Facebook Twitter

საქმე №ა-1854-შ-52-2022 3 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - გ.ე–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ი.ე–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - გერმანიის პადერბორნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ.ე–მა 2022 წლის 15 აპრილს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის პადერბორნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით გ.ე–ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ გ.ე–ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში გერმანიის პადერბორნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. იმავე ნორმის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული, გერმანიის პადერბორნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით გ.ე–ი და ი.ე–ი განქორწინდნენ (მათი ქორწინება შედგა 2000 წლის 15 სექტემბერს ტონდერის მმაჩის ბიუროში). აღსანიშნავია, რომ მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (მათი ადვოკატები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში). ასევე, დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2003 წლის 22 სექტემბრიდან. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.

შესაბამისად, გერმანიის პადერბორნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ე–ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში გერმანიის პადერბორნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის პადერბორნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა გ.ე–ისა და ი.ე–ის ქორწინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე