Facebook Twitter

საქმე №ას-235-2022 5 მაისი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ.ბ–ი, გ.ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ა–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ქ.ა–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან გამსესხებელი) სარჩელი დაკმაყოფილდა.

1.1. გ.ბ–ს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მსესხებელი, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) მოსარჩელის სასარგებლოდ 27 750 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ა.ბ–ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე, მსესხებელი, იპოთეკის საგნის მესაკუთრე, მეორე აპელანტი, შემდეგში - ერთობლივად მოპასუხეები) კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გორში, ......., ს/კ .....

2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინებით, მეორე მოპასუხის (იპოთეკის საგნის მესაკუთრის) სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე გარდაცვალების გამო, უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ.ბ–ი (შემდეგში - იპოთეკის საგნის მესაკუთრის უფლებამონაცვლე ან მეორე კასატორი).

4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:

4.1. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელესა და მეორე მოპასუხე შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც თვალთმაქცური გარიგება, გაუქმდა და დადგინდა მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის უზრუნვესაყოფად ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გორში, ....., ს/კ .......

4.2. პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის სარგებლიანი სასესხო ურთიერთობა არსებობდა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულ იქნა მეორე მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ზემოხსენებული უძრავი ქონება. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (საქმე N2/202-16).

4.3. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნის საფასურად მითითებული თანხა - 35 000 აშშ დოლარი წარმოადგენს არა ნასყიდობის საგნის ღირებულებას, არამედ მხარეთა შორის არსებული სასესხო ვალდებულების თანხის ოდენობას, საიდანაც პირველ მოპასუხეს 7250 აშშ დოლარი აქვს გადახდილი და დარჩენილი დავალიანება 27 750 აშშ დოლარს შეადგენს.

5. სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ.კ–ძის სესხის - 21 000 აშშ დოლარის უზრუნველყოფის მიზნით მეორე მოპასუხის კუთვნილ უფლებრივად დატვირთულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. გორში, ....., სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაუქმდა 2014 წლის 29 სექტემბერს, იმავე დღეს, რა დღესაც ხსენებულ უძრავ ნივთზე მეორე მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. შესაბამისად, იპოთეკისაგან გათავისუფლდა მოსარჩელის კუთვნილი ზემოხსენებული უძრავი ნივთი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარეებს შორის არსებობდა სარგებლიანი სასესხო ვალდებულებითი ურთიერთობა.

6. სასამართლომ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის მტკიცება, თითქოს მან მოსარჩელისგან ყოველგვარი სარგებლის გარეშე მხოლოდ 10 000 აშშ დოლარი ისესხა, ვინაიდან საქმეში არ არის წარდგენილი ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, მოპასუხის ახსნა - განმარტება კი არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად. დადგინდა, რომ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხეს სრულად არ აქვს შესრულებული. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, რაიონული სასამართლოს დასკვნა მოპასუხისთვის 27 250 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.

7. სასამართლომ მეორე მოპასუხის (აწ. გარდაცვლილის) არც ის მტკიცება გაიზიარა, რომ იპოთეკის საგანი მისი და მეუღლის - გ.ბ–ის (შემდეგში - მეორე მოპასუხის, იპოთეკის საგნის მესაკუთრის უფლებამონაცვლე ან მეორე კასატორი) თანასაკუთრებას წარმოადგენს და იპოთეკა 1/2 წილზე უნდა გავრცელდეს, ვინაიდან საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურდა უძრავ ქონებაზე მხოლოდ მეორე მოპასუხის (აწ. გარდაცვლილის) საკუთრების უფლება.

8. სააპელაციო სასამართლომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის (საქმე N2/202-16) გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს მოპასუხეთა მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 106-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტზე (მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ) მითითებით პრეიუდიციული მნიშვნელობა მიანიჭა და დაასკვნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 623-ე მუხლის (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში მართებულად დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 286.1-ე (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა), 289.1-ე (იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან) და 301-ე (თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) მუხლებით იხელმძღვანელა და მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილშიც დასაბუთებულად მიიჩნია.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

10.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით - მოპასუხეების საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

14. საკასაციო პრეტენზიის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

15. კასატორების მტკიცებით, გასაჩივრებულ განჩინებაში უსაფუძვლოდაა დადგენილი დავალიანების თანხა - 35 000 აშშ დოლარი, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს; არ არის გათვალისწინებული პრეიუდიციული ძალის მქონე გადაწყვეტილებაში მეორე მოპასუხის განმარტება, რომ სესხის ოდენობა 10 000 აშშ დოლარს შეადგენდა; მოწინააღმდეგე მხარის მიმართ არ არის გამოყენებული სესხის ოდენობის მტკიცების ტვირთი; გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის ნამსჯელი, რომ პრეიუდიციული ძალის მქონე გადაწყვეტილებით სესხის თანხა არ იყო განსაზღვრული 35 000 აშშ დოლარით და ეს გარემოება თავად სააპელაციო სასამართლომ დაადგინა.

16. საკასაციო სასამართლო მოიხმობს მისსავე განმარტებას, რომელიც არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაშია ასახული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სუბიექტურ და ობიექტურ ფარგლებთან დაკავშირებით, კერძოდ: სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს აქვთ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი აღარ უნდა დამტკიცდეს ხელახლა სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, რომელშიც იგივე მხარეები მონაწილეობენ. იგივე მხარეებში იგულისხმებიან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ საქმეში მონაწილე პირები, მიუხედავად იმისა, რა სტატუსით მონაწილეობენ ისინი სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, მაგალითად, ახალ დავაში მოსარჩელე შეიძლება მოპასუხე იყოს ან - პირიქით. მთავარია, რომ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე სუბიექტები მონაწილეობდნენ (იხ. პაატა ქათამაძე, ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი“, მუხლი 266, თბილისი, GIZ, 2020, გვ. 994). სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტები გულისხმობს ისეთ იურიდიულად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას (იხ. ქეთევან მესხიშვილი, ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი“, მუხლი 106, თბილისი, GIZ, 2020, გვერდი 574). პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურსამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე - ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (სსსკ-ის 106-ე მუხლის განმარტების თაობაზე იხილეთ: სუსგ-ები N ას-547-510-2017, 04.05.2018. პ.3.4; N ას-827-791-2014, 13.11.2015; N ას-58-56-2016, 26.02.2016წ).

17. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალაც, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (იხ.პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, GIZ, 2020, გვ. 998). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პრეიუდიციული ძალის მქონე არ არის გადაწყვეტილების/განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ყველა გარემოება, ასევე, პრეიუდიციული ძალა არ ვრცელდება ამ ფაქტების სამართლებრივ შეფასებაზე. ეს საკითხი უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, სასამართლოს მიერ დადგენილი რომელი ფაქტები ამართლებს სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ დასკვნებს. „გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი“ (შეად. სუსგ N ას-710-2011-09, 07.09.2009წ.). ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო იმ პროცესუალურსამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ), არამედ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება) - იხ. სუსგN ას-827-791-2014, 13.11.2015წ.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შედის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, კანონის თანახმად, ასაბუთებენ, ამართლებენ სარეზოლუციო ნაწილს. ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), გამოტანილი იმავე მხარეების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში), არამედ მატერიალურსამართლებრივ კრიტერიუმებსაც (გადაწყვეტილებით დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების შინაარსს, რომელი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება) - იხ. პაატა ქათამაძე, ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი,“ მუხლი 266, თბილისი, GIZ, 2020, გვ. 999. წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტში ასახული განმარტების საფუძველზე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მატერიალური ასპექტი ნათლად წარმოაჩენს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ უპირობოდ არ უნდა მიიღოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიჩნეული ფაქტები, როგორც პრეიუდიციული ძალის მქონე. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მისი მატერიალური მხარე და გამოარკვიოს ნამდვილად ამ ფაქტს ეყრდნობა თუ არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება). შემოწმება უნდა განხორციელდეს როგორც პროცესუალური (პროცესუალური წინაპირობებია: (1) კანონიერ ძალაშია თუ არა შესული სასამართლო გადაწყვეტილება (განჩინება); (2) გამოტანილია თუ არა იგი სამოქალაქო საქმეზე; (3) იგივე მხარეები მონაწილეობენ თუ არა განსახილველ საქმეშიც, რომელთა მიმართ გამოტანილია გადაწყვეტილება (განჩინება), ასევე, მატრიალური კომპონენტების კუთხით (ესაა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსი (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ე.ი. რაც გახდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველი). მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მხარის მიერ მითითებული ფაქტი პრეიუდიციულად შეფასდეს და მტკიცების საგნიდან ამოირიცხოს. შესაბამისად, ფაქტის რეიუდიციულად მიჩნევა სასამართლოს უფლებაა. სასამართლო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეფუძნება სწორედ ამ ფაქტს ეფუძნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი არ წარმოადგენს პრეიუდიციულ ფაქტს და ჩვეულებრივ ექვემდებარება მტკიცებას ისევე, როგორც მხარეთა მიერ შედავებული დანარჩენი ფაქტები. ასეთი მიდგომა ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელებისას მიღებული სასამართლო აქტის სავალდებულო ძალის, ასევე, ამ აქტისადმი სანდოობის პრინციპის შენარჩუნებას და, რაც მთავარია, განსაზღვრულობის პრინციპს. ივარაუდება, რომ იმ სასამართლომ, რომელმაც ერთხელ უკვე იმსჯელა მხარეებს შორის არსებულ სამართალურთიერთობაზე და დაადგინა გარკვეული ფაქტები, სასამართლოს დასკვნები ამ ფაქტებთან მიმართებით ემყარება მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შემოწმების შედეგს. შესაბამისად, თუ იგივე ფაქტები მათი შეფასება-დადგენის კუთხით კვლავ გახდებოდა სხვა სასამართლოს მიერ სხვა სამართალწარმოების პროცესში მსჯელობის საგანი, ამით სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა, როგორც დასახელებული პრინციპების დაცვას, ასევე, ზოგადად მართლმსაჯულების სტაბილურობას (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 193-196. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვნტალიანი; აგრეთვე შეად. სუსგ-ები №ას-455-769-09, 03. 12.2009 წ; №ას-146-140-2012, 12.07. 2012 წ.; №ას-74-68-2015, 27.02. 2015 წ; N ას-1190-2018, 12.04.2019წ; N ას-578-2019, 28.06.2019წ; N ას-879-2018, 23.07.2019წ; N ას-1705-2019, 27.11.2020წ: N ას-1181-2018, 18.02.2021წ; N ას-1198-2019, 25.06.2021წ).

19. საკასაციო სასამართლო ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციიდან და დადგენილი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიანიჭა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტს პრეიუდიული ძალა მოპასუხეების მიმართ და სწორად მიიჩნია, რომ მოდავე მხარეებს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან სამართალურთიერთობა არსებობს.

20. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას გადაცემული სესხის ოდენობასა და მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ Nას-1051-2021, 1.04.2022წ).

21. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ დაუშვებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

22. სსკ-ის 623-ე მუხლის (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი) შესაბამისად, თანმიმდევრობით უნდა იყოს შესრულებული სესხის (ძირითადი თანხის) დაბრუნების მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და უნდა კისრულობდეს განსაზღვრულ ვადაში გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: 1) სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა, განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა: ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა; 2) სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (ვინაიდან ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია, დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; 3) სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. მხოლოდ სესხის თაობაზე შეთანხმება, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას.

24. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა შემდეგი: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობის არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებას, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოშობას ნიშნავს, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ). სხვა საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, ანუ იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ №ას-361-343-2015, 14.12.2015წ).

25. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება, ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და სამართლებრივი ძალის აუცილებელი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში რეალურად გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, გამსესხებელმა უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც.

26. საგულისხმოა, რომ საკითხი იმ შესახებ, თუ დავის მონაწილე რომელმა მხარემ უნდა ადასტუროს თანხის გადაცემა, ანუ ხელშეკრულების დადების შესახებ გარემოება, არ წესრიგდება მატერიალური სამართლის ნორმით. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არც ერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც გამოყენებულ უნდა იქნეს სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება, ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი - სესხის თანხის დაფარვით განისაზღვრება.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი), (შდრ. სუსგ Nას-279-264-2017, 21.04.2017წ.) „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული). მოსარჩელის (გამსესხებლის) მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს (მსესხებელს) ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს). მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს მსესხებლის (მოპასუხეს) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე პრეზუმფცია. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მსესხებელს (მოპასუხეს) (იხ. სუსგ №ას-929-891-2014, 22.04.2015). სასესხო ურთიერთობის წარმოშობის წინაპირობების მტკიცების თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების - თანხის გადაცემ ფაქტის დამტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს (შდრ. სუსგ Nას-1067-1026-2016, 23.06.2017წ).

28. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობას და ასკვნის, რომ მოსარჩელემ წარმატებით გაართვა თავი მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას და დაადასტურა, რომ მოვალემ მოსარჩელისგან (გამსესხებლისგან) ფაქტობრივად სესხი 35 000 აშშ დოლარი მიიღო, რომლის საწინააღმდეგოც მოპასუხემ ვერ დაამტკიცა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში სხვა სახის მტკიცებულება, გარდა ნასყიდობის ხელშეკრულებისა (რომელიც სასამართლომ, როგორც თვალთმაქცური გარიგება, მოპასუხის სარჩელის საფუძველზე ბათილად ცნო და სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა დაადგინა), რომელიც მოპასუხის მიერ დასახელებული სესხის ოდენობის (10 000 აშშ დოლარის) გადაცემას დაადასტურებდა არ არსებობს. საქმის მასალებიმხოლოდ 35 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს ადასტურებს, საიდანაც პირველ მოპასუხეს 7 250 აშშ დოლარი აქვს გადახდილი, ხოლო არსებული დავალიანება 27 750 აშშ დოლარს შეადგენს. ამდენად, მართებულია გადაცემული სესხის ოდენობისა და გადასახდელად დარჩენილი ვალდებულების არსებობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნა. კასატორის პრეტენზიები (იხ. განჩინების მე-15 პუნქტი) საქმეზე გამოკვლეული და დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით არ არის გაზიარებული უსაფუძვლობის გამო.

29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

31. კასატორები სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ბ–ის და გ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე