Facebook Twitter

საქმე №ას-109-2022 3 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ი–ი

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ.ი–მა 2020 წლის 15 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

საქმეზე 2021 წლის 2 ივლისს ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელიც 2021 წლის 8 სექტემბერს გადაიდო.

2021 წლის 6 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა - ა.ს–ძემ, რომელმაც განმარტა, რომ ის და მოსარჩელის მეორე წარმომადგენელი - ლ.ს–ი იმყოფებოდნენ კუთვნილ შვებულებაში, რის გამოც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებას ვერ მოახერხებდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელმა საქმის განხილვის სხვა დროისთვის გადადება მოითხოვა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ 2021 წლის 8 სექტემბრის საოქმო განჩინებით სასამართლოს სხდომის გადადების თაობაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება არ დააკმაყოფილა. ამასთან, მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ.ი–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მ.ი–მა საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მ.ი–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება მ.ი–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მ.ი–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები, რადგან მოსარჩელის წარმომადგენლები სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით - შვებულებაში ყოფნის გამო ვერ გამოცხადდნენ და აღნიშნული გარემოების თაობაზე სასამართლოს სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე აცნობეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკანონოდ გაუქმდა, ვინაიდან სასამართლოს სხდომის თარიღი განისაზღვრა მოსარჩელის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, რომლებმაც სასამართლოს განუმარტეს, რომ შვებულებით აგვისტოში სარგებლობენ და სექტემბრის თვეში სასამართლო სხდომის გამართვა უმჯობესი იქნებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მართლზომიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. იმავე კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საპატიო მიზეზად კი, კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

ამრიგად, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა შეიძლება გახდეს; ფაქტობრივად, „დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება) წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს. თუმცა ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, არ უნდა დადგეს ისეთი მხარის მიმართ, რომლის მიერაც საპროცესო მოვალეობების შეუსრულებლობა განპირობებულია ობიექტური საფუძვლით“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 იანვრის №ას-1647-2018 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის ინტერესებს იცავდა ორი წარმომადგენელი, რომლებმაც სასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე აცნობეს სასამართლოს, რომ იმყოფებოდნენ შვებულებაში და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას ვერ შეძლებდნენ, რის გამოც საქმის განხილვის გადადების თაობაზე იშუამდგომლეს.

დადგენილია, რომ განცხადებას თან ერთოდა ლ.ს–ისა და ა.ს–ძის 2021 წლის 1 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით შვებულებაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დამატებით საყურადღებოა, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ სხდომის მდივანს და ზეპირსიტყვიერადაც აცნობეს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადასტურებულია სასამართლო სხდომის გამართვის დროისთვის მოსარჩელის წარმომადგენლების შვებულებაში ყოფნის ფაქტი, შვებულებით სარგებლობის უფლება კი, დასაქმებულთათვის შრომის კანონმდებლობით მინიჭებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებაა, რა დროსაც შრომის კოდექსის 46-ე მუხლიდან გამომდინარე, შრომითი ურთიერთობა ჩერდება. საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში შვებულებაში ყოფნის გამო სასამართლო სხდომის გადადებას ითხოვდნენ არა იურიდიული პირის თანამშრომლები, არამედ ფიზიკური პირის წარმომადგენლები, რომელთა გარდაც მოსარჩელის ინტერესებს სხვა წარმომადგენელი არ იცავდა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლებმა დროულად მოახდინეს სასამართლოს ინფორმირება, წარადგინეს შვებულებაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და დამატებით დაუკავშირდნენ სხდომის მდივანსაც. ასევე, საგულისხმოა, რომ საქმეზე არ დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობა, სადავო შემთხვევამდე საქმის განხილვის მოსარჩელის შუამდგომლობით გადადება ან მის მიერ სასამართლო სხდომის ჩატარებაში ხელშეშლა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ყველა ჩამოთვლილი გარემოების ერთობლივად გათვალისწინებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელის წარმომადგენლებთან შეთანხმებით იყო საქმის განხილვა 2021 წლის 8 სექტემბერს დანიშნული (რაც საკასაციო საჩივრის ერთადერთ არგუმენტს წარმოადგენს), არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის უფლებების შეზღუდვისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, ვინაიდან „დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს; სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტიანი სარგებლობა“ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №10978/06 გადაწყვეტილება საქმეზე „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი - არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2100 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №01348, გადახდის თარიღი 11.02.2022წ.) 70% - 1470 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე