საქმე №ას-419-2022 27 მაისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა(ა)იპ ჩ.ფ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.ბ–ძესა (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) და ა(ა)იპ ,,ჩ.ფ–ს“ (შემდგომ - მოპასუხე, დამსაქმებელი, აპელანტი, კასატორი) შორის, 2020 წლის 1 აპრილს, სამთვიანი შრომითი ხელშეკრულება 2020 წლის 1 ივლისამდე გამოსაცდელი ვადით გაფორმდა.
2. მხარეთა შორის, 2020 წლის 23 ივნისს კვლავ გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელე სოციალური მუშაკის თანამდებობაზე დასაქმდა, სარგომ ყოველთვიურად ხელზე ასაღები 1 200 ლარი შეადგინა.
3. მხარეთა შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულება შესრულებულია ორ, რუსულ და ქართულ ენებზე. ქართულ ვარიანტში ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განსაზღვრულია, რომ „ეს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება 2020 წლის 23 ივნისიდან 2021 წლის 23 ივნისამდე“, ხოლო რუსულ ვერსიის იგივე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „ეს შრომითი ხელშეკრულება იდება 2020 წლის 23 ივნისიდან 2021 წლის 23 ივნისამდე ვადით“.
4. ოპერატორ/სოციალური მუშაკის თანამდებობრივი ინსტრუქციიდან ირკვევა, რომ მისი საქმიანობის ძირითადი მიზანია გაჭირვებულთა დახმარება ოჯახში პრობლემებისა და საქონლის/მომსახურების მიწოდების სამუშაოებში პრობლემების გამორკვევის გზით, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს კი წარმოადგენს: უმაღლესი განათლება, სამუშაო სტაჟი არანაკლებ 3 წლის, საოფისე პროგრამების ცოდნა, კომპიუტერზე ტექსტის სწრაფად აკრეფის უნარი, გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება (რუსული და ქართული ენები). დავალებები და ვალდებულებები მოიცავს შემდეგს: დახმარების შესახებ მომართვის ბაზის წარმოება; გაჭირვებულთა მკურნალობისთვის დოკუმენტებზე მოთხოვნის გაგზავნა, ფორმა 100 და სხვა საბუთების მიღება; ფონდის გარდა, გარეშე მხრიდან ბენეფიციარებისთვის დახმარების გაწევის შესახებ ანგარიში ხელმძღვანელობისთვის; ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება ქველმოქმედთა შესახებ; სხვადასხვა ნაკრები ქველმოქმედების მიხედვით ხელმძღვანელობის დავალებით ანალიტიკისათვის; კომუნიკაცია ბენეფიციარებთან მათთვის საჭირო საქონლის გასარკვევად; ანგარიში ქველმოქმედებაზე - იურიდიული პირების მიხედვით; ხელმძღვანელობის დავალებით სხვადასხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება ქველმოქმედებთან მიმართებით და ბენეფიციარების დასახმარებლად.
5. ფონდის 2020 წლის 5 აგვისტოს შეტყობინებით, მოსარჩელესთან, შრომითი ხელშეკრულება შეწყდება 2020 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6. დასაქმებულს გათავისუფლების შემდგომ, ჩაერიცხა კომპენსაცია - ერთი თვის ხელფასი, სექტემბერში ნამუშევარი 4 დღის ხელფასი - 160 ლარი და საშვებულებო ანაზღაურება - 400 ლარი, სულ - 1 760 ლარი.
7. მოსარჩელემ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება 2020 წლის 6 აგვისტოსა და 10 აგვისტოს მოითხოვა, ასევე - 2020 წლის 19 აგვისტოს წერილობითი განცხადებით.
სარჩელის საფუძვლები:
.
8. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 1200 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება 2020 წლის 4 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე - ზეგანაკვეთური 10 სრული სამუშაო დღის ანაზღაურება.
9. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის შეტყობინება არ შეიცავს ახსნას, თუ რის შედეგად შემცირდა სამუშაო ძალა, რაც მის კანონსაწინააღმდეგო ბუნებაზე მიუთითებს. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა დასაბუთება, თუ რამ განაპირობა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რაზეც მოპასუხეს რეაგირება არ მოუხდენია, რისი გათვალისწინებითაც, სწორედ მოპასუხეს ეკისრება დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი.
მოპასუხის პოზიცია:
10. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი შესაგებელი იმ გარემოებას ეფუძნება, რომ მოსარჩელე გამოსაცდელი ვადით იყო დასაქმებული და დამსაქმებელს ნებისმიერ დროს ყოველგვარი დამატებითი შეტყობინების ან/და კომპენსაციის გარეშე შეეძლო შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა.
11. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ფონდში არსებითაც შემცირდა მომართვიანობა, შესაბამისად, ფაქტობრივად აღარ არსებობდა დასაქმებულის მხრიდან შესასრულებელი სამუშაო და დამოუკიდებელი საშტატო ერთეულის არსებობის საჭიროება, რის გამოც ორგანიზაციული ცვლილებების შემდეგ მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაო სხვა დასაქმებულმა შეითავსა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ფონდის 2020 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება; დასაქმებული აღდგენილ იქნა ფონდში ოპერატორ-სოციალური მუშაკის თანამდებობაზე, 2021 წლის 23 ივნისამდე ვადით; ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის - ყოველი მოცდენილი თვისათვის ხელზე ასაღები 1200 ლარის ანაზღაურება 2020 წლის 4 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, კომპენსაციის სახით გადახდილი 1200 ლარის გამოკლებით; ფონდისათვის ზეგანაკვეთური 10 სრული სამუშაო დღის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
13. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ (დამსაქმებელმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, მხარეთა შორის 2020 წლის 23 ივნისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება არ იყო გამოსაცდელი ვადით გაფორმებული.
16. სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით (შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით) აღნიშნა, რომ გამოსაცდელი ვადით მხოლოდ ერთხელ ფორმდება ხელშეკრულება დასაქმებულთან და მხოლოდ 6 თვემდე ვადით. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2020 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებამდე დადებული იყო გამოსაცდელი ვადით 3-თვიანი ხელშეკრულება. ამდენად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამატებით, კიდევ გამოსაცდელი ვადით ახალი ხელშეკრულების გაფორმების უფლებამოსილება მოპასუხეს (აპელანტს) არ ჰქონდა.
17. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მოწინააღმდეგე მხარე სამსახურიდან გათავისუფლდა მართლზომიერად, ფონდის რეორგანიზაციის შედეგად გამოწვეული ცვლილებების გამო.
18. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდა, რამ განაპირობა კონკრეტულად მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება და შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, დასაქმებულთა შერჩევის წინასწარ განსაზღვრული რა კრიტერიუმები იქნა დამსაქმებლის მიერ გათვალისწინებული. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღსანიშნავია, რომ დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების ფაქტი არ დასტურდება, ისევე, როგორც არ იკვეთება მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა ან/და არაჯეროვნად შესრულება.
19. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელს არ წარმოუდგენია დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები. რეორგანიზაციის საფუძვლით მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ ემყარება ობიექტურ კრიტერიუმებს. ამასთან, დასაქმებელმა ვერ დაასაბუთა კონკრეტულად მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი ისეთი გარემოებების არსებობა, რომელთა საფუძველზეც სხვა თანამშრომლებს მიენიჭათ სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები არ იკვეთება.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
21. კასატორის განმარტებით, ფონდში სოციალური მუშაკის თანამდებობას იკავებდა ორი დასაქმებული, მოსარჩელე და ნ.ჭ–ძე. ეს უკანასკნელი სამართალმცოდნე, კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალისტი და ბუღალტრად მუშაობის გამოცდილების მქონე პირია, ამასთან, მისი სამუშაო სრულად მოიცავდა მოსარჩელის მიერ შესასრულებელ დავალებებსაც.
22. კასატორის მითითებით, სასამართლომ ფონდის მიერ წარდგენილი ინფორმაციაც არ შეაფასა, რომელიც, როგორც ზოგადად დახმარების მთხოვნელ, ასევე - უშუალოდ სამედიცინო დახმარების მიზნით მომართვიანობის თაობაზე ინფორმაციას ასახავდა, რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ ფონდში მომართვიანობა საგრძნობლად შემცირდა, შესაბამისად, ფაქტობრივად აღარ არსებობდა დასაქმებულის მხრიდან შესასრულებელი სამუშაო და დამოუკიდებლად საშტატო ერთეულის არსებობის საჭიროება, რის გამოც ორგანიზაციული ცვლილებების შემდეგ მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაო სხვა დასაქმებულმა შეითავსა, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, ასრულებდა როგორც მოსარჩელის მიერ შესასრულებელ ფუნქციებს, ასევე - დამატებით შეუსრულებელ ვალდებულებებსაც.
23. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, მხარეთა შორის არ ყოფილა გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება და მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ორივე შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იყო დადგებული, ამასთან, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა თავდაპირველი ურთიერთობის დაწყებიდან 5 თვისა და 2 დღის შემდეგ, ამდენად, შრომითსამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა გამოსაცდელი პერიოდის განმავლობში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
24. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
27. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
28. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
29. პალატა განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-235-2021, 18 ივნისი, 2021 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).
30. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანების მიხედვით, დამსაქმებელი კომპანიის მიერ მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო რეორგანიზაციის განხორციელება, რაც ემყარება სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის მოქმედ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის, სამუშაო ძალის შემცირებას (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).
31. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დამსაქმებელი უფლებამოსილია, შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებებისას, რომელიც სამუშო ძალის შემცირებას აუცილებელს ხდის. აღსანიშნავია ისიც, რომ შრომითი ურთიერთობის არსიდან გამომდინარე, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლების დადასტურების ვალდებულება დამსაქმებელს ეკისრება (იხ. სუსგ №ას-665-636-2016, 9 დეკემბერი, 2016 წელი; №ას-1329-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; №ას-1189-1109-2017, 10 ნოემბერი, 2017 წელი), რაც გულისხმობს იმასაც, რომ დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება არის რეორგანიზაციისა და შემცირების შესაბამისი, სამართლიანი და გონივრული გადაწყვეტილება. „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ, აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (იხ. სუსგ №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; №ას-665-636-2016, 9 დეკემბერი, 2016 წელი; №ას-1421-2020, 5 მარტი, 2021 წელი).
32. ერთ-ერთ გადაწყვეტლებაში საკასაციო პალატამ განმარტა სშკ-ის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) სამართლებრივი საფუძველი: „რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (იხ. სუსგ №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).
33. საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც ამახვილებს კასატორის ყურადღებას იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შრომით სამართლებრივ დავაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერი საფუძვლის მტკიცების სტანდარტზე იხ., ი. გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, რედ: ზ. ძლიერიშვილი, ნ. კვანტალიანი, 2020 წელი, გვ. 255-261). ამდენად, ფაქტების მითითების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებულია მოპასუხის მტკიცების ტვირთის რეალიზებაზე, კერძოდ, მისი მხრიდან დამაჯერებელი საფუძვლებისა და მტკიცებულებების წარდგენაზე (იხ. სუსგ №ას-1483-2019, 19 დეკემბერი, 2019 წელი; №ას-223-223-2018, 20 აპრილი, 2018 წელი; №ას-103-2019, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).
34. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ ფაქტობრივ და სამართლებრივ მსჯელობას და დასკვნას, რომ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა.
35. საკასაციო პალატის განმარტებით, დამსაქმებელი დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ძირითად საფუძვლად იმ გარემოებას ასახელებდა, რომ მოსარჩელე გამოსაცდელი ვადით იყო დასაქმებული და დამსაქმებელს ნებისმიერ დროს ყოველგვარი დამატებითი შეტყობინების ან/და კომპენსაციის გარეშე შეეძლო შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა. ამასთან, მოპასუხე მიუთითებდა ფონდში შემცირებულ მომართვიანობაზე, რისი გათვალისწინებითაც აღარ არსებობდა დასაქმებულის მხრიდან შესასრულებელი სამუშაო და დამოუკიდებელი საშტატო ერთეულის არსებობის საჭიროება.
36. პალატის შეფასებით, მოპასუხეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ფონდში ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების რეალურად განხორციელებას შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით დაადასტურებდა, კერძოდ, მოპასუხეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ფონდში ორგანიზაციის სტრუქტურა შეიცვალა, გადაკეთდა/გარდაიქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა შეცვლა და აღნიშნულს მოჰყვა შტატების შემცირება. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ რაიმე არსებითი შედავება კასატორს საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია, მეტიც, საკუთარი შესაგებლით, იგი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირებდა გამოსაცდელი ვადით შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, რისი გათვალისწინებითაც, დასაქმებულის სშკ-ის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება არ იკვეთება.
37. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ კასატორი, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერ საფუძვლად მიუთითებდა 2020 წლის სექტემბრიდან დახმარების თხოვნის მომართვიანობის შემცირებაზე, რამაც მისი მტკიცებით განაპირობა დასაქმებულის მხრიდან შესასრულებელი სამუშაოს არარსებობა და, შესაბამისად, საშტატო ერთეულის გაუქმება. პალატის მითითებით, კასატორის ზემოაღნიშნული არგუმენტიც დაუსაბუთებელია და რაიმე არსებით მტკიცებულებას არ ემყარება, ამასთან, დახმარების თხოვნის მომართვიანობის სტატისტიკა (იხ. ტ.1, ს.ფ. 264), რომელშიც 2019 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდია ასახული, კასატორის ზემოაღნიშნულ არგუმენტს ვერ ამყარებს, ვინაიდან ამ მონაცემებით, მომართვიანობის მკვეთრი კლება 2020 წლის აგვისტო-სექტემბრიდან აღინიშნა, თუმცა ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელეს გათავისუფლების შესახებ 2020 წლის აგვისტოს დასაწყისში ეცნობა, როდესაც შესაძლებელია, გათვალისწინებული ყოფილიყო მხოლოდ წინა თვის - ივლისის სტატისტიკა, თუმცა ამ უკანასკნელ თვეს ივნისთან შედარებით მეტი მომართვიანობა აღინუსხა. უდავოა, რომ ამ ფაქტობრივი გარემოებების უარსაყოფად, დამსაქმებელს არც საკასაციო საჩივრით არ წარუდგენია დამაჯერებელი და წონადი არგუმენტები. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, თუ რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილებაც. მოპასუხემ იმ გარემოების დამტკიცება ვერ შეძლო, რეორგანიზაციის შემდეგ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიანიჭა მოსარჩელესთან შედარებით, უპირატესობა სხვა თანამშრომელს. საქმეში წარმოდგენილია ოპერატორის/საციალური მუშაკის თანამდებობრივი ინსტრუქცია, თუმცა ფონდის მიერ დასაქმებული მეორე სოციალური მუშაკის მეტი ფუნქცია-მოვალეობების, ამ უკანასკნელის კვალიფიკაციისა და მოსარჩელესთან შედარებით უკეთესი პროფესიული უნარ-ჩვევების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი კი - არ არსებობს, რისი გათვალისწინებითაც კასატორმა ვერ შეძლო, სათანადოდ ემტკიცებინა, რომ მოსარჩელის გათავისუფლება ყველაზე მიზანშეწონილი და სამართლიანი იყო.
38. რაც შეეხება, მხარეთა შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის გამოსაცდელი ვადით არსებობას, პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ პირის გამოსაცდელი ვადით დასაქმებისას, მხარეები წერილობით ავლენენ ნებას, კანონით დადგენილი ზღვრული ვადის ფარგლებში წარიმართოს მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის შემდგომი ტრანსფორმაცია ვადიან თუ უვადო ურთიერთობაში დამოკიდებულია იმაზე, თუ საპრობაციო პერიოდში რამდენად გამოავლინა პირმა (დასაქმებულმა) შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობა, რაც უთუოდ გულისხმობს ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე, მის პიროვნულ და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე დამსაქმებლის შესწავლა-დაკვირვებას და შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესატყვისობის თაობაზე მისი დასკვნის (მოსაზრების) მნიშვნელობას.
39. სშკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით (რაც მოქმედი ორგანული კანონის მე-17 მუხლია) შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. კანონი ნათლად ადგენს, რომ გამოსაცდელი ვადა მხოლოდ ერჯერადი ხასიათისაა და ის გამოიყენება მხოლოდ იმ პირთა მიმართ, რომელთა შრომითი უნარ-ჩვევები უცხოა დამსაქმებლისათვის. განსახილველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დასაქმებულთან 2020 წლის 1 აპრილს სამთვიანი შრომითი ხელშეკრულება 2020 წლის 1 ივლისამდე გამოსაცდელი ვადით იყო გაფორმებული, რის შემდგომაც მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა კვლავ ერთი წლით 2020 წლის 23 ივნისს გაფორმდა, აღნიშნული კი, კანონით დადგენილი ზღვრული ვადის ფარგლებს სცდება და კანონის მოთხოვნას ეწინააღმდეგება, რისი გათვალისწინებითაც, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა ვერ ჩაითვლება გამოსაცდელი ვადით დადებულად.
40. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავაზე გამოიკვეთა დამსაქმებლის სადავო ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რისი გათვალისწინებითაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უფლებრივი რესტიტუციის კანონიერებაც ვლინდება.
41. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სამართლიანობის, კანონიერებისა და მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპების, შრომითი დავის განხილვისას მხარეთა შორის თანაზომიერი ბალანსის დაცვის გათვალისწინებით, დასაბუთებულია და კანონიერი, შესაბამისად, არ არსებობს დამსაქმებლის საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
42. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
43. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
44. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
45. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №; №ას-928-2021, 2022 წლის 28 თებერვალის განჩინება, №ას-280-2020, 2021 წლის 5 მარტის განჩინება).
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
47. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ ჩ.ფ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ა(ა)იპ ჩ.ფ–ს (ს/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 540 ლარის (საგადახდო დავალება 13162799357 / გადახდის თარიღი 27.04.2022), 70% - 378 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე