Facebook Twitter

საქმე №ა-2809-გან-9-2022 6 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ე.მ–ის მხარდამჭერი - მ.კ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ნ–ძე (მოსარჩელე)

განჩინება, რომლის განმარტებასაც განმცხადებელი მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – განჩინების განმარტება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, ქონებაზე აღსრულების მიქცევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ს.ნ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.მ–ის (შემდგომ – მოპასუხე), მ.კ–იასა (შემდგომ – მეორე მოპასუხე) და ნ.კ–ძის (შემდგომ – მესამე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 30 000 აშშ დოლარის დაკისრება, მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის 2016 წლის 9 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების, ასევე მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის 2016 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ამავდროულად, უძრავი ნივთის მესაკუთრედ მოპასუხის ცნობა.

მოპასუხეების პოზიცია:

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებისა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილები:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 იანვრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე მოთხოვნას ეთქვა უარი, ყადაღა დაედო ნ.კ–ძის (პ/ნ:.....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ……, სადარბაზო №2, სართული №12, ბინა №217, ს/კ:…….

4. ამავე სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ - მოპასუხისათვის 30 000 აშშ დოლარის დაკისრების, მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის 2016 წლის 9 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების, ასევე, მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის 2016 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და უძრავი ნივთის მესაკუთრედ მოპასუხის ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის კუთვნილ უძრავ ნივთზე აღსრულების მიქცევის მოთხოვნას ეთქვა უარი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. საკასაციო საჩივარს დაერთო სანოტარო წესით დამოწმებული მოსარჩელის თანხმობა, რომლითაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა სარჩელზე, ასევე, მხარეებმა მიუთითეს, რომ ერთმანეთის მიმართ მოცემული დავის ფარგლებში რაიმე პრეტენზიები არ გააჩნიათ და მოითხოვეს სსსკ-ის 272-ე მუხლის საფუძველზე მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

8. საკასაციო სასამართლოში აღნიშნული საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2022 წლის 3 მაისს, რა დროსაც კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) უარი განაცხადა სარჩელზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

9. საკასაციო სასამართლომ მხარეებს განუმარტა საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგი.

საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინებით ს.ნ–ძის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა, შეწყდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე ს.ნ–ძის სარჩელის გამო ე.მ–ის, მ.კ–იასა და ნ.კ–ძის მიმართ თანხის დაკისრების, ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობისა და ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ, გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, განემარტათ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

განმცხადებლის მოთხოვნა:

11. 2022 წლის 3 ივნისს ე.მ–ის მხარდამჭერმა მ.კ–იამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინების განმარტება.

12. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ უძრავ ქონებაზე საქალაქო სასამართლოს მიერ დადებული ყადაღის მოხსნის მიზნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც 02/06/2022 №102022245070/3 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის №ას-104-2022 განჩინებაში პირდაპირ არ იყო მითითებული სადავო ყადაღის გაუქმების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინების განმარტების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას შეეხება სსსკ-ის 262-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

15. განსახილველი განცხადების განხილვა საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის გარეშე.

16. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს.

17. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 იანვრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე მოთხოვნას ეთქვა უარი, ყადაღა დაედო ნ.კ–ძის (პ/ნ:....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა …., სადარბაზო №2, სართული №12, ბინა №217, ს/კ:….

18. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე ს.ნ–ძის სარჩელის გამო ე.მ–ის, მ.კ–იასა და ნ.კ–ძის მიმართ თანხის დაკისრების, ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობისა და ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ, ასევე, გაუქმდა წინამდებარე საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს, რომ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 იანვრის განჩინებაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ნ.კ–ძის (პ/ნ:.......) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა . …… სადარბაზო №2, სართული №12, ბინა №217, ს/კ:….. ყადაღა მოეხსნა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე, 262-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.მ–ის მხარდამჭერ მ.კ–იას შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინების განმარტების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინების დებულება - „გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება“ განიმარტოს იმგვარად, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 იანვრის განჩინება, რომლითაც მოსარჩელის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე მოთხოვნას ეთქვა უარი, ყადაღა დაედო ნ.კ–ძის (პ/ნ:......) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ………, სადარბაზო №2, სართული №12, ბინა №217, ს/კ:……...

3. ყადაღა მოეხსნას ნ.კ–ძის (პ/ნ:.......) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ………., სადარბაზო №2, სართული №12, ბინა №217, ს/კ:……..

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე