Facebook Twitter

საქმე №ას-285-2022 3 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - მ.თ–რი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „კ.ბ–ი“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

სს „კ.ბ–მა“ 2021 წლის 18 ივნისს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - მ.თ–რის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „კ.ბ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მ.თ–რს მოსარჩელის სასარგებლოდ 19441,44 ლარის გადახდა დაეკისრა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მ.თ–რს ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა; გზავნილი ადრესატს 2021 წლის 26 ნოემბერს პირადად ჩაბარდა.

2021 წლის 20 დეკემბერს მ.თ–რმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინებით მ.თ–რის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, სააპელაციო საჩივრის გასაჩივრების ვადის დარღვევით წარდგენის საფუძვლით. აღნიშნული განჩინება მ.თ–რმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი დროულად ვერ წარადგინა სადავო პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და კოვიდ-პანდემიის შედეგად ნათესავების გარდაცვალების გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მ.თ–რის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

განსახილველ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. დასახელებული კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამრიგად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ 14-დღიან ვადაში შეტანა წარმოადგენს. მოცემული ვალდებულების დარღვევა კი, სასამართლოს, უალტერნატივოდ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გამოცემას ავალებს.

მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2591 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა მ.თ–რს 2021 წლის 26 ნოემბერს. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით განმარტებული იყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა და წესი. მაშასადამე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 27 ნოემბერს და დასრულდა 2021 წლის 10 დეკემბერს (პარასკევს), 24:00 საათზე. სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოში წარდგენილია 2021 წლის 20 დეკემბერს, 10 დღის დაგვიანებით. დასახელებული გარემოება ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.

რაც შეეხება მხარის მითითებას საპატიო მიზეზის არსებობაზე, გარდა იმისა, რომ კანონმდებლობით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 369-ე მუხლები) იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ ასახავს და არ ადასტურებს სადავო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას (ცნობები ეხება 2016 წელს, 2022 წლის თებერვალსა და მარტს).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.თ–რის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე