პრინციპის, რაიმე წესის მითითების გარეშე, საფუძველს მოკლებულია.

38. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით უარყოფს დამსაქმებლის პოზიციას და განმარტავს, რომ როდესაც საქმის მასალებით დადგენილია მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის, ისევე, როგორც ხელფასის ოდენობის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ დამსაქმებელი დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტს დაამტკიცებდა. მოცემულ შემთხვევაში კი, შრომის აუნაზღაურებლობა სადავო არ არის, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, განჩინება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (შდრ. სუსგ №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1274-2018, 25 დეკემბერი, 2018 წელი; №ას-370-370-2018, 2 აგვისტო, 2018 წელი; №ას-45-45-2018, 18 მაისი, 2018 წელი; №ას-138-138-2018, 17 აპრილი, 2018 წელი), რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.

39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

40. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

41. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

42. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

43. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1429-2020, 2022 წლის 18 მარტის განჩინება; №ას-1068-2021, 2022 წლის 18 მარტის განჩინება; №ას-1798-2019, 2022 წლის 23 თებერვლის განჩინება; №ას-359-2021, 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება).

44. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

46. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,თ.ზ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს ,,თ.ზ.ჰ–ს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8177.50 ლარის (საგადახდო დავალება 590 / გადახდის თარიღი 09.03.2022), 70% - 5724.25 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე