Facebook Twitter

საქმე №ას-260-2022 3 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ნ.ა–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.დ–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

ი.დ–მა 2020 წლის 21 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ნ.ა–ძის მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ი.დ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ.ა–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 8800 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ.ა–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით 352 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინება ნ.ა–ძეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ადრესატის დედას 2021 წლის 8 ნოემბერს.

ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2021 წლის 26 ნოემბერს და თან დაურთო 2021 წლის 17 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ნ.ა–ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 70-ე, 368-ე, 374-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინება ნ.ა–ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სააპელაციო სასამართლოში ქვითრების დროულად წარდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით ნ.ა–ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ნ.ა–ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის დაცვით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მხარეს განუსაზღვრა ათდღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის დაცვით, „ხარვეზის დადგენის შესახებ“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება ნ.ა–ძეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ადრესატის დედას 2021 წლის 8 ნოემბერს.

საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2021 წლის 9 ნოემბრიდან დაიწყო ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2021 წლის 18 ნოემბერს (ხუთშაბათს), 24:00 საათზე ისე, რომ აპელანტს სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით არ მიუმართავს. სასამართლოში განცხადება მან მხოლოდ 2021 წლის 26 ნოემბერს, საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ, წარადგინა. მართალია, აპელანტმა განცხადებას დაურთო სახელმწიფო ბაჟის 2021 წლის 17 ნოემბერს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მაგრამ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსება და სასამართლოს მითითების შესრულება სადავო შემთხვევაში მოითხოვდა არა უბრალოდ საპროცესო ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდას, არამედ ამავე ვადაში ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენას. საგულისხმოა, რომ ხსენებული გარემოების თაობაზე „ხარვეზის დადგენის შესახებ“ განჩინებით მხარეს მკაფიოდ და ნათლად განემარტა და ამავე განჩინებით მიეწოდა ინფორმაცია ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებაც. ამასთანავე, სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას დოკუმენტის სასამართლოში საპატიო მიზეზით - ავადმყოფობის გამო წარუდგენლობის თაობაზე, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რომლებიც სადავო პერიოდში აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და სასამართლოში განცხადების წარდგენის შეუძლებლობას დაადასტურებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილია ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუვსებლობა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოსცა გასაჩივრებული განჩინება და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ა–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე