გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-1-გ-02 15 მარტი 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და 26-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განსჯადობის შესახებ დავა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატასა და იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შორის.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 24 აგვისტოს შპს «ს.» გენერალურმა დირექტორმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოპასუხე ამიერკავკასიაში თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ავსტრიული ასოციაციისაგან «ს.» მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების, კონტრაქტის შეწყვეტით გამოწვეული ზიანის, სამშენებლო ობიექტზე არსებული დაკარგული სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის ღირებულების ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ, ამასთან, მოპასუხისათვის ვადაგადაცილებული გადასახდელებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა და მოპასუხეს შპს «ს.» სასარგებლოდ 88123 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით 2203,75 ლარის გადახდა დაეკისრა.
ზემომითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე საერთაშორისო ავსტრიულმა ასოციაციამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 30 აპრილის განჩინებით აპელანტის მიერ ბაჟის გადაუხდელობის გამო საჩივარი დარჩა უმოძრაოდ და არსებული ხარვეზის შესავსებად მოპასუხეს განესაზღვრა ვადა.
იმავე სასამართლოს 2001 წლის 21 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად.
ამიერკავკასიაში თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ავსტრიულმა ასოციაციამ თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 21 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მითითებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 22 აგვისტოს განჩინებით საერთაშორისო ასოციაციის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სამოქალაქო პალატამ მიიჩნია, რომ რადგან საქართველოს მთავრობა კონტროლს უწევდა შპს «ს.» მიერ ავსტრიის საერთაშორისო ასოციაციასთან დადებული ნარდობის ხელშეკრულების შესრულებას და ასევე მოცემულ ურთიერთობაში მონაწილეობას ღებულობდა სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენელიც, ამდენად, საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით უნდა განხილულიყო.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაუგზავნა.
2001 წლის 8 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე შპს «ს.» სადავოდ ხდიდა მოპასუხესთან მოპასუხე ამიერკავკასიაში თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ავსტრიული ასოციაციისაგან დადებული სანარდო ხელშეკრულების შესრულების საკითხს, ამდენად, დავა ორ კერძო სუბიექტს შორის წარმოშობილ დავას წარმოადგენდა. აღნიშნული ხელშეკრულების მხარე საქართველოს მთავრობა არ იყო და ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული საერთაშორისო შეთანხმება კავშირში არ იყო დავის საგანთან _ ნარდობის ხელშეკრულებასთან. ამდენად, 2001 წლის 8 იანვრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის III ნაწილის შესაბამისად, საქმე განსჯადობის საკითხის გასარკვევად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა და მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ შპს «ს.» წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ ხდის მასა და ამიერკავკასიაში თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ავტრიულ ასოციაციას შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების საკითხს, რაც სასამართლოს მოსაზრებით, კერძო სამართლის სფეროში ორ სუბიექტს შორის წარმოშობილ დავას წარმოადგენს.
საკასაციო პალატა აქვე დაამატებს, რომOOსაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის «ა» პუნტის შესაბამისად მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შორის სამოქალაქო სამართალურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს სასამართლოები იხილავენ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლი საოლქო სასამართლოთა შემადგენლობას განსაზღვრავს და ადგენს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავა აპელაციის წესით განსახილველად საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას ექვემდებარება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მითითებული პალატის მიერ უნდა იქნეს განხილული. ამას გარდა, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ თვით დავის საგანი _ შპს «ს.» და ამიერკავკასიაში თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ავსტრიულ ასოციაციას შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის გათვალისწინებულ გარიგებას. მითითებული კოდექსის ზოგადი დებულებების შესაბამისად, გარიგება კერძო სამართლის სუბიექტებს შორის კერძო სამართლებრივ სფეროში წარმოშობილი ურთიერთობაა, რომელიც მიმართულია გარკვეული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამდენად, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, დავის საგანი _ ნარდობის ხელშეკრულება, კერძო სამართლის სუბიექტებს შორის სამოქალაქოსამართლებრივ სფეროში წარმოშობილ ურთიერთობას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აქვე დაამატებს, რომ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება ვერ იქნება მიჩნეული ადმინისტრაციულ გარიგებად, რადგან «საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის» მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, ასევე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, Mმითითებულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ ორგანოდ ვერ იქნება მიჩნეული ნარდობის ხელშეკრულების ვერც ერთი მხარე, რადგან იმავე კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს როგორც სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო, ასევე ნებისმიერ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ნარდობის ხელშეკრულების მხარეები _ შპს «ს.» და საერთაშორისო ავსტრიული ასოციაცია კერძო სამართლის სუბიექტებს წარმოადგენენ და ისინი სადავო ხელშეკრულებების დადებისას საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს არ ახორციელებდნენ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დავა სამოქალაქო სამართალურთიერთობიდან წარმობილ დავას წარმოადგენს და იგი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯადია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და 26-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 372-ე და 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ამიერკავკასიაში თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ავსტრიული ასოციაციის საჩივარი განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.