Facebook Twitter

საქმე №ას-181-2022 3 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.წ–ი

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

თ.წ–მა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით თ.წ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „თ.წ–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის №2204/კ ბრძანება; სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ კი, სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ 15 300 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თ.წ–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება და სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 20 000 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) ანაზღაურება დაეკისრა; გარდა ამისა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 1 000 ლარის გადახდა დაევალა. ხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით მხოლოდ სააგენტომ გაასაჩივრა. ამრიგად, თანამდებობაზე აღდგენის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სამსახურიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა, ვინაიდან რეორგანიზაციას თან ახლდა შტატების შემცირება. ამასთან, სააგენტოში ჩატარდა კონკურსი, რათა მიღებული შედეგების მიხედვით გადაწყვეტილიყო, რომელი თანამშრომელი დარჩებოდა სამსახურში. თ.წ–მა კი კონკურსს თავი წარმატებულად ვერ გაართვა, რასაც მოწმობს ტესტირებაში მიღებული დაბალი ქულები და გასაუბრებისას დაფიქსირებული პასუხები. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე სამსახურიდან კანონიერად გათავისუფლდა.

კასატორი, ასევე, სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ კომპენსაციის გაანგარიშების სისწორეს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სააგენტოს შეუსაბამოდ მაღალი თანხა დააკისრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

მოწინააღმდეგე მხარემ 2022 წლის 7 მარტს წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი, რომელშიც იშუამდგომლა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 2 000 ლარის კასატორისთვის დაკისრების თაობაზე. შესაგებელს თან ერთვის 2022 წლის 2 მარტის საგადასახადო დავალება, რომლის თანახმადაც, თ.წ–მა მის წარმომადგენელს - ე.შ–ას გადაურიცხა 2 000 ლარი; დანიშნულებაში აღნიშნულია - „საადვოკატო მომსახურების ხარჯი საკასაციო წარმოების ეტაპისთვის“.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რეორგანიზაციის საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, ხოლო გათავისუფლების უკანონობის დადასტურების შემთხვევაში - კომპენსაციის გაანგარიშების სისწორე.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ამრიგად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერად მიჩნევისთვის უნდა დასტურდებოდეს როგორც კანონში ჩამოთვლილი ცვლილების არსებობა, ისე შედეგად შტატების შემცირების - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობა. ამასთან, „დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის №ას-224-224-2018 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ.წ–ი 2012 წლიდან დასაქმებული იყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მცხეთის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ასევე, დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის №12682/კ ბრძანებით დაიწყო სააგენტოს რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც გაერთიანდა მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები და ჩამოყალიბდა მცხეთა-მთიანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური. ამასთან, რეორგანიზაციამდე სამივე სამსახურში ჯამში 7 მთავარი სპეციალისტი იყო დასაქმებული, ხოლო მცხეთა-მთიანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის საშტატო პოზიცია 8 ერთეულით განისაზღვრა.

საქმეზე დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებში გადასაყვანი და გასათავისუფლებელი თანამშრომლების გამოსავლენად ჩატარდა კონკურსი.

კონკურსის ფარგლებში თ.წ–მა ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტებში - 37 ქულა, სახელმწიფო ენისა და პროფესიული განათლების ტესტებში კი - 44-44 ქულა მიიღო.

თ.წ–ს, ასევე, ჩაუტარდა გასაუბრება, რომლის მიმდინარეობის შესახებაც მხოლოდ წერილობითი ოქმია წარმოდგენილი. ოქმი არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას კანდიდატის მიერ გაცემული პასუხების თაობაზე. ოქმში აღნიშნულია, რომ თ.წ–ის განმარტებით, მან მინიმალური ბარიერის არარსებობის გამო არ ჩათვალა საჭიროდ, მომზადებულიყო ტესტირებისათვის. ოქმის მიხედვით, ვინაიდან რეორგანიზაციის შედეგად მცხეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური შეუერთდა მცხეთა-მთიანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და დღის წესრიგში დადგა საკადრო რესურსების შემცირება, თანამშრომლებს მოეთხოვებოდათ მეტი კომპეტენცია. კომისიის მოსაზრებით, ტესტირებაში მიღებული ქულების გათვალისწინებით, თ.წ–ი ვერ გაართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას.

სწორედ რეორგანიზაციის საფუძვლით, ტესტირების შედეგებზე მითითებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის სადავო ბრძანებით თ.წ–თან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.

საკასაციო პალატა, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შემოწმებისას, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ, მართალია, რეორგანიზაციის შედეგად რამდენიმე სამსახური გაერთიანდა და მცხეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული, დამოუკიდებლად აღარ ფუნქციონირებდა, თუმცა უშუალოდ თ.წ–ის მიერ დაკავებული პოზიციის - მთავარი სპეციალისტის შტატების ოდენობა გაიზარდა 1 ერთეულით. ამასთან, როგორც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, მთავარი სპეციალისტის ფუნქციები არ შეცვლილა. ამრიგად, კონკრეტულ შემთხვევაში რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებისა და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობის საკითხის წამოჭრის თაობაზე დამსაქმებლის არგუმენტები უსაფუძვლოა.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მითითებას კონკურსის შედეგების საფუძველზე მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერებასთან მიმართებითაც. ვინაიდან სააგენტოს იმ ტერიტორიული სამსახურების თანამშრომლებს შორის, რომელთა გაერთიანების შედეგადაც მცხეთა-მთიანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური შეიქმნა, თ.წ–ის ქულები ყველაზე დაბალი არ ყოფილა; უფრო მეტიც, რეორგანიზაციის შემდეგ, მცხეთა-მთიანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში საქმიანობა გააგრძელეს ისეთმა პირებმაც, რომელთაც მოსარჩელესთან შედარებით ტესტირებაში უფრო დაბალი ქულები ჰქონდათ. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ თ.წ–ი წლების განმავლობაში მუშაობდა მთავარ სპეციალისტად, რა დროსაც მას რამდენჯერმე სხვა სპეციალისტებისა და სამსახურის უფროსის მოვალეობებიც კი აქვს შესრულებული. თ.წ–ის მიმართ დისციპლინური სახდელი არ ყოფილა გამოყენებული და მას მადლობა აქვს გამოცხადებული. ამდენად, მოსარჩელის სამუშაო გამოცდილებიდან, ხანგრძლივობიდან და პიროვნებიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი ტესტირების შედეგები და გასაუბრების ოქმი, მათში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, ვერ იქნება განხილული დასაქმებულის სხვა თანამშრომლებთან შედარებით ნაკლები კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების ქონის დამადასტურებელ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მართებულად იქნა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მიჩნეული. სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში კი, შრომის კოდექსის როგორც სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, ისე მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე მხოლოდ კომპენსაციის ოდენობაა სადავოდ გამხდარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რომლის დროსაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, გათვალისწინებულ უნდა იქნეს უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური, სოციალური ვითარება, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; კომპენსაცია ერთდროულად უნდა ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის №ას-57-2022, 2022 წლის 24 თებერვლის №ას-1143-2021 და 2020 წლის 10 დეკემბრის №ას-816-2020 განჩინებები).

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა გათავისუფლების საფუძველი და პერიოდი, მოსარჩელის უმუშევრობა და მისი ოჯახური მდგომარეობა (ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ). შედეგად, სააპელაციო პალატამ მოპასუხეს კომპენსაციის 20 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება დააკისრა.

საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მიერ კომპენსაციის გაანგარიშებისას გათვალისწინებული, ჩამოთვლილი გარემოებების ერთობლიობიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის ადეკვატური და გონივრული ოდენობით ანაზღაურება დაეკისრა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

რაც შეეხება თ.წ–ის შუამდგომლობას ადვოკატის ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. „მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის №ას-316-316-2018 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის პირობებში, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მიერ წერილობითი შესაგებლის დაწერაზე გაწეული რესურსისა და თ.წ–ის მიერ ადვოკატისთვის 2 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და კასატორს თ.წ–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 000 ლარის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 20230...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 10 იანვრის №00046 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1000 ლარის 70% - 700 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. თ.წ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 20230..) თ.წ–ის (პ/ნ ....) სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე