Facebook Twitter

საქმე №ას-87-2020 18 ნოემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ზ–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ზ–ო-?“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.01.2020წ. განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2018 წლის გადაწყვეტილებით შპს „ზ–ო-?“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი შპს „ზ–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2404 ლარის გადახდა; სარჩელი მოპასუხისთვის 593311,39 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.07.2018 წლის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით. მოპასუხის წარმომადგენლის განცხადება იურიდიული მომსახურების სახით მოსარჩელისთვის 21232,46 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დამატებითი გადაწყვეტილებაც და მოითხოვა მისი გაუქმება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2019 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2018 წლის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 05.07.2018 წლის დამატებითი გადაწყვეტილება.

5. 28.11.2019 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა მოსარჩელისათვის მოპასუხის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 21 232,46 ლარის დაკისრების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. განმცხადებლის მითითებით, საქმეში არსებული ხელშეკრულების მიხედვით, საადვოკატო მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა მოპასუხის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების 4%, რაც შეადგენს 23 732,46 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 05.07.2018წ. დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით, მოპასუხემ მოითხოვა მოსარჩელისთვის 21 232, 46 ლარის (23 732,46 – 2500) დაკისრება.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.01.2020 წლის განჩინებით მოპასუხის განცხადება იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატის მითითებით, 2018 წლის 4 ივლისს, მოპასუხის წარმომადგენელმა ანალოგიური მოთხოვნით მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანით ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოპასუხის მოთხოვნა და, ნაცვლად დავის საგნის ღირებულების (593311,39 ლარის) 4%-ის - 23732,46 ლარისა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დააკისრა 2500 ლარის გადახდა. დამატებითი გადაწყვეტილება, იურიდიული მომსახურების სახით მოსარჩელისთვის 21232,46 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.01.2020 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისთვის მოპასუხის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრება 21 232,46 ლარის ოდენობით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერებაზე, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა იურიდიული მომსახურების ხარჯის მოსარჩელისთვის დაკისრებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

11. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი (სუსგ №ას-1054-2019, 30.09.2019წ.; სუსგ №ას-316-316-2018, 07.05.2018წ.).

12. სსსკ-ის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით ყოველი პირი თავად წყვეტს, თუ რას მოითხოვს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად. ამავე კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

13. მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებულისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნა წარდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში (სადაც მხარე წარმოდგენილი იყო ადვოკატით), თუკი ამგვარი შუამდგომლობა არ იქნება წარდგენილი, მიიჩნევა, რომ მხარეს არ სურს ამ თანხის მოწინააღმდეგისათვის დაკისრება, სხვა ინსტანციის სასამართლოში აღძრული შუამდგომლობა კი, განიხილება დაგვიანებულად (სუსგ №ას-1758-2019, 09.03.2020წ; №ას-889-2021, 03.11.2021წ.).

14. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოებისას დააყენა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ახალი მოთხოვნა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხის მიერ სააპელაციო შესაგებელში დაფიქსირებული პოზიცია იმ იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას შეეხებოდა, რომლის მოსარჩელისთვის დაკისრებაზე მოპასუხეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.07.2018 წლის დამატებითი გადაწყვეტილებით ეთქვა უარი, კერძოდ, 05.07.2018 წლის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხის წარმომადგენლის განცხადება, იურიდიული მომსახურების სახით მოსარჩელისთვის 21232,46 ლარის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დამატებითი გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და იგი მოსარჩელისთვის 21232,46 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში. შესაბამისად, სააპელაციო შესაგებელში ამ ნაწილში პრეტენზიის გაცხადება, შემდეგ კი ამ საკითხზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნა ვერ გახდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების კანონიერების ამ ნაწილში შემოწმების წინაპირობა და სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო ამ საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ზ–ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.01.2020წ. განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე