საქმე №ას-292-2022 3 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - შპს „პ.ს–ო“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „გ–ა“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
სს „გ–ამ“ 2020 წლის 10 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „პ.ს–ოს“ მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სს „გ–ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „პ.ს–ოს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 110296,03 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „პ.ს–ომ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის - 4411,84 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად. დასახელებული საპროცესო ვადა, აპელანტის შუამდგომლობების საფუძველზე, სასამართლომ სამჯერ გააგრძელა: 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით - 40 დღით; 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინებით - 30 დღით; 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით - 10 დღით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინება შპს „პ.ს–ოს“ ჩაბარდა 2021 წლის 14 დეკემბერს, თუმცა კომპანიას ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს. შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით შპს „პ.ს–ოს“ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. მითითებული განჩინება შპს „პ.ს–ომ“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა კორონავირუსიდან გამომდინარე კლინიკის რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით შპს „პ.ს–ოს“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „პ.ს–ოს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის დაცვით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მხარეს განუსაზღვრა ათდღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამასთან, სააპელაციო პალატამ, აპელანტის შუამდგომლობების საფუძველზე, მხარეს დამატებით სამჯერ გაუგრძელა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა (40, 30 და 10 დღით).
სადავო არ არის, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ბოლო, 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინება შპს „პ.ს–ოს“ ჩაბარდა 2021 წლის 14 დეკემბერს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების გათვალისწინებით, 2021 წლის 15 დეკემბრიდან დაიწყო ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2021 წლის 24 დეკემბერს (პარასკევს), 24:00 საათზე. მიუხედავად იმისა, რომ აპელანტი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ინფორმირებული იყო ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის სამართლებრივ შედეგებზე, მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება სასამართლოში არ წარუდგენია. ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუვსებლობა კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
საგულისხმოა, რომ კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს კორონავირუსით გამოწვეულ, კლინიკის რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე და ამ საფუძვლით არ ეთანხმება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას. საკასაციო სასამართლო, ხსენებულ არგუმენტთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, სამედიცინო დაწესებულებას სასამართლოსთვის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში საერთოდ არ მიუმართავს, მათ შორის, საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების მოთხოვნით; მეორე მხრივ კი, სადავო შემთხვევამდე სასამართლომ აპელანტს არაერთხელ გაუგრძელა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა (სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2021 წლის 25 მაისს, ხოლო განუხილველად დარჩა 2022 წლის 31 იანვარს); ამდენად, მხარეს ჰქონდა საკმარისი დრო ხარვეზის შესავსებად. დამატებით ნიშანდობლივია, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა კომპანიის ისეთ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ყოფნა, რაც მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდას გამორიცხავდა/ართულებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოსცა გასაჩივრებული განჩინება და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „პ.ს–ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე