საქმე №ას-146-2022 3 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ამხანაგობა „ე–ა“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
ამხანაგობა „ე–ამ“ 2020 წლის 18 სექტემბერს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, 515 194,49 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დააფუძნა:
- 2019 წლის 25 აპრილს ამხანაგობა „ე–ასა“ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას შორის „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულება დაიდო;
- ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ........., ღვთაების მონასტერთან მისასვლელ გზაზე უნდა შეესრულებინა ასფალტ-ბეტონის საფარისა და ხიდის მოწყობის სამუშაოები, ხოლო შემსყიდველს სრულად უნდა გადაეხადა ხელშეკრულების საფასური - 2 799 971,79 ლარი;
- მოპასუხეს პრეტენზია ამხანაგობა „ე–ასთვის“ არ წაუყენებია და სრულად ჩაიბარა შესრულებული სამუშაო, რომელიც 2020 წლის 7 თებერვალს დასრულდა;
- მოპასუხის მიერ დაქირავებული ზედამხედველი კომპანიის დადებითი დასკვნისა და 2020 წლის 12 მარტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ამხანაგობა „ე–ას“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 2 766 332,39 ლარი შეადგინა;
- მოპასუხემ ამხანაგობას 2 251 137,9 ლარი აუნაზღაურა, ხოლო 515 194,49 ლარი ასანაზღაურებელი დარჩა;
- მოსარჩელემ მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას არსებული დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, რასაც მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
სარჩელი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, 2020 წლის 16 ოქტომბერს ჩაბარდა მოპასუხეს, რომელსაც სასამართლომ შესაგებლის წარსადგენად ათდღიანი ვადა განუსაზღვრა.
მერიამ შესაგებელი სასამართლოში 2020 წლის 4 ნოემბერს წარადგინა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2021 წლის 17 თებერვალს, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ამხანაგობა „ე–ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა; გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ 515 194,49 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ საჩივრით გაასაჩივრა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2021 წლის 29 აპრილის განჩინება. აღნიშნული განჩინება მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ შესაგებელი სასამართლოში დროულად საპატიო მიზეზით ვერ წარადგინა, ვინაიდან სადავო პერიოდში მერიაში ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვა დაიწყო, რომელიც სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა და სარჩელი სისტემაში მხოლოდ 2021 წლის 26 ოქტომბერს აიტვირთა. ამიტომ, შესაგებლის წარდგენის ვადის ათვლა წარმომადგენელმა ამ თარიღიდან დაიწყო და ათდღიანი ვადაც დაიცვა.
კასატორი, ასევე, მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობდა, რადგან მოსარჩელემ ვადის გადაცილებით შეასრულა მათ შორის გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება, რის გამოც, ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, ჯარიმა დაერიცხა. ვინაიდან ამხანაგობამ ჯარიმა ნებაყოფლობით არ გადაიხადა, მერიამ ჯარიმის ოდენობა მოსარჩელისთვის გადასახდელი თანხიდან გამოქვითა.
კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე დანიშნული ჰქონდა სასამართლო სხდომა, რომელიც აღარ ჩაატარა, რაც პროცესუალურ დარღვევას წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შესაგებლის დროულად წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერება და, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. საგულისხმოა, რომ არასაპატიო მიზეზით სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, იმავე კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მესამე ნაწილზე, რომელთა შესაბამისადაც, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
ამრიგად, „მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა...“ დასახელებულ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში კი, „დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის №ას-759-2021 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები სრულად და კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2020 წლის 16 ოქტომბერს მატერიალური სახით.
ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეს სასამართლომ შესაგებლის წარსადგენად ათდღიანი ვადა განუსაზღვრა და მხარეს განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგები. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ შესაგებელი, საპროცესო ვადის დარღვევით, 2020 წლის 4 ნოემბერს წარადგინა, შესაგებლის დროულად წარუდგენლობის საპატიო მიზეზების დასახელების გარეშე.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ კი, საჩივრის ფარგლებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მერიაში ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვა დაიწყო, რომელიც სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა და სარჩელი სისტემაში მხოლოდ 2021 წლის 26 ოქტომბერს აიტვირთა.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა პოზიციას დასახელებული არგუმენტის უსაფუძვლობის თაობაზე, ვინაიდან, ერთი მხრივ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ელექტრონული პროგრამის ხარვეზი ან გაუმართავი ფუნქციონირება, რაც მერიის მიერ შესაგებლის დროულად შედგენასა და სასამართლოში წარმოდგენას შეუძლებელს გახდიდა; მეორე მხრივ კი, სარჩელი მოპასუხეს მატერიალური სახით ჩაბარდა და ამდენად, ელექტრონულ პროგრამაში მისი დაგვიანებით ატვირთვა (ასეთის დადასტურების პირობებშიც კი) ვერ იქნება განხილული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სარჩელზე დროულად რეაგირების შესაძლებლობის არსებობის გამომრიცხველ გარემოებად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაგებლის წარუდგენლობა არასაპატიო მიზეზით მოხდა, რაც ქმნიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებული იყო სარჩელის იურიდიულ მართებულობაზე. „მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის №ას-691-661-2014 განჩინება). ამასთან, „დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის №ას-759-2021 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში კი, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დადასტურებულად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების სრულად შესრულება, მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება და სანაცვლო ანაზღაურების არასრულად გადახდა. ამდენად, მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და ქმნიდა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდის დაკისრების წინაპირობას.
რაც შეეხება თანხის გადაუხდელობის მიზეზების თაობაზე კასატორის განმარტებებს, შესაგებლის წარუდგენლობის პირობებში სასამართლო ვერ შეაფასებდა საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებს და ვერ იმსჯელებდა მოსარჩელის დაჯარიმებისა და ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვის საფუძვლების არსებობაზე, რაც დამოუკიდებელი დავის საგანიც კი შეიძლება იყოს. მოპასუხის მიერ დასახელებული გარემოება, განსახილველი დავის ფარგლებში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პირობებში, ვერ იქნებოდა გამოკვლეული და გადაწყვეტილი.
პროცესუალურ დარღვევასთან დაკავშირებით კასატორის განმარტებასთან დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სადავო შემთხვევაში კი, გარდა იმისა, რომ სასამართლო უფლებამოსილი იყო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიეღო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე დანიშნული სხდომის ჩაუტარებლობით მხარეთა უფლებები არ შელახულა, რადგან სხდომის ჩატარება მოპასუხისთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას მაინც ვერ გამოიწვევდა. დამატებით საყურადღებოა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ წარდგენილი საჩივარი საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო საჩივარი - სააპელაციო სასამართლომ მხარეთა დასწრებით განიხილეს და გადაწყვიტეს. ამდენად, მოპასუხეს არაერთხელ მიეცა ზეპირი ახსნა-განმარტებების გაკეთების შესაძლებლობაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებული არ არის სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე