საქმე №ას-1265-2020 9 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,ლ–ს“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ჯარიმის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ლ–სსა“ (შემდეგში: მოსარჩელე, სააგენტო, აპელანტი ან კასატორი) და ვ.მ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, მოდელი) შორის, კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, 2016 წლის 10 დეკემბერს დადებული მომსახურების ხელშეკრულებით, მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გაეწია სამოდელო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება, კერძოდ, სააგენტომ აიღო ვალდებულება, გაეკეთებინა მაქსიმუმი მოდელის წარმატებისა და წინსვლისათვის სამოდელო საქმიანობის სფეროში.
2. ხელშეკრულების 1.3. პუნქტით, სააგენტომ აიღო პასუხისმგებლობა და ვალდებულება წინამდებარე ხელშეკრულებით ეწარმოებინა მოლაპარაკებები მოდელის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამოდელო საქმიანობა მოიცავდა შოუბიზნესის სფეროს, ტელევიზიას, ინტერნეტის სივრცეს, კინოს, ბეჭდვით მედიას, რეკლამირების სფეროს, პოდიუმზე ცოცხალ შოუს, ფოტო-გამოფენებს, ფოტოკონკურსებს. თავის მხრივ მოდელმა აიღო ვალდებულებაა არ განეკარგა რაიმე ფორმით ის უფლებები, რომლებიც მან სააგენტოს დაუთმო. შესაბამისად თავი შეეკავებინა სხვა პირისათვის საკუთარი მომსახურების პირდაპირ ან ირიბად გაწევისაგან, ან ანალოგიური უფლებების პირადად მიღებისაგან, რომლებიც მან სააგენტოს დაუთმო.
3. ხელშეკრულება დაიდო სამი წლის ვადით და ვადამდე შეწყვეტისათვის განისაზღვრა წინასწარ შეტყობინების 6 თვიანი ვადა (ტ.1, ს.ფ. 18-23).
4. ხელშეკრულების საფუძველზე, მოდელის მიერ, სააგენტოსგან, 2017 წელს მიღებული ანაზღაურება შეადგენდა - 760 ლარს, გადასახადების ჩათვლით (ტ.1,ს.ფ. 92).
5. სარჩელის მოთხოვნა
5.1. სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოდელის წინააღმდეგ, მოითხოვა 5 000 ევროს ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
6. მოპასუხის პოზიცია
6.1. მოპასუხის კანონიერმა წარმომადგენლებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე სააგენტოს სასარგებლოდ 50 ევროს გადახდა დაეკისრა.
8. სააგენტოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სააგენტომ, ახალი გადაწყვეტილების მიღება მოპასუხისთვის 1 000 ევროს დაკისრება მოითხოვა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
9.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.
9.3. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ მოპასუხის კანონიერი წარმომადგენლის ზ.მ–ძის წერილით დგინდებოდა, რომ მხარემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, თუმცა წერილში მითითებული არ ყოფილა იმ გარემოებების შესახებ, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნულის შესახებ, საქმის განხილვისას მხარე მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა და მიუთითა, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ვ.მ–ძის სამოდელო საქმიანობა შეფერხდა, რადგან მოსარჩელემ თავის მხრივ არ განახორციელა მასზე დაკისრებული მოვალეობები, თუმცა რაიმე მტკიცებულება, რაც მითითებულ სადავო გარემოებებს დაადასტურებდა მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
9.4. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა, მოსარჩელის ბრალეული ქმედების შედეგს არ წარმოადგენდა.
10. სააგენტოს საკასაციო საჩივარი
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სააგენტომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მოპასუხისთვის 1 000 ევროს დაკისრების მოთხოვნით.
10.2. კასატორის განმარტებით სასამართლომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს - 5 000 ევროს შემცირება 50 ევრომდე მხოლოდ მოპასუხის მიერ 2017 წელს მიღებულ 750 ლარის ოდენობით ანაზღაურებაზე დააფუძნა.
10.3. კასატორის განმარტებით დაუსაბუთებელი იყო აგრეთვე საქალაქო სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის განაწილება, რამაც შეუსაბამოდ დაბალი ბაჟის დაკისრება გამოიწვია მოპასუხისთვის.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე პალატის 2022 წლის 2 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებადაა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
14. საკასაციო სასამართლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებებზე მიუთითებს და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით დადებული ხელშეკრულების პირობები, უფლებები და ვალდებულებები, აგრეთვე, ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის დადგენილი პირგასამტეხლო. დადგენილია აგრეთვე, რომ რაიმე მიზეზი, რაც გამორიცხავდა მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტას მოპასუხეს არ მიუთითებია, აგრეთვე, ვერც ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წარდგენილ წერილში მიუთითა მოპასუხის კანონიერმა წარმომადგენელმა მოსარჩელის ბრალეულობაზე, ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახეზე იყო ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რაც მოსარჩელეს წარმოუშობს მოთხოვნის უფლებას მოპასუხის მიმართ.
15. გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა შორის ვალდებულების დარღვევისთვის, კერძოდ, სხვა, კონკურენტ სააგენტოში გადასვლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო 5 000 ევრო, რაც სააპელაციო საჩივარში 1 000 ევრომდე შეამცირა მოსარჩელემ, თუმცა ჯამში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით 50 ევრომდე შემცირებული სახით დარჩა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარ ოდენობამდე პირგასამტეხლოს შემცირება არღვევს თანაზომიერების პრინციპს და მოცემულ შემთხვევაში, გონივრული იქნება მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს 500 ევრომდე დაკისრება.
16. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ Nას-1193-2020, 23.01.2021წ). განსახილველ შემთხვევაში კასატორის პრეტენზიებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და სარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, მოპასუხის მიერ საპირისპირო არგუმენტების წარუდგენლობის პირობებში, დგინდებოდა, რომ მოპასუხემ დაუსაბუთებლად, ხელშეკრულების ფორმალური და შინაარსობრივი ნორმების დარღვევით შეწყვიტა მოსარჩელესთან ხელშეკრულება, რაც მხარეთა შორის ცალსახად შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრებას იწვევს.
17. განსახილველ შემთხვევაში დარღვეული ვალდებულების ხასიათისა და შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, სასამართლომ თავისი დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას, უნდა დაიცვას თანაზომიერების პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ დარღვეული ვალდებულების გამო მოვალეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა, არა იმ ოდენობით, რაც კრედიტორის გამდიდრებას გამოიწვევს და არც იმგვარად შემცირებით, რომ პირგასამტეხლომ თავისი ვალდებულ პირზე ე.წ. „ზემოქმედებისა“ და პრევენციული ფუნქციები დაკარგოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ-ები: №ას-428-428-2018, 13.07.2018წ: N ას- 1076-2019, 22.11.2019წ.; ას-189-2020, 20.04.2021).
18. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შეად. სუსგ-ები N ას-1378-2018, 17.01.2019წ; N ას 848-814-2016, 28.12.2016; N ას-816-767-2015, 19.11.2015; N ას-953-918-2016, 22.11.2016).
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი არ არსებობს, რადგან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამასთან, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, სარჩელი საბოლოო სახით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მხარის შემცირებული მოთხოვნის გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი - 196.1 ლარი და იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილი - 225 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 408-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ლ–სის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აპრილის განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ლ–სის“ სარჩელი:
1. ვ.მ–ძეს შპს „ლ–სის“ სასარგებლოდ დაეკისროს 500 ევროს გადახდა;
3. ვ.მ–ძეს შპს „ლ–სის“ სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 196.1 ლარი;
4. ვ.მ–ძეს შპს „ლ–სის“ სასარგებლოდ დაეკისროს, იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილი - 225 ლარი;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე