საქმე № ას-956-2021 23 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს ს„თ. ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ი, მ.მ–ძე, შპს „ბ. ...“, მ.გ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2011 წლის 25 იანვარს სს „თ.ბ–სა“ (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, გამსესხებელი, ბანკი, კრედიტორი, იპოთეკარი) და მ.ბ–ს (შემდეგში - პირველი მოპასუხე, მსესხებელი, მოვალე) შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად კრედიტის სახით მოვალეზე გასაცემი თანხის მოცულობა 500 000 აშშ დოლარით ან ნებისმიერი ვალუტაში მისი ეკვივალენტით განისაზღვრა. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და მ.გ–ძეს (შემდეგში - მეორე მოპასუხე, უძრავი ნივთის მესაკუთრე) შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ........ (ს/კ .......). ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო, იპოთეკის საგნიდან დაეკმაყოფილებინა კრედიტორული მოთხოვნა (ს.ფ.19-35).
2. 2011 წლის 25 იანვრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2011 წლის 26 იანვარს ბანკსა და მსესხებელს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კრედიტის თანხა 149 000 აშშ დოლარით, წლიური 19%-ის სარგებლის დარიცხვის პირობით, განისაზღვრა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 2 თებერვლამდე შეთანხმდა. ხელშეკრულების თანახმად, ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ს შეადგენდა.
3. 2011 წლის 25 იანვრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, ბანკს, მ.მ–ძესა და შპს „ბ. ...-ს“ (შემდეგში - თავდებები, მოპასუხეები) შორის თავდებობის ხელშეკრულებები დაიდო, რომლის თანახმად, თავდებთა პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა 500 000 აშშ დოლარით, ან ნებისმიერ ვალუტაში მისი ეკვივალენტით განისაზღვრა (ს.ფ. 40-47).
4. მსესხებელმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დადგენილი გრაფიკით გადახდის ვალდებულება დაარღვია. მოვალემ ვალდებულების შესრულების მიზნით თანხა ბოლოს 2012 წლის 10 სექტემბერს გადაიხადა (ს.ფ. 50).
5. 2018 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის მიმართ მსესხებლის დავალიანებამ 102 861.42 აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ძირი თანხა - 20 761.61 აშშ დოლარი, პროცენტი - 17 275.76 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 64 824.05 აშშ დოლარია.
6. სასარჩელო მოთხოვნა:
6.1. კრედიტორმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მსესხებლის, თავდებ პირთა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრის წინააღმდეგ, რომლითაც მოვალისა და თავდებთათვის სესხის სახით გაცემული თანხის - 39 939.6 აშშ დოლარის (თანხა მოიცავს ძირი თანხისა და პროცენტის ჯამს და შემცირებულ პირგასამტეხლოს - 2076 ლარის ჯარიმას) გადახდის დაკისრება, ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით სარეალიზაციოდ მიქცევა მოითხოვა.
7. მოპასუხეთა პოზიცია:
7.1. მოპასუხეებმა სასარჩელი არ ცნეს და მისი საფუძვლიანობა მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლის წარდგენით უარყვეს. მათ სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითეს. გარდა ამისა, თავდებმა პირებმა აღნიშნეს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე კრედიტორს მათთვის არ უცნობებია.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით - კრედიტორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი:
9.1. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და სამართლებრივი დასკვნები:
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინებით - კრედიტორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 128-ე, 129.1-ე, 895-ე, 902-ე მუხლებით იხელმძღვანელა. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები.
10.2. სააპელაციო პალატამ სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია, კერძოდ, პალატის მითითებით, მსესხებელმა სესხის/კრედიტის დაფარვა 2012 წლის 10 სექტემბერს შეწყვიტა, სარჩელი კი, კრედიტორმა 2018 წლის 20 დეკემბერს, ანუ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ წარადგინა სასამართლოში.
10.3. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებდა, რომ თავდებთათვის ცნობილი იყო ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. პალატის განსჯით, ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის დროული შეტყობინება თავდებ პირებს შესაძლებლობას მისცემდა გამოეყენებინათ ყველა ზომა ვალდებულების შესასრულებლად მოვალის იძულებისა და, ამგვარად, პირადი პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად. პალატამ სსკ-ის 902-ე მუხლზე აპელირებით დაასკვნა, რომ კრედიტორმა შეტყობინების ვალდებულების დარღვევით, თავდებთა მიმართ მოთხოვნის უფლება დაკარგა.
10.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის აღძვრამდე კრედიტორს მოთხოვნის იძულებითი აღსრულების გზით დაკმაყოფილება არ უცდია, მით უფრო, რომ მოთხოვნა იპოთეკით იყო უზრუნველყოფილი, რისი გათვალისწინებითაც პალატამ კრედიტორის მოთხოვნა თავდებთა მიმართ სამართლებრივად უსაფუძვლოდ ამ არგუმენტაციითაც მიიჩნია.
11. აპელანტის საკასაციო საჩივარი:
11.1. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კრედიტორმა, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
11.2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
11.2.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად. კონკრეტულ შემთხევაში, დავა შეეხებოდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესით, რომლის შესაბამისადაც, ხანდაზმულობის ვადა პერიოდულად შესასრულებელი თითოეული ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად გამოითვლება. აქედან გამომდინარე, კასატორის მსჯელობით, 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 თებერვლის ჩათვლით სესხის გრაფიკით გადასახდელი თანხის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება და კრედიტორის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. ამავდროულად, კასატორის მტკიცებით, 2012 წლის 10 სექტემბერს შეტანილი თანხით წინსწრებით დაიფარა დავალიანების ნაწილი, კერძოდ, 2016 წლის 1 აგვისტომდე დავალიანებული ძირი თანხის ნაწილი, შესაბამისად, 2016 წლის 1 აგვისტოდანაც დაცულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
11.2.2. კასატორის განმარტებით, ბანკის მიერ თავდებთათვის ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე შეუტყობინებლობის გამო, თავდებთა პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლება ეწინააღმდეგება კანონს. კასატორის განსჯით, თავდებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა მხოლოდ პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველი შეიძლება იყოს. ამასთან, შემცირება ვრცელდება იმ ზიანზე, რომელიც კრედიტორის მიერ თავდებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობით წარმოიშობა და კრედიტორს თავდების მიმართ თავისი ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა არ იარსებებდა.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა'' და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის, მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა სარჩელის ხანდაზმულობის ფაქტი და არასწორად შეაფასა თავდებთა პასუხისმგებლობის საკითხი. კასატორის პრეტენზიები ნაწილობრივ საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
14. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალის, სოლიდარულ თავდებთათვის და იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრის მიმართ სესხისა და სარგებლის დაკისრების, ასევე უძრავი ქონების იძულებით რეალიზების მოთხოვნათა სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 868.1-ე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი), 891-ე (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობით ვალდებულებებისათვის), 893-ე (თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება), 895-ე (თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა) და 898.1 (თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე) 301.1 (თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) მუხლები.
15. სამართალწარმოების ფარგლებში დადგენილია, რომ მოვალემ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა, რაც ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების სტანდარტს არ პასუხობს. ამ ფაქტს მოპასუხეები სადავოდ არ ხდიან, უფრო მეტიც, თავადვე აღიარებენ 20 761.61 აშშ დოლარის სესხის ნაშთის არსებობას. მოპასუხეთა შესაგებელი არსებითად სარჩელის ხანდაზმულობას ეფუძნება. შესაბამისად, პალატის განსჯის საგანიც არა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის საფუძვლიანობის, არამედ მოთხოვნის განხორციელებადობის შეფასებაა.
16. პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.
17. საკასაციო სასამართლო ამ მხრივ, ყურადღებას მიაქცევს ბანკისა და მსესხებლის საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციფიკას. შეთანხმებული პირობების თანახმად, მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბანკის მოთხოვნა მოვალის მიმართ წარმოშობილია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან, და ხანდაზმულობის ვადის გამოთვლაც ამ ტიპის ვალდებულებებისათვის დადგენილი განსხვავებული წესის მიხედვით უნდა მოხდეს.
17.1. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნების მიმართ, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაა გათვალისწინებული. ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში (მაგ., ყოველთვე, კვარტალში ერთხელ, თვის კონკრეტულად განსაზღვრულ კალენდარულ დღეს) შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისათვის დამოუკიდებლად წარმოშობს და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება. (ნ. კვანტალიანი, სსკ-ის 129-ე მუხლის კომენტარი, გვ. 752, ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ Nას-1432 –1351- 2012, 2013 წლის 20 მაისის განჩინება Nას-1432-1351-2012, სუს 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება Nას-934-899-2016, სუს 2018 წლის 22 ივნისის განჩინება საქმე Nას-465-462-2018, სუს 2019 წლის 12 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-440-440-2018, სუს 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-986-2019).
17.2. საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს რა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის ხანდაზმულობის ვადის ათვლის სპეციალური წესით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პერიოდულად შესასრულებელი ცალკეული ვალდებულების შესრულების დროს. კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, მსესხებელს სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი 2011 წლის 26 დეკემბრიდან 2017 წლის 2 თებერვლამდე დროის შუალედში, ყოველთვიურად 3492.83 აშშ დოლარის გადახდით უნდა დაეფარა. სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2018 წლის 20 დეკემბერს. შესაბამისად, საკასაციო პალატის განმარტებით, სარჩელის შეტანამდე ბოლო სამი წლის პერიოდის, კერძოდ 2015 წლის 20 დეკემბრის შემდგომ სესხის გრაფიკით დასაფარი ფულადი ვალდებულების მიმართ სარჩელი ხანდაზმული არ არის.
17.3. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტის დროს არ შეუფასებია საბანკო კრედიტის სამართალურთიერთობის შინაარსი, მისი სპეციფიკა, რის გამოც არასწორად მიუსადაგა განსახილველ შემთხვევას სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი, შედეგად კი, სარჩელის სრულად ხანდაზმულობის მცდარი ფაქტი დაადგინა. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინებაში დასმული მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქცენტების გათვალისწინებით, ხელახლა უნდა იმსჯელოს და სრულყოფილად გამოიკვლიოს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი. სააპელაციო სასამართლოს მიერ დავაზე დასადგენ გარემოებათა წრეს მიუკუთვნება ისიც, საბანკო კრედიტის რა ნაწილი (რა პერიოდის) დაფარა მსესხებელმა 2012 წლის 10 სექტემბრამდე და სესხის დარჩენილი თანხისა (20 761.61 აშშ დოლარი) და პროცენტის (17 275.76 აშშ დოლარი) გადაუხდელი ნაწილი რომელ თარიღში (პეროდში) შესასრულებელ ვალდებულებას შეესაბამება.
18. უშუალოდ თავდებთა პასუხისმგებლობასთან მიმართებით, პალატა განმარტავს, რომ თავდებობის ხელშეკრულება არ არის ძირითადი ვალდებულება. იგი დამატებითი ვალდებულებაა და სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, სოლიდარულ თავდებთა ვალდებულების განმსაზღვრელია ძირითადი ვალდებულება – საკრედიტო ხელშეკრულება ანუ, თუკი არ არსებობს ან არ შეიძლება არსებობდეს მოთხოვნა ძირითადი ვალდებულების შესრულების შესახებ, არ შეიძლება არსებობდეს ვალდებულება დამატებითი მოთხოვნის შესრულების შესახებ, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის შესაბამისად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებით მოთხოვნისთვისაც, მაშინაც, როცა ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა (შდრ. სუსგ. საქმე Nა-114-ა-15-03, 3.02.04). სამოქალაქო კოდექსი 145-ე მუხლის მიზნებისათვის არ იძლევა დამატებითი მოთხოვნის კანონისმიერ დეფინიციას. ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ასეთ დამატებით მოთხოვნებს განეკუთვნება გირაო, თავდებობა, პირგასამტეხლო, პროცენტი, ასეთი ასევე შეიძლება იყოს ნივთისა და უფლების ნაყოფი და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებები(იხ. გ. სვანაძე, სსკ-ის 145-ე მუხლის კომენტარი, გვ 781). ამრიგად, მართალია, ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას კრედიტორს შეუძლია თავდებისგან მოითხოვოს დაკმაყოფილება, მაგრამ თავის მხრივ თავდებსაც აქვს თავდაცვის შესაძლებლობა. ამასთან, თავდებს შეუძლია გამოიყენოს არამხოლოდ საკუთარი უფლებები, არამედ ის უფლებებიც, რომელიც ძირითად მოვალეს კრედიტორის მიმართ აქვს - ე.წ. დერივატიული უფლებები. დერივატიული შესაგებლის გამოყენების უფლება თავდებს სსკ-ის 899.1 მუხლის პირველი წინადადების საფუძველზე აქვს (იხ. კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი. ლ. ჭანტურია გვ.194). კონკრეტულ შემთხვევაში, თავდებმა პირებმა სწორედ ამ შესაძლებლობით ისარგებლეს და შესაგებელში ძირითადი ვალდებულების ხანდაზმულობაზე მიუთითეს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თავდებობა, მისი აქცესორული ბუნების გათვალისწინებით, ძირითადი სახელშეკრულებო მოთხოვნის ბედს იზიარებს იმ მოცულობით, რა ფარგლებშიც ხანდაზმულია პერიოდულად შესასრულებელი საკრედიტო ვალდებულება.
19. თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მსჯელობასთან ერთად, რელევანტურია იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის განხორციელებადობის საკითხის შეფასებაც. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც იურიდიულ დოქტრინაში, ისე სასამართლო პრაქტიკით დამატებითი მოთხოვნები გაიგივებულია აქცესორულ უფლებებთან, „...რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს“ ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ „...იპოთეკა წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულებასთან მიმართებით აქცესორულ უფლებას, რომელიც გამომდინარეობდა ძირითადისაგან, შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ვრცელდებოდა იპოთეკის ხელშეკრულებაზეც, რაც მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას აღარ იძლეოდა“ (იხ. სუსგ. საქმე Nას-858-822-2014 28.11.2014). აქედან გამომდინარე, უძრავი ნივთის მესაკუთრის წინააღმდეგ იპოთეკარის მოთხოვნაც, პერიოდულად შესასრულებელი მოთხოვნების მიმართ სარჩელის ხანდაზმულობის პროპორციულად ქარწყლდება.
20. რაც შეეხება კრედიტორის მიერ განსაზღვრული საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულებას - ვალდებულების დარღვევის შესახებ თავდების ინფორმირებას, რასაც გავლენა შეუძლია მოახდინოს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და გამოტანილ სამართლებრივ დასკვნებს (იხ. წინამდებარე განჩინების 10.3. პუნქტი). საკასაციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კრედიტორის მხრიდან მოვალის ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ თავდებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა თავდების პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებას არ იწვევს. აღნიშნული მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველია. ამასთან, შემცირება ვრცელდება იმ ზიანზე, რომელიც კრედიტორის მიერ თავდებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობით დგება და რომელიც არ დადგებოდა კრედიტორს თავდების მიმართ თავისი ვალდებულება ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ჯეროვნად რომ შეესრულებინა. (მსგავს საკითხზე იხ. სუსგ. საქმე Nას-1153-1108-2016, 10.02.17წ, Nას-910-972-2014, 4.03.15წ). საკასაციო პალატის მითითებით, საქმის ხელახლა განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ, თავდების მიმართ კრედიტორის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას, თავდების პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დაცვით უნდა შეამოწმოს და ინფორმირების ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის პროპორციულად შეამციროს თავდებთა პასუხისმგებლობის ფარგლები.
21. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ვერც იმ მსჯელობას, რომელიც სსკ-ის 894-ე მუხლზე (თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას) აპელირებით, უპირატესად კრედიტორის მოვალის მიერ დაკმაყოფილებას შეეხება. საკასაციო პალატის განმარტებით, კანონმდებელი ერთმანეთისგან მიჯნავს და განსხვავებულ მოწესრიგებას გვთავაზობს სოლიდარული და არასოლიდარული თავდებობის შემთხვევებისათვის. სსკ-ის 895-ე მუხლის (თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.) საფუძველზე სოლიდარული თავდებობისას კრედიტორის დისკრეციას განეკუთვნება თავდებს წაუყენოს მოთხოვნა მოვალისაგან იძულებით აღსრულებით მოთხოვნის წინმსწრებად მიმართვის გარეშეც. შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას განმსაზღვრელია რა სახის თავდებობასთან გვაქვს საქმე. კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედაც, რომ სოლიდარულ თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნათა საფუძვლიანობას იხილავს სასამართლო, რა დროსაც ნორმის შემფარდებელმა უნდა იხელმძღვანელოს სამართალურთიერთობაზე ზუსტად მორგებული დანაწესით, რაც იმას ნიშნავს, რომ სსკ-ის 894-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგების გავრცელება განსახილველ შემთხვევაზე კანონმდებლის ნებას არ შეესატყვისება და დავის სწორად გადაწყვეტას ვერ უზრუნველყოფს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სსკ-ის 895-ე მუხლის საფუძველზე თავდების პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია რამდენიმე წინაპირობის არსებობა: 1. მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და 2. გაფრთხილების მიუხედავად, მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას. სოლიდარული მოვალისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისას სასამართლომ სსკ-ის 892-ე მუხლით (თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.) გათვალისწინებულ მოთხოვნასთან ერთად, სწორედ ამ წინაპირობების შემოწმებით უნდა შემოიფარგლოს. ამის შემდგომად კი, თავდებობისა და იპოთეკის უფლებების აქსცესორული ბუნების გათვალისწინებით განსაზღვროს სასესხო ვალდებულების რა ნაწილის დაფარვას უნდა მოემსახუროს სანივთო და პიროვნული უზრუნველყოფის ეს საშუალებები.
22. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
23. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე