Facebook Twitter

საქმე №ას-1408-2020 16 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – კ.ო–ძე, მ.ე–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ს. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის გადახდის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ.ს–ის (შემდეგში: მოსარჩელე) მამის – ს.ს–ის, მიერ მ.ე–ისთვის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი), საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემის მეშვეობით, 2005 წლის 7 მარტს გამოიგზავნა – 9 859.2 აშშ დოლარი, 2005 წლის 23 სექტემბერს კი გამოიგზავნა – 1 000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ 2006 წლის 26 აპრილს მოპასუხეს გამოუგზავნა 1 735.95 აშშ დოლარი. ჯამში, პირველმა მოპასუხემ, მოსარჩელისა და მისი მამისგან მიიღო 12 595,15 აშშ დოლარი (ტ.1,ს.ფ. 34, 48, 109).

2. მოსარჩელემ კ.ო–ძეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი), საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემის მეშვეობით, გამოუგზავნა: 2007 წლის 24 იანვარს - 3 836.42 აშშ დოლარი, 2007 წლის 31 ოქტომბერს - 3 300 ფუნტი, 2009 წლის 6 მარტს - 1 369.49 აშშ დოლარი, 2009 წლის 11 აგვისტოს - 1 000 ფუნტი, 2009 წლის 24 აგვისტოს - 750 ფუნტი, 2009 წლის 27 ნოემბერს - 500 ფუნტი, 2010 წლის 7 იანვარს - 750 ფუნტი, 2011 წლის 2 მარტს - 620 ფუნტი, 2011 წლის 26 ივლისს - 637,62 ფუნტი, 2012 წლის 15 ოქტომბერს - 480 ფუნტი, 2013 წლის 4 აპრილს - 6 000 აშშ დოლარი, 2013 წლის 16 მაისს - 10 000 აშშ დოლარი, 2013 წლის 15 აგვისტოს - 1 205 აშშ დოლარი, 2016 წლის 18 იანვარს - 14 000 ფუნტი, 2016 წლის 22 იანვარს - 36 662,6 აშშ დოლარი, 2016 წლის 3 თებერვალს - 21 000 აშშ დოლარი. სულ მიღებულმა თანხამ შეადგინა 81 242.16 აშშ დოლარი და 21 287.62 ფუნტი სტერლინგი.

3. სარჩელის მოთხოვნა

3.1. მოსარჩელემ, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოითხოვა:

3.1.1. პირველი მოპასუხისთვის 12 595.15 აშშ დოლარის დაკისრება;

3.1.2. მეორე მოპასუხისთვის 175 392 ლარის, 21 287.62 ბრიტანული ფუნტი სტერლინგისა და 81 242.16 აშშ დოლარის დაკისრება;

4. მოპასუხეთა შესაგებელი

4.1. მოპასუხეებმა ერთობლივად წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და დამატებით სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითეს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

5.1.1. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 12 595.15 აშშ დოლარი დაეკისრა;

5.1.2. მეორე მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ 81 242.16 აშშ დოლარისა და 21 287.62 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის გადახდა დაევალა;

5.1.3. მოსარჩელეს უარი ეთქვა მეორე მოპასუხისთვის 175 392 ლარის დაკისრებაზე;

6. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

6.1. მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, ამავე გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

7.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი).

7.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავო იყო, რომ მოსარჩელემ მეორე მოპასუხეს გაუგზავნა ჯამში 81 242.16 აშშ დოლარი და 21 287.62 ფუნტი სტერლინგი, ხოლო პირველ მოპასუხეს - 12 595.15 აშშ დოლარი.

7.4. მოპასუხე მხარემ უარჰყო მოსარჩელე მხარის მითითებული გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, მეორე მოპასუხეს მიღებული ფულადი სახსრებით უნდა შეეძინა და საჭიროების შემთხვევაში გაერემონტებინა უძრავი ნივთები, ხოლო, მას შემდეგ, რაც მოსარჩელე საქართველოში ჩამოვიდოდა, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება გადაეცა მისთვის.

7.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე საქართველოში 2016 წელს ჩამოვიდა და მეორე მოპასუხეს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

7.6. მოპასუხეების მითითებაზე, ხანდაზმულობის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უდავო იყო, მოსარჩელეს ქონების დაბრუნება 2016 წლამდე არ მოუთხოვია. ხოლო, ურის მიღების შემდეგ დაიწყო სამართლებრივი დავა. მოსარჩელემ თავისი დარღვეული უფლების აღსადგენად პირველი სასარჩელო მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2018 წლის 8 ოქტომბერს. კერძოდ, მოპასუხეების მიმართ ითხოვა მისთვის უძრავი ქონებების საკუთრებაში გადაცემა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, 2019 წლის 9 აგვისტოს სარჩელით მიმართა სასამართლოს და ითხოვა სხვადასხვა დროს გადმოგზავნილი თანხების დაბრუნება.

7.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ თავდაპირველი სარჩელის წარდგენით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა, რომელიც, სკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სკ-ის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. აღნიშნული ნორმის შინაარსის შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადის დენა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან და არა ტრანზაქციის განხორციელების მომენტიდან, რის გამოც, მოსარჩელის მიერ 2019 წლის 9 აგვისტოს წარმოდგენილი სარჩელი არ არის ხანდაზმული.

7.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მეორე მოპასუხისთვის უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე 5 205.91 აშშ დოლარისა და 3 300 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის დაკისრება საფუძვლიანი იყო.

7.9. რაც შეეხება აპელანტის განმარტებას იმის შესახებ, რომ პირველი მოპასუხისთვის გადარიცხული თანხა, ჯამში – 12 595,15 აშშ დოლარი, გადაგზავნა დავინდერ მოსარჩელის მამამ – ს.ს–მა, რის გამოც მოსარჩელე არ წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს, აღნიშნული არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და განმარტა, რომ 2019 წლის 5 ნოემბრის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაკითხულმა მოსარჩელის მამამ დაადასტურა, რომ ორი ტრანზაქციით პირველ მოპასუხეს გაუგზავნა თავისი შვილის კუთვნილი თანხა, მისივე დავალებით. ამასთან, მოსარჩელემ დაადასტურა, რომ პირველი მოპასუხისთვის 2006 წლის 26 აპრილს გაგზავნილი 1735.95 აშშ დოლარი იყო მისი კუთვნილი თანხა და აღნიშნული თანხა, მეორე მოპასუხესთან არსებული საქმიანი შეთანხმების ფარგლებში, პირველი მოპასუხის სახელზე გააგზავნა მეორე მოპასუხის მითითებით.

7.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით უსაფუძვლო იყო აგრეთვე, აპელანტების მითითება, რომ მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხა მეორე მოპასუხეს ეკუთვნოდა და ამ თანხის ნაწილი კი მოსარჩელის ოჯახის წევრების საქართველოში დასასვენებლად იყო გამიზნული.

8. მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირველი მოპასუხის ნაწილში 12 595.15 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმა, ხოლო, მეორე მოპასუხის ნაწილში 5 205.91 აშშ დოლარისა და 3 300 ბრიტანული ფუნტის დაკისრებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

8.2. კასატორების განმარტებით, გადარიცხული სადავო თანხების ნაწილი მეორე მოპასუხის საკუთრებას, ხოლო, ნაწილი, მოსარჩელის ოჯახის წევრების საქართველოში დასვენებისთვის იყო განკუთვნილი.

8.3. კასატორების განმარტებით, გადმორიცხული თანხების მიზნობრიობის შესახებ მოპასუხეთა მითითებული ფაქტების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაშიც კი, სასამართლოს აღნიშნული თანხები სესხად უნდა ჩაეთვალა და ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა გაევრცელებინა, რაც შესაბამისი შესაგებლის პირობებში გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას.

8.4. გასაჩივრებული განჩინებით არასწორად დადგინდა, რომ თავდაპირველი სარჩელის წარდგენით შეწყდა ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული ვადა უნდა დათვლილიყო თანხების გადმორიცხვიდან 2019 წლის 9 აგვისტოს სარჩელის წარდგენამდე პერიოდში, რა შემთხვევაშიც, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებისას, 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადაც გასულად ჩაითვლებოდა.

8.5. კასატორებმა კვლავ მიუთითეს, პირველი მოპასუხის ნაწილში მოსარჩელის არასათანადო მოსარჩელეობაზე, ვინაიდან, მიღებული თანხა მოსარჩელის მამამ გამოგზავნა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 მარტი განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანდოდ შეაფასა ისინი, ამასთან, კასატორებს არ წარმოუდგენიათ არსებითად დასაბუთებული შედავება, რომლითაც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა თუ მსჯელობას.

15. საკასაციო სასამართლო მხარეთა შორის არსებული ურთიერთობების, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და საქმისწარმოებისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განმარტავს, რომ, მხარეები ვერ ადასტურებენ, ამა თუ იმ მიზნით რომელიმე ხელშეკრულებისთვის გათვალისწინებული წესით თანხების გადარიცხვას ერთი პირის მიერ მეორისათვის, ამავდროულად, მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს მათ მიერ მითითებული გარემოებები, კერძოდ, რა მიზნით და რის საფუძველზე იყო სადავო თანხები მათთვის ჩარიცხული.

16. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ (იხ. სუსგ. ას-706-2021, 28.12.2021). საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: #ას- 664-635-2016, #ას-516-2021).

17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ, გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის გამოყენების შესახებ მსჯელობას და განმარტავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, სასარჩელო მოთხოვნისა და მის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც - „პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღების) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა“.

18. საკასაციო სასამართლო მითითებული, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის თაობაზე განმარტავს, რომ სასამართლოსთვის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებას (მითითებას) სუბსიდიური ხასიათი გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო საფუძველი. სხვადასხვა საქმეებზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო, მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით, დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება და იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების უპირატესობა (იხ. სუსგ-ები: Nას-1266-2019, 29.05.2020წ; Nას-1671-2018, Nას-774-723-2017, 11.10.2017წ: Nას-664-635-2016წ; 2.03.2017წ).

19. კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. ხელყოფის კონდიქციისთვის გადამწყვეტია ის გარემოება, რომ მოპოვებული ქონებრივი შეღავათი სხვას (კონდიქციის კრედიტორს) ეკუთვნოდა (იხ. სუსგ Nას-1507-1427-2017, 3.04.2017წ).

20. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი, როგორც შესრულების კონდიქციის ერთ-ერთი საფუძველი, არანამდვილი ხელშეკრულებების უკუქცევას აწესრიგებს და ამგვარად წარმოადგენს სახელშეკრულებო დანამატს.

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე. (იხ. დამატებით: ჰაინ ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, გვ.170; მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემუშავებული პრაქტიკული მაგალითებით, შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, GIZ, 2013, გვ.20).

22. კასატორების პრეტენზია ხანდაზმულობის საკითხს ეხება, რომლის მიხედვითაც, სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია, ამასთან, სადავო ურთიერთობაზე სასამართლოს არა ხანდაზმულობის 10 წლიანი, არამედ 3 წლიანი ვადა უნდა გამოეყენებინა.

23. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან - უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო.

24. სსკ-ის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

25. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს მეორე მოპასუხისთვის გადაცემული თანხის დაბრუნება არ მოუთხოვია 2016 წლამდე, საქართველოში ჩამოსვლამდე. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, თავდაპირველად უძრავი ნივთების მის სახელზე გადაფორმება მოითხოვა, ხოლო, უარის მიღების შემდეგ, სარჩელი აღძრა სასამართლოში ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

26. ამდენად, მოპასუხეთა პრეტენზიის გათვალისწინებითაც კი, რომ მხარეთა შორის სესხის უვადო ხელშეკრულება დაიდო, რის გამოც, ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა უნდა გავრცელებულიყო, მოთხოვნა მაინც არ იყო ხანდაზმული, ვინაიდან, მხარემ, მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ სამი წლის ვადაში წარდგენილი სარჩელი.

27. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს აგრეთვე კასატორთა პრეტენზიას, რომ სადავო ურთიერთობაზე არ უნდა გამოყენებულიყო 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ამასთან ეს ვადაც გასულად უნდა ჩაეთვალა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2019 წლის 21 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელემ, 2019 წლის 9 აგვისტო ახალი სარჩელი წარადგინა თანხის დაბრუნების მოთხოვნით, რაც ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით გულისხმობს, რომ სარჩელზე 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა არ გასულა.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი. ამასთან, დაუსაბუთებელია საკასაციო პრეტენზია პირველი ინსტანციის საოქმო განჩინების გაუქმებისა და მტკიცებულებების დართვის თაობაზე, შესაბამისად საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს მსგავს მტკიცებულებებზე.

29. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კ.ო–ძისა და მ.ე–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. კ.ო–ძეს (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე.ლ–ის (.....) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №10482043709, გადახდის თარიღი 2021 წლის 17 თებერვალი), 1 618 ლარის 70% - 1 132.6 ლარი;

3. მ.ე–ს (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე.ლ–ის (......) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №10482029028, გადახდის თარიღი 2021 წლის 17 თებერვალი), 2 078 ლარის 70% - 1 454.6 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე